RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
25 მაისი, შაბათი 2013
თბილისი ... ...
რევიუ >>

...და კვლავ ფიროსმანი

ყველა დიდი ქმნილება, ლიტერატურა იქნება ეს, მუსიკა თუ მხატვრობა, მრავალშრიანია.

24 საათი 06.05.12

ყველა დიდი ქმნილება, ლიტერატურა იქნება ეს, მუსიკა თუ მხატვრობა, მრავალშრიანია.

ამ შრეების დაძლევას, ცხადია, დრო და ძალისხმევა სჭირდება. ბუნებრივია, ყველა ვერ გავა ბოლომდე, შეიძლება ვერც ვერავინ შეძლოს ეს, მაგრამ საქმე ის არის, რომ ამ მიმართულებით გადადგმული ერთი ნაბიჯიც კი იმდენს იძლევა, რომ ერთიათად ანაზღაურებს დახარჯულ დროსა და ენერგიას. ბევრი თქმულა და დაწერილა ნიკო ფიროსმანაშვილზე, თუმცა, როგორც ჩანს, მას და მის შემოქმედებას ჯერ კიდევ კარგად ვერ ვიცნობთ. მთელი საუკუნე საკმარისი არ გამოდგა იმისთვის, რომ სრულად დაგვენახა და გაგვეგო ის, რაც ამ უნიკალურმა მხატვარმა დაუტოვა ადამიანებს. მიზეზი მარტო მისი შემოქმედების სირთულე არ არის, მიზეზი ჩვენშიც არის - გვენანება დრო, ჩვენი აჩქარებული ცხოვრების რიტმს რომ უნდა გამოვგლიჯოთ, სხვანაირად რომ ვთქვათ, ჩვენი გაზარმაცებული გონება ვერ იცლის საამისოდ. ერთი კია. რაც უფრო ემატება მისი ფერწერული ტილოების ფასს ნულები, მით უფრო იოლად ვიჯერებთ, რომ გენიოსთან გვაქვს საქმე, მაგრამ ამით ჩვენ მიერ ფიროსმანის დანახვასა და გაგებას არაფერი ემატება. ეს სამწუხარო ფაქტი სენტ-ეკზიუპერის ერთ აბზაცს წააგავს "პატარა უფლისწულიდან"

"ლამაზი სახლი ვნახე, ვარდისფერი აგურით ნაშენი. ფანჯრებში გერანი მოჩანდა, სახურავზე მტრედები ისხდნენ. ადამიანები ვერაფრით ვერ წარმოიდგენენ ამ სახლს. მათ უნდა უთხრა "ვნახე სახლი, რომელიც 100 000 ფრანკი ღირს". და მაშინ წამოიძახებენ: "რა მშვენიერია!"

ამ ცოტა ხნის წინ გამოვიდა ალბომი "ფიროსმანი. 100 კვადრატი", რომლის ავტორი და შემდგენელია მხატვარი ვახტანგ რურუა. ხელოვნებათმცოდნეების აზრით, ამ ალბომის მეოხებით ფიროსმანის შემოქმედების შესწავლა კიდევ ერთი, სულ სხვა მიმართულებითაც გაგრძელდება.

სულ ახალი გამოსული იყო ალბომი, როცა ერასტ კუზნეცოვმა, კაცმა, რომელმაც ფიროსმანის შემოქმედების კვლევას მიუძღვნა მთელი ცხოვრება, საზღვარს იქიდან მოგვაწოდა თავისი აზრი ამ ალბომზე. ეს ორგვერდიანი რეცენზია... თუმცა, თავად განსაჯეთ:

ერასტ კუზნეცოვი

ფიროსმანის დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი ალბომი "ნიკო ფიროსმანაშვილი. 100 კვადრატი" უთუოდ იმსახურებს დიდ ყურადღებას - როგორც შემდგენლის განზრახვის არაორდინარულობის, ისე მისი განხორციელების თვალსაზრისით. ალბომის ავტორმა და შემდგენელმა, ვახტანგ რურუამ, რეკორდულად მოკლე შესავალშივე (სულ ათი სტრიქონი) მკაფიოდ მონიშნა ეს განზრახვა: "უდავო არგუმენტების" შეთავაზება, რაც მხატვრის გენიალურობაში დაგვარწმუნებს. არგუმენტებს კი იგი სიტყვიერს არ გვთავაზობს. თითქოს სიტყვებს არ ენდობა და შეიძლება გავუგოთ კიდეც: სიტყვების მზაკვრობა ხომ სწორედ ის არის, რომ მათ აქვთ უნარი არა მარტო მიგვაახლოონ ჭეშმარიტებასთან, არამედ დაგვაშორონ კიდეც და, რეალობის ნაცვლად, მისი დამახინჯებული ანარეკლი შემოგვთავაზონ. დღეს კი, პოსტმოდერნიზმის ეპოქაში, სიტყვის ეს უნარი მართლაც რომ ყველაფერს მსჭვალავს.

ალბომის არსებითად ძალიან მარტივი, თითქმის ელემენტარული წყობა მიზანმიმართულად და თანმიმდევრულად არის განხორციელებული და ამიტომ განსაკუთრებულ ზემოქმედებას ახდენს. იდუმალი "100 კვადრატი", ეს, უბრალოდ, ფიროსმანის ნახატების კვადრატის ფორმის 100 ფრაგმენტია.

ფრაგმენტირების საყოველთაოდ ცნობილი უპირატესობა ის არის, რომ იგი წყვეტს კავშირს მოცემულ ფერწერულ ნაწილსა და მის მუდმივ, თითქოსდა სავალდებულო კონტექსტს შორის, რითაც ჩვენს აღქმას ჩვეულ ავტომატიზმს უკარგავს და გვეხმარება შევხედოთ მიუკერძოებლად, თითქოსდა პირველად - ეფექტი, რომელიც ლიტერატურისმცოდნეობამ 1920-იან წლებში აღმოაჩინა და "განმხოლოების" (остранение) სახელით არის ცნობილი. მისი ზემოქმედება ალბომის საერთო კომპოზიციის წინასწარ განზრახული ერთგვაროვნებით მყარდება - ასივე ფრაგმენტი ერთი და იგივე ზომისაა და ერთნაირად არის განლაგებული ფურცლებზე. ესე იგი, სრულიად იდენტურ, ნეიტრალურ პირობებშია ჩაყენებული და თითოეული მხოლოდ თავის თავზე აგებს პასუხს.

აქ თითქმის არ არის ის, რასაც თითოეული ჩვენგანი ელოდა. შერჩეულ ნიმუშთა შორის შედარებით ცოტაა "ქრესტომათიული", პოპულარული ნახატები. უფრო დიდი ადგილი უჭირავს ნაკლებად ცნობილ, ასე ვთქვათ, მეორე რიგის ნამუშევრებს, იშვიათად ან სულაც რომ ვერ ხვდება ალბომებში. მეტწილად ფრაგმენტირებულია არა იმდენად სურათის აღსაქმელად მნიშვნელოვანი ნაწილები, თვითონვე რომ გხვდება თვალში ან სიუჟეტი გკარნახობს, არამედ პერიფერიული, მეორეხარისხოვანი - ისეთები, რომლებთან კავშირის დამყარებასაც არ ჩქარობს ჩვენი ინერტული ცნობიერება, ისეთები, რომლებიც, კაცმა რომ თქვას, აღარც კი გვახსოვს. და მართლაც, ალბომის დათვალიერებისას, არაერთხელ ებმები მახეში და დაძაბული ცდილობ გაიხსენო, საიდან არის აღებული ესა თუ ის ფრაგმენტი. შეცბუნებული ათვალიერებ წარწერას, ანდა სულაც ალბომის ბოლო ფურცლებს, სადაც "დამხმარე მინიშნების" სახით ოცდაშვიდივე გამოყენებული ნამუშევარია წარმოდგენილი.

ერთობ სასიამოვნო და ჭკუის სასწავლებელი საქმიანობაა. და მაინც, ალბომი სულაც არ იყო საამისოდ ჩაფიქრებული და განხორციელებული. მის გამოსაცემად უფრო სერიოზული საფუძველი იყო საჭირო და ის სრულიად ნათლად იკითხება. ჩვენ ყველანი ცოტათი გავერთეთ ფიროსმანის თაყვანისცემით. იგი კარგა ხანია აუცილებელი ფიგურაა - ყველასთვის ცნობილი, ყველგან მყოფი, ყველასგან მოწიწებით მოხსენიებული, უთვალავი მოკრძალებული შეხებისგან გაცრეცილი. ჩვენ გადავეჩვიეთ მასზე რეაგირებას, ის აღარ გვიზიდავს, აღარ გვაცვიფრებს ისე, როგორც ასი წლის წინათ აცვიფრებდა მის აღმომჩენ მხატვრებს. მასში აღარ არის იდუმალი ხიბლი: ჩვენ ვუყურებთ, მაგრამ ვეღარ ვხედავთ.

ალბომი ფიროსმანის ხელახლა დანახვაში გვეხმარება. ოღონდ იმათ, ვისაც ეს უნდა და შეუძლია. იგი თვალსაჩინოსა და დამაჯერებელს ხდის იმას, რაზეც საუბარსა და წერას კი მივეჩვიეთ, მაგრამ მაინცდამაინც არ ვუფიქრდებით ნათქვამისა თუ დაწერილის ჭეშმარიტ არსს. და აი, აქ შეიძლება გამოვყოთ კიდეც ორი მთავარი თემა.

პირველ ყოვლისა, ეს ფიროსმანის ნახატების ფერწერული ხარისხია. ფრაგმენტების დათვალიერებისას, თუ გავთავისუფლდებით თანმდევი ემოციებისა და აზრობრივი კავშირებისგან, ხელშესახებად შესაგრძნობი გახდება მძლავრი ფერწერული ტემპერამენტით აზვირთებული ჭეშმარიტად დაუოკებელი ფერწერული ტემპი; ხატვის უპრეცედენტო ეკონომიურობა - ტილოზე თითქოსდა უნებლიეთ დაგდებული რამდენიმე მონასმით შექმნილი საჩინო საგნობრივი ფორმა, კოლორისტული დახვეწილობა, რომელიც სულ რაღაც ორიოდე საცოდავი ფერით ქმნის ფერთა სიმდიდრეს. დაბოლოს, ვრწმუნდებით კიდეც ფერწერის ამოუწურავ მრავალფეროვნებაში, რომელიც ჩვენს დახავსებულ წარმოდგენას არ ემთხვევა, ყოველ ახალ ვითარებას თავისებურად ეხმაურება და იმპროვიზაციული მოქნილობით გვაოცებს.

გარდა ამისა, ეს არის ფიროსმანის სურათების გასაოცარი გაჯერებულობა, რომელზეც ჩვენ, ყოველი მათგანის მთავარი მოტივით გატაცებულები, არცთუ ხშირად დავფიქრებულვართ. რთული და მრავალფეროვანი ცხოვრების მიმართ თავისი უშრეტი ინტერესის რეალიზება მან თავის "ეპოსებში" მოახერხა, რომელთა სიუჟეტები უკიდეგანო სივრცეშია გაშლილი და უამრავი სხვადასხვაგვარი ეპიზოდისგან შედგება. მაგრამ რაღაც მსგავსი რამ მის სხვა ნამუშევრებშიც გვხვდება, სადაც დროდადრო აღმოაჩენ ისეთ ფრაგმენტებს, რომლებიც გიზიდავს არა მარტო ფერწერის ხარისხით, არამედ კიდევ რაღაც სხვა ინტრიგით და ყურადღების კონცენტრაციისა და განსჯისთვის გაგულიანებს. და თითოეული ასეთი ფრაგმენტი, კაცმა რომ თქვას, სულ სხვა სურათის საფუძვლადაც შეიძლებოდა გამომდგარიყო. ასეთი "დეტალები" ამ ალბომში თითქმის ყველა გვერდზეა.

ბრბოდან მომზირალი თითოეული სახე, თავისი მკვეთრი ხასიათით ცოცხალი ადამიანის სახესავით რომ იჭრება მეხსიერებაში, არსებითად მასობრივი სცენის სტატისტია და მეტი არაფერი. გარემომცველი პეიზაჟის ციცქნა ნაწილებს სავსებით შესწევთ ძალა დამოუკიდებელ პეიზაჟებად იქცნენ. წვრილ-წვრილი სცენები, სურათის პერიფერიაზე მომხდარი რაღაც ამბები: გორაკზე დასასვენებლად შეჩერებული ორი მგზავრი, ბანზე მოთამაშე ბავშვები, ცეცხლთან მოფუსფუსე ბერიკაცი... ეს ყველაფერი ვიღაცის ცხოვრების ნაწილაკებია, რომლებსაც არავითარი კავშირი არა აქვს იმასთან, რაც ხდება. ზუსტად ისე, როგორც ეს ცხოვრებაშია. და მათ შორის, ამ ნამსხვრევებს შორის, ზოგიერთი სრულიად გასაოცარი გამოსახულებაა, თავისი შეფარული აზრით რომ გნუსხავს, დახურულ კართან მდგომი ბიჭის ან მოღებული კარიდან დაღვრილი ოჯახური კერიის თბილი სინათლის მსგავსად - "მამალი და კრუხ-წიწილების" ორი ვარიანტის უკანა პლანზე (გასტონ ბუაჩიძემ პირველმა გაამახვილა ამაზე ყურადღება და ძალიან საინტერესო განმარტება შემოგვთავაზა).

სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, ფიროსმანაშვილი ბევრად უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე აქამდე გვეჩვენებოდა. იქ ჯერ კიდევ ბევრია საძიებელი და გასარკვევი.

ვახტანგ რურუამ თავისას მიაღწია და დიდი მადლობა მას ამისთვის. საქმე კიდევ ის არის, რომ ამ ალბომის გამოჩენა სიმპტომატური და დროული მოვლენა იყო. მგონია, რომ ჩვენ ფიროსმანის შესწავლის სერიოზული ცვლილებების ზღურბლთან ვდგავართ. თითქმის მთელი საუკუნის მანძილზე, მისი "აღმოჩენიდან" დღემდე, ჩვენ ყველანი, ჩვენი მონაცემებისა და მომზადებულობის საზღვრებში, იმით ვიყავით დაკავებული, რომ ვაგებდით, ვავითარებდით, ვაზუსტებდით რაღაც ზოგად წარმოდგენას მასზე და მის შემოქმედებაზე. ჩვენ წინაშე ათვისების მომლოდინე მთელი კლონდაიკი იდო. ხარბად ვიტაცებდით ყველაზე კაშკაშას, ყველაზე მნიშვნელოვანს, ყველაზე სახასიათოს, შთაბეჭდილებებს ერთ მთლიან კონცეფციაში ვუყრიდით თავს და გვიხაროდა, რომ ასე გამართულად და დამაჯერებლად განვმარტავთ ამ უდიდეს მხატვარს. ეს ფიროსმანმცოდნეობის საწყისი ეტაპი იყო. შესასრულებელი სამუშაოს სავარაუდო მიზნის გათვალისწინებით, მას "სინთეთიკური", ან "სინკრეთიკური", ანდა, სამუშაოს უპირატესი ხასიათიდან გამომდინარე, "ესსეისტურიც" შეიძლება ეწოდოს. მოვლენა თითქოს რაღაც გარკვეული მანძილიდან ფასდებოდა, მანძილიდან, რომლიდანაც შესანიშნავად აღიქმება მთელი სურათი, დეტალები კი მკაფიოდ არ ჩანს და არც ყურადღებას გვიფანტავს. მიდგომა თავისთავად ნაყოფიერი და დროული იყო, მაგრამ ის მეტისმეტად გაიწელა და კარგა ხანია ამოწურა თავი. დგება არა აღმოჩენებისა და წვდომის, არამედ შეუმჩნეველი, სკრუპულოზური (და არა მაინცდამაინც სიამოვნების მომგვრელი) მუშაობის დრო, რომელიც ფიროსმანის მემკვიდრეობის ყველა, სრულიად განსხვავებულ ასპექტებს შეისწავლის და პედანტურად აღნუსხავს შედეგებს. ალბომი "ნიკო ფიროსმანაშვილი. 100 კვადრატი" დელიკატურად გვიბიძგებს ამისკენ.

ბოლო კომენტარები
ყველაზე პოპულარული
  1. საზოგადოება >>

    aa
  2. ბლოგი >>

    aa
  3. ინტერვიუ >>

    aa
  4. პოლიტიკა >>

    aa
  5. უცხოეთი >>

    aa
  6. ბლოგი >>

    aa
  7. ბლოგი >>

    aa
  8. პრესომბუდსმენი >>

    aa
  9. თვალსაზრისი >>

    aa
  10. საზოგადოება >>

    aa
  11. თვალსაზრისი >>

    aa
  12. სტილი >>

    aa
  13. რევიუ >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. მარანი >>

    aa
  16. მარანი >>

    aa
  17. მარანი >>

    aa
  18. კულინარია >>

    aa
  19. წიგნები >>

    aa
  20. წიგნები >>

    aa
  21. წიგნები >>

    aa
  22. წიგნები >>

    aa
  23. წიგნები >>

    aa
  24. წიგნები >>

    aa
  25. საზოგადოება >>

    aa
  26. საზოგადოება >>

    aa
  27. ტექნოლოგიები >>

    aa
  28. ტექნოლოგიები >>

    aa
  29. საზოგადოება >>

    aa
  30. რევიუ >>

    aa
  31. თვალსაზრისი >>

    aa
  32. რევიუ >>

    aa
  33. სპორტი >>

    aa
  34. კალათბურთი >>

    aa
  35. კალათბურთი >>

    aa
  36. ჭიდაობა >>

    aa
  37. უცხოეთი >>

    aa
  38. რევიუ >>

    aa
  39. ამბები >>

    aa
  40. სპორტი >>

    aa
  41. სპორტი >>

    aa
  42. სპორტი >>

    aa
  43. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი