ლონდონის სპორტული ოლიმპიადის გახსნას წინ უძღვის კულტურული ოლიმპიადა, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ათეულობით კონცერტს, გამოფენას და ფესტივალს ითვალისწინებს.
24 საათი 06.05.12
ლონდონის სპორტული ოლიმპიადის გახსნას წინ უძღვის კულტურული ოლიმპიადა, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ათეულობით კონცერტს, გამოფენას და ფესტივალს ითვალისწინებს.
ამ ვრცელი და მრავალფეროვანი პროგრამის ერთ-ერთ საინტერესო მოვლენად უნდა ჩაითვალოს 13-15 აპრილს გამართული დიდი ბრიტანეთის ცეკვისა და მუსიკის ფესტივალი, რომელმაც მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნის ასზე მეტ მონაწილეს მოუყარა თავი.
ჩვენთვის, ქართველებისთვის ეს ფესტივალი-კონკურსი განსაკუთრებით იმით იყო სასიამოვნო, რომ მასში ექვსი ქართველი მონაწილე იყო ჩართული, რომლებმაც ორ კომპეტენციაში საპატიო მეორე ადგილი დაიმსახურეს.
მაკა მახარაძის ცეკვის სტუდია, რომელსაც თბილისში ვერის უბნის ტანც-კლასის სახელითაც იცნობენ, თავის არსებობის 15 წლის განმავლობაში მრავალ სიხარულს ჩუქნის ბავშვებს, რომლებიც აქ სწავლობენ და განსაკუთრებით მაყურებელს, რომლებიც არაერთხელ გამხდარა მათი ბრწყინვალე საბალეტო ნომრების თუ წარმოდგენების მოწმე.
ქალბატონი მაკა მახარაძე თავისი სტუდიის პედაგოგებთან ერთად მუდამ ეძებს ბავშვებისთვის თანამედროვე მეთოდებს არამარტო ბალეტის ანბანის და საცეკვაო ხერხების დასაუფლებლად, არამედ უდიდეს ყურადღებას უთმობს მათ საერთო განათლებასაც. ამ სტუდიაში სწავლება ვიზუალური მასალის მოშველიებით მიმდინარეობს. მათ თანამედროვე ცეკვის ყველაზე ღირებულ მაგალითებზე ზრდიან, პროფესიულ გაკვეთილებთან ერთად, სტუდიაში გაერთიანებულ ასამდე ბავშვს ასწავლიან ბალეტის, მუსიკის და ხელოვნების ისტორიას, ასევე უტარდებათ ხატვის და ინგლისურის გაკვეთილები, რაც მათ ზოგად განვითარებასა და ცოდნის სრულყოფაში ეხმარებათ.
გარდა იმისა, რომ ეს არის სასწავლო სტუდია, იგი გახლავთ შემოქმედებითი დაწესებულებაც, სადაც ბავშვები დაკავებული არიან მხატვრული ნაწარმოებების შექმნით. ჩვეულებრივ წელიწადში ისინი რამდენიმე კომპიზიციას და სპექტაკლს ქმნიან და წარადგენენ მაყურებლის წინაშე. მათ არაერთხელ მიუღიათ მონაწილეობა უცხოეთში გამართულ კონკურსებსა და ფესტივალებზე. ამ ბოლო წლებში მათ საკუთარი შესაძლებლობები ანახეს ბულგარეთის, იტალიის, რუსეთის, დანიის მაყურებელს. ამჯერად კი მათ დიდ ბრიტანეთში მოუწიათ გამოსვლა და ცეკვისა და სიმღერის ფესტივალის ერთ-ერთ აღმოჩენად იქცნენ.
შესაძლებლობა მქონდა თვალყური მედევნებინა მათი საცეკვაო კომპოზიციებისთვის ცნობილ სამეფო საზღვარგარეთული ლიგის დარბაზში, პიკადილზე და მერე იუსტონში, ბერნარდ შოუს თეატრში, სადაც დასკვნითი კონცერტი და გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
ქართველი ბავშვების ნამუშევარმა იმთავითვე მიიპყრო ყურადღება, ეს იყო მთელი ფესტივალის ნამდვილი სამკაული, რომლის მიმართ პუბლიკა მხურვალე ტაშს და გამამხნევებელ შეძახილებს არ იშურებდა. ექვს პატარა მონაწილეს: მაკა თავაძეს, სალომე და ელენე ლეჟავებს, ალექსანდრა თოფურიას, თიკო გაზდელიანს და ელენე ინწკირველს თავი არ დაუზოგავთ ყველა იმ დეტალისა და ნიუანსის გადმოცემისას, რაც მათ პედაგოგებმა აღნიშნულ საცეკვაო კომპოზიციებში დაუსახეს. ხუთიდან ცხრა წლამდე ასაკის გოგონებისგან ასეთი ცეკვა და გარდასახვა იყო ნამდვილი თავდადება, რაც კომპეტენტური ჟიურის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა. ჯგუფურ და ინდივიდუალურ ცეკვაში, ორივეგან მეორე პრემიით აღნიშნეს მათი ნამუშევარი: ჩაიკოვსკის "მძინარე მზეთუნახავის" მუსიკაზე შექმნილი კომპოზიცია "ჩაი ნაშუადღევს" მაკა მახარაძეს ეკუთვნის. გუნოს "ფაუსტის" მუსიკაზე დადგმული პატარა ჯამბაზის ცეკვა (სოლისტი მაკა თავაძე) კი, ლიკა გორგაძეს.
ორივე ნომრის უნიკალური კოსტიუმების ავტორია მხატვარი ანა კალატოზიშვილი. ყველას ყურადღებას იპყრობდა ეს უჩვეულოდ გამომსახველი და ფერადოვანი სამოსი, რომელიც თავისთავად გამომგონებლობის და იუმორის ნამდვილ ფეიერვერკს ასხივებდა. თუმცა, პატარა შემსრულებლები მათ ისეთი სახასიათო ნიშნებით ავსებდნენ, რომ ამ სანახაობით გამოწვეული სიხარული იყო გადამდები და საერთო აღფრთოვანების მომგვრელი.
მე ვესაუბრე ამ ფესტივალის ერთ-ერთ პატრონს, წარსულში ცნობილ ბალერინას დორინ უელსს, რომელმაც აღნიშნა: "უაღრესად სასიამოვნოა, რომ წლეულს ჩევნს ფესტივალს ახალი ქვეყანა შემოუერთდა საქართველოს სახით, ეს არის თამარა თუმანოვას, ვახტანგ ჭაბუკიანის, გოგი ალექსიძის, დავით მახათელის, ნინო ანანიაშვილის, ირმა ნიორაძის სამშობლო და არც მიკვირს ასე კარგად მომზადებული საბალეტო ჯგუფის ჩამოსვლა. ჩვენი ფესტივალი-კონკურსი მხოლოდ საბავშვო არ არის, მასში 35 წლამდე ასაკის ხელოვანები მონაწილეობენ და ის ფაქტი, რომ ცეკვის კომპეტენციაში ორი მეორე ადგილი საქართველოს ერგო, ეს უკვე მოწმობს მის წარმომადგენელთა უეჭველ ნიჭიერებას. რაც მთავარია, ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს ბევრ ფესტივალთან და კონკურსთან და მათთან სიამოვნებით გავუწევდით რეკომენდაციას მაკა მახარაძის სტუდიის ბავშვებს, რომლებსაც ასე ღრმად ესმით ცეკვის ენა. ჩვენს ფესტივალს კი ვუსურვებდი, ამიერიდან ყოველ წელიწადს ჩამოსულიყვნენ ქართველი მოცეკვავეები და მუსიკოსები".
ფესტივალი წლეულს მეოთხედ გაიმართა. მისი დამაარსებელი გახლავთ მარინა ო’ნილი, მოსკოვის დიდი თეატრის და სანკტ-პეტერბურგის მარინის თეატრის, ასევე ბორის ეიფმანის სანკტ-პეტერბურგის ბალეტის წარსულში წამყვანი მოცეკვავე, რომელიც ბოლო ათი წელიწადია ლონდონში ცხოვრობს და ფართო საზოგადოებრივი და პედაგოგიური საქმიანობით არის დაკავებული. ამ ფესტივალის დაარსებამდე მან სახელი Young Ballet of London-ის შექმნით გაითქვა. ეს გახლავთ უკვე აღიარებული სკოლა, რომელშიც ასეულობით ლონდონელი ბავშვი ეუფლება საბალეტო ცეკვის სპეციფიკას.
დიდი ბრიტანეთის ცეკვისა და მუსიკის ფესტივალს დორის უელსსთან ერთად ფესტივალს პატრონებად ჰყავს ბარონესა სტეფანია ვონ კორის ზუ გოეტზენი და პრინცესა ნატალია ერომინა-იუსუფოვა. ისინი საორგანიზაციო საქმის მოგვარებაში და ახალი კონტაქტების დამყარებაში ეხმარებიან ფესტივალს. პრესტიჟული დარბაზების დაქირავებას, ასევე BBC-ის, RTV1-ისა და სხვა წამყვანი მედიასაშუალებების მონაწილებას ფესტივალის გაშუქებაში სწორედ ისინი უზრუნველყოფენ. მათი ავტორიტეტის გამო ეს ფესტივალი "ბრითიშ კაუნსილის", ინგლისის "არტ კაუნსილის" და იუნესკოს ყურადღებასაც იმსახურებს და მათგან ნაწილობრივ დაფინანსებასაც იღებს.
მარინა ო’ნილი: "მე ბევრი კონკურსის მრჩეველი ვარ და ამჯერად სიამოვნებით გავუწევდი რეკომენდაციას ქართველ ბავშვებს, წლეულს ჩინეთში, ერთ-ერთ პრესტიჟულ კონკურსზე მოსახვედრად, სადაც ჩემი ლონდონური სკოლის ბავშვებიც მიიღებენ მონაწილეობას."
ჩემთან საუბარში ქალბატონებმა მაკა მახარაძემ და მანანა კოკილაშვილმა, რომლებიც, თავიაანთ მოწაფეებს თან ახლდნენ ლონდონში, ბევრი საგულისხმო დეტალი გაიხსენეს ვერის უბნის ტანც-კლასის ყოველდღიურობიდან. ეს არის ერთი დიდი ოჯახი, სადაც ერთმანეთის სიხარული და წარმატება ყველას ძალიან ახარებს. როგორც მაკა მახარაძე ამბობს, ის და მისი კოლეგები ბედნიერ ადამიანებად მიიჩნევენ თავს, რომ ამ შესანიშნავ, ნიჭიერ ბავშვებთან უწევთ ურთიერთობა. "ჩვენ მარია პერინის კვალზე ვდგავართ, რომლის სტუდიაში ვახტანგ ჭაბუკიანი, დოდო და ირინე ალექსიძეები აღიზარდნენ. უკვე 15 წელია ვარსებობთ და გარკვეული სიამაყის გრძნობასაც განვიცდით, რომ ჩვენი ბავშვები და მათი მშობლები მუდამ გაუნელებელი ინტერესით და რწმენით მოგვყვებიან. ამ ხნის განმავლობაში ბევრი სასიკეთო და სასიამოვნო რამ მოხდა ჩვენი სტუდიის ცხოვრებაში. ლონდონში ეს გამოსვლაც ერთი ლამაზი ფურცელია, რაც მეტი სტიმულით და ახალი მიღწევების მოლოდინით გვავსებს," - ამბობს მაკა მახარაძე.
ყველა ქართველი, ვინც ლონდონში ამ საოცარი ბავშვების ცეკვა საკუთარი თვალით ვნახეთ, ვიყავით უსაზღვროდ ამაყები და იმ რწმენით აღსავსე, რომ ისინი საქართველოს საიმედო მომავალს განასახიერებენ. მათ ლონდონის კულტურული ოლიმპადის დასაწყისში მართლაც ისახელეს თავი. კულტურული ოლიმპიადა კი, სულ უფრო იკრებს ძალას, უკვე გაიხსნა შექსპირის საერთაშორისო ფესტივალი "გლობუსში". როგორც ჩვენმა მკითხველმა იცის, მალე მარჯანიშვილის თეატრი იქნება ამ ფესტივალის სტუმარი და ახლა მათგან ველით წარმატებას.
გიორგი ლალიაშვილი
ლონდონიდან