ერთ-ერთ თეატრში დამპატიჟეს არცთუ ისე დიდი ხნის წინ (თეატრის სახელწოდებას ტაქტის გამო არ ვასახელებ).
24 საათი 02.02.12

ერთ-ერთ თეატრში დამპატიჟეს არცთუ ისე დიდი ხნის წინ (თეატრის სახელწოდებას ტაქტის გამო არ ვასახელებ).
ახალგაზრდა და ჩემთვის უცნობ რეჟისორს ახალგაზრდა და ჩემთვის კარგად ნაცნობი დრამატურგის პიესა დაედგა. ცხადია, წავედი. თეატრალურ ცხოვრებაში ყველაზე მეტად თანამედროვე პიესები მაინტერესებს.
თეატრში შესვლისთანავე მეცა სუნი, რომელსაც, ჩვეულებრივ, ერთადერთი ამბავი მოაქვს: აქ ეს-ესა დასრულდა რემონტი.
მეორე შთაბეჭდილება: სამოხელეო კადრთა სიუხვე. დარბაზი სრულად შეევსო რეგიონის ადმინისტრაციას (დამავიწყდა მეთქვა, სპექტაკლი ერთ-ერთ პატარა ქალაქში დაიდგა), ეს კი, მოგეხსენებათ, საშიში მაყურებელია: თეატრში გუბერნატორის ხათრით, ბოდიში - ბრძანებით, არის მოსული და, როგორც წესი, არაფერზე რეაგირებს: არც ეცინება, არც ეტირება... ასეთები პირქუში სახეებით შესცქერიან სცენას და დროდადრო ხმამაღლა პასუხობენ სატელეფონო ზარებს: "თეატრზე ვარ".
სპექტაკლი რაღაცნაირად მორიდებულად დაიწყო; შეიძლება ითქვას, ვერც მივხვდი, როგორ. თუმცა ზრდილობიან და შეუმჩნეველ დასაწყისს ხმაურიანი გაგრძელება მოჰყვა: ხმის გამაძლიერებლები ბოლო ხმაზე აწეულმა მუსიკამ გახეთქა და მსახიობებმაც პირველ ოც წუთში შეასრულეს ოცი ახალი ცეკვა. ეს ცნობილია: ქართული თეატრი არ არსებობს ცეკვის გარეშე; რაც არ უნდა მოხდეს, მაინც გიცეკვებენ - გინდა, "ჰამლეტს" თამაშობდნენ და გინდა, "HAMLET-MACHINE-ს". მაგრამ ცეკვას ვინ ჩივის... მიუხედავად იმისა, რომ პიესის ტექსტს კარგად ვიცნობდი (ისევე, როგორც პიესის ავტორს), ვერაფერი გავიგე. უშუალოდ პიესის ტექსტი სპექტაკლის დაწყებიდან, ასე, ორმოც წუთში დაიწყო (მანამდე მსახიობები რეჟისორის მიერ ჩაწერილ-ჩათხრილ რეპლიკებს წამოისროდნენ, ძირითადად, გინებებს... რადგან ეს ვიცით - ამეებზე ტაშია), მაგრამ პიესა არც მერე გამხდარა მეტად გასაგები. ვინ ვის თამაშობდა, რატომ და როგორ, გამოუცნობ საიდუმლოებად დარჩა ჩემთვის. გაჩნდა რეჟისორის მიერ მოგონილ-ჩაკვეტებული ახალი სიუჟეტებიც. თუმცა ვერც ერთმა სიუჟეტმა ვერ გაგვაგებინა, რა ხდებოდა სპექტაკლში. მაყურებლის სამოხელეო ნაწილი ამჯერად სამართლიანი ზიზღით განეწყო სცენაზე მომხდარის მიმართ. ჩვენ ვგავდით დარბაზში ამოსულ მოჯადოებულ მდუმარე სოკოებს. გაპარვაც კი ვიფიქრე, მაგრამ პიესის ავტორის მომერიდა, რომელიც, ჩანდა, საშინლად ბრაზობდა (თუმცა ცოტა ხანში ასეც ვქენი). მართალია, ამ სპექტაკლში მისი პიესიდან მხოლოდ შორისდებულებიღა იყო დარჩენილი, მაგრამ მაყურებელი, უპირველეს ყოვლისა, მაინც ავტორით დარჩა უკმაყოფილო, რადგან, დარბაზში, ვფიქრობ, მხოლოდ მე ვიყავი, ვისაც ეს პიესა თავიდან ბოლომდე ჰქონდა წაკითხული (ეჭვი მაქვს, რეჟისორსაც კი არა) და, ვაგლახ, მარტო მე შემეძლო, მეთქვა: ხალხო, ეს არ წერია პიესაში, ეს ამისი დაწერილი არაა!
მაგრამ დამიჯერებდა ვინმე?
ვინ შეადარებდა დაწერილს სცენაზე ნანახთან? იტყოდნენ - კიდევ კარგად დადგა.
პიესის ავტორებს ყველაზე ნაკლებად ენდობიან ქართულ თეატრებში (მთელი მსოფლიოსგან განსხვავებით). ავიღოთ თუნდაც ეს მაგალითი: რეჟისორი ერთხელაც არ შეხვედრია მის ქვეყანაში მცხოვრებ, მისსავე ენაზე მწერ და მოლაპარაკე ავტორს, არ დაინტერესებულა - რა დაწერა და რატომ...
საიდან ვიცი, რომ არ შეხვედრია?
ვიცი. ის ავტორი მე ვარ.