ბათუმური დისკუსიები და თანამედროვე სამწერლო ენა
გამომცემლობა “დიოგენეს” და გაზეთ “ბათუმელების” ერთობლივი ინიციატივით დღეს ბათუმის პრესკაფეში დისკუსია გაიმართება.
24 საათი 25.07.12
გამომცემლობა “დიოგენეს” და გაზეთ “ბათუმელების” ერთობლივი ინიციატივით დღეს ბათუმის პრესკაფეში დისკუსია გაიმართება.
მკითხველები შეხვდებიან გამომცემლობის მთავარ რედაქტორს ანა ჭაბაშვილს, მთარგმნელ ლელა დუმბაძეს და მხატვარ მზეო გოგოჭურს. დისკუსიის თემაა “თანამედროვე ქართული ორიგინალური მწერლობისა და თარგმანების ენა, ჟარგონი და სკაბრეზი”. ბათუმის პრესკაფეში საზაფხულო შეხვედრების ეს პროექტი ერთი თვის წინ დაიწყო და სულ ექვსი შეხვედრაა დაგეგმილი. მსგავსი პროექტები, რომლებიც საგანმანათლებლო-ინფორმაციულ სახეს ატარებს, განსაკუთრებით აქტუალურია რეგიონებში, სადაც რაღა დასამალია და, ყველაფერს რატომღაც მეორეულობის თუ მეორეხარისხოვნების იერი აქვს. დედაქალაქის პრიორიტეტულობა არსად ისე თვალშისაცემი არ არის, როგორც საქართველოში, რისი მიზეზიც ქვეყნის ისტორიულ განვითარებაში უნდა ვეძებოთ, რომლის მიხედვით, ქალაქი მხოლოდ “თბილისს” ნიშნავდა. “დიოგენეს” ბათუმში სტუმრობა კი ორმხრივად საინტერესო აქციაა, რომელიც ავტორების - ამ შემთხვევაში, მთარგმნელებისა და გამომცემლების მკთხველთან დისკუსიას გულისხმობს. რა აინტერესებს ბათუმელ მკითხველს? რა შეკითხვები აქვს? როგორ პროდუქციას ითხოვს იგი გამომცემლებისგან და წიგნთან ურთიერთობისას რა არის მისთვის წარმმართველი და განმსაზღვრელი?
თანამედროვე ქართული მწერლობის ენა, ისევე როგორც ჟარგონი და სკაბრეზი, კამათის საგანია ყველა თაობის მკითხველში და ალბათ, ასევე დარჩება, ვინაიდან როგორც მწერალთა გემოვნებაა განსხვავებული და ცვალებადი, ასევე მკითხველთა. ბოლო პერიოდში მოძალებულ სკაბრეზს და ჟარგონს მკითხველი სხვადასხვა რეაქციით ხვდება, ზოგისთვის ეს კლიშეების რღევისა და ტრადიციებისგან გათავისუფლების ნიშანია, ზოგისთვისაც - ამ ტრადიციათა შეურაცხყოფა.
ანა ჭაბაშვილი, “დიოგენეს” მთავარი რედაქტორი: “ამ საკითხის დარეგულირებას ნაწარმოებთა მხატვრული ღირებულება შეძლებს. როცა ტექსტი მხოლოდ ეპატაჟის მიზნით იწერება, მას, რასაკვირველია, ფასი არ აქვს. ხშირად ქართველი მწერლები სკაბრეზს, ე.წ. უცენზურო სიტყვებს პროვიკაციისათვის იყენებენ და, საჭიროა თუ არ არის საჭირო, ტექსტს პირდაპირ ამ სიტყვებით იწყებენ.
ჩვენ წლების წინ გამოვეცით ვახუშტი კოტეტიშვილის მიერ შეგროვილი ხალხური სკაბრეზული პოეზიის ნიმუშები “მოუკრეფავნი”, რომელიც ბესტსელერად იქცა. საქმე ისაა, რომ ფშაური კაფია ცალკე დარგია და მხოლოდ იქ იყო დაშვებული ამგვარი სიტყვები, რაც არც მთქმელის და არც მსმენელის განაწყენებას არ იწვევდა. ქართულ სინამდვილეში ეს ერთ-ერთი ნიმუშია იმისა, როგორ შეიძლება ლექსიკა ისე გამოიყენო, რომ მკითხველი არ გაღიზიანდეს.
როცა უხერხულ თემებსა და სიტყვებზე ვსაუბრობთ, შეგახსენებთ, რომ “დიოგენემ” რამდენიმე წლის წინ თარგმნა და გამოსცა “ნოტრდამ დე ფლერი”, რომელიც მთლიანად უხერხული თემისგან შედგება, მაგრამ ფრანგული კლასიკის ნიმუშია. მოუმზადებელი მკითხველისათვის ძნელი გადასატანი იქნება. თუმცა, ზოგადად, უხერხულ თემებს ძნელად იტანს ქართველი მკითხველი და საზოგადოების ამაზე პროვოცირება ყველაზე იოლი საქმეა ხოლმე, როგორც ეს კარლ ერლბრუხის ზღაპართან დაკავშირებით მოხდა. “ვინ უქნა თხუნელას თავზე” - ტელევიზიის თემად იქცა. ქართულ ლიტერატურაში ტაბუირებული იყო ექსკრემენტების, გენიტალიების თუ სქესობრივ აქტთან დაკავშირებული სიტყვების ხსენება, და მწერლები ყველანაირად გვერდს უვლიდნენ მათ. თვით სულხან საბას ლექსიკონიც კი, როცა ამგვარ სიტყვებს განმარტავს, მას უარყოფით შეფასებას აძლევს. იქნება ეს “სარცხვინელი” თუ მამაკაცისაგან ქალის დამდაბლება”, რაც ერის მენტალიტეტში ასევე ჩაჯდა. მე-20 საუკუნის ბოლოდან დაიწყო ახალი ტენდენცია - ავტორები პირდაპირ გადავიდნენ ე.წ. უცენზურო სიტყვების ხმარებაზე. ვფიქრობთ, ესეც გასავლელი ეტაპია.”
პრესკაფეში შეხვედრაზე “დიოგენე”, “მოუკრეფავნის” გარდა, ბათუმელთა წინაშე რამდენიმე წიგნს წარადგენს და მკითხველის ყურადღებას მათ სამწერლო ენას მიაპყრობს. ეს ეხება როგორც თანამედროვე ავტორებს, ასევე თარგმანებსაც. ამ შეხვედრას ორგვარი დატვირთვა აქვს: ინფორმაციული და ლიტერატურული, რაც “დიოგენეს” სურს, მკითხველს საფიქრად და სამსჯელოდ დაუტოვოს. ამჯერად ბათუმში საუბარი იქნება სამი ავტორის სამწერლო ენაზე: კოტე ჯანდიერის, თამთა მელაშვილის და გელა ჩქვანავას, რომლებიც ენობრივი თვალსაზრისით სრულიად განსხვავებულ ტექსტებს გვთავაზობენ. კოტე ჯანდიერის კლასიკური ენის გვერდით, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოს მსუყე ქართულს ფლობს, თავისი ექსპრესიულობით და ექსპერიმენტულობით გვაოცებს თამთა მელაშვილი, რომლის სინტაქსი ცოტა სიფრთხილით, მაგრამ ბოლოს მაინც მიიღო ქართველმა მკითხველმა. მოგეხსენებათ, სალიტერატურო ენას ამდიდრებს და თავისებურ ელფერს სძენს დიალექტები, საიდანაც მწერლები მარაგს იღებენ. ამ მხრივ არის საინტერესო სოხუმელი გელა ჩქვანავას ენა, რომელიც განსხვავებული და გამორჩეულია როგორც სათქმელით, ასევე სინტაქსითა და ლექსიკით.
ლელა დუმბაძე ერთ-ერთი იმათგანია, ვინც ბოლო დროს სელინჯერის მოთხრობებზე იმუშავა. სელინჯერს ქართველი მკითხველი ვახტანგ ჭელიძის თარგმანით გაეცნო. სირთულე, რაც მაშინაც და დღესაც უცვლელად დგას მთარგმნელთა წინაშე, არის სლენგი, რომელიც ძალიან სწრაფად იცვლება და, შესაბამისად, გაუგებარი ხდება. 40-იან წლებში დაწერილი “თამაში ჭვავის ყანაში” რა სირთულეს შეუქმნიდა 21-ე საუკუნეში გია ჭუმბურიძეს, ამის წარმოდგენა თქვენთვის მომინდია. როგორც “დიოგენეს” რედაქტორი ანა ჭაბაშვილი იხსენებს, მას საშუალება ჰქონდა, ვახტანგ ჭელიძეს გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე შეხვედროდა. “შევეცადე, არც მთლად ჟარგონი გადმომეტანა და არც მშრალად მეთარგმნა. ბეწვის ხიდზე გავიარეო,” - უთქვამს ბატონ ვახტანგს. “თამაში ჭვავის ყანაში” პირდაპირ საკულტო წიგნია ახალგაზრდებისათვის, მთარგმნელებისთვის კი სელინჯერის ენა - თავსატეხი.
“დიოგენე” აქვე წარადგენს ორ ლექსიკონს, რომელიც, მოგეხსენებათ, ის იარაღია, მთარგმნელს მუდამ რომ სჭირდება. ერთ-ერთ ასეთ დამხმარედ ფრანგულენოვანმა მთარგმნელებმა ფრანგულ-ქართული ფრაზეოლოგიური ლექსიკონი მიიღეს. ფრაზეოლოგიზმების თარგმნა ერთ-ერთი ყველაზე რთული საკითხია და მსგავსი გამოცემები რაც მეტი ენიდან შეიქმნება, მით მეტ გაუგებრობას ავიცილებთ თავიდან. თამარ ბეროზაშვილის “ქართული ენის სასკოლო განმარტებითი ლექსიკონი” კი იმ ლექსიკურ მასალას მოიცავს, რომელიც სასკოლო სახელმძღვანელოებშია წარმოდგენილი და იგი ერთნაირად დაეხმარება მოსწავლესაც და მასწავლებელსაც.