პრემიის მოლოდინში
ხშირ შემთხვევაში პოეტები პროზას არ წერენ და მწერლები - ლექსებს. კიდევ უფრო ხშირ შემთხვევაში კი პროზაიკოსები აგდებულად უყურებენ პოეტებს და ჰგონიათ, რომ ლექსების წერა ყველაზე არასაჭირო საქმეა მსოფლიოში.
24 საათი 08.05.12
თეა თოფურია
ხშირ შემთხვევაში პოეტები პროზას არ წერენ და მწერლები - ლექსებს. კიდევ უფრო ხშირ შემთხვევაში კი პროზაიკოსები აგდებულად უყურებენ პოეტებს და ჰგონიათ, რომ ლექსების წერა ყველაზე არასაჭირო საქმეა მსოფლიოში.
იშვიათად კი, ლექსების, მოთხრობებისა და ზღაპრების პარალელურად, მწერლებიც გამოჩნდებიან ხოლმე. თეა თოფურია ჩვენ ჯერ კიდევ მოთხრობებისა და ლექსების სადიდო კრებულიდან "პიტნის კალო" გვახსოვს, ამას მოჰყვა საბავშვო "პარადიის არდადეგები". ახლა კი, 5 მაისს "დიოგენეში" ერთდროულად ორი ახალი წიგნი წარმოგვიდგინა: "გასაღვიძებელი ზღაპრები" პატარებისთვის და "ეკოციდი", ლექსების კრებული უფროსებისთვის. "გასაღვიძებელი ზღაპრები" დილაუთენია და მკაფიოდ საკითხავი ტექსტებია და ისეთი ძილისგუდებისთვისაა განკუთვნილი, რომლებსაც დილის ძილი უყვართ და ბაღსა თუ სკოლაში სულ აგვიანდებათ. თეამ მხოლოდ ძილისმოყვარულ ბავშვებზე არ იზრუნა და წიგნში "ნინიკა და მაგნიტური ღრუბლები", "ნინიკა ცრუმორწმუნეების ქვეყანაში", "ტეტერო და ჟან-სებასტიანი" და "გოგონა სახურავზე" შეიტანა - ბევრი კეთილი ამბავი ერთი წიგნში. "გოგონა სახურავზე" მძიმენაბიჯებიან გოგონაზე, ჭკვიან თოვლზე და კიდევ უფრო ჭკვიან კატაზე, აი, ისეთზე, პატრონები საყიდლებზეც კი რომ აგზავნიან, თოვლის ბიჭსა და ნამდვილ ბიჭზეა; კიდევ იმაზე, რაც არ უნდა ჭკვიანი იყოს თოვლი და ზოგჯერ სურვილებსაც გისრულებდეს, არაფერი მნიშვნელოვანი რომ არ უნდა სთხოვო, თორემ თავისნაირს გამოგიგზავნის და თოვლისნაირი ხომ ვერაფერი და ვერავინ იტანს სითბოს, ზაფხული კი ოდესმე აუცილებლად მოვა. თეა, ილუსტრატორ სანდრო ასათიანთან ერთად, 23 აპრილს ეროვნულ ბიბლიოთეკაში შექმნილმა სპეციალურმა ჟიურიმ "ასტრიდ ლინდგრენის პრემიის" ქართველ ნომინანტად დაასახელა. ყველასთვის საყვარელი შვედი მწერლის პრემია თითქმის ათი წლისაა და სხვადასხვა ქვეყნის მწერლებს, ილუსტრატორებს, ზეპირ მთხრობელებსა და მოზარდებისთვის განკუთვნილი ლიტერატურის განვითარების ხელშემწყობ ორგანიზაციებს ენიჭება. ჯილდო სოლიდურია: 525 ათასი ევრო ყოველწლიურად ერთ ან რამდენიმე გამარჯვებულს გადაეცემა. თეასთვის ცოტა რთულია გამარჯვების მოპოვება არა იმიტომ, რომ მისი ტექსტები მსოფლიო სხვა მწერლების ნაწარმოებებს ვერ შეედრება, უფრო იმიტომ, რომ ამ პრემიის გადაცემისას, როგორც წესი, სხვა კრიტერიუმებსაც ითვალისწინებენ ხოლმე: მაგალითად, შარშანდელ გამარჯვებულს, შონ ტანს, ჟიურიმ მსოფლიოს საბავშვო ლიტერატურის სფეროში გაწეული ღვაწლი დაუფასა. მწერლის შემოქმედება მრავალ ენაზეა ნათარგმნი და საერთაშორისო აღიარებაც მოპოვებული აქვს. თეას ორი საბავშვო ნაწარმოები კი სპეციალურად კონკურსისათვის, ჯერჯერობით, მხოლოდ შიდა მომხარებისათვის ითარგმნა: "სასწაული რომ მოხდეს და მართლა ავიღო ეს პრემია, უფრო დიდი ემოცია იქნება, ვიდრე უბრალოდ ნომინანტობაა. სასიამოვნოა, როცა ასეთ პრემიაზე წარგადგენენ, მაგრამ მეორე მხრივ, პასუხისმგებლობაც გახლავთ - ქვეყანას წარადგენ. იმის შანსი, რომ გავიმარჯვო, ჩემს ასაკში მცირეა - სხვა დამსახურებებსაც ითვალისწინებენ ხოლმე. ვისაც ამ საქმისთვის მთელი ცხოვრება მიუძღვნია, წარმატების მეტი შანსი აქვს, ვიდრე მე, რომელსაც ჯერ ცხოვრების ნახევარიც კი არ გამივლია."
თუმცა, თავიდანვე უიმედო პროგნოზების გაკეთება ყვავის უსიამოვნო საქმიანობას ჰგავს და თუ ცრურწმენის მიხედვით ყვავის ჩხავილი კარგად წამოწყებულ საქმეს ცუდად ასრულებს, მოდით, დროებით ცრუმორწმუნენი ვიყოთ, 2013-ს და საბოლოო შედეგებს დაველოდოთ.
ფაქტი ერთია: თეა თოფურიას მშვიდობიანი ზღაპრები არაფრით ჩამოუვარდება უცხოური კოლეგების ნაწარმოებებს - თეასთან ვერსად შეხვდებით ძალადობასა და სიკვდილს. რატომ არის ასეთი პოპულარული სიკვდილის, სისხლის და მსხვერპლის აუცილებლობა მსოფლიო საბავშვო ბესტსელერებში?! - ზოგი ამ ყველაფერს დაძაბულ და რთულ 21-ე საუკუნეს აბრალებს, ზოგი - თავად მწერლებს. ხშირად ამას იმ ჰიპოთეზით ამართლებენ, რომ სისასტიკე ბავშვური საწყისია... მწერლებმაც მათი ეს "ნაკლოვანება" გამოიყენეს - თორემ რა, ქართულ ხალხურ ზღაპრებში არ ვხვდებით ძალადობასა და სისასტიკეს?! დაგვავიწყდა კოკროჭინასა და თონის ამბავი?! ან - ასფურცელას სურვილი, კბენისა და ტკივილის საშუალებით გამოსძალოს დედამისს სიმართლე?! თუმცა ქართულ ხალხურ ზღაპრებში საშიში და ძალადობრივი მომენტები მინიმალური დოზით გვხვდება და ძალადობა ძალადობისთვის კი არა, საბოლოო მიზნისთვის, სიმართლის მიღწევისა და ცუდის დამარცხებისთვის გამოიყენება.
"ჩვენი საუკუნის რეალობა დაძაბულია, ამის ზღაპარში გადატანა მისაღები არ მგონია. წერ იმისთვის, რომ ამ სამყაროს ნაკლოვანებებს გაემიჯნო და შექმნა სამყარო, სადაც უფრო მეტად დაცული იქნები. დღევანდელი მსოფლიო ბესტსელერებიც, ამ ტექსტების მიხედვით გადაღებული ფილმებიც სწორედ იმიტომაა ბესტსელერები, რომ ძალადობაზეა, ეს აინტერესებს მსოფლიოს. საბავშვო ზღაპრებში პოპულარული ხოცვა, ჩეხვა, უცნაური ინტრიგები, სისხლია პოპულარული. აი, მაგალითად, "ბეჭდების მბრძანებელი" - ერთ ფურცელზე, ერთ კადრში რამდენ კაცს ხოცავენ, ვერ დაითვლი... "ჰარი პოტერში" უკიდურეს შემთხვევაში კლავენ, სიკვდილი აქ თვითმიზანი არ არის, ეს არ არის კრიმინალური ზღაპარი და ისეთი მშვიდობიანია, ეტყობა, ქალის დაწერილი რომ არის. ჩემი მიმართულება ძალადობრივი არ გახლავთ. რასაც ცხოვრება ადამიანს აჩვენებს, არაა აუცილებელი, პირდაპირ გადმოიღო, შესთავაზო, როგორც დადებითი საქციელი. მშობელზეა დამოკიდებული, შვილს რას უყიდის და რას წაუკითხავს. პერსონაჟმა ბავშვს სიკეთე უნდა ასწავლოს და სწორი გზით წაიყვანოს; არ გახადოს ამბიციური და ამპარტავანი. იდეაფიქსად გამარჯვება და მეფის ასულის მოყვანა არ უნდა ჰქონდეს. თორემ გაიზრდება, შეეჯახება ცხოვრებას და აღმოჩნდება, რომ მეფის ასულს ცოლად ვერ მოიყვანს. ახლა ისეთი ზღაპრებია საჭირო, რომლებიც ბავშვს დააფიქრებს და რეალობასაც დაანახებს - ბავშვები სხვანაირად ჭკვიანები იბადებიან და ყველაფერს გაიგებენ."
თეას ლექსები კი, მიუხედავად ბავშვების ბუნებრივი სიჭკვიანისა, მაინც არაა ბავშვებისათვის განკუთვნილი. ესაა ლექსები უფროსებისთვის. "ეკოციდში" ბოლო წლებში დაწერილი ლექსები შევიდა. თეას პოეზია ლაკონური გახლავთ, თუმცა - არამშრალი. რამდენადაა საეტაპო ლექსი თეასთვის "წასვლა დაიწყო", არ ვიცი, მაგრამ კრებულში ერთ- ერთი გამორჩეული ლექსი რომ არის, ფაქტია: დასამახსოვრებელი ფრაზები (ისე გიყურებ, როგორც ფერეიდნელი ბავშვი/საზღვრის იქით გაშენებულ ვენახს), უადამიანობის მძაფრი სურათები (წასვლა დაიწყო!/ძველი, დაჟანგული მატარებელი/იდგა გაუქმებულ ლიანდაგებზე/იმ მინდვრის პირას, /რომელიც მიჩვეული იყო/მატარებლების ჩავლას./მატარებლები მიდიოდნენ/ზოგი სად და ზოგი სად, /მინდორი მათ ვეღარ წვდებოდა./მინდორი ელოდა, რომ ესეც ჩაივლიდა./დიდხანს ელოდა/და მერე თვითონ ჩაუარა გაბეზრებულმა./როცა გათენდა, მატარებელმა ნახა, /მინდორი აღარ იყო.), მტკივნეული ბარიერები ადამიანებს შორის და მიწა, რომელსაც საკუთარი ადამიანები აღარ უყვარს ( " ...მას შემდეგ/ /ჩვენ ყველანი/ერთმანეთს ვცილდებით"; "სამშობლო იქ არ არის, /სადაც დაგაბამენ").
ჟურნალისტი პოეტები ხშირად ამბობენ ხოლმე, ლექსებშიც ისეთივე მშრალები გავხდით, როგორებიც რეპორტაჟების კეთებისას ვართო. თეასთან სხვანაირადაა საქმე: "ჟურნალისტიკა ცალკე თემაა და პოეზია სხვაა. არ მიყვარს სიუჟეტიანი ლექსები - როცა ლექსში ყვებიან ამბავს, რომელიც დაიწყო, განვითარდა, დასრულდა... საკითხის განხილვა ტექსტში მე არ მომწონს. მაშინ ძალიან მაგრად უნდა გამოგივიდეს, გაწელილი ლექსი ხომ უკვე ძნელად იკითხება. ახლა პოეზია არასაჭირო გახდა, მხოლოდ ვიწრო წრეშიღა ფასობს. ცხოვრება გახდა სხვანაირი. ასე ეწირება ხელოვნების რაღაც დარგები დროს. ამიტომ პოეზია თანამედროვე, დახვეწილი და ლაკონური უნდა იყოს". ეს "არასაჭირო პოეზია" გარკვეული, მცირე ფენისათვის მართლაც ისევ მნიშვნელოვანი და სასიცოცხლო პროცესია. ამასაც რომ თავი დავანებოთ, ნებისმიერ ჩვენგანს მძაფრ ემოციურ ფონზე ერთხელ მაინც დაუწერია ლექსი - ხშირ შემთხვევაში ძალიან ცუდი, მაგრამ მაინც ლექსი.
სალომე შენგელიძე