ეგონ შილეს სახლები ფერადი თეთრეულით
ავსტრიელი ფერმწერისა და გრაფიკოსის, ექსპრესიონიზმის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენლის - ეგონ შილეს 1914 წლის ქალაქის პეიზაჟი, სახელწოდებით "სახლები ფერადი თეთრეულით (ქალაქის გარეუბანი II)" აუქციონზე გაიყიდება.
24 საათი 07.05.11
ავსტრიელი ფერმწერისა და გრაფიკოსის, ექსპრესიონიზმის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენლის - ეგონ შილეს 1914 წლის ქალაქის პეიზაჟი, სახელწოდებით "სახლები ფერადი თეთრეულით (ქალაქის გარეუბანი II)" აუქციონზე გაიყიდება.
ამის შესახებ ინფორმაცია Bloomberg-მა Sotheby’s აუქციონის პრესსამსახურის შეტყობინებაზე დაყრდნობით გაავრცელა. ტილოს მფლობელია რუდოლფ ლეოპოლდის ავსტრიული მუზეუმი, რომელმაც ნამუშევრის"სახლები ფერადი თეთრეულით" გაყიდვა შილეს მეორე ნახატთან დაკავშირებით წარმოქმნილი დავის მოსაგვარებლად გადაწყვიტა.
პეიზაჟი აღნიშნული ავტორისთვის რეკორდულ თანხად - 50 მილიონ დოლარად არის შეფასებული. ნახატის ღირებულების ქვედა ზღვარია 36,2 მილიონ დოლარი. ამასთან, როგორც Sotheby’s პრესსამსახურის შეტყობინებაშია აღნიშნული, ერთ-ერთმა მყიდველმა აუქციონს მოცემული თანხა უკვე გარანტირებულად შესთავაზა. საინფორმაციო სააგენტო აღნიშნავს, რომ ეგონ შილეს ასეთი დონის ნამუშევრები აუქციონებზე იშვიათად ხვდება.
თანხის ნაწილიდან, რომელსაც აღნიშნული ტილოს მეპატრონე მისი გაყიდვის შემდეგ მიიღებს, 20 მილიონი დოლარი შილეს "ვალის პორტრეტის" კანონიერი მფლობელის მემკვიდრეებს გადაეცემა. 1938 წელს ნაცისტებმა პორტრეტი არტდილერ ლეი ბონდი-ჯარეის ჩამოართვეს. მუზეუმი დილერის შთამომავლებს ზემოთ აღნიშნულ თანხას გადაუხდის, რათა ტილოს მუზეუმში დატოვების უფლება მიიღოს.
"ვალის პორტრეტის" გარშემო ატეხილი კამათი 1998 წლიდან დაიწყო და მოვლენად იქცა, რამდენადაც მეორე მსოფლიო ომის დროს ჩამორთმეული ხელოვნების ნიმუშების კანონიერი მფლობელებისთვის დაბრუნების მოთხოვნის საქმეთა განხილვას დაუდო საფუძველი. ამ პერიოდიდან მოყოლებული, სწორედ ეგონ შილეს ნახატთან დაკავშირებული სარჩელის წყალობით, მსოფლიოს 44 ქვეყანაში ამ პროცედურის დამარეგულირებელი კანონი მიიღეს.
რუდოლფ ლეოპოლდის მუზეუმი ვენაშია განთავსებული და შილეს ნამუშევრების მსოფლიოში ცნობილ კოლექციას ფლობს, სადაც ავსტრიელი ექსპრესიონისტის 220-ზე მეტი ნამუშევარია დაცული.
ეგონ შილე 1890-1918 წლებში ცხოვრობდა. იზრდებოდა ბიძის ოჯახში. 1906 წელს შევიდა ვენის ხელოვნებისა და სხვადასხვა ხელობათა შემსწავლელ სკოლაში, მოგვიანებით კი სახვითი ხელოვნების აკადემიაში ჩააბარა. 1907 წლიდან გაიცნო დღეისათვის მსოფლიოში აღიარებული მხატვარი, ავსტრიულ ფერწერაში მოდერნის ფუძემდებელი გუსტავ კლიმტი, რომელმაც შეიფარა და რომელიც მისი საყრდენი აღმოჩნდა.
ეგონ შილეს ნამუშევრების პირველი გამოფენა 1908 წელს, ვენასთან ახლოს, ქალაქ კლოსტერნოიბურგში გაიმართა. 1909 წელს კლიმტმა შილე ვენის სამხატვრო გალერეაში ორგანიზებულ გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია, სადაც მისი ნახატები ისეთი ავტორების ტოლოების გვერდით გამოიფინა, როგორებიც იყვნენ: ვან გოგი, ედვარდ მუნკი და სხვები. 1911 წელს შილეს მეგობარი და მოდელი გუსტავ კლიმტის ერთ-ერთი მოდელი და საყვარელი ვალერი ნოიზელი გახდა. წყვილი ვენის ბოჰემურ ყოფას გაექცა. ისინი სხვადასხვა ქალაქში ცხოვრობდნენ. 1912 წელს, ნოილენგბახში ყოფნისას, შილე არასრულწლოვანების გახრწნის ბრალდებით დააპატიმრეს. ჩხრეკის შედეგად მხატვარს აღმოუჩინეს რამდენიმე ათეული ნამუშევარი, რომლებიც პორნოგრაფიად აღიარეს. ხელოვანმა გარკვეული პერიოდი ციხეში გაატარა.
1912-1916 წლებში შილეს ნახატები ფართოდ და წარმატებით იფინებოდა ვენაში, ბუდაპეშტში, მიუნხენში, პრაღაში, ჰამბურგში, შტუდგარდში, ციურიხში, დრეზდენში, ბერლინში, კიოლნში, ბრიუსელში, პარიზში. 1917 წელს მხატვარი დაბრუნდა ვენაში. კლიმტის გარდაცვალების შემდეგ, შილე ავსტრიის წამყვანი მხატვარი გახდა. ხელოვანი ფეხმძიმე ცოლის სიკვდილიდან სამი დღის შემდეგ ეპიდემიით გარდაიცვალა.
ეგონ შილეს მემკვიდრეობაში დაახლოებით 300 ნახატი და რამდენიმე ათასი ჩანახატი შედის. მისი გარდაცვალების შემდეგ მხატვრის ექსპოზიციები იმართებოდა და დღემდე იმართება მსოფლიოს უმსხვილეს მუზეუმებში. მასზე დაიწერა რომანები, გადაიღეს ფილმი, სახელწოდებით "ეგონ შილე - ცხოვრება, როგორც ექსცესი" (1981).