11 თებერვალს, 13 საათზე აკაკი ხორავას სახელობის მსახიობის სახლში (გიორგი ლეონიძის 11ა) "მულტი-პულტის სამყაროს" თეატრი ქართული ხალხური ზღაპრის "წიქარას" მიხედვით დადგმული სპექტაკლის თბილისურ პრემიერას გამართავს.
24 საათი 04.02.12

11 თებერვალს, 13 საათზე აკაკი ხორავას სახელობის მსახიობის სახლში (გიორგი ლეონიძის 11ა) "მულტი-პულტის სამყაროს" თეატრი ქართული ხალხური ზღაპრის "წიქარას" მიხედვით დადგმული სპექტაკლის თბილისურ პრემიერას გამართავს.
სპექტაკლის მსოფლიო პრემიერა გაიმართა ბაქოში, თოჯინების თეატრების საერთაშორისო ფესტივალზე, 2011 წლის 6 ნოემბერს.
სპექტაკლი, რომლის რეჟისორიც გოჩა ხვიჩიაა, ერთდროულად სამი პრიზით დაჯილდოვდა. გარდა ამისა, აზერბაიჯანის კრიტიკოსთა ასოციაციის თავმჯდომარემ აიდინ თალიბზადემ ბაქოს თოჯინების საერთაშორისო ფესტივალის შემაჯამებელ სტატიაში "მულტი-პულტის სამყაროს" თეატრის სპექტაკლს "ფესტივალის საუკეთესო წარმოდგენა" უწოდა. კრიტიკოსი წერდა: "თოჯინების თეატრების საერთაშორისო ფესტივალის ბოლო დღეს ქართველებმა წარმოადგინეს სპექტაკლი "წიქარა", რომელიც ქართული ხალხური ზღაპრის კარგი ვიზუალიზაცია იყო. ქართველებმა თოჯინების სპექტაკლი ისე დადგეს, როგორც ნაძვის ხის გარშემო მოწყობილი ზეიმი, მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლში საკმაოდ სევდიანი მოტივებიც ჟღერდა. სპექტაკლის დეკორაცია ისე ტრიალებდა, როგორც კარუსელი ნაძვის ხის გარშემო და ეს პასაჟი თოჯინების გათამაშებას და სპექტაკლს დამატებით რიტმს, დინამიკას აძლევდა. ენობრივი ბარიერი სპექტაკლში განსაკუთრებულად თვალშისაცემი არ იყო, თუმცა სიუჟეტურად ამბავი ნამდვილი დრამაა, ტრაგედია. სპექტაკლი კი ვითარდება, როგორც ნათელი საბავშვო ზღაპარი, საინტერესო, იმპულსურ სასცენო სივრცეში. სწორედ ამ გამორჩეულობის გამო, ჩემი აზრით, "წიქარა" ფესტივალის საუკეთესო სპექტაკლი იყო."
გოჩა ხვიჩიას სპექტაკლით "წიქარა" მულტი-პულტის თეატრი მიწვეულია ბელგოროდის თოჯინების თეატრების საერთაშორისო ფესტივალზე. ასევე "წიქარა" მონაწილეობას მიიღებს სერბეთში, ბელგრადის თოჯინური ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალში.
სპექტაკლის მხატვარი და თოჯინების მექანიზატორია მარიკა კვაჭაძე. მასში მონაწილეობენ: თათია ბაქრაძე, სოფო ვარდიძე, ოთო გიორგაძე, ნანიკო კვარაცხელია და ცირა შარია.