ნიუ იორკის Sotheby’s აუქციონზე ძველი ოსტატების ნამუშევრებიდან ერთ-ერთი ნახატი, რომლის ავტორადაც ერთ დროს ლეონარდო და ვინჩის მიიჩნევდნენ, 1,54 მილიონ დოლარად გაიყიდა.
24 საათი 01.02.10

ნიუ იორკის Sotheby’s აუქციონზე ძველი ოსტატების ნამუშევრებიდან ერთ-ერთი ნახატი, რომლის ავტორადაც ერთ დროს ლეონარდო და ვინჩის მიიჩნევდნენ, 1,54 მილიონ დოლარად გაიყიდა.
არადა, ვარაუდობდნენ, რომ ქალის პორტრეტი, რომელიც “მშვენიერი ფერონიერას” (La Belle Ferronniere) სახელწოდებითაც არის ცნობილი, მხოლოდ 300-500 ათას ფუნტს მოიტანდა.
1920-იან წლებში “მშვენიერი ფერონიერას” ავტორის ვინაობის დადგენის მცდელობას სკანდალი მოჰყვა. ამ ნაწარმოებთან დაკავშირებით დაწყებული კამათი 1993 წელს შეწყდა, როდესაც ლეონარდო და ვინჩის ნამუშევრების წამყვანმა სპეციალისტმა დაადგინა, რომ ქალის პორტრეტი XVII საუკუნის შუა პერიოდში იყო შესრულებული, მაშინ როცა მხატვარი 1519 წელს გარდაიცვალა. ამჟამად ტილოს ავტორად ლეონარდო და ვინჩის მიმდევარს მოიაზრებენ. ეს ნამუშევარი მსგავსია ვერსიისა, რომელიც ლუვრში ინახება. მის შესახებ დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ის და ვინჩის სახელოსნოს მიეკუთვნება.
კიდევ რა გაიყიდა Sotheby’s-ზე? ანტონის ვან დეიკის ნამუშევარი, რომელიც 7,25 მილიონ დოლარად შეიძინეს. 6,8 მილიონად გაიყიდა ჰენდრიკ ჰოლციუსის, 4,2 მილიონად - ფრანცისკო დე სურბარანის, ხოლო 3,9 მილიონად - კანატელოს ნახატები. აუქციონმა პირველი სესიით 53,4 მილიონი დოლარი გამოისყიდა, მეორე სესია კი ნიუ-იორკში მოგვიანებით გაიმართება.
ერთი დღით ადრე ძველი ოსტატების ნამუშევრების აუქციონი Christies’s სახლმაც გამართა და 39,5 მილიონიც მიიღო. Christies’s ტოპ-ლოტი გახდა ლუი-ლეოპოლდ ბუალის “შესასვლელი თურქულ კაფეში”, რომელშიც გეტის მუზეუმმა 4,6 მილიონ დოლარი გადაიხადა და ბუალის ნამუშევარში რეკორდული თანხა გაიმეტა. აუქციონის მეორე ტოპ-ლოტი აღმოჩნდა გაეტანო განდოლფის “დიანა და კალისტო”, რომელიც 4,1 მილიონ დოლარად გაიყიდა.
ძველი ოსტატების ნამუშევრების აუქციონი Christies’s სახლმა გასული წლის ბოლოსაც მოაწყო. მაშინ მთავარ ლოტად რაფაელ სანტის “მუზას თავი” დასახელდა. სტანცა დელა სენიატურას ფრესკისთვის, სახელწოდებით “პარნასი”, 1510-1511 წლებში შესრულებული ჩანახატი 47,9 მილიონ დოლარად გაიყიდა. არადა, მასში მხოლოდ 19,7-26,3 მილიონს ვარაუდობდნენ. აუქციონზე გაყიდული ძველი ოსტატების ნამუშევრებიდან რაფაელის ჩანახატმა რეკორდი მოხსნა. 41,1 მილიონად გაიყიდა რემბრანდტის ტილო. ყველაზე ძვირადღირებულ ნაწარმოებთა ჩამონათვალში მოხვდა დომენიკინოს “წმინდა იოანე ღვთისმეტყველი”, რომელიც 15,16 მილიონ დოლარად შეიძინეს.
2009 წლის ბოლოს შეფასების მილიონიანი ზღვარი კიდევ ორმა ნამუშევარმა გადალახა. ერთი იყო პიტერ ბრეიგელ-უმცროსის “წმინდა იოანე ნათლისმცემელი ქადაგებით მიმართავს ხალხს”, რომელიც 2,55 მილიონ დოლარად გაიყიდა, ხოლო მეორე - ნიდერლანდელი ოსტატის, ჰერი მეტ დე ბლესის პეიზაჟი, რომელიც 1,7 მილიონად შეიძინეს.
აღსანიშნავია, რომ კოლექციონერები ძველი ოსტატების ნამუშევრებისადმი განსაკუთრებულ ინტერესს იჩენენ და აუქციონის “შემოთავაზებებს” უყურადღებოდ არ ტოვებენ. მათ იციან, რომ დადგება დრო, როდესაც სახელგანთქმული მხატვრის ნახელავში დახარჯული თანხა სულ ცოტა გაორმაგდება და სარგებელს აუცილებლად მოიტანს.