ბათუმში დასრულდება პროექტი, რომელიც 2003 წლიდან ხორციელდება და ჩრდილოეთ და შავი ზღვის საპორტო ქალაქების კულტურულ თანამშრომლობას ისახავს მიზნად.
24 საათი 01.09.10
ბათუმში დასრულდება პროექტი, რომელიც 2003 წლიდან ხორციელდება და ჩრდილოეთ და შავი ზღვის საპორტო ქალაქების კულტურულ თანამშრომლობას ისახავს მიზნად.
Intercult and Black / North zSEAS-ს ხელმძღვანელია კრის ტორში (Chris Torch), ვისი ძალისხმევითაც პროექტმა არაერთი ქვეყანა მოიცვა და საპორტო ქალაქების გამოცოცხლებას შეუწყო ხელი.
ვინ არის კრის ტორში და როგორ ჩაერთო საქართველო კოპროდუქციების ფესტივალში? კრის ტორში (მსახიობი, რეჟისორი, მენეჯერი, სცენოგრაფი) წარმოშობით იტალიელია, არის ამერიკის მოქალაქე, მუშაობდა თეატრში, სახელწოდებით LaMama (ნიუ იორკი), შემდეგ გადავიდა ევროპაში, თანამშრომლობდა ეჟი გროტოვსკისთან (1933-1999, პოლონელი თეატრალური რეჟისორი, პედაგოგი, თეორეტიკოსი) და ეუჯენიო ბარბასთან (დაიბადა 1936 წელს, არის თეატრის ანთროპოლოგიის საერთაშორისო სკოლის, ასევე, Odin Theatre-ს დამფუძნებელი); ის ბოლო 20 წელიწადია ცხოვრობს შვედეთში და ჩართულია პროექტებში, რომელთაგან “Black / North SEAS" ყველაზე წარმატებულია. მასში საქართველოს მონაწილეობაზე მუშაობა ორი წლის წინათ, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის ITM-ში (ევროპული თეატრების ქსელი) გაწევრიანების შემდეგ დაიწყო. კრის ტორშთან თანამშრომლობის შემდეგ ქართულმა მხარემ ჩანაფიქრი ეტაპობრივად განახორციელა. მას შემდეგ, რაც ფესტივალმა ჩრდილოეთ ზღვების საპორტო ქალქები მოიცვა, შავი ზღვის სანაპიროზე გადმოინაცვლა და პროექტის მასპინძელი ქვეყნების სიაში საქართველოც ოფიციალურად ჩაეწერა. “Black / North SEAS"-ს მხარდამჭერია ევროკავშირის, ასევე, არაერთი შვედური ინსტიტუტი, “ბრიტანეთის საბჭო", ფონდი “კავკასია", ბათუმის დრამატული და თოჯინების თეატრები, ადგილობრივი ხარჯები დაფარა აჭარის კულტურის სამინისტრომ და ტურიზმის დეპარტამენტმა.
ეს ფესტივალი ყოველწლიურად რამდენიმე ქვეყანაში ტარდებოდა, 2010 წელს მასპინძლობდა უკრაინა, რუმინეთი, ბულგარეთი, თურქეთი, საიდანაც 22 სექტემბერს უკვე საქართველოში გადმოინაცვლებს.
აღნიშნული პროექტი სახელოვნებო ამოცანების გადაჭრაზე არ არის ორიენტირებული და არ ითვალისწინებს გვაჩვენოს ისეთი ავტორების ნამუშევრები, რომლებსაც ერთ თვეში თბილისის საერთაშორისო ფესტივალზე ვნახავთ. ის ორი მიმართულებით ხორციელდება: ერთია ხელოვნების ნიმუშთა წარდგენა, ხოლო მეორე - საგანმანათლებლო პროგრამების... ფესტივალის მიზანია, რომ საპორტო ქალაქები გამოაცოცხლოს და შემოგვთავაზოს ისეთი შემოქმედებითი პროგრამები, სადაც მოსახლეობა ჩაერთვება და ინტერაქტიული იქნება.
ორგანიზატორებისგან შევიტყვეთ, რომ საქართველოში ფესტივალი შეკვეცილ ფორმატში ჩაივლის. აქ სრულყოფილი პროგრამის ჩვენება მცირე დაფინანსების გამო ვერ მოხერხდა და რამდენიმე საინტერესო შემოქმედებითი ჯგუფის ნახვის საშუალება აღარ მოგვეცა. საბოლოოდ, საქართველოს 20-მდე ქვეყნის (შვედეთი, ბულგარეთი, უკრანა, თურქეთი, სინგაპური, რუმინეთი, ხორვატია და ა.შ.) წარმომადგენელი ესტუმრება. მართალია, ფესტივალს “მაღალი ხელოვნების" ჩვენების პრეტენზია არ აქვს, მაგრამ თეატრალური ხელოვნების მოყვარულებსა და სპეციალისტებს პროექტის ორგანიზატორები გვირჩევენ, რომ ვნახოთ ხორვატიული წარმოდგენა “დროის ლიგა", რომელიც სულ ორჯერ გათამაშდება და მასზე დასწრება შეზღუდული იქნება. ხორვატიული თეატრი BADco ევროპაში ცნობილია და მათი წარმომადგენლები სპექტაკლებში ოსტატურად იყენებენ მოძრაობას და მულტიმედიურ საშუალებებს... მათი ყველა სპექტაკლი სიურპრიზიაო, აცხადებენ ორგანიზატორები.
კოპროდუქციების ფესტივალის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია თურქი მსახიობებისგან და სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი. მათი პროდუქცია საინტერესოა არა მხოლოდ მხატვრული, არამედ ფორმის თვალსაზრისითაც... “მოლოდინი" (რეჟისორი Mahir Gunsiray) ნავსადგურის ტერიტორიაზე გათამაშდება, აგებულია ემიგრანტების ცხოვრებაზე და დევნილების უცხო ქვეყანაში ჩასვლის, დაბანაკებისა და იქიდან წასვლის პროცესზე მოგვითხრობს.
ზემოთ აღნიშნული ორი დრამატული წარმოდგენის გარდა, საფესტივალო პროგრამაში ჩასმულია ბათუმის თეატრის “ბანანისა და კომშის პუდინგი კონიაკითა და რომით" (რეჟისორი გ. თავაძე), ფოთის თეატრის “ვირთხებზე ნადირობა" (რეჟისორი რალფ ზიბელტი). ამის პარალელურად დამთვალიერებელს შესთავაზებენ გამოფენებს, ინსტალაციებს, მაგალითად: “კოცნა და ხარჯვა" (ავტორი Anne Lise Stenseth, ნორვეგია), “საზღვრებს გარეშე" (ავტორი Kateryna Radchenko, უკრაინა) და ა.შ. ბათუმის ბულვარში დაიდგმება ე.წ. “ფანტომატები", სხვადასხვა ტიპის ავტომატური ყუთები და რამდენიმეში მოკლემეტრაჟიანი ფილმების ნახვის საშუალებაც მოგემეცათ...
ფესტივალი მოიცავს ვორკშოფებს: ერთია “საჯარო ხელოვნება", რომლის ფარგლებში მოსახლეობას ფანტომატებთან მუშაობას ასწავლიან, ასეთი კულტურული ანიმაციის შემდეგ კი ბულგარელი ვენელინ შურელოვი (Venelin Shurelov) ერთ-ერთი სკოლის კლასთან კრეატიულ ვორქშოპს მეხსიერებაზე სამი დღის განმავლობაში იმუშავებს. ასევე, ჩატარდება ვორქშოპი “არტ ჰაუზის" ფილმებზე, თანამედროვე ცეკვაზე, კულტურის მენეჯმენტზე, რომელსაც კრის ტორში და ლევან ხეთაგური წარუძღვებიან... ფოტოვორკშოპის ფარგლებში კი ბავშვების ობიექტივში ბათუმი მოექცევა და პატარების თვალით დანახული ქალაქი ფოტოებზე აღიბეჭდება... არაერთი ღონისძიების სანახავად საქართველოში ჩამოსვლას გეგმავენ სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, რუმინეთიდან, შვედეთიდან, საფრანგეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.
Black / North SEAS 26 სექტემბრამდე გაგრძელდება და ცოცხალი მუსიკის საღამოებითაც დაგამახსოვრებთ თავს.