დამთვალიერებელთა ინტერესი გამოიწვია გამოფენამ, რომელიც გუშინ თბილისის ისტორიის მუზეუმში გაიხსნა. ექსპოზიცია, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩომ და საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა წარმოგვიდგინა, ამ რესპუბლიკის 60 წლის საუიბილეო თარიღთან დაკავშირებულ გამოფენას - “ჩინური ფაიფური და ბრინჯაო” მიეძღვნა.
24 საათი 16.09.09

დამთვალიერებელთა ინტერესი გამოიწვია გამოფენამ, რომელიც გუშინ თბილისის ისტორიის მუზეუმში გაიხსნა. ექსპოზიცია, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩომ და საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა წარმოგვიდგინა, ამ რესპუბლიკის 60 წლის საუიბილეო თარიღთან დაკავშირებულ გამოფენას - “ჩინური ფაიფური და ბრინჯაო” მიეძღვნა.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მოქმედებს კანონი, რომლის თანახმადაც ქვეყნიდან ორიგინალების გატანა იკრძალება. შესაბამისად, მათ ჰყავთ ოსტატები, რომლებიც ასლებს არაჩვეულებრივად ამზადებენ. ისინი, ძირითადად, სამუზეუმო ნივთების ხელახლა დამზადებას ემსახურებიან. მათი ოსტატობის არაერთი მაგალითი დამთვალიერებელმა გუშინ საკუთარი თვალით ნახა და მათ განსაკუთრებულობაშიც დარწმუნდა.
რა სახის მონაპოვარია გამოფენილი ექსპოზიციაზე? დინგდეჯენის ფაიფურის ინსტიტუტის კოლექცია და ჩინეთის სხვადასხვა პროვინციაში აღმოჩენილი ბრინჯაოს უძველეს ნიმუშთა ასლები.ცნობილია, რომ ფაიფურის ტექნოლოგიის წარმოშობა სათავეს ჩინეთიდან იღებს. მისი ეტაპობრივი განვითარება სხვადასხვა დინასტიის პერიოდს მოიცავს. ფაიფურის ყველაზე ადრეული ნიმუშებიც, ცხადია, ჩინურია. იანის დინასტიის დროს აღმოცენებული ტექნოლოგიის სამშობლოდ მიჩნეულია ჯინგდეჯენი, რომელმაც სახელი ლურჯ-თეთრი ფაიფურით გაითქვა. ექსპოზიციაზე განსაკუთრებული ადგილი სწორედ ჯინგდეჯენის ტერიტორიაზე მოძიებულ უძველესი ფაიფურის ექსპონატთა ასელბს უკავია.
ფაიფურის პარალელურად, არანაკლებ საინტერესოა ჩინური ბრინჯაოს ხელოვნების ნიმუშები. ის დასაბამს სინის დინასტიიდან (დაახლოებით, ძვ.წ.აღ-ის 2100-1600 წწ.) იღებს. თუმცა, მისი აყვავების ხანა ჯოუს დინასტიას (ძვ.წ.აღ-ის 1112 - ახ.წ.აღ-ის 256 წწ.) ემთხვევა. როგორც ცნობილია, ჩინელი ოსტატები ბრინჯაოს ნაკეთობებს ფერადოვან სტილში ქმნიდნენ. მსოფლიოში ისინი შესრულების დონით, დიზაინითა და ელეგანტური წარწერებითაა ცნობილი.ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ბრინჯაოს ნამუშევრების უმრავლესობა შექმნილია ჯოუს დინასტიის პერიოდში, როდესაც ჩინური ბრინჯაო აღმავლობას განიცდიდა. მნახველს შესაძლებლობა ეძლევა დაათვალიეროს სარიტუალო ნივთები, საბრძოლო იარაღები, მუსიკალური ინსტრუმენტები და ჭურჭელი. ამ უკანასკნელთაგან ჩვენთვის, როგორც მეღვინეობის უძველესი ტრადიციის მქონე ქვეყნისთვის, განსაკუთრებით საინტრესოა ისეთი ნიმუშების გაცნობა, რომლებიც ღვინოს, როგორც სასმელსა და კულტს, უკავშირდება. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებულია ამ სასმელისთვის განკუთვნილი სხვადასხვა ფორმის ჭურჭელი, იქნება ეს ფრინველის გამოსახულებით, თუ ცხოველის... არქეოლოგიური მონაპოვარის დათვალიერება უპირველესად მათი შესრულებისა და მასალის დამუშავების თვალსაზრისით არის საინტერესო.
ამ გამოფენასთან დაკავშირებით, რომელიც დამთვალიერებელს 2 ოქტომბრამდე უმასპინძლებს, თბილისის ისტორიის მუზეუმის კურატორმა ლიკა მამაცაშვილმა აღნიშნა: - “ექსპოზიცია საშუალებას გვაძლევს ვნახოთ თუ რა ტექნოლოგიას იყენებდნენ ჩინელები ბრინჯაოსა და ფაიფურზე მუშაობისას... კერამიკა სხვა ქვეყნებშიც იყო განვითარებული, მაგრამ ფაიფურის წარმოშობა სწორედ ჩინეთს უკავშირდება და ამ თვალსაზრისითაც, ვფიქრობ, საინტერესოა ექსპოზიცია, რომელიც საქართველოში უცხოეთის კულტურის პოპულარიზაციას ემსახურება”.
აღსანიშნავია, რომ გამოფენამ, სახელწოდებით “ჩინური ფაიფური და ბრინჯაო”, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იმოგზაურა.