RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
22 მაისი, სამშაბათი 2012
თბილისი ... ...
რევიუ >>

ვანო აბულაძის Fine Art და PoP Art

საოფიცრო სასწავლებელში უპირებდა ოჯახი გაგზავნას, სკოლაში ცუდად სწავლობდა და გზაზე ხომ უნდა დაეყენებინათ.

24 საათი 19.02.12

  •   aa
    ვანო აბულაძე
  •   aa
    ვანო აბულაძე
  •   aa
    ვანო აბულაძე. პოპ-არტი. "დეიკო"
  •   aa
    ვანო აბულაძე. "ქალი ველოსიპედით"
  •   aa
    ვანო აბულაძე. პოპ-არტი. "ტახი"
  •   aa
    ვანო აბულაძე. პოპ-არტი. "ჭრიჭინა"
  •   aa
    თორნიკე აბულაძე
  •   aa
    თორნიკე აბულაძე. "ზამთარი"

საოფიცრო სასწავლებელში უპირებდა ოჯახი გაგზავნას, სკოლაში ცუდად სწავლობდა და გზაზე ხომ უნდა დაეყენებინათ.

ბებიას გაუწევია დიდი წინააღმდეგობა, 25 წლამდე ჯარში უნდა იმსახუროს, რამე რომ დამემართოს, დასატირებლად ვინ გამოუშვებსო.

სამაგიეროდ ხატავდა, თან საკმაოდ კარგად. მაგრამ ერთი ცნობილი მხატვრისა არ იყოს: "ყველა ბავშვი მხატვარია, სირთულე ისაა, რომ მხატვრად დარჩე, როცა ბავშვობის ასაკიდან გამოხვალ".

როგორ მოახერხეთ თქვენში შეგენარჩუნებინათ "მხატვარი"?

ვანო აბულაძე იხსენებს:

- ჩემი სოფელი ბაღდათს (მაშინდელ მაიაკოვსკის) ემიჯნებოდა და სკოლაში იქ დავდიოდი. IV კლასში ერთი ქუთაისელი ბავშვი გადმოიყვანეს. სამხატვრო სკოლაში უვლია და ხილით სავსე ვაზა დახატა აკვარელში. მაშინ პირველად "ვეზიარე" "ნამდვილ" ხელოვნებას. მივბაძე - ძალიან ცუდი გამომივიდა. მერე პიონერთა სახლში ჭედურობის წრეზე მიმიყვანეს. მურმან ფაიქიძე გვასწავლიდა. ლითონზე ხელი მანამდე არ მოგვაკიდებინა, სანამ, როგორც აკადემიაში იწყებენ, თაბაშირის ფიგურები არ გვახატვინა. ბავშვები სულსწრაფები არიან, ერთი სული გვქონდა, ჭედურს როდის გავაკეთებდით, გავაპრიალებდით და კედელზე დავკიდებდით.

ისეთ ასაკში წავიკითხე ირვინ სტოუნისა და სომერსეტ მოემის ნაწარმოებები ვან გოგისა და პოლ გოგენის ცხოვრებაზე, მოვიხიბლე მხატვართა ცხოვრების ბოჰემური წესით, სიღატაკეში მხატვარი ქმნის ისეთ მხატვრულ დონეს... აღიარება მხოლოდ სიკვდილის შემდეგ მოდის.

"ჰორიზონტზე" ყველაზე მკაფიოდ ეს მწერლები ჩანან, ვისაც ჩემს არჩევანს ვუმადლი.

მამაჩემს ვინ ჩააწვეთა, არ ვიცი, სოფლიდან 20-25 კმ-ზე პროფტექნიკურ სასწავლებელში, თოიძის სასწავლებლის ანალოგიური განხრაა, ხატვა ხომ უყვარსო. ტექნიკურ საგნებში არ გამოვირჩეოდი, ამის გამო ძალიან დათრგუნვილი ვიყავი, ახლაც იმ ინერციით მოვდივარ, სირცხვილად მიმაჩნია. ამხანაგებისგანაც თითქოს უპატივისმცემლობას გრძნობდი, შეიძლება მეჩვენებოდა... ოღონდ შინიდან წავსულიყავი, დავთანხმდი.

ჩავედით... სკოლიდან მოძულებულებს თითქოს ყველას იქ მოეყარა თავი. იგინებიან, ჩხუბობენ, იფურთხებიან, პაპიროსს ეწევიან. გადაწყვეტილება თვითონ მივიღე, ცხოვრებაში პირველად გამიჩნდა ღირსების გრძნობა და, ასეთი პირობების მიუხედავად, დავრჩი. სამ დღეში ჩამომაკითხეს. მამაჩემი საერთოდ მკაცრი იყო, მაგრამ მახსოვს, მეხვეწა, არ გავყევი.

სულ რომ ესმოდა, შენგან არაფერი გამოვაო… ძალიან მოინდომა, ბევრს მუშაობდა, ლექციების პარალელურად კი ღამის სკოლაში დადიოდა. აღმოვაჩინე, რომ მათემატიკაშიც კი არ ვყოფილვარ მთლად უიმედოო, ამბობს. სასწავლებელი წარჩინებით დაამთავრა.

"სამხატვრო აკადემიიდან ისეთი ხმები მოდიოდა... მამაჩემი პედაგოგი იყო, გონიერი კაცი, ჩემს შვილს იქ ვინ მიაჭაჭანებსო, ფიქრობდა. "უსულგულო" ჩაწყობები მიდიოდა, იმ პროფესორებმა ცუდი საქმე გაუკეთეს შვილებს, მათგან მხატვარი ცოტა დადგა".

პირველ წელს გასაუბრებიდანვე გამოუშვეს. "ჯარი მიწევდა, მამაჩემის მეგობარმა, სამხედრო კომისარმა "მაჩუქა" ორი გაწვევა. ჩემი სტიქია გრაფიკა იყო, მაგრამ ამ ფაკულტეტზე მოწყობა რთული იყო, გადავწყვიტე, რამე იოლზე ჩავაბარებ, და თუ გრაფიკა მართლა ჩემი საქმეა, კეთილს ვინებებ, ისე ვიმუშავებ, რომ ყველა დავარწმუნო, რა შემიძლია-მეთქი. ნდობამაც "იმუშავა" ალბათ, მოვემზადე და გამოცდებზე მაღალი ქულები დავაგროვე - მესამე ადგილზე გავედი სამრეწველო ფაკულტეტზე (სამსახურიც უფრო გარანტირებული გქონდა). ვსწავლობდი, პარალელურად კი კუს ტბაზე დავდიოდი, ბალახებიდან დაწყებული ყველა სახლი დახატული მაქვს.

წლის ბოლოს იღლიაში ამოჩრილი ბლომად ნამუშევრებით პირდაპირ რექტორის, ბატონი გოგი თოთიბაძის კაბინეტში შევიჭერი. როგორც რექტორთან კი არა, როგორც მხატვართან მოვედი, ჩემი ნამუშევრები მინდა გაჩვენოთ, გრაფიკაზე მინდა გადასვლა-მეთქი. ახალგაზრდობაში ხომ უფრო თამამები, მოურიდებლები ვართ. ახლა რომ მახსენდება... დარეკა და 10-15 წუთში შემოვიდა აკადემიის მთელი ხელმძღვანელობა. ვიღაც შეეკამათა, პირველი კურსიდან გადაყვანა არ შეიძლება, ასეთი პრეცედენტი აკადემიაში არ მომხდარაო. ვიღაც სოფლელმა თან წლის დაუკარგავად მოვინდომე გადასვლა. როგორც გამონაკლისი დაუშვეს. ასე აღმოვჩნდი გრაფიკის ფაკულტეტზე.

აკადემია დავამთავრე. თბილისში არ მქონდა სახლ-კარი, სამსახური, ჯარი მიწევდა, ათასი პრობლემის წინაშე დავდექი. სოფელში უნდა წავსულიყავი და მშვიდობით, მხატვრობავ! ამ განცდებში ვიყავი, რომ გოგი თოთიბაძემ, რომელმაც, არ ვიცი, მაშინ თუ დამიმახსოვრა... მკითხა, რას აპირებო. ახალი დანიშნული იყო საკავშირო სამხატვრო აკადემიის საქართველოს შემოქმედებითი სახელოსნოს ხელმძღვანელად და შემომთავაზა, ერთი წელი სხვა სტუდენტებთან ერთად იმუშავე, მერე ადგილი თავისუფლდებაო. სამი წელი ისწავლიდი (ასპირანტურასავით იყო), სტაჟირებას გაივლიდი, ხელფასი გეძლეოდა, ნატურის ფულიც, არსებობისთვის გარანტირებული გქონდა პირობები. ახლა რა უნდა შემომთავაზონ ამის ფასი?.. ასე აეწყო ყველაფერი...

ხანდახან ვფიქრობ, ამ ყველაფერთან ერთად, თუ ჩემგან რაიმე გამოვიდა, ეს საქმისადმი უღალატობამ და სიყვარულმა განაპირობა.

მცირე პაუზა დახასიათებისთვის: "ვანო აბულაძე ქართველ მხატვართა 1980-იანი წლების ერთი-ერთი ყველაზე წარმატებული წარმომადგენელია. მისი შემოქმედებითი გენეზისი არ ყოფილა სწორხაზოვანი. ჯერ კიდევ დებიუტანტმა თავისი არტისტული ინტერესები და მიდრეკილებები მყარ საფუძველზე დამყარებული ოსტატობის საფუძველზე წარმართა, ოღონდ ეს ოსტატობა მისთვის სულაც არაა სტერილური, მჭლე, გამოშიგნული.

იგი ცდილობს, ნახატის ხელოვნებაზე დაყრდნობით, შეძლოს პლასტიკური მეტამორფოზების ციკლის წარმოდგენა: და ამას იშვიათი მაესტრიით, ლამის ვირტუოზობამდე მისული კულტურით ახერხებს. იგი არასოდეს ეგება სტილიზაციის მახეში, გრძნობს, რომ სტილიზაცია დაზგურ ხელოვნებაში კარგ ტონად არ ითვლება.

მისი მხატვრობის პოეტური არსი აშკარაა, ოღონდ ეს პოეტურობა მისთვის გარეგანი იმიჯი არა, შინაგანად აუცილებელი მგრძნობელობაა, ხშირ შემთხვევაში ერთგვარ ლირიკულ ნარატივში - ლირიკულ თხრობაში რომ გადაიზრდება", - ნათქვამია მხატვრის შემოქმედებისადმი მიძღვნილ არტ-კრიტიკოსის, დავით ანდრიაძის ტექსტში.

- ხატვისას რა უფრო მეტად "გმართავთ" - გრძნობა თუ გონება?

- რასაკვირველია, გრძნობა, ინტუიცია, მაგრამ გონების საოცარი დაძაბვაა საჭირო, რომ შენი გრძნობა სხვისთვის ადვილად აღსაქმელი იყოს. დიდ ანგარიშს ვუწევ მნახველს, არა იმიტომ, რომ შემაქოს, არამედ იმიტომ, რომ ჩემი განცდილი მანაც განიცადოს, მხატვარი და მნახველი ხომ სურათების დახმარებით პირდაპირ "ურთიერთობენ". უნდა შეგეძლოს, "მწირი" საშუალებებით მიაღწიო დიდ გამომსახველობას, რომ ნათლად გადმოსცე ესა თუ ის პრობლემა, რომ ადამიანმა თქვას, რა იოლია, ეს აქამდე მე როგორ ვერ მოვიფიქრეო. ხელოვნება ყველასათვის გასაგები უნდა იყოს, რომ მნახველი ისე არ დააფრთხო, მხატვრობისკენ აღარც გაიხედოს.

- შეკვეთის დროს რამდენად თავისუფალია მხატვარი?

- სტილისტურად უნდა ემთხვეოდეს იმას, რასაც ვაკეთებ. ხელოვნება ყოველთვის თავისუფალიც იყო, თან არც იყო. "ჩარჩოს" შიგნითაც შეგიძლია მიაღწიო თავისუფლებას. ყოველთვის იყვნენ ნიჭიერი ადამიანები, რომლებიც საკუთარი თავის რეალიზაციას ნებისმიერი შეზღუდვების დროს ახერხებდნენ. იდეალური სიტუაციაა, როცა დამკვეთი ამბობს, რომ შეგიძლია გააკეთო, რაც გინდა. ასეთები ძალიან ცოტანი არიან.

მაგრამ თუ დამკვეთთან მუშაობაში თავით გადაეშვები, არის საშიშროება, რომ ვეღარ განვითარდე როგორც შემოქმედი. ბიზნესი და თავისუფალი ხელოვნება, როგორც წესი, ერთმანეთს ვერ ეგუება, ამიტომ უნდა ეცადო, ეს ცნებები გაყო...

ახლახან ულტრათანამედროვე რეპროდუქტოლოგიური კლინიკისთვის 30-მდე ნამუშევარი დავხატე. მთავარმა ექიმმა და დამფუძნებელმა იქაურობა დამათვალიერებინა. სრული თავისუფლება მქონდა. მეც შევეცადე, ისეთი სახეები დამეხატა, რომლებიც დადებით აურას შექმნიდნენ მშობიარე ქალბატონებისთვის. მშვიდი, თბილი ფერები ავირჩიე. არ ვიცი, რამდენად გამომივიდა...

გერმანია

გერმანიის ძალიან მადლიერი ვარ. იქ 9-10 წლის განმავლობაში ვმუშაობდი. მიუნხენში სახელოსნოც გამომიყვეს. მერე ნიუნბერგში, ბონში და სხვ. ქალაქებში გამოფენები გაიმართა (ამას ჩემი მენეჯერი აგვარებდა) და ნამუშევრებიც კარგად გაიყიდა. მაგრამ ჩემთვის შემოქმედებითად აქ უფრო საინტერესო გარემოა. გერმანიაში ძალიან უყვართ ხელოვნება, შეიძლება ვცდები, მაგრამ მაინც ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, იქ ისეთ მსხვერპლს არ იღებენ ხელოვნებისთვის (თუ არც სჭირდებათ), როგორც ჩვენ. ძირითადად შაბათ-კვირას მუშაობენ (დანარჩენი ბიზნესით ან სხვა საქმიანობით არიან დაკავებულნი). ჩვენი ცხოვრება საკმაოდ რთულია, როგორც ნებისმიერი ნამდვილი შემოქმედისა - მოუწყობელი, თავისი გარდატეხებით, იმედგაცრუებებით... ბევრ სიამოვნებაზე ვამბობთ უარს. ზოგჯერ ოჯახებიც თავზე გვენგრევა... ახალს არაფერს ვამბობს, ხელოვნება ვერ იტანს ღალატს, ეჭვიანია. ყველაზე დიდი ყურადღება ხატვაზე მაქვს გადატანილი, არ ვიცი, რამდენად გამომდის, ყოველ შემთხვევაში, მცდელობას არ ვაკლებ.

ამასთან გერმანიაში მაშინ ისეთივე მდგომარეობა იყო, როგორიც ახლა საქართველოშია. ჩემი აზრით, ჩვენთან თითქმის არ არის საგალერეო სივრცე, სადაც მხატვარს შეუძლია მიიტანოს "წმინდა" შემოქმედებითი ნაწარმოები, ის გამოფინოს, რითაც უნდა, რომ დამთვალიერებლის წინაშე წარდგეს. უმეტესობა კერძო გალერეებია, მესმის მათი მდგომარეობა, დიდი ხარჯი აქვთ, გალერეას შენახვა უნდა, ამიტომ გალერისტებმა კი იციან, რა მეტად ფასეული, ხარისხიანია, მაგრამ გათვლას მაინც კომერციაზე აკეთებენ, ისეთი ნაწარმოები უნდა შესთავაზონ მნახველს, რასაც ბაზარი ითხოვს. გემოვნება კი მაინც მდარეა.

სხვა მხატვრებს არ ვეხები, მაგრამ მე, სამწუხაროდ, მიწევს ერთი და იმავე თემატიკის ნამუშევრის სხვადასხვა რაკურსში, ფერში ხატვა, ძველი ნახატების რეპლიკების ან ვარიანტების კეთება, რაც საკმაოდ მოსაწყენია. თუ ნამუშევრები კარგად იყიდება, საკუთარი თავის ციტირების, საკუთარი იდეების ტირაჟირების ცდუნების საშიშროების წინაშე დგები ან საეჭვო გემოვნებას ანგარიშს უწევს. ეს ყველაფერი კი შემოქმედებაზე სარკესავით აისახება, მომხიბვლელობასაც კარგავს, როცა ბაზრით, მოდით - რა უფრო მეტად იყიდება, რომელი ჟანრი უკეთესად "მუშაობს" ბაზარზე და ა.შ. დაკავდა. ამ ყველაფერს გარკვეული დრო უნდა დაუთმო, მხოლოდ შემოქმედების გადარჩენის მიზნით, თუ მეტს მოინდომებ, შორდები ხელოვნებას და შედეგებს ნურავის დავაბრალებთ.

ჩარჩოების სახელოსნო აქვს ნიკა მაჭავარიანს, რომელმაც ბევრი გაჩერებული მხატვარი, ცნობილი მხატვრებიც აქტიურად აამუშავა... სახელოსნოში მიდის, ნახატებს არჩევს და მხატვრებს წინასწარ უხდის ფულს, ნამუშევრების გაყიდვამდე.

ბევრი ნიჭიერი მხატვარი ვერ განვითარდა, იმის გამო, რომ რაღაცეები ბოლომდე ვერ გაწირა და შემოქმედებას რაღაც დააკლო. ამიტომ ვცდილობ, სიახლეს მეტი დრო დავუთმო. რაც მთავარია, თუ მხატვარი დღევანდელი კვერცხის პრინციპით მოქმედებს, ანუ ხატავს მხოლოდ იმას, რასაც ბაზარი ითხოვს, ბუნებრივია, ის გავლენას ვერ მოახდენს საზოგადოებაზე, უნდა ასახო ყოველდღიურობა, ეპოქა, რომელშიც ცხოვრობ, რათა საინტერესო იყოს მომავალი თაობებისთვისაც...

ვანო აბულაძე გრაფიკოსია - მოკირკიტე, ფაქიზი, შინაგანად ღრმა. მიყვარს მისი პორტრეტები, რომლებიც აკადემიური სახეები კი არ არის, არამედ თავისუფალი "განსჯაა" მხატვრისა. ლაკონური კომპოზიციები, თავშეკავებული კოლორიტი და ხაზების ჰარმონია მნახველის ყურადღებას მიმართავს სახეზე, გამომეტყველებაზე, ენერგეტიკაზე, ხელებისა და პოზის, მოძრაობის პლასტიკაზე. პიროვნების სილამაზის საწყისის გამოვლენასა და აქცენტირებაზე, დადებითი შეგრძნების დამკვიდრებაზე.

ემოციური, ნათელი, ფერებით, განწყობილებით თამაშობს. "იჭერს" მზერას, თითქოს შენს სულში იხედება, უყვარს გულწრფელობა, სილამაზე და გახსნილობა...

"დოსტოევსკი წერდა, რაც არ უნდა დიდი იდეები ჩაიდოს მხატვრულ ნაწარმოებში, თუ ის მხატვრული თვალსაზრისით სუსტია, მთელი ეს იდეები ნულის ფასიაო. ჩემს თანამედროვეთა ერთ ნაწილს იდეები მართლაც არ ასვენებს. მათ ხორცშესხმა სჭირდება, თუ ხატვა არ იცი, ამ იდეებშივე გაიხლართები და კისერს მოიტეხ. რასაკვირველია, ნაწარმოებში მთავარი მისი მხატვრული, შენეული გამომსახველობითი ფორმებით წარმოსახვაა, თორემ მაშინ მხატვარი ყველა გამოვიდოდა. რატომ უყვართ ფიროსმანი ან, თანამედროვეთაგან, მაგალითად, თენგიზ მირზაშვილი? იმიტომ, რომ მათი კომპოზიციები, წმინდად, გამორჩეულად მხატვრულად ასახავს იმ სამყაროს, სადაც მათ უხდებოდათ ცხოვრება. ჩუბჩიკას ერთი პატარა, უმარტივესი კომპოზიცია გადაწონის თანამედროვეთა იდეებით გაძეძგილ მონუმენტურ ტილოებს, რომლიც შინაარსი ზოგჯერ თვითონ ავტორსაც ვერ გაუგია. ჩვენი საუკუნის მხატვართა მთავარი მისწრაფება რაღაც ისეთის შექმნაა, რაც ხელოვნების საზღვრებს სცილდება. ვფიქრობ, ამის საწინააღმდეგო და ალბათ გაცილებით რთული ამოცანაა: დარჩე ხელოვნების ფარგლებში. მაინც მგონია, რომ საინტერესო მხატვრები ისინი არიან, რომელთა ტილოებს შეუძლიათ, დამთვალიერებლის მზერა უფრო დიდხანს შეაჩერონ მათზე და არ ღლიან მათ თავიანთი მოჭარბებული ტექნიკითა და "ფანდებით".

- თქვენი ნახატები აბსოლუტურად ცნობადია, წარმოუდგენელია მათი არევა სხვებთან. ალბათ ამ ემოციური და სავსე ფერების გამოც. რას ნიშნავს "საღებავებთან დიალოგი" ფერწერაში, გრაფიკაში?

- ვერაფერს ვიტყვი იმაზე, რაშიც კომპეტენტური არ ვარ, ფერწერაში სერიოზულად მუშაობა ორიოდე წელია გავბედე. რაც შეეხება გრაფიკას, იქ წამყვანი ხაზია. ზოგჯერ ფერსაც ვიყენებ ვიღაცების თვალის საამებლად, თორემ ჩემი სათქმელი უკვე ნათქვამია მანამ, სანამ ფერს დავადებ. მაინც მგონია, რომ გრაფიკაში სათქმელი მხოლოდ ხაზით, ჩრდილით და ჩრდილ-სინათლით უნდა გამოხატო, ხოლო ფერწერაში ფერით შეძლო პრობლემის გადაწყვეტა.

- მხატვრისთვის შინაგანი დამოუკიდებლობა ნიშნავს თუ არა თავისუფლებას. როგორ უნდა მიაღწიოს თავისუფლებას?

- ამაზე ზემოთაც ვთქვი: დამოუკიდებლობა თუ გინდა, ბაზრის პირობების დაკმაყოფილება და იძულებითი სამუშაოს შესრულება მოგიწევს, რომ შედეგი შემოქმედებითი თავისუფლებისთვის გამოიყენო. ასე უფრო მოახერხებ თვითმყოფადობის შენარჩუნებას და სრუყოფილებისკენ სწრაფვას, ვიდრე სასათბურე პირობებში.

როცა მხატვრობას პროფესიად ირჩევ, იმთავითვე უნდა იყო შეგუებული გაჭირვებას და დისკომფორტს, ღმერთმა მოგცა ისეთი პროფესია, რომ მშვენიერებას ემსახურო, დატკბე სხვებისთვის მინიჭებული ბედნიერებით, შენს ნახატებში გამოამჟღავნო უიმედო სიყვარულის და აუხდენელი ოცნების სევდა... ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს, ვისგან რას ვითხოვთ? მხატვარი ბედნიერია, როცა ღამეში რამდენჯერმე იღვიძებს, საათზე იყურება, მალე გათენებას ნატრობს, რომ სახელოსნოში გაიქცეს და იმუშაოს. როცა ბევრი ფული უჩნდება, იწყება ბოჰემური ცხოვრება და თავდავიწყება, უამრავი დროის ფლანგვა. ამას საკუთარი გამოცდილებაც მალაპარაკებს. დიდი ფული ადამიანს მადას უღვიძებს და ფეშენებელური ვილევბისა და იახტების ინტერესი და სხვ. უჩნდება... ნელ-ნელა შორდები საყვარელ საქმეს და აღვირახსნილობის ჭაობში ეფლობი. ეს ყველაფერი შემდეგ მოუნელებელი დარდი და ტკივილია...

პოპ-არტი

ერთ რაღაცაზე გაჩერება არ შემიძლია. მხატვრებს, ზოგადად, ეს ახასიათებთ.

ვთქვათ, გრაფიკაში ხატავ, სათქმელს ბოლომდე ვერ ამბობ და გინდება სხვა ელემენტის შეტანა. დიდი ხანია ვცდილობდი პოპ-არტში რაღაც გამეკეთებინა. ერთხელ ვცადე, წლების მერე კიდევ, რაღაც გამოვიდა, მესამედ თითქოს გასაღები მოვუძებნე... ჩანაფიქრს პასუხი რომ გასცე, ჯერ მაგრად უნდა ხატავდე. სკოლა უნდა გქონდეს გავლილი, კლასიკური სკოლა, როცა შემოქმედება იწყება, მერე რაც გინდა, ის გააკეთე, ცოდნა განიჭებს თავისუფლებას.

ნავთლუღის ბაზარში, ეგრეთ წოდებულ, "ბარახოლკაზე" იყიდება ყველაფერი - ნახმარი კბილის ჯაგრისიდან დაწყებული ანტიკვარული საათებით დამთავრებული. ბაზარში როგორც კი შევიდივარ, შემოქმედებითი პროცესი იწყება. ინდაურს ვაკეთებდი და დავინახე აკორდეონი, კლავიშები ზუსტად ინდაურის კუდს მიუგავდა, მაგრამ ჩიჩახვი? თვალი მივაშტერე წითელ კბილის ჯაგრისს, ჩიჩახვი როგორც წარმომედგინა,ზუსტად ისეთი ფორმა აქვს. კინაღამ გაგიჟდა გამყიდველი, ნახმარი, წვირიანი ჯაგრისი რომ ვიყიდე, ყველაფრის გაყიდვას ფიქრებდა.

კურიოზებიც ბლომად გადამხდენია. ტახს ვაკეთებდი, ეშვები, ყურები და სხვ. გავუკეთე და დიდხანს დავდიოდი სასქესო ორგანოებზე, მეორე კვირაა დადიხარ, რას ეძებო. ერთი კაცი წრე კიდევ რომ დავარტყი და არ მომეშვა, ვუთხარი, რასაც ვეძებდი. ანგლობ ამხელა კაცი, შენხელა შვილიშვილები მყავსო. აქ რომ ვდგავარ, ვინ გგონივარ, ასპირანტურა მაქვს დამთავრებულიო, გაბრაზდა...

რატომ მოვყევი... პოპ-არტი ბევრ უხერხულობას, გაუგებრობას უკავშირდება, ერთი უმნიშვნელო დეტალისთვის რამდენჯერმე წავსულვარ ნავთლუღში. თან ძვირი სიამოვნებაცაა.

რაღაცას გავაკეთებ, შეიძლება ორი-სამი თვის შემდეგ რაიმე დეტალი დავამატო. ხან ვუბრუნდები, ხანაც ისე, გავივლი, უცებ შევხედავ და ვხვდები, რომ რაღაც აკლია ან ზედმეტია. ძალიან შრომატევადი საქმეა, მაგრამ, საბოლოოდ, ფაქტურითა და შინაარსით სრულიად განსხვავებული, ხშირად ურთიერთგამომრიცხავი ნივთები, ერთ სივრცეში, ერთ დაფაზე, ერთ ჩარჩოში ახალ სიცოცხლეს იწყებს.

ამ დღეებში ამერიკიდან შეგვატყობინეს, ერთ საკმაოდ პრესტიჟულ საბროკერო ფირმას (რომელიც მთელი მსოფლოს მასშტაბით მუშაობს, მაგრამ მხოლოდ ამერიკელ მყიდველზეა გათვლილი. ჩემს შვილს თავხედობა ეყო და მათ საიტზე ჩემი ნამუშევრები განათავსა) ჩემი ნახატის "ქალი შლაპით" შეძენა უნდა. პოპ-არტ "ჭრიჭინაზეც" მიმდინარეობს მოლაპარაკება. თუ გაიყიდა, სტიმული მომეცემა. ჩავთვლი, რომ ჩემს კარიერაში მნიშვნელოვანი რამ მოხდა.

უმცროსი აბულაძე

თორნიკე აბულაძე ჯერ ახალგაზრდაა. ამჯერად მხოლოდ მის რამდენიმე ნამუშევარს გთავაზობთ.

მამა შვილის მსაჯულად არ გამოდგება, მაგრამ... თქვენი უმცროსი ვაჟი თავის თაობაში საკმაოდ წარმატებული მხატვარია...

უფროსი ბიჭიც ხატავდა, საშუალო მხატვარი გამოვიდოდა, მაგრამ ფრთხილად ვეკიდებოდი ჩემი შვილების არჩევანს…გაგას სხვა დარგშიც შეეძლო რაღაცისთვის მიეღწია, ამიტომ წინააღმდეგი წავედი, რომ მხატვრობა აერჩია, მაგრამ თორნიკეს, ჩემი არ იყოს, სკოლაში ცუდი მოსწრება ჰქონდა სპორტზეც დაგვყავდა, სიმღერაზეც. მერე ჩემს სახელოსნოში რაღაცეები გააკეთა. აკადემიაში რომ მივიყვანე, მიტო ხახუტაშვილმა თავის ჯგუფში აიყვანა, ღმერთმა განათლოს მისი სული, 2 წელი ემზადებოდა. მის მიღწევებზე არაფერს ვიტყვი, ისედაც კარგად ჩანს... 80-იანელების მერე, 2000-იანელებზე უკეთესი თაობა არ წამოსულა.

თუ ხელოვნება

გიყვარს, ხელოვანსაც

პატივი უნდა სცე…

თბილისს რაც შეხება. ვისაც არ უნდა გაუკვირდეს, ბევრი რამ მომწონს, რაც კეთდება. შეიძლება რაღაც არც მომწონს, მაგრამ გავიხსენოთ, რა ხდებოდა 2000 წლის გარიჟრაჟზე... მე ის კვერცხები და შლოპანციც მომწონს, ბათუმში რომ იდგა, ევროპაშიც დგას ასეთი სიგიჟეები, მაგრამ მხოლოდ ასეთი რამეებით კი ნუ გადავავსებთ ქვეყანას.

რატომ არ უნდა იდგეს თანამედროვე ქართველი მოქანდაკეების თუნდაც თითო ნამუშევარი ქალაქში? როცა სახვითი ხელოვნებით მდიდარი ტრადიციების მქონე ქვეყნებსა და ქალაქებში მარტო ჯონი გოგაბერაშვილის 40-ზე მეტი მონუმენტური, ვიმეორებ, მონუმენტური სკულპტურული შედევრი დგას და არ მარტო ჯონის, ჩვენ კი მათ თითქმის არ ვიცნობთ, სამაგიეროდ, ვიცნობთ... ვისაც ვიცნობთ.

ვახტანგ დავითაია, გოგი წერეთელი და მე რუსთაველზე მოვდივართ, ვკამათობთ, რატომ დგას ეს პატარა ქანდაკებები რუსთაველზე, არ მომწონს-მეთქი, მერე თუ არ მოგწონს, იმიტომაცაა შეყუჟული, კაციშვილი ვერ ხედავსო.

განახლებული, რესტავრირებული პლეხანოვიც მომწონს, ჩემზე ცოტა რამეს თუ მოუხდენია ასეთი შთაბეჭდილება. ძველ თბილისში კონსერვაცია მიდის - გამაგრებითი სამუშაოები...

სხვათა შორის, ვინც უხვად ისვრის სალანძღავ სიტყვებს, ის თვითონ, უმეტეს შემთხვევაში, არაფერს აკეთებს. საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, რა რთულია რაღაცის გაკეთება, გული მაინც არ უნდა ატკინო, მაინც დასაფასებელია, როგორც შრომა, აზრები, სხვა ადამიანის სული. მე ცოტა ფრთხილი ვარ ასეთი შეფასებებისას. თუ ხელოვნება გიყვარს, ხელოვანებსაც პატივი უნდა სცე...

 

 

 

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. რევიუ >>

    aa
  5. სპორტი >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. პოლიტიკა >>

    aa
  9. ინტერვიუ >>

    aa
  10. საზოგადოება >>

    aa
  11. თვალსაზრისი >>

    aa
  12. უცხოეთი >>

    aa
  13. პრესომბუდსმენი >>

    aa
  14. თვალსაზრისი >>

    aa
  15. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  16. რევიუ >>

    aa
  17. რევიუ >>

    aa
  18. სტილი >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. მარანი >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. კულინარია >>

    aa
  28. კულინარია >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. წიგნები >>

    aa
  37. წიგნები >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  43. ამბები >>

    aa
  44. ტექნოლოგიები >>

    aa
  45. ტექნოლოგიები >>

    aa
  46. რევიუ >>

    aa
  47. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  48. რეგიონი >>

    aa
  49. კალათბურთი >>

    aa
  50. სპორტი >>

    aa
  51. რაგბი >>

    aa
  52. რაგბი >>

    aa
  53. წიგნები >>

    aa
  54. წიგნები >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი