ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში თოჯინების გამოფენა გაიხსნა
24 საათი 03.05.12
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში თოჯინების გამოფენა გაიხსნა
თოჯინა რომ მხოლოდ გოგონების გასართობი სათამაშო არაა, ამაში დასარწმუნებლად შეგიძლიათ, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზებს ესტუმროთ, სადაც გუშინ თოჯინის ქართველი და უკრაინელი ოსტატების ერთობლივი გამოფენა გაიხსნა.
გამოფენა საქართველოსა და უკრაინის სახელმწიფოებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების ოცი წლის იუბილეს ეძღვნება და მხოლოდ ნამუშევრების დამთვალიერებლისთვის წარდგენას არ ითვალისწინებს - მსურველებისთვის უკრაინელი ოსტატები მასტერკლასის სერიის ჩატარებასაც გეგმავენ.
ვინაიდან გამოფენა ფოლკლორის ცენტრში მიმდინარეობს, თავად გამოფენაც ხალხურ მოტივებს იმეორებს, თუმცა არის რამდენიმე გამონაკლისიც, როდესაც თოჯინების ოსტატი სრულიად განსხვავებულ სტილსა და აზროვნებას გვთავაზობს. მაგალითად, ლელა ტაბლიაშვილის დაგრეხილი სილუეტები ან უკრაინელი ელენა მასიუნას ქალის ფიგურა "ანასტასია", რომელიც, ავტორის ახსნით, ვულკანს განასახიერებს, რასაც "ანასტასიას" ცეცხლოვანი თმა კარგად უსვამს ხაზს. ასევე საინტერესოა მასიუნას თითქმის ნამდვილი ბავშვების მსგავსი გოგონა კატია და ბიჭუნა საშენკა - ბეჯითი მოსწავლეები, რომელთა გასაკეთებლადაც ოსტატმა ძალიან ფაქიზად იმუშავა. დამთვალიერებელი უსათუოდ შეამჩნევს, რამდენად სკრუპულოზურადაა შესრულებული ამ ფიგურების ცალკეული დეტალები, ხოლო "ბავშვების" გამომეტყველება საოცრად რეალისტურია.
უკრაინიდან ათი ოსტატია ჩამოსული, თუმცა 30-ზე მეტი მეთოჯინეს ნამუშევარი აქვთ ჩამოტანილი, რაც გამოფენას მრავალფეროვნებას სძენს და იძლევა საშუალებას, უკრაინული თოჯინის დამზადების ტრადიცია მეტ-ნაკლებად მაინც შევისწავლოთ. მათთვის ფორმას, ფერს და ხასიათს დიდი მნიშვნელობა აქვს, მასალად იყენებენ ტილოს, ხეს, თიხას, სხვადასხვა ქსოვილს და, რაც მთავარია, უკრაინული თოჯინების სამოსი არაჩვეულებრივი ნაქარგობით ხასიათდება. ასევე სახასიათოა ისიც, რომ ზოგ თოჯინას ოსტატი სახეს არ უკეთებს, თითქოს დამთვალიერებელს საკუთარი ფანტაზიის ამუშავებისა და წარმოსახვის ჩართვის საშუალებას უტოვებს. ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა ლუდმილა პავლოვას უსახო თოჯინების სერია, თუმცა ოსტატს მათი შექმნისას იმდენად დახვეწილი და ცოცხალი ნაქარგობა აქვს გამოყენებული, მაშინვე წარმოიდგენ უკრაინული სოფლის შარაგზაზე მოსეირნე ქალების ჯგუფს.
აღსანიშნავია, რომ ქართველი მეთოჯინეებისგან განსხვავებით, უკრაინელები გაცილებით ნათელ და მხიარულ ფერებს ანიჭებენ უპირატესობას, რაც ისევ და ისევ მათი ეროვნული სამოსის გავლენის დამსახურებაა. ეროვნულ მოტივებს იყენებენ ქართველებიც, მაგალითად, მზია ნახუცრიშვილი, რომელიც თავის ფიგურებს მხოლოდ ბუნებისგან შეთავაზებული მასალისგან ქმნის: მომცრო ზომის გოგრები, ჩალა, ხის ტოტები, გამხმარი ფოთლები, ხავსი და სხვა. ფოლკლორულ მოტივებს იმეორებს ეკატერინე ხატიაშვილიც, თუმცა, როგორც ჩანს, სპეციალურად გამოფენისთვის დამზადებულ "უკრაინელ" თოჯინებსაც წარმოგვიდგენს. ძალიან სახასიათოა თინათინ სიხარულიძის აფროამერიკელი ბაბუა ჯინსით, კუბოკრული პერანგითა და საყურით, და იქვე, იმავე ოსტატის რადიკალურად განსხვავებული თემები - უკრაინელი გლეხის გოგონა და განმანათლებელი კირილე კირილიცას გრაგნილით ხელში...
გამოფენაზე, თოჯინების გარდა, წარმოდგენილია ქართული და უკრაინული ნაქარგები, ეროვნული სამოსი, აპლიკაციები და სხვა. უკრაინული თოჯინების გამოფენა 7 მაისს დაიხურება, ქართულისა კი 3 ივნისამდე გაგრძელდება.
ანა წულუკიძე