ბათუმის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა
24 საათი 28.09.10
ბათუმის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა
"ბათუმი X ზღვები" დასრულდა. ფესტივალის ორგანიზებით გამოიკვეთა პრობლემა, რომელიც მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელების, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობისა და უცხოეთში არსებული გამოცდილების გაზიარების აუცილებლობას ითვალისწინებს.
საქართველოს პოპულარიზაციისთვის კულტურული მემკვიდრეობა აღარ კმარა. არსებულის შენარჩუნებისა და ახლებურად გაცოცხლების პარალელურად, უნდა იქმნებოდეს პროდუქცია, რომელიც მსოფლიოს მისთვის გასაგებ ენაზე დაელაპარაკება. რას ვგულისხმობ? უპირველესად, სიახლეს ფორმაში, აზროვნებასა და განხორციელების გზებში. ტრადიციული ხერხების გამოყენებასთან ერთად, საჭიროა გავიაზროთ თანამედროვე მიღწევები. მივიღებთ თუ არა ახალს, ჩვენი საქმეა, მაგრამ ცოდნა იმისა, თუ რა ხდება ჩვენ გარშემო, სულ ახლოს, თუნდაც მეზობელ ქვეყანაში, აუცილებელია. ქართველი ხელოვანებისთვის (მაგალითად, მსახიობებისთვის) თანამედროვე ამოცანების წაყენება საჭიროა იმისთვის, რომ მათი შემოქმედება არ ჩაიკეტოს და იზოლაციაში არ მოექცეს. ამ მიმართულებით სამუშაო ბევრი გვაქვს. ერთი ფესტივალი ვერ მოაგვარებს პრობლემებს, რაც ქართულ ხელოვნებასა და კულტურის მენეჯმენტს უკავშირდება. პროცესის განვითარებისთვის აუცილებელია თანმიმდევრული მუშაობა და ერთჯერად ინიციატივებზე მეტად, გრძელვადიანი პროექტების დაფინანსება, საკითხისადმი კონცეპტუალური მიდგომა.
"ზღვები X ბათუმის" ორგანიზებაზე მუშაობა აჭარაში მათე ტაკიძის მინისტრობის პერიოდში დაიწყო. საინტერესო ინიციატივის განხორციელების პროცესი ახალმა კულტურის მინისტრმა გია აბულაძემ დააჩქარა და ფესტივალის იდეა გადაარჩინა. აჭარის კულტურის სამინისტროსთან ერთად, საერთაშორისო პროექტის განხორციელებას ხელი შეუწყო აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა, ევროკომისიამ, შვედეთის ინსტიტუტმა, ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრმა. "ზღვები X ბათუმის" სამხატვრო ხელმძღვანელისა და აღმასრულებელი პროდიუსერის - კრის ტორშის ჩანაფიქრი ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო თეატრისა და ფონდ "კავკასიის" მონდომებით განხორციელდა.
ფესტივალის ფარგლებში ქართველმა და უცხოელმა ხელოვანებმა, ასევე კულტურის მენეჯერებმა ერთმანეთი უკეთ გაიცნეს და საინტერესო საკითხებზე ისაუბრეს. კითხვაზე, რამდენად აქტიურობდა მაყურებელი ან დამთვალიერებელი, შემიძლია გიპასუხოთ, რომ მოსახლეობამ ინტერესი გამოიჩინა. თუმცა, შეთავაზებულიდან მას იმაზე მეტის მიღება შეეძლო, ვიდრე მოახერხა. გამოიკვეთა საკითხი, რომელიც მიგვანიშნებს, რომ დღეს მოქალაქეების აქტივობა სამაგალითო არ არის და არც დასწრების ან მოსმენის კულტურით გამოვირჩევით. აუცილებელია, ეტაპობრივად და კომპლექსურად მოგვარდეს პრობლემა, რომელიც, როგორც წესი, სიახლეზე ორიენტირებული პროექტების განხორციელებას ახლავს თან და პროცესში ჩართულობისადმი ინდიფერენტულობას ეხება. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი, რასაც გვთავაზობენ, კარგია და უნდა გავითვალისწინოთ. თუმცა აუცილებელია, გავეცნოთ იმას, რაც ჩვენი თანამედროვეების ხელით იქმნება. მოსმენა გაზიარებას კი არა, ცოდნის დაგროვებასა და ინფორმირებულობას ნიშნავს.
რამდენად ინფორმირებული იყო ბათუმის მოსახლეობა იმაში, რაც მათ ქალაქში ხდებოდა? ფესტივალის შესახებ ბეჭდურ მედიაშიც დაიწერა და საინფორმაციო საშუალებებშიც ითქვა. ქალაქში გააკრეს პლაკატები. მოსახლეობას ინფორმაცია რამდენიმე გზით მიაწოდეს. თუმცა, "ბათუმი X ზღვების" მნიშვნელობის განმსაზღვრელად სხვადასხვა ღონისძიებებზე დამსწრეთა რაოდენობა არ გამოგვადგება, რამდენადაც უკვე გითხარით, რომ საქართველოში აქტივობისა და ჩართულობის პრობლემა არსებობს. ახალი ინიციატივის განხორციელების აუცილებლობის მანიშნებელია მათი მოსაზრება და შთაბეჭდილება, ვინც ვორქშოფებში მონაწილეობდა და ღია თუ დახურულ სივრცეში გამართულ წარმოდგენებს ესწრებოდა. მაყურებელთა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა ღია ცის ქვეშ გათამაშებულმა სპექტაკლმა, რომელიც თურქებმა შემოგვთავაზეს.
ეზოებისთვის, მოედნებისთვის, სკვერებისთვის და სხვა საჯარო ან მივიწყებული ღია სივრცეებისთვის გამიზნული "მოლოდინი" რეჟისორმა მაჰირ გუნსირეისმა თეატრ "ოუნევისთან" ერთად განახორციელა. "ოუნევი" თურქეთის ერთ-ერთი წამყვანი თეატრალური გაერთიანებაა და მაყურებელს ძირითადად თურქი და ევროპელი მწერლების ნაწარმოებთა ადაპტაციებს სთავაზობს. "მოლოდინი" ბათუმის პორტში ორჯერ ითამაშეს. ადგილი განსაკუთრებით "მოუხდა" და "მოერგო" წარმოდგენას, რომელიც ევროპაში მიმავალი რამდენიმე ემიგრანტის ამბავს მოგვითხრობს. პერსონაჟები ცდილობენ, გააცნობიერონ ყოფა და გაუთავებელ მოგზაურობაში "დახარჯული" ცხოვრება. მათი "მოლოდინი" გაჯერებული იყო თურქული, ქართული და ინგლისური დიალოგებით, სიმღერებით, ფიზიკური თეატრისთვის დამახასიათებელი ელემენტებით. თურქების საშემსრულებლო ხელოვნებამ დამსწრეთა მოწონება დაიმსახურა. ბათუმელების თვალწინ გათამაშებულ წარმოდგენაში მსახიობების მაყურებელთან კონტაქტის მცდელობამ მნახველი კიდევ უფრო გამოაცოცხლა. უადგილო რეპლიკებისა და რეაქციების მიუხედავად, სპექტაკლმა კარგად ჩაიარა და ქართველების ქცევამ წარმოდგენის ხარისხზე უარყოფითად არ იმოქმედა. მაჰირ გუნსირეის დადგმის ტექსტი ეკუთვნოდა ბირგულ ოგუზს, სცენოგრაფია - კლოდ ლეონს, მუსიკალური რეჟისურა - ოლკაიტო არტის. მონაწილეობდნენ: აიჩა დამგასი, ბედირ ბედირი, ზექერია კარაკასი, ოლკაიტო არტი, ოზგე მეტინი.
ფესტივალის ფარგლებში ორგანიზებული ვორქშოფებიდან საინტერესო აღმოჩნდა ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში ჩატარებული "ჩემოდნები", რომლის თემაც "ისტორიული მეხსიერების ინსტალაცია" იყო. საყმაწვილო ვორქშოფს ნედიალკო დელჩევი (ბულგარეთი) უძღვებოდა. ბათუმის სკოლის მოსწავლეებთან ერთად, ლიდერმა სხვადასხვა ობიექტის გამოყენებით პატარა ყუთები დაამზადა. მათში "თავი მოიყარა" სხვადასხვა საგანთან დაკავშირებულმა ბავშვების ან მისი ოჯახის წევრთა მოგონებებმა. ვორქშოფის მიზანი მონაწილეების უკეთ გაცნობა და მათი ერთმანეთთან დაახლოება იყო. ამ შემთხვევაში ამოცანა გადაიჭრა, რამდენადაც მოსწავლეებისთვის ლიდერთან ურთიერთობა და მისი გამოცდილების გაზიარების პროცესი სასიამოვნო და გამორჩეულად საინტერესო აღმოჩნდა.
ხორვატიელებმა ბათუმის დრამატულ თეატრში ორჯერ ითამაშეს "დროის ლიგა", რომელიც მაყურებელმა კარგად მიიღო და ბოლომდე ინტერესით უყურა. თუმცა, შეკითხვაზე, რამდენად მოგეწონათ წარმოდგენა, პასუხის გაცემა ბევრს გაუჭირდა. ნაწილს მოეწონა, მაგრამ ვერ ახსნა, რატომ. სხვები დაინტერესდნენ, მაგრამ ვერ გაიგეს და ა.შ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, "დროის ლიგა" იმითაც გამოირჩეოდა, რომ მაყურებელი ფიქრისთვის განაწყო, აიძულა ამოეცნო, რა მოხდა სცენაზე.
წარმოდგენას საინტერესო კონცეფცია აქვს. რეჟისორი გვთავაზობს საკუთარ წარმოსახვას და სავარაუდო პასუხს შეკითხვაზე: - როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს სამყარო, როდესაც ადამიანი რეალობის აღქმის უნარს კარგავს და დროში მოგზაურობს? შემსრულებლები გაუთავებლად მოძრაობენ სცენაზე და ბოლომდე იხარჯებიან. მათი ქმედებით იქმნება რიტმი, რომელიც მაყურებელს მოდუნების საშუალებას არ აძლევს. სცენა თანდათან "იხუნძლება" ქაღალდის ცათამბჯენებით, მონუმენტებითა და არქიტექტურული კომპლექსებით. ადამიანები მათ შორის მოძრაობენ და დედამიწაზე სხვა პლანეტიდან ეშვებიან. ორ უდიდეს სახელმწიფოს - ამერიკასა და რუსეთს შორის გამოკიდებული პერსონაჟების მოქმედებები მექანიკურ მოძრაობაში გადადის. მაყურებლისთვის, როგორც ტექნოლოგიური პროგრესის ეპოქაში მცხოვრები ადამიანისთვის, ნაცნობი იყო "გაუთავებელი ფუსფუსის" ტვირთი და მექანიკაში გადაზრდილი რუტინა. განწყობის შექმნაში მონაწილეობდნენ ხორვატიელთა შემოქმედებითი ჯგუფის წარმომადგენლები: ჰელგე ჰინტერეგერი, პრავდან დევლაჰოვიჩი, ივანა ივკოვიჩი, ანა კრეიტმეიერი, ტომისლავ მედეკი, გორან სერგეი პრისტასი, ნიკოლინა პრისტასი, ზრინკა უჟბინეკი, ტორ ლინდსტრანდი, დანიელ ტურინგი, სილვიო ვუჯიშიცი, ალან ვუკელიჩი, ჟასმინ დასოვიჩი, დეჟან დრაგოსავაკ რუტა და ა.შ. მათ შორის სცენაზე მხოლოდ ოთხი მსახიობი იდგა. განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა ეკრანს და სცენის სხვადასხვა კუთხიდან წამოსულ შეტყობინებებს. წარმოდგენა ეყრდნობოდა ფრანც კაფკას, ნინა ბენოვიჩის, დამირ ბარტოლ ინდოშის, მილა ჩულჯაკის, ალეკსეი კაპიტონოვიჩ გასტევის, იულიუს კოლერის, გეორგ შოელმაჰანერის, ექსცენტრიკოს მსახიობთა ქარხნის, კონსკანტინე მელნიკოვის, ჯო მეეკის, ოუენ ჰეტერლის და სხვათა ტექსტებს. წარმოდგენის მსვლელობისას "თვალში მოგხვდებოდათ" ნიშანთა მთელი წყება და სტილისტიკა, რომლის შექმნაშიც თითოეული კომპონენტის წვლილი გათვლილია.
"დროის ლიგის" დაწყებამდე მაყურებელს დაურიგეს ფურცლები, რომელიც მათი მეგზური აღმოჩნდა. ბათუმელებისთვის დაწერილ წერილში ეწერა, რომ "დროის ლიგის" წევრები: ქალი-მანქანა, უფონაუტი, პილოტი და კოსმონავტი "კაპიტალიზმის კოლაპსისა" და "კომუნიზმის აღზევების" პერიოდში მოგზაურობდნენ, რათა ხელახლა ენახათ "სამყარო, სადაც მომავალი დაკარგულია". მათ თანამედროვე სამყაროს ნანგრევებიდან ადრეული XX საუკუნის "უტოპიური ზღაპრები" და "წარმოსახვითი სცენები" ამოქექეს. მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება ვლადიმერ მაიაკოვსკის "მფრინავმა პროლეტარმა" და ფრანც კაფკას ნოველა "ამერიკამ" მიიპყრო. წარმოდგენის მსვლელობისას კოსმონავტმა რამდენიმე შეკითხვას უპასუხა. ამათგან ერთ-ერთს - რა არის "დროის ლიგა"? - ასე გამოეხმაურა: - "დროის ლიგა" არის საბჭოთა 20-იანი წლებიდან შემორჩენილი ისტორიული პროექტი, რომლის მიზანია ინდუსტრიალიზაციამდელი ადამიანის დროის შინაგანი შეგრძნების სინქრონიზაცია პოსტინდუსტრიულის დიდებულ და კოორდინირებულ დროის ტემპთან. ჩვენ მოგვიწვიეს, რათა დავესწროთ მომენტს, როდესაც სამყაროს აღქმა სოციალური ნარატივებით უკვე შეუძლებელია. საჭიროა აღვადგინოთ მივიწყებული მომავალი, რომელიც აღარასოდეს შედგება. ჩვენი მეთოდოლოგია ოთხნაწილიანია: აღდგენა, იგავი, ადამიანის გარდაქმნა ძილში და ჰალუცინაცია". წარმოდგენის ფერწერული შტრიხია გამჭვირვალე პარკებისგან შექმნილ ორ საჰაერო ბურთებში მოთავსებული წითელი და ლურჯი სხივი, როგორც ჰალუცინაციების ლაბირინთიდან გამოსვლის იმედი.
"ზღვები X ბათუმი" ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის დრამატული თეატრის სპექტაკლით, სახელწოდებით "ვირთხებზე ნადირობა" (რეჟისორი რალფ ზიბელტი), დაიხურა. ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელთან - კრის ტორშთან ინტერვიუს კი გაზეთ "24 საათის" ხვალინდელ ნომერში შემოგთავაზებთ.