RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
22 მაისი, სამშაბათი 2012
თბილისი ... ...
რევიუ >>

ბატ-არეა

ერთხელ, უძრაობის ხანის დასაწყისში, ერთ-ერთი რაიონული სასტუმროს რესტორნად მონათლულმა სასადილომ სრულიად არასაბჭოურ რომანტიზმს უმასპინძლა.

24 საათი 31.12.11

ერთხელ, უძრაობის ხანის დასაწყისში, ერთ-ერთი რაიონული სასტუმროს რესტორნად მონათლულმა სასადილომ სრულიად არასაბჭოურ რომანტიზმს უმასპინძლა.

აგვისტოს ცხელ საღამოს ველიდან დაბრუნებული და ორ შეერთებულ მაგიდასთან სავახშმოდ შეკრებილი სატყეო ინსტიტუტის ასპირანტები ერთმანეთისთვის უცნობ საპირისპირო სქესთა მოულოდნელი "ბურჟუაზიული" შეპარტნიორების მოწმენი გახდნენ.

სანამ მივლინებით დაღლილი ახალგაზრდები ლექტორზე ხუმრობით გახალისდებოდნენ სასადილოში შებრძანდა სალონში დავარცხნილი ლამაზი ქალი და შეკვეთის მისაცემად დახლთან მივიდა. მუხლამდე სიგრძის მოდური თეთრი კაბა თავხედურად იმეორებდა მრგვალი დუნდულების უზადო ოვალს და ბარძაყების ნატიფი ზურგის სახსრებამდე ეშვებოდა. ფეხის სიშიშვლისა და სამოსის სიმოკლის ზღვარზე კი დამაბრმავებლად ტურფად გამოიყურებოდა კანის ორი წყვილი ცილინდრული ჭრილის ანაბეჭდი, როგორც მომფერებელი თითების ყალიბად ქცეული ალაგი. ქალის შემობრუნების შემდეგ დახლის მიმართულებას ათივე გაშტერებული თვალის შერცხვენილი მზერა მოსცილდა, მაგრამ ეს ისე არაბუნებრივად მოხდა, რომ ქალის წამიერი უხერხულობის გრძნობა უმალ გაფანტა მის ბაგეს მოფენილმა ღიმილმა. ღიმილი, ცხადია, ვერავინ შეამჩნია, მაგრამ როდესაც თვალ-ყურ-გულის მიმტაცებელი სუბიექტი კუთხეში მდგარ მაგიდას მიუჯდა და მისი ბაილონის კაბა სავსე გავის მოხრილობამ კიდევ უფრო ზემოთ ასწია, ახალგაზრდებს კოლექტიური სიელმე დაეწყოთ. ცალი თვალით რომ ერთმანეთს უყურებდნენ და სიტყვაბორძიკობდნენ, მეორე თვალს კუთხისკენ აპარებდნენ და შეშდებოდნენ. თავჩაქინდრული ქალი კი თავის პაწია ბლოკნოტს ჩასცქეროდა და კვლავ შეუმჩნევლად იღიმოდა.

ასპირანტთა მაგიდასთან პირველი ფხიზელი მუხტი ექვსი პორცია ტომატიანი სუფხარჩოს მოტანას მოჰყვა, რასაც თეთრ სუფრაზე დაახვედრეს უკვე დალეული ლიმონათის ცარიელი ბოთლები და ნახევრად სავსე ჭიქები. მეორე და მთავარი მუხტი ექსპედიციის ხელმძღვანელის, ლექტორ იოსიბოვიჩის გამოჩენამ მოიტანა, რომელიც რესტორნის ტიპის სასადილოში ისე შემოვიდა, რომ კუთხის "მტაცებელი" არც კი შეუნიშნავს და პირდაპირ თავისი ჯგუფის ბოლოში მდგარი მაგიდისკენ გაემართა.

- არ დამიგვიანიაა, - თავისთვის ჩაილაპარაკა ლექტორმა, როცა ოხშივრიან სადილს მიუჯდა და უცნაურად დადუმებულ ასპირანტებს გადახედა. მერე კი მხრებისა და წარბების აჩეჩვის თანხლებით დაამატა, - დიდ ბოდიშს გიხდით ამხანაგო ახალგაზრდებო, თუ ჩემს სატირულ დახასიათებაში ხელი უდროოდ შეგიშალეთ.

ოცდათვრამეტი წლის ლექტორ იოსების ძე არაიშვილი ფრიად წარმატებული მეცნიერ-მუშაკი გახლდათ, რომელსაც სამეცნიერო ხარისხი კარგა ხნის მიღებული ჰქონდა და ახალგაზრდობის მიუხედავად სადოქტოროს დაცვასაც თვე-თვეზე აპირებდა ვოლგოგრადში. ამასთან, კვლევით ლაბორატორიასაც ხელმძღვანელობდა, ასპირანტებსაც შეფობდა და ფაქტობრივ პროფესორს ოფიციალურ წოდებამდე ზუსტად იმდენი აშორებდა, რადენიც ვოლგის ნაპირა ქალაქიდან დაბრუნებას დასჭირდებოდა. როგორც ცოლთან გაყრილ და დედაქალაქის პრესტიჟული უბნის, ოროთახიანში მარტო მცხოვრებ უზრუნველყოფილ მამაკაცს შეეფერებოდა, იოსიბოვიჩიც სარგებლობდა მაღალი წრის მანდილოსნების სასიყვარულო მომსახურებით; მაგრამ მსგავსი მდგომარეობის მოტრფიალე სხვა კოლეგებთან შედარებით იმ უპირატესობას ფლობდა, რომ დიდად სასიამოვნო მამაკაცური აღნაგობითა და ვაჟკაცური თვისებებით გამოირჩეოდა. მასზე ამბობდნენ, ხომ ასეთი უნაკლო ინტელიგენტიაო, მაგრამ, თუ დასჭირდება, გარტყმა იცის ისეთი, ყარაჩოღელ გიჟუას შეშურდებოდაო. ლამაზმანთა საზოგადოებაში კი ბატონი ლექტორი ისეთ ჩოყლაყურ მანერებს ავლენდა, გალანტურობისა და ელეგანტურობის ეტალონი გეგონებოდათ. იუმორს აღარ იკითხავთ? - ვერავინ ხვდებოდა, საიდაც მოჰქონდა ამ კაცს ყოველ ჯერზე ამდენი ახალი სახუმარო ამბავი და ჩასაბჟირებელი ანეკდოტი. მათ შორის უწმაწურიც, რომელსაც იოსიბოვიჩი ისე ინტელექტუალურად ჰყვებოდა, ყველაზე უკარება ქალბატონსაც კი ადვილად ხიბლავდა.

მცენარეთა ნამყენ ჯიშებზე დაკვირვებამ კი ცალ-ცალკე ორგანიზმთა ურთიერთსასარგებლო თვისებების ერთ სხეულში შეყრის ალღო ისე გაუმძაფრა, რომ თავდადებულმა მეცნიერმა საკუთარ თავში რაინდისა და მუსუსის უზომიერესი ნაზავი მიიღო. და რაც კიდევ უფრო დიდ საოცრებას წარმოადგენდა, ყოველივე ეს მის სახეზე პირველივე შეხვედრისთანავე იკითხებოდა. ცხადია, მხოლოდ ლამაზი ქალბატონებისთვის, რომელთა წინაშეც ლექტორ იოსიბოვიჩი ყველაფერ დანარჩენს სიამოვნებით ივიწყებდა. მოწაფეებთან მეგობრული დამოკიდებულების გამო, მისი ეს საშური უნარი უმცროსი კოლეგებითვისაც თვალსაჩინო გამხდარიყო. ასპირანტები შეხუმრებულებიც კი იყვნენ ლექტორთან ქალთა თემაზე.

- იოსიბოვიიჩ! როგორ შეგიძლიათ, ასე მშვიდად მიირთვათ ეს სუფხარ-ჩიჩო, როცა აქ ასეთი ამბები ხდება, ა? - ჩურჩულით ჰკითხა ლექტორს მისმა ყველაზე საყვარელმა და იმედისმომცემმა მოწაფემ.

- მართალია, ეს პილპილიანი ხარჩო "სუფ"-ითაც და უ-"სუფ"-ოდაც ამოვიდა ყელში, ამათი არაფერი ვარგა. ბიჭებო, თუ წალამს იშოვით და მწვადს შეწვავთ, კაი ხორცი და გუდის ყველი ჩემზე იყოს, - საზეიმოდ წარმოთქვა იოსიბოვიჩმა და კოვზი დემონსტრაციულად ჩააგდო თეფშში.

- რა მწვადი, იოსიბოვიჩ! აქ ქალი შემოვიდაა, პირდაპირ გაგვაოგნა... შეკვეთა ისე მისცა, რომ...- ემოციის გადმოსაცემად სიტყვას დაუწყო ძებნა მოწაფემ და იოსიბოვიჩმაც ჩაურთო.

- შეკვეთა მისცაა?! ეუფ, ეს რა უქნია, კაცო! მიცემაში დახელოვნებული ყოფილა ნამდვილად, - დაასკვნა იოსიბოვიჩმა და კიდევ ერთხელ მოატარა ირონიული მზერა მოწაფეთა გაშტერებულ სახეებზე, რა იყოთ ბიჭო, ერთმა ქალმა ასე როგორ გამოგაშტერათ ხუთი კაციო. თავისთვის კი გაიფიქრა, ნეტავ დამენახა, ვინ იყო ასეთიო, დარწმუნებულმა რომ დარბაზში მათ გარდა ჯერ არავინ იყო.

- უკან მიიხედეთ, იოსიბოვიჩ! - სრული იდუმალებით მიმართა მას საყვარელმა მოწაფემ.

იოსიბოვიჩი რის იოსიბოვიჩი იქნებოდა, ვითარებას რომ უცებ არ ჩასწვდომოდა და რაიმე გაუფრთხილებელი მოძრაობა გაეკეთებინა. მან ხელი აღმართა, თითები ერთმანეთს რამდენჯერმე დაუტკაცუნა, დახლისკენ მიტრიალდა და დარბაისლურად შესძახა, - ოფიციაანნტ! - და ვიდრე მებუფეტე ვიღაც ქალს გასძახებდა, მეცნიერებს მიხედეო, ფოტოგრაფიული სიზუსტით ჩაიბეჭდა თვალში კუთხეში მჯდომი ქალბატონის ყველა გარეგნული დეტალი. მართალი ყოფილან ეს ლაწირაკებიო, გაიფიქრა იოსიბოვიჩმა, როცა სილამაზით ცოცხალ კუთხეს ისევ ზურგი შეაქცია და გუნებაში საკუთარ თავს გაუწყრა, ასეთი ქალი როგორ ვერ დავინახეო.

- აბა, ახლა ჩამოყაჭეთ, ეს ქალი თავიდანვე მარტო იყო? - გამომცდელი მზერა ესროლა თავის ასპირანტებს ლექტორმა და აგრძნობინა, რომ მისი გაშაყირება ფიქრადაც არ გაევლოთ.

- კი, მარტო იყო და მგონი სადილობას ამთავრებს, - უპასუხა ისევ იმ საყვარელმა მოწაფემ.

- აბა, ახლა ჩქარა ჩახვრიპეთ თქვენი მწარე "სუფსახრჩობელები" და წაბრძანდით დასასვენებლად. მომინდომეს აქ ხაზინის ხარჯზე მწვადები და თავადიშვილობა. ხვალე უთენია გავდივართ ველზე, ყველა ფორმაში იყოს იცოდეთ. თუ გინდათ იქიდან ცოცხლები დაგაბრუნოთ, დროზე მოცოცხეთ აქედან. გასაგებია? - ჩუმად დაამთავრა ბრძანება იოსიბოვიჩმა და ისეთი სერიოზული გამომეტყველება მიიღო, ასპირანტები უსიტყვოდ დაიმორჩილა.

ამასობაში ოფიციანტი ქალიც მოვიდა და იოსიბოვიჩს შინაურულად გაუღიმა. მერე კი მისი დავალებით რესტორნის დირექტორს საპატიო სტუმრებისთვის განკუთვნილი მარაგი გაახსნევინა და იოსიბოვიჩის ოთახში აიტანა საბჭოური ნომეკლატურული დელიკატესები: თითო-თითო საუკეთესო კონიაკი და შამპანური, შავი და წითელი ხიზილალის ქილები, გერმანული ქარაქი და გახუხული პური, ფრანგული შოკოლადები და ორცხობილები, ჩვენებური ბორჯომი და ქარვისფერი თითა.

- მაპატიეთ, ქალბატონო, მხოლოდ უხეში ვიგინდარა თუ შეძლებდა, ზურგი შეექცია თქვენი მშვენიერებისათვის და ვერ ეგრძნო მისი მანათობელი სხივი. მაგრამ ისე დამღალეს კითხვებით სწავლას მოწყურებულმა ჩემმა ასპირანტებმა, ისე მოუცლელად დავტრიალებ მათ მთელი დღის განმავლობაში, როგორც ბავშვებს თავგადადებული მშობელი, რომელსაც შვილების გარდა სხვა არაფერი აინტერესებს. რა გაეწყობა, ვალია და თანაც, მე ისეთ მამაკაცებს ვეკუთვნი, რომელთაც თანდაყოლილი აქვთ საყვარელ მანდილოსანზე ზრუნვის მოთხოვნილება, მაგრამ როცა ასეთი არავინ გააჩნიათ, სხვაზე გადააქვთ თავიანთი მომეტებული ყურადღება, თუნდაც მოწაფეებზე. კიდევ ერთხელ გთხოვთ პატიებას, ამდენ ხანს ველზე გასულს, ქვეწარმავლებისგან უსაშველოდ დაკბენილს, სასიცოცხლოდ დამჭირდა სანუკვარი მანდილოსნის ნაზი ხმის გაგონება, - დაბალი ტემბრითა და წყნარი ხმით მიმართა კუთხის მაგიდის წინ პაჟივით მორჩილად მდგარმა იოსიბოვიჩმა ქალს და მისი რეაქციის მოლოდინში გაირინდა.

- უკაცრავად, როგორ ბრძანეთ, ქვეწარმავლებისგან დაკბენილს? - ღიმილით ჰკითხა ქალმა იოსიბოვიჩს და უნდოდ ახედა.

- დიახ და ახლავე აგიხსნით ყველაფერს, თუკი ნებას დამრთავთ, რომ გეახლოთ, - ოდნავ შეეხო გულს ხელით და თავი დაუკრა ქალს იოსიბოვიჩმა.

- დაბრძანდით, დაბრძანდით, - ისევ ღიმილით მიმართა ქალმა.

- ნება მიბოძეთ, წარმოგიდგეთ: პროფესორი ლექტორ არაიშვილი, - კმაყოფილებით გაეცნო ქალს იოსიბოვიჩი და წელში მოიხარა ისე, რომ ტუჩები მის მარჯვენას დაუმიზნა და ქალი აიძულა, ხელი საამბოროდ მიენებებინა. იოსიბოვიჩმა ორივე ხელის გულით მიიზიდა ქალის ბავშვივით ნაზი მტევანი და მხურვალე ბაგით "დაწვა" იგი.

- ლექტორი? ეს სახელია, თუ თნამდებობა? - იკითხა ხელზე ცხელი ამბორით დაბნეულმა ქალმა.

- დიახ, ლექტორი, და რაოდენ უცნაურადაც შეიძლება ჟღერდეს, ესაა სახელიც და თანამდებობაც. გაუმართლა მამაჩემს. თავიდან კი ეუცნაურათ მისი საქციელი, ბიჭს ეღირსა და ლექტორი როგორ დაარქვაო, მაგრამ შემდეგ, როცა სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე და სამედიცინოზე და სასოფლოზე ერთდროულად ჩავირიცხე თითო-თითო ფრიადით, ყველა ულოცავდა, ამ ბიჭის ნიჭიერებაში შენს დარქმეულ სახელსაც უძევს წილიო. ჩემს მოწაფეებსაც უადვილდებათ თავის საყვარელ ლექტორთან ურთიერთობა. აღარ უწევთ ჭოჭმანი, როგორ მომმართონ, საკუთარი სახელითა თუ თანამდებობით, - საოცრად მომხიბვლელად გაუღიმა ქალს იოსიბოვიჩმა და სამიზნესადმი თვალმოუცილებლად დაიჭირა დიდ არტისტთა საკადრისი პაუზა.

- საინტერესოა, - უკვე ჩვეულებრივად გაიღიმა ქალმა და მოსაუბრეს თვალი მოარიდა.

- ვგონებ, თქვენთვის უფრო საინტერესო ისაა, როგორ მკბენენ შხამიანი გიურზები? - ჩაეკითხა და თვალებში შეხედა ქალს იოსიბოვიჩმა.

- დიახ, - თქვა ქალმა და სახეზე საოცარი ცნობისწადილიც გამოეხატა. იოსიბოვიჩმა ხელები მაგიდაზე საჩვენებლად დააწყო და ქალს უთხრა.

- აი, შეხედეთ, ეს წყვილი წერტილები გიურზების ნაკბენებია. ყველაზე დიდი ნაკბენი, ბოდიში თქვენთან, თეძოზე მაქვს. მაპატიეთ თუ უსიამო გრძნობა გაგიღვიძეთ, - უთხრა ქალს იოსიბოვიჩმა და ოდნავ შესამჩნევ კანის უწვრილეს ლაქებზე მიუთითა. ქალი მართლაც გველნაკბენივით შეკრთა, ოდნავ შეჰკივლა კიდეც და კაცს საოცარი თანაგრძნობით შეხედა.

- კი, მაგრამ, როგორ?...რატომ?... - თავი ვერ მოაბა კითხვას ქალმა.

- როგორ ვუმკლავდები გველის ნაკბენს და რატომ ვარ ცოცხალი, არა? ჩვენს სპეცაღჭურვილობაში გველის შხამის ანტიდოტიც შედის. თითო-თითო დოზა მოთავსებულია სპეციალურ პლასტმასის "წიუბიკებში" და დაგესვლის შემთხვევაში საჭიროა მხოლოდ დროული ჩხვლეტა სათანადო ადგილას. ესაა და ეს, - არხეინად ჩაიცინა იოსიბოვიჩმა, აქაოდა, ჩემთვის ეს უკვე არაფერიაო.

- რას ბრძანებთ, მარტო გველის დანახვა რა შოკია, მითუმეტეს გიურზის და მისგან დაგესვლა... სიტყვაც კი რა საშინელია, - ტანში გააჟრჟოლა ქალს, რომელმაც მღელვარებისაგან სახეზე ხელები აიფარა, თითქოს ეს-ესაა გველი დაინახაო. იოსიბოვიჩმა დრო იხელთა, უმალ ქალის გვერდით გაჩნდა, მობუზულს ხელი მოხვია და მსუბუქი, "შემარცხვენელი" საყვედურის თანხლებით დაუყვავა.

- ცხადია, გამოუცდელი ადამიანი შეიძლება დაიბნეს და დაიღუპოს კიდეც, მაგრამ ჩვენთან ეს ნაკლებსავარაუდოა. ასეთებს ველზე ხელმძღვანელად არ უშვებენ. ამიტომაც დავკანკალებ მოწაფეებს, სახიფათო ადგილებზე არ ვუშვებ, მარტო მივდივარ. უკვე ათი წელია, ყოველ ზაფხულს საველე სამუშაოებს ვხელმძღვანელობ, მაგრამ ჩემი მოწაფე ჯერ არ დაშავებულა. მე - იცოცხლე, არაერთხელ დამჭირვებია სიკვდილ-სიცოცხლის გამოცდის ჩაბარება, - ისევ არხეინად გაიცინა იოსიბოვიჩმა და ქალს მზრუნველად ჩაეკითხა, ხომ კარგად გრძნობთ თავსო. წამის შემდეგ კი ასევე მზრუნველი ტონით დაპატიჟა, უფრო სწორად წამალივით გამოუწერა ქალს ნომერში აყოლა.

- ვახშმობის დრო მოდის, აქ ახლა ხალხი შემოვა და სრულიად დაირღვევა ჩვენი ... - აქ ოდნავ შეყოვნდა, მაგრამ მაინც გაბედა - ... ასე ლამაზად აგებული ინტიმური სამყარო. წამობრძანდით ჩემთან ოთახში, ისეთ დაუჯერებელ ისტორიებს გიამბობთ ჩვენი საველე ცხოვრებიდან და ისეთ წარმოუდგენელ ფოტოებს განახებთ ჩვენი ფლორისა და ფაუნის წიაღიდან, რომ აუცილებლად გახალისდებით. ნება მიბოძეთ, გამოგიკეთოთ ჩემივე მიზეზით გაფუჭებული გუნება-განწყობილება, - ალალად შეევედრა ქალს იოსიბოვიჩი, რომელიც მართლაც შეწუხდა ქალის შეშფოთებული მდგომარეობით.

- სიამოვნებით, ახლა მაინც ვეღარ გავჩერდები მარტო. რაღაც შიშმა ამიტანა. შემოგარენში თუ გველებია, ხომ შეიძლება აქაც მოცურდეს რომელიმე? - გულუბრყვილოდ ჰკითხა ქალმა გამოცდილ მეცნიერს და თვალებში ჩააშტერდა, ტყუილი არ მითხრასო. მაგრამ სანამ იოსიბოვიჩი პასუხს გაცემდა, ძლივს გასაგონად ჩაილაპარაკა, ნამდვილად გული გამისკდებაო.

- თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ პრაქტიკულად, თითქმის, გამორიცხულია ასეთ დასახლებაში ინავარდოს მცურავმა, - მშვიდი ხმით უთხრა და ორივე თვალი ჩაუპაჭუნა ქალს იოსიბოვიჩმა. თან სახელიც გამოკითხა. ლალიო, საქმიანად უპასუხა ქალმა.

ნომერში ასვლამდე კი იოსიბოვიჩმა რამდენიმე მოკლე ანეკდოტიც მოასწრო:

***

ორი მთვრალი გველი რესტორნიდან გამოვიდა და ერთი ეკითხება მეორეს:

- როგორ გგონია, მე ძალიან შხამიანი ვარ?

- აბა, რა მაგარი მკვლელი ძუკნა ხარ.

- ვაიმე, მაშინ მშვიდობით, შემთხვევით ენაზე ვიკბინე.

***

ორი ქუთაისელი ხვდება ერთმანეთს:

- გეიგე, ბუჯო, გუშინ რა მომხდარა?

- არა, ბუჯო, რა მოხდა მაინც.

- ჭიჭიკიას სიდედრი წოუყვანია გველების გამოფენაზე სიმონ.

- მერე რაია, ბუჯო.

- მერე იმ ქალისთვის მიუციათ ოქროს მენდალი.

***

- თუ იცით, რა მოხდება, გველი და ზღარბი რომ ერთმანეთს შევაჯვაროთ? - ჰკითხა ქალს იოსიბოვიჩმა.

- არა, - მიუგო ქალმა.

- ორი მეტრი მავთულხლართი, - სერიოზული სახით დაასკვა იოსიბოვიჩმა და ქალიც გულიანად გააცინა.

 

***

კაცი მივიდა ექიმთან, გველმა მიკბინა და რა ვქნაო.

- რატო დააბიჯე ფეხი ძმაო? - ეკითხება მთვრალი ექიმი.

- რა ვიცი, აბა, მე ოხერმა, - შეწუხდა კაცი.

- ჰოდა ახლა წადი, იმ საწყალ რეპტილიას ბოდიში მოუხადე და მორჩა, - ხელი აუქნია ექიმმა.

- გაკერვა არ დამჭირდება? ნემსის მეშინოდა. ეგ მიშველის? - ეკითხება გახარებული კაცი და ექიმიც პასუხობს, არ გიშველის, მაგრამ სუფთა სინდისით მაინც მოკვდებიო.

***

გაკერვაზე გამახსენდა.

- იცით, ჩვენთან ყველაზე ხშირად რა პროფესიის ადამიანები არიან შეკერვით დაკავებულები?

- მკერავები, ალბათ, - ეჭვნარევი ღიმილით ახედა იოსიბოვიჩს ქალმა.

- არა, ბატონო, პროკურორები, - საზეიმოდ მიუგო იოსიბოვიჩმა ქალს, რომელსაც

ისეთი სიცილი წასკდა, პირზე ორივე ხელი აიფარა და სული ძლივს მოითქვა.

ოთახში ორივენი სიცილით შევიდნენ და იქ იოსიბოვიჩმა სულ ადვილად მიიყვანა საქმე იქამდე, რომ ნაალაფარი ქალისთვის გველის ყველაზე დიდი ნაკბენიც ეჩვენებინა.

დილით სასადილოში ჩაის დასალევად ჩასულ იოსიბოვიჩს ასპირანტები თვალებგაფართოებულნი დახვდნენ. საყვარელმა მოწაფემ კმაყოფილ ლექტორს მხიარულად მიმართა.

- იოსიბოვიჩ, როგორც გატყობთ წუხანდელი გარჯა დაგიფასათ იმ მშვენიერმა.

- იცი, რას გეტყვი ჭაბუკო? ბაბუაჩემი რომ კვდებოდა, სასთუმალთან მიხმო და ხელით მანიშნა, ახლოს მოიწიო. უკვე ვეღარ ინძრეოდა და ხმასაც ვერ იღებდა საწყალი. ყური პირთან მივუტანე და... იცი რა ამოღერღაა? - უსერიოზულესი სახით ჰკითხა მოწაფეს იოსიბოვიჩმა.

- არა? - მიუგო შეცბუნებულმა მოწაფემ. იოსიბოვიჩი მისკენ გადაიხარა, სხვა მოწაფეებს ხელებით ანიშნა, თქვენც მოიწიეთო და ჩურჩულით უთხრა:

- ბაბუაჩემმა დამიბარა, გახსოვდეს შვილო, უცხო საშო ფალოსის სალესიაო.

ახალგაზრდების მოურიდებელმა ხარხარმა ისე გააყრუა იქაურობა, რომ კარების ღრჭიალი არავის გაუგონია. მხოლოდ იოსიბოვიჩს გაეყინა მზერა და გაუფითრდა სახე. ამის შემხედვარე ასპირანტებმა სიცილი რის ვაი-ვაგლახით შეწყვიტეს და იმ მხარეს მიიხედეს, საითაც მათი გაშტერებული ლექტორი იყურებოდა. კარებიდან დახლისაკენ მიემართებოდა გუშინდელი მშვენიერი ქალბატონი, რომელსაც ძალიან უხდებოდა იუსტიციის ოფიცრის ფორმა და პროკურორის ვარსკვლავებიანი სამხრეები. თუმცა, იოსიბოვიჩი ამ "მშვენიერებას" არ გაუოგნებია. მას წამში წარმოუდგა თვალწინ დაღუპული კარიერა, აყრილი სამეცნიერო ხარისხი, ჩამორთმეული პარტბილეთი და შეიძლება დაჭერაც კი ანტისაბჭოური ანეკდოტებისთვის და ორგანოს თანამშრომლის ღირსებისა და პატივის შეურაცხყოფისთვის. იოსიბოვიჩის ბრძანებით ასპირანტები მას გარს შემოეხვივნენ და სასადილოდან გაიყვანეს. ქალბატონი პროკურორი კი გაღიმებული დატოვეს.

იმ საქმეს გართულება აღარ მოჰყოლია, რამაც იოსიბოვიჩი კიდევ უფრო გაათამამა, მისადმი მოწაფეთა პატივისცემამ კი პიკს მიაღწია. ასე გაილია წლები და გამელოტდა იოსიბოვიჩი, მაგრამ იგი და ქალები ერთმანეთს მაინც არ ასვენებდნენ.

ერთხელ, ახალი წლის მოახლოებისას, იოსიბოვიჩი ჩვეულებისამებრ მოხუცი დედის სანახავად გაემგზავრა მთიან სოფელში. იგი ასევე ჩვეულებისამებრ აპირებდა ქალაქში მალე დაბრუნებას და ახალი წლის უქმეების გატარებას საყვარელ ქალთა რიგ-რიგობით საზოგადოებაში. პერმანენტული ომიანობის პერიოდში, როცა ყველაფერი საბჭოური მოიშალა და ახალი ჯერ არაფერი შექმნილა, იოსიბოვიჩს მანქანა აღარ ემსახურებოდა, საკუთარი ავტო არც არასდროს ჰყოლია და დარჩა გამოპრანჭული შლიაპიანი კაცი "კატაფალკა" ავტობუსის ამარა. გაჭედილ სალონში ყველა ერთმანეთს ეხეთქებოდა, მაგრამ განსაკუთრებული რყევა მაინც ფეხზე მდგომთა შორის შეიმჩნეოდა, რომელთა მატებად რიცხვს იოსიბოვიჩიც მიეკუთვნებოდა. რატომ არავინ ჩადის, მხოლოდ ამოდიან და ამოდიან, ამბობდა გუნებაში იოსიბოვიჩი და გული უწუხდებოდა, მაგრამ როცა გვერდით მდგომი ქალი შემოხედავდა-ხოლმე, ნაძალადევად მაინც უღიმოდა. თან ფიქრობდა, ნეტავ რას მიყურებს ეს ქალიო, ამ უბედურსაც ხომ არ მოვწონვარო. ამის გაფიქრება იყო და იმ გვერდზე მდგომმა ქალმა მოულოდნელად ისეთი ტყლაშუნა სილა გააწნა, შლიაპა რიგებისკენ გადააგდებინა და მელოტი თავი რკინის სახელურზე მიარტყმევინა. იოსიბოვიჩი შუქნიშანივით აციმციმდა და წამიერმა ფერთა ცვლამ მელოტ თავზე რამდენჯერმე გადაურბინა. საკუთარი თავი კი განსაკუთრებით მაშინ შეეცოდა, როცა ბატარა გოგონამ შლიაპა გაუწოდა და შემბრალე ტონით უთხრა, აჰა, ბიძია, აიღე, ძალიან ხომ არ გეტკინაო. გამწარებულს თვალებზე ცრემლები მოადგა და თვალცეცხლიან ქალს გულაჩუყებულმა ჰკითხა, რა დაგიშავეთ, ქალბატონოო.

- ქალბატონო არა, ისა. ვინ არის შენი ქალბატონი?! ახლა ეგეც მაკადრე, შენი უნამუსოვ, შენა! ძალიან კარგადაც იცი, რაც დამიშავე! - უკივლა ქალმა და კეფა შეაქცია. ზურგის შექცევა უნდოდა, მაგრამ ვერ მოახერხა.

- რა იყო, ქალო, რა გიქნა? - ჰკითხეს გაგულისებულს აქეთ-იქიდან, როცა დაინახეს, რომ გაოგნებულმა კაცმა მხრები აიჩეჩა. ქალმა არავის უპასუხა, მაგრამ, როცა ნაცნობები ჩააჯინდნენ, ყველას გასაგონად წამოიძახა:

- ხელებს აფათურებს ამხელა კაცი, თავი ქალაქში ჰგონია! - და იოსიბოვიჩს ისევ კეფა მიუშვირა.

- მთელი გზა ორივე ხელით სახელურზე ვარ ჩამოპორწიალებული, ხალხო! როგორ გეკადრებათ, ქალბატონო?! - საბრალოდ თქვა იოსიბოვიჩმა, მაგრამ მოჩხუბარისკენ არ გაუხედავს, იმ სკამისკენ გაიხედა, სადაც პატარა გოგონა იჯდა, თითქოს მასთან სურს თავის მართლებაო.

- ა, კიდო, ახლა! - იყვირა ქალმა და ზურგისაკენ ისე სწრაფად მიტრიალდა, მგზავრები აქეთ-იქით მიჰყარა და სალონი შუაზე გაიყო. გაავებულ ქალს, რომელსაც ეგონა კაცმა კიდევ მიბწკინაო, იოსიბოვიჩის ხელის ნაცვლად ბატის ნისკარტი შერჩა ხელში. ზუსტად იმ ადგილას, სადაც მოტრიალებამდე ქალის ჩათქვირებული გავა ძუნძულებდა, სკამზე მოკალათებულ მგზავრს კალთაზე მოწნული კალათი დაედო, საიდანაც ბატს თავი ამოეყო და დროდადრო თავის შესაქცევად ცხვირწინ მოქანავე დუნდულებსაც ეპოტინებოდა.

ბატის პატრონი თავიდანვე მიმხვდარა, რაც სინამდვილეში მოხდა და სიცილითაც გაგუდულა, მაგრამ გაკაპასებული ქალის ისე შეშინებია, ხმა ვერ ამოუღია. როცა ყველაფერი გაცხადდა, ბატზე სიცილით მიანიშნა და თქვა, ა, ქალო, ეს ყოფილა შენი კავალერი, იმ კაცს რას ერჩოდიო. იოსიბოვიჩის და იმ ქალის გარდა ყველა ახარხარდა. გამართლებულ კაცს კი ბატის მიერ შეცდენილი ქალის ნაცნობებმა მოუხადეს ბოდიში. ამის მიუხედავად იოსიბოვიჩს მისთვის გაუგებარი დანაშაულის ტვირთი აეკიდა და შვება სულაც არ უგრძვნია.

დედასთანაც უხალისოდ მივიდა, ღამეც ცუდად ეძინა და მოხუცის თხოვნის მიუხედავად ქალაქში დაბრუნების სამზადისს დილიდანვე შეუდგა. დედას მალევე დაემშვიდობა და გზაჯვარედინისკენ გასწია, სადაც ავტობუსს უნდა გამოევლო. ავტობუსის დანახვაზე კი გაუგებარი შიშისა და დანაშაულის გრძნობამ ერთად შეუტია და ტრანსპორტში ასვლის ძალა გამოაცალა. მომდევნო და უკანასკნელი რეისი ორ საათზე უნდა ყოფილიყო. იფიქრა სახლში მოვიცდიო და დედასთან გაბრუნდა. როგორც კი კარი შეაღო, სიხარულით წამომხტარმა მოხუცმა თვალებში შესციცინა, აღარ მიდიხარ, დედა გენაცვალოსო, აღარ მიდიხარო. მოხუცი დედის არაჩვეულებრივ აღტაცებას ვეღარ მოერია ვაჟიშვილის ქალთანური ვნება და წამოსცდა, აღარ მივდივარო. ეს იყო და გაუგებარი დანაშაულის გრძნობაც მოეხსნა. იმ ახალი წლის შემდეგ იოსიბოვიჩი სოფელში არ გადასახლებულა, მაგრამ ნახევარჯერ იქ იყო და ნელ-ნელა ყველა გაპუტული გულის ვარდი ჩამოიცილა. მერე ცოლიც შეირთო და სიბერეში კაი ბიჭიც გამოზარდა.

 

P.S. სამწუხაროა, რომ იოსიბოვიჩის შესახებ ბოლო ისტორია მის ქელეხში მოვისმინე. ერთხელ მოსკოვში ყოფილა საკავშირო სიმპოზიუმზე და მეცნიერ ქალებთან ურთიერთობაში მისი კავკასიელი კოლეგები ყოველმხრივ დაუჩაგრია. გადარეულა ერთი მეცნიერ-მუშაკი ჩვენი მეზობელი ქვეყნიდან და ყველაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ ასევე სიმპოზიუმზე მყოფი ლამაზი უკრაინელი კოლეგა შეხვედრაზე დაეთანხმებინა. ქალის ნომერში წინასწარ შეუგზავნია ძვირფასი პურმარილი და საღამოს დათქმულ დროს "შებმული" ლამაზმანის ოთახის კარზეც თამამად დაუკაკუნებია. შეუპატიჟია კიდეც ხალათში გამოწყობილ ქალს და ნასუფრალ მაგიდასთანაც დაუსვამს. მამლაყინწა სტუმარს კი გაკვირვებია, მისი შეგზავნილი პურ-მარილი ნამუსრევი რომ დახვედრია, მაგრამ უფიქრია, ალბათ დაქალები დაპატიჟაო და არაფერი შეუმჩნევია.

- მაპატიეთ, თქვენ ჯერ ჩაცმული არ ხართ. მე გავალ, კორიდორში დაგელოდებით, რესტორანში გაწყობილი მაგიდა გველოდება, - კმაყოფილი სახით უთქვამს კავკასიელ მეცნიერ-მუშაკს უკრაინელი ქალ-კოლეგისათვის და გასვლა დაუპირებია, მაგრამ ვერ მოუხერხებია. ვიწრო გასასვლელში მას აბაზანიდან გამოსული პირსახოცშემოხვეული იოსიბოვიჩი შეჩეხებია.

- კარგი რა, ქართველო, "მიმინო" მაინც არ გიყურებია? აბაზანიდან შიშველი მე უნდა გამოვსულიყავი, - ესღა ამოუღერღია გულშემოყრილ მეცნიერ-მუშაკს და რესტორანში მისი გამაწბილებელი იოსიბოვიჩიც დაუპატიჟია.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. რევიუ >>

    aa
  5. სპორტი >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. პოლიტიკა >>

    aa
  9. ინტერვიუ >>

    aa
  10. საზოგადოება >>

    aa
  11. თვალსაზრისი >>

    aa
  12. უცხოეთი >>

    aa
  13. პრესომბუდსმენი >>

    aa
  14. თვალსაზრისი >>

    aa
  15. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  16. რევიუ >>

    aa
  17. რევიუ >>

    aa
  18. სტილი >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. მარანი >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. კულინარია >>

    aa
  28. კულინარია >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. წიგნები >>

    aa
  37. წიგნები >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  43. ამბები >>

    aa
  44. ტექნოლოგიები >>

    aa
  45. ტექნოლოგიები >>

    aa
  46. რევიუ >>

    aa
  47. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  48. რეგიონი >>

    aa
  49. კალათბურთი >>

    aa
  50. სპორტი >>

    aa
  51. რაგბი >>

    aa
  52. რაგბი >>

    aa
  53. წიგნები >>

    aa
  54. წიგნები >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი