ოდესმე გიფიქრიათ, სინამდვილეში რა სასიამოვნოა საკუთარი უმნიშვნელობის შეგრძნება? მახსოვს ბავშვობაში, ტელესკოპში პირველად რომ გავიხედე, სწორედ ეს გავიფიქრე:
24 საათი 06.05.12
ოდესმე გიფიქრიათ, სინამდვილეში რა სასიამოვნოა საკუთარი უმნიშვნელობის შეგრძნება? მახსოვს ბავშვობაში, ტელესკოპში პირველად რომ გავიხედე, სწორედ ეს გავიფიქრე:
სამყარო უზარმაზარია და მე რაც არ უნდა დავაშავო, მხოლოდ წვრილმანი იქნება-მეთქი. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, მაგრამ დამოკიდებულება ამ საკითხისადმი არ შემიცვლია.
მე ნიკა მქვია და ტელევიზიაში ვმუშაობ. ანონსებს ვწერ. ყოველ დღე შვიდზე ვიღვიძებ და მთქნარებით მივდივარ სამსახურში. იქ მხვდება ჩემი ცუდ ხასიათზე მყოფი ბოსი, რომელიც ჩემზე ადრე დგება, რომ ცუდ ხასიათზე დადგომა მოასწროს. მხვდება ლანაც, რომელიც ჩემ გვერდით მუშაობს და ლამაზი გოგოა, ოღონდ ცოტა ნერვიული. სულ მინდა, რომ მივიდე ერთხელ მასთან, ჩავეხუტო და ვუთხრა, რომ ტყუილად ნერვიულობს, რადგან ბოლოს მაინც კარგად იქნება ყველაფერი.
საქმე ისაა, რომ აქ, ტელევიზიაში ჩვენ ვქმნით ნაგავს, რომელიც მხოლოდ ერთი დღითაა მნიშვნელოვანი. ასეთი ნაგვისთვის ლანასნაირი ლამაზი გოგოს ნერვიულობა ნამდვილად არ ღირს.
როცა ყველაფერი თავზე მაყრია, რეკლამებიან-ფილმებიანად, მე ვცდილობ, სრული სიჩუმე შევქმნა ჩემს თავში. ამიტომაც ვფიქრობ სატელიტებზე, რომლებიც ჩვენი ტელევიზიის წარმატებულ მაუწყებლობას უზრუნველყოფენ. ღმერთმა მათთვის საუკეთესო სამუშაო პირობების შექმნაზე იზრუნა: არც უკმაყოფილო ბოსი, არც ლამაზი გოგო, რომელიც ყურადღებას გაუფანტავდათ, შესანიშნავი ხედი და სიჩუმე. ამიტომაც არის, რომ მათსავით კარგად ვერც ერთი ჩვენგანი ვერ მუშაობს.
- ლანა…
- რა? - ლანა ბორბლებიანი სკამით ჩემკენ ტრიალდება. კალამს აწკაპუნებს.
- ყავა ხომ არ გინდა?
- არა - ღიზიანდება ლანა, - ხო იცი, რომ არ მაქვს მაგის დრო. ძაან ბევრი საქმეა.
- რავიცი, უბრალოდ შემოგთავაზე. მე ვაპირებ დალევას და…
- ჰოდა. დალიე. მე რა შუაში ვარ…
ლანა თავისი კომპიუტერისკენ ბრუნდება და მე სამუშაოს პირისპირ მტოვებს. ვჯდები და ვიგონებ ფრაზებს, რომლებმაც მაყურებელი ეკრანებს უნდა მიაჯაჭვოს. ადვილი და მონოტონური საქმეა. იმდენად მონოტონურია, რომ ჩემი აზრით, მისი შეთავსება ძილთანაც შეიძლება. ჩემს თითებს კონკრეტულ დავალებას მივცემ (ზუსტად ასე ვახსენებ ხოლმე ჩემს ტვინს, რომ ხვალ ადრე ვარ გამოსაფხიზლებელი), თავს დავდებ კაქტუსის გვერდით და დავიძინებ. ლანამ კალმის წკაპუნი უკვე შეწყვიტა, ესე იგი, ვერაფერი გამაღვიძებს.
- ნიკა!
თვალებს ვახელ. ლანას ლამაზ თავს ძალიან ახლოდან ვუყურებ.
- ან იმუშავე, ან წადი სახლში. დასაძინებლად მოხვედი?
მე ვდგები და მივდივარ სახლში.
ბაბუასთან ერთად ვცხოვრობ. დედა დიდი ხანია ესპანეთშია. მამა არ მყავს. ბაბუაჩემი, ანუ მამაჩემის მამა, მოხუცია და სპეციფიკური სუნი ასდის. ეს სუნი მახსენებს, რომ მასზე უნდა ვიზრუნო. ხანდახან ეს სუნი სამსახურში მეცემა ხოლმე და ვხვდები, რომ ბაბუაჩემს ვჭირდები. უცნაური კაცია. ბავშვობაში სულ კოსმოსურ ისტორიებს მიყვებოდა: იური გაგარინზე, ნიკიტა ხრუშჩოვზე, სპუტნიკებზე… ბაბუაჩემს ძალიან უნდოდა, კოსმონავტი ყოფილიყო, მაგრამ არქიტექტორი გახდა. სახლი, რომელშიც ვცხოვრობთ, მისი დაპროექტებულია.
ბავშვობაში ყველაზე დიდი ინტერესით ლაიკას ისტორიას ვუსმენდი ხოლმე. მას არასდროს ეზარებოდა მოყოლა:
- ძაან კაი ძაღლი იყო ლაიკა. ხრუშჩოვის ეზოში ხეტიალობდა ხოლმე და პირდაპირ იქიდან აარჩიეს. ხრუშჩოვმა, ეგ თუ ჩემს მეზობლებს უძლებს, ყველაფერს გაუძლებსო. მართლა მამაცი ძაღლი იყო. თურმე ამ ამბავზე ერთი მეცნიერი მუშაობდა, სოლოვიევი. ძალიან შეყვარებია ეს ძაღლი და გაფრენის წინა საღამოს სახლში წაუყვანია თავის შვილებთან. იცოდა, რომ მერე ვეღარ ნახავდა. იმიტომ რომ ის არ ჰქონდათ მოგონილი, როგორ უნდა დაებრუნებინათ უკან თანამგზავრი. ჰოდა, დარჩა კოსმოსში ლაიკა და იქვე მოკვდა. საბჭოთა მეცნიერები ამბობდნენ, რამდენიმე დღის მერე ჟანგბადი გამოელიაო. მაგრამ სინამდვილეში გადახურებისგან მოკვდა ლაიკა. მალევე.
ამ ამბავზე სულ გული მიჩუყდებოდა და ერთხელ ბაბუას ისიც ვუთხარი, ჩემთან რომ მოგეყვანა შენ ლაიკა, არსად გავუშვებდი, დავიტოვებდი-მეთქი.
- ჰო მაგრამ, ლაიკა რომ არ გაფრენილიყო, ერთი ჩვეულებრივი ძაღლი იქნებოდა და შენც არ გეყვარებოდა ასე ძალიან.
ვერაფერს იზამ. ერთდროულად გმირი და ცოცხალი ვერ იქნები.
სულ რამდენიმე დღის წინ ბაბუაჩემს ჯერ კიდევ შეეძლო საუბარი. ახლა კი ხმას აღარ მცემს. თვალებს იშვიათად ახელს და ჭერს მიშტერებია.
დედაჩემი ყოველ საღამოს სკაიპით მელაპარაკება და მთხოვს, ტელევიზიის ამბები მოვუყვე.
დედა: ის გოგო რას შვება, ლანა?
მე: რა ვიცი. მუშაობს ჩვეულებრივად.
დედა: შენ და ლანა. რამე ჰო არა, ჰა?
დედაჩემის სინტაქსი ძალიან მაბნევს.
მე: არა, მე და ლანა არაფერი.
დედა: რატომ მერე შვილო, რატომ. იფიქრე ამაზე. აღარ ხარ პატარა ბიჭი.
პაუზა.
დედა: რას შვება სერგო?
მე: რა ვიცი. არის. ხმას არ მცემს.
არ მინდა დედაჩემთან ამ თემაზე საუბარი.
დედა: ძაან მეცოდები მაგ კაცის ხელში.
მე: გმადლობ, დედა.
დედა: მაგის ბრალია, რომ ჩარჩი საქართველოში. არა უშავს, სულ ხომ არ იქნება ეგრე.
მე: მისი ბრალი არაფერი არ არის.
დედა: ჰო, შენ ეგრე თქვი, ეგრე. მაგრამ მე ხომ ვიცი.
მე: წავედი მე. უნდა დავიძინო.
ვწვები. ძილის წინ ისევ სატელიტებზე ვფიქრობ. მათი წარმოდგენა მამშვიდებს. პატარა მექანიკური მთვარეები, რომლებიც ყველაფერზე იზრუნებენ, სანამ მე მეძინება.
აივანზე ქარია. ლანა ეწევა. მე მივდივარ და გვერდით ვუდგები. ყველაფერი მოფიქრებული მაქვს. მთავარია, თქმა გავბედო.
სიჩუმეა. ათჯერ მაინც ვცადე ხმის ამოღება და არ გამომივიდა.
- ასე რატომ მიყურებ? - მეკითხება ლანა.
- როგორ ასე? - თავს ვიშტერებ მე.
- თითქოს რაღაცის თქმა გინდა.
- იმიტომ, რომ რაღაცის თქმა მინდა.
- გისმენ - ლანა ლამაზად უშვებს ბოლს.
გამბედაობას ვიკრებ, რომ ვუთხრა, რაც ამდენი ხანია, თავში მიტრიალებს, მაგრამ საბოლოოდ სულ სხვა რამეს ვამბობ:
- ბაბუაჩემი კვდება.
ლანა გაოცებული მიყურებს.
- ვწუხვარ. არ ვიცოდი
- ჰო. საიდან გეცოდინებოდა. დიდი ხანია, ავადმყოფობს, უბრალოდ ეს ბოლო დღეებია, ძალიან ცუდადაა.
სიბრალული. თანაგრძნობა. სიბრალული.
რა შტერი ვარ. ბაბუაჩემი საერთოდ რა შუაში იყო.
კომპიუტერს ვუბრუნდები და ვცდილობ, წავიმუშავო.
ცოტა ხანში ლანას ჩემთვის ყავა მოაქვს. იხრება და მეუბნება:
- სანამ ჯერ კიდევ შეგიძლია, აჩვენე, როგორ გიყვარს.
მიკვირს, აქამდე როგორ ვერ მოვიფიქრე, რომ ბაბუაჩემისთვის რამე სასიამოვნო გამეკეთებინა. როცა გამუდმებით უვლი მოხუცს, ნელ-ნელა გავიწყდება, რომ მას გამოსაცვლელი თეთრეულის გარდა, გრძნობებიც აქვს. მიხარია, რომ ლანამ მათი არსებობა შემახსენა.
სათამაშოების მაღაზიაში ოთახის მორთულობას ვყიდულობ: სიურპრიზს მოვუწყობ და ოთახში მანათობელ ვარსკვლავებსა და პლანეტებს გავუკრავ. როგორც გამყიდველი მეუბნება, ძალიან ლამაზი უნდა გამოვიდეს. მინდა, ჭერს რომ მიაშტერდება, ჩვენი ერთად გატარებული საღამოები გაახსენდეს. საუბრები კოსმოსზე და თანავარსკლავებისთვის ცაში თითის გაყოლება.
ბაბუას ფრთხილი ძილი აქვს, ამიტომაც ძალიან ჩუმად ვმოძრაობ. ფიგურებს ჭერსა და კედლებზე ვათავსებ. რთულად ეწებება, მაგრამ კარგად ანათებს.
ამას ნახევარი საათი მიაქვს. ფარდები ჩამოშვებულია, დარაბები - დახურული. დასრულების შემდეგ ნამუშევარს კრიტიკულად ვაფასებ და ვასკვნი, რომ უნდა მოეწონოს, აუცილებლად უნდა მოეწონოს.
მერე საწოლზე ვჯდები და ბაბუას ხელზე ხელს მსუბუქად ვუჭერ.
ხელი გაყინული აქვს.
შუბლიც.
და აღარ სუნთქავს.
სუნთქვა მეც მიჩერდება რამდენიმე წამით.
ცრემლები მაწვება.
ვერ წარმოვიდგენდი, თუ ასე მეტკინებოდა გული.
სამსახურში ერთი კვირაა არ ვყოფილვარ და დისტანციურადაც ვგრძნობ, რომ ბოსი ჩვეულებრივზე მეტად უკმაყოფილოა. არ ვღელავ, თუ გამათავისუფლებენ. ეს სამუშაო საერთოდ აღარ მეხალისება. ერთი ეგაა, რომ ლანასთან დამშვიდობების გარეშე არ მინდა გამაგდონ. სამწუხაროდ, ჯერაც არ მითქვამს მისთვის, რა ძალიან მიყვარს.
დედაჩემს მგონი, გაუხარდა კიდეც ბაბუაჩემის სიკვდილი. იმედი გაუჩნდა, რომ მასთან ჩავალ და დავრჩები. მე კი არსადაც არ მინდა წასვლა.
საღამოობით, როცა ვარსკვლავებიან ოთახში ვზივარ, ხშირად ვფიქრობ იმაზე, რომ ყველა სული თანამგზავრია - გზააბნეული თანამგზავრი, რომელიც მუდამ ახლოს იქნება, მაგრამ ვერასდროს დაბრუნდება უკან. ლაიკასავით
ნინო ტეფნაძე