თეატრალური პერფორმანსი - კულმინაციისა და პათეტიკის გარეშე
24 საათი 31.01.12
თეატრალური პერფორმანსი - კულმინაციისა და პათეტიკის გარეშე
სად გქონდა პირველი ღამე? სად? სად? მარსზე! დიახაც, იუპიტერზე! ტყეში, რატომაც არა?! ხეზე, გაეცინებათ მაინც! ყველა სავარაუდო პასუხის მოსინჯვის შემდეგ მაინც ითქვა ბანალური სიმართლე - სასტუმროში. მუსიკის გარეშე. სწორედ ეს და სხვა ამბის მსგავსი დიალოგი იყო ის, რის შესახებაც მაყურებელმა პირველ რიგში გამოიტანა ამბავი. ვგულისხმობ თუმანიშვილის თეატრში შემდგარ პრემიერას "R+J ბედისწერა დაბნეულია რომეო და ჯულიეტა მესამე მეხსიერება" მიხელ მარმარინოსის დადგმას. მაგრამ მაყურებელთან დიალოგი ამ წარმოდგენაში მხოლოდ მაყურებლის გამოფხიზლებას ემსახურება და არა მაყურებლის ჩართვას პერფორმანსში. ეს უბრალოდ რელაქსაციის საშუალებაა, განტვირთვის ფორმა ქართველი მაყურებლისთვის უჩვეულოდ დამღლელი პირველი მოქმედებისა და ცოტა მომაბეზრებელი მეორე მოქმედების წინ. თუმცა, გარკვეული დასკვნის გამოტანის შანსს ეს გარდამავალი წუთებიც იძლევა. შეიძლება, კიდევ ერთხელ დარწმუნდეთ იმაში, რომ საქართველო ის ქვეყანაა, სადაც მამაკაცი, რომელსაც გვერდით საალერსო ობიექტი ქალი ახლავს, მსახიობს მაინც ამაყად ეტყვის, რომ ზოგადად სამსახურის პოვნა უფრო იოლია, ვიდრე საყვარელი ადამიანის...
მიუხედავად იმისა, რომ სტერეოტიპები ნებისმიერი საზოგადოების სააზროვნო საზღვრებს განსაზღვრავს, ასე ძლიერი სტერეოტიპული ხედვა, როგორიც საქართველოშია, რთული მოსაძებნია სხვაგან და ეს არ ეხება მხოლოდ სამსახურსა და სიყვარულს. ეს ეხება ხელოვნებისადმი მოლოდინსა და მოთხოვნებს და ეს სტერეოტიპული, მომხმარებლური დამოკიდებულება ხელოვნებისადმი აღნიშნული დადგმისადმი დამოკიდებულებაშიც გამოვლინდა.
მომხმარებელი მაყურებელი, ანუ ის, რომელიც წარმოდგენისა და მსახიობებისგან ელის რამე ისეთს, რაც მას აატირებს ანდა გააცინებს, ანუ ყოველდღიურ ინდიფერენტულობას დააკარგვინებს, ალბათ არ უნდა წავიდეს კინომსახიობთა თეატრში მაინცდამაინც აღნიშნულ წარმოდგენაზე დასასწრებად. არ უნდა წავიდეს იმიტომ კი არა, რომ ვერ გაიგებს ანდა დაიღლება. სულაც არა. უფრო იმიტომ, რომ ამ ტიპის თეატრი არც მისი რელაქსაციისთვის მოუფიქრებია ვინმეს და არც იმისთვის, რომ დიდრონი კონცეპტუალური და ღრმადშინაარსობრივი სვლები შემოგვთავაზოს ასევე სერიოზული დრამატურგიის მქონე წერილის დასაწერად. თეატრი, რომელიც ტრადიციული თეატრის საზღვრებიდან გასულია, რეჟისორის თამაშის სივრცეა, სადაც ის ხელოვნების ყველაზე მნიშვნელოვანი განზომილებებით დროითა და სივრცით თამაშშია ისე ღრმად ჩაფლული, რომ ეს თამაში ხდება მთავარი ამოცანა. და პერფორმანსის ფორმით იკვებება, თავისი ამორფული და პიესად არჩამოყალიბებული ტექსტით, სიტყვისადმი სიმბოლური დამოკიდებულებით, ქმედებით, რომელიც იქცევა თეატრის მეტაფორად და, რაც მთავარია, ამბის ინტერპრეტაციით.
დაივიწყეთ შექსპირის "რომეო და ჯულიეტა" ისეთი, როგორიც გახსოვთ. შეეცადეთ, მოიგონოთ დეტალები, ასე უკეთ გაუგებთ მარმარინოსის სურათებსა და კადრებს თავსა და ბოლოს. მიხეილ მარმარინოსი ტექსტში იმ გზებით გამოგზაურებთ, რომელიც აქამდე უხილავი იყო. ასე რომ, კარაგდ უსმინეთ. ამ გზების აღმოსაჩენად ის ჩაუღრმავდა დეტალებს, ცოტაც საკუთარი ინტერპრეტაციები მიაშველა და ამბავი, რომელიც მსოფლიო ლიტარატურაში, თუ მსოფლიო კულტურაში არა, ტრაგიკული სიყვარულისა და ახალგაზრდობის სკულპტურად იქცა, მან მხოლოდ მასალად გამოიყენა. მასალად, რომელიც მაყურებელს უნდა გააცნონ და ექვსივე მონაწილე მსახიობი ამ ამბის თხრობას ემსახურება. ამბავი და შექსპირისეული პიესის პერსონაჟები ამ მთხრობელების მონოლოგიდან მონოლოგში და სხეულიდან სხეულში გადიან. ამიტომაც ხან ერთია რომეო და ხან - მეორე, ხან ის ხდება მონტეგი, რომელიც ორი წუთის წინ კაპულეტი გახლდათ. მაგრამ ყველაზე საინტერესო მთელს ამ თეატრალურ პერფორმანსში მაინც ის არის, თუ როგორ აღიქვამს მოსაყოლს რეჟისორი. ის თავისუფალია პირველწყაროს ერთგულებისგან, შექსპირის "რომეო და ჯულიეტა" მისთვის მხოლოდ საფუძველია მეტატექსტის შესაქმნელად. ამ ხერხსა და პიესისადმი დამოკიდებულებას პოსტმოდერნისტული თეატრის ხერხებიდან ერთ-ერთი შეიძლება ვუწოდოთ. თუმცა მსგავსი ხერხი მხოლოდ თეატრისთვის არ არის დამახასიათებელი. არსებული ნაწარმოებების საფუძველზე ახლის შექმნა ძველის ნაშთების გათამაშებით დამახასიათებელია ვიზუალური ხელოვნებისთვის, ლიტერატურისთვის... და საერთოდაც, ასეთ ტექსტებზე აგებული წარმოდგენებით ჯერ ისევ მდიდარია ევროპული თეატრების რეპერტუარები.
მარმარინოსის ტექსტი მუდმივად ცვლადი კომპოზიციით გამოირჩევა. ძველ ისტორიას ახლებურად ხან მოსამსახურე პედროს თვალთახედვით მივსდევთ, ხანაც მღვდლის, ხანაც კიდევ სხვისი - ერთი შეხედვით, მეორეხარისხოვანი პერსონაჟით, ანდა საერთოდ უხილავი გმირის თვალებით. ამ ტექსტში დრო არ არის სამი. ამ ტექსტში წარსული და აწმყო სრულიად აზელილია და მონაწილეები ხან ემსგავსებიან წარსულში გათამაშებული ტრაგედიის განმასახიერებელ მსახიობებს, ხანაც უბრალოდ მედიატორები არიან - დაუკონკრეტებელ დროში მედიტაციურ მდგომარეობაში მოძრავი სხეულები - გამტარი სახეები. მგონი, ეს ტენდენცია ყველაზე კარგად წარმოდგენაში მონაწილე გიორგი ნაკაშიძეს აქვს გააზრებული.
სივრცე - მიხეილ მარმარინოსი ამ ცნებას თეატრში საუკეთესოდ იაზრებს. როგორც სცენისა და დარბაზის სივრცის ათვისების თვალსაზრისით, ისე მსახიობების მოძრაობის გადანაწილების თვალსაზრისით. რაც შეეხება მიზანსცენებს, რომელიც ამ სივრცეში უნდა იშლებოდეს. მიზანსცენები, რომელიც ტექსტს პირობით თეატრალურ ენად აქცევდა, აქ არ არის. მარმარინოსის თეატრში ის საერთოდ არ არსებობს. ეს თეატრი მსვლელობისა და პრეზენტაციის თეატრია და სწორედ ამიტომაც, ახლოს დგას პერფორმანსის თეატრთან. რაც შეეხება მთხრობელებს - უფრო მონაწილეებს, ვიდრე მსახიობებს ამ შემთხვევაში. მათშია წარმოდგენის ყველაზე კარგი და ყველაზე სუსტი მხარეებიც.
თითქმის ყველაფერი საინტერესოდ აწყობილია. მაგრამ მარმარინოსის პოსტმოდერნისტულ ინტერტექსტუალური კომპოზიცია ყველგან არ არის მკაფიო და ზუსტი. რატომ? შესაძლოა იმიტომაც, რომ მეორე მოქმედებაში მათ ახალი ენერგია სჭირდებათ ტემპის შესანარჩუნებლად, ანდა რეჟისორს ენერგიული მოტივების შეტანა ავიწყდება. შესაძლოა, იმიტომაც, რომ ყველა მონაწილე ერთნაირად კარგად ვერ ეწერება იმ გარემოში, რომელსაც მარმარინოსი ქმნის და ვერ ითავისებს იმ მანევრებს, რომელსაც ტექსტით ახორციელებენ. ახალი ამ თვალსაზრისით, პირველ რიგში, მაინც ის მაგონდება, რომელიც მთელი წარმოდგენის ღერძი უნდა იყოს, მაგრამ არ არის. ყველაზე მეტად დატვირთული მთხრობელი - პაატა ინაური. ის არ გახლავთ იმდენად მყიფე და გათავისუფლებული გავლენებისგან და წარსული გამოცდილებისგან, რომ მრავალფეროვანი ამოცანების წინაშე ნეიტრალიტეტი გამოაცხადოს და თავისუფლად შექმნას და ცვალოს ტიპაჟები, იმოძრაოს დავალებიდან მორიგ დავალებამდე. მისი თხრობის მანერაში რატომღაც ხშირად ისმის ტრადიციული ქართული თეატრის ექო. პირადად ჩემზე სრულიად განსხვავებული გავლენა მოახდინა და განსხვავებული მიზეზების გამო გახდა დასამახსოვრებელი მაგდა ლებანიძე. იგი ხშირად მარმარინოსის პერფორმანსული ქმედების პერიფერიაში დგას, მაგრამ საოცარია თავისი უნარით, შექმნას ზუსტი კონტექსტი - მანერით, დგომით, ჯდომით, შეძახილით თუ გამომეტყველებით. მთავარია, ამ მსახიობს ზუსტი მიგნებები სამომავლოდ მანერულობად და სტილიზაციად არ ექცეს. ზოგადად კი, მიხეილ მარმარინოსი ამჯერადაც საუკეთესო სამსახიობო ჯგუფით წარდგა ქართველი მაყურებლის წინაშე. მონაწილეთა გუნდი თავისთავად უკვე არის განსხვავებული ხასიათების პალიტრა - მაია გელოვანი, ქეთა შათირიშვილი, კატო კალატოზიშვილი, გიორგი შარვაშიძე და ჩემგან უკვე ხსენებულნი...