მისი ცხოვრება, შემოქმედების მსგავსად, გარკვეულწილად ხელოვნების ნიმუშად შეიძლება ჩაითავალოს.
24 საათი 06.05.12
მისი ცხოვრება, შემოქმედების მსგავსად, გარკვეულწილად ხელოვნების ნიმუშად შეიძლება ჩაითავალოს.
იმ ნიმუშად, რომელზეც ავტორი გულმოდგინედ მუშაობდა მთელი ცხოვრების მანძილზე და კვლავაც აგრძელებს მუშაობას. პროვოკატორი და "შემაწუხებელი" ფოტოგრაფის რეპუტაციის გამძაფრებას ჩეხი ფოტოგრაფი იან საუდეკი, საკუთარი ცხოვრების მაგალითითაც ცდილობს. მისი პერსონა იმდენად მედიაზირებულია საერთაშორისო პრესაში, რომ თითოეული მისი არტისტული მანიფესტაცია, ისევე როგორც, პირადი ცხოვრების დეტალები ფართო აუდიტორიის განსჯის საგანი ხდება. მას იცნობენ როგორც შვიდი შვილის მამას, ისევე როგორც მამაკაცს, რომელმაც მრავალი ქალი მიატოვა; ქმარს, რომლის აქტივშიც რამდენიმე წარუმატებელი ქორწინებაა; არტისტს და მოაზროვნეს, რომელიც მუდმივ და მძაფრ კონფლიქტშია თავის ოპონენტებთანაც და მომხრეებთანაც.
იან საუდეკის არტისტული რეპუტაცია ეროტიკით და პროვოკაციული ესთეტიკით გაჯერებულმა ფოტოებმა შექმნეს. ისინი, ისევე როგორც მათი ავტორის პიროვნება საერთაშორისო არტისტული საზოგადოების და პრესის მუდმივი ყურადღების ცენტრში არიან უკანასკნელი 30 წლის მანძილზე. ეროტიკულ ფოტოგრაფიაში მომუშავე თანამედროვე ავტორთაგან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი - იან საუდეკი - ფოტოგრაფიული კარიერის დასაწყისშივე მონათლეს "შემაწუხებელ ფოტოგრაფად". და ეს იმიტომაც მოხდა, რომ მისი ფოტოები ეროტიზმით გაჯერებული ფანტაზმების და სიკვდილის იმპულსების მეტად უცნაური, თვალშისაცემი და... შემაწუხებელი ნაზავია.
იგი მსოფლიოს 14 ქვეყანაში გამართული სამოცი პერსონალური ფოტოგამოფენის ავტორია. არის რამდენიმე წიგნის ავტორიც, წერს პრესისთვის, არის არაერთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი, მათ შორის, საფრანგეთის მთავრობის მიერ მისთვის მინიჭებული ხელოვნების ორდენისაც; არის ასევე ხელგაშლილი მეცენატი და... ფოტოგრაფიც, რა თქმა უნდა. ერთი სიტყვით კი, იან საუდეკი არის ადამაინი, რომელიც მისი ასაკისთვის (იგი 70 წლისაა) შესაფერისი სიმშვიდის მოპოვებაზე არც კი ზრუნავს. საკუთარ თავზე ამბობს, რომ არის: "დაუოჯახებელი, დაოჯახებული, გაშორებული და ქვრივი". მომავლის ყევლაზე ამბიციურ ჩანაფიქრად ასახელებს ერთი გენიალური ფოტოს გადაღებას, რომელსაც დაარქმევდა: "სამშობლო".
იან საუდეკი დაიბადა პრაღაში, 1935 წელს. მამით ებრაელი, მეორე მსოფლიო ომის დროს ოჯახთან ერთად საკონცენტრაციო ბანაკში ხვდება. ტერესიენდშტატის ბანაკში გატარებული წლები მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ მისი პიროვნების მომავალ განვითარებაზე და მის საბოლოო ჩამოყალიბებაზეც. ეს გავლენა მნიშვნელოვანწილად საუდეკის ფოტოგრაფიული ესთეტიკის განვითარების პროცესშიც გახდება ნათელი. საკონცენტრაციო ბანაკში ნაცისტების სისასტიკის უშუალო მოწმე, იგი ვეღარასდროს დაივიწყებს საკუთარი თვალით ნანახ სცენებს, რომელთა შორის ალბათ ყველაზე შემზარავი მომავალი ფოტოგრაფისთვის ტყვეების თანდასწრებით ცეცხლში გადაგდებული ბავშვია.
ყმაწვილობის პერიოდის ყველაზე ბედნიერ მოგონებად და მძაფრ შთაბეჭდილებად იან საუდეკი ფრანგი მწერლის, ლუი-ფერდინანდ სელინის ნაწარმოებს Le Voyage au bout de la Nuit ასახელებს. იგი ამ დროისთვის ახალგაზრდაა და მისი ერთადერთი სიმდიდრე ველოსიპედი და ფოტოაპარატია. ამავე პერიოდში საუდეკი მუშაობას იწყებს პრაღის ერთ-ერთ გამომცემლობაში და ნელ-ნელა მხატვრობით ინტერესდება. სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ კი ფოტოგრაფიაში იწყებს მუშაობას.
მეორე დიდი არტისტული მოვლენა რომელიც, საუდეკის თქმით, 60-იანი წლების დასაწყისში გადამწყვეტ როლს ითამაშებს მისი ინტერესების ჩამოყალიბებაზე, ცნობილი ამერიკელი ფოტოგრაფის ედუარდ სტეიხენის მიერ ორგანიზებული ცნობილი ფოტო გამოფენაა სახელწოდებით The Family of Man. 1969 წელს იგი პირველად მიემგზავრება ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც სხვათა შორის, თავის ფოტოებს ცნობილ ამერიკელ ფოტოკურატორს, ჰიუგ ედვარდსაც აჩვენებს. ედვარდსის მიერ გამხნევებული და ოპტიმიზმით აღსავსე საუდეკი ახალი შემართებით აგრძელებს ფოტოგრაფიული ცდების და ესთეტიკური ძიებების სერიას. ნელ-ნელა მისი საერთაშორისო რენომეც იზრდება და "პროვოკაციული" და თამამი ფოტოებით გამოწვეული წინააღმდეგობრივი შეფასებების მიუხედავად მას ჩეხეთშიც კი აღიარებენ.
პრაღაში დაბრუნებული იან საუდეკი თავის პატარა სარდაფს, რომელიც კარცერს უფრო გავს, სახელოსნოდ გადააკეთებს და მას ბაროკოს სტილში გააფორმებს. სწორედ აქ იწყებს იგი პირველი მნიშვნელოვანი ფოტო სერიების გადაღებას. მუშაობს მხოლოდ შავ-თეთრ ფოტოგრაფიაში და მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ იწყებს ფოტოების ხელით დაფერვას, რაც მისი ესთეტიკის განმსაზღვრელი ელემენტი ხდება.
მის მიერ არჩეული თემები ძირითადად ქალის სხეულის სექსუქლურობით და მგრძნობიარობით არის ინსპირირებული. საუდეკისთვის ფოტოგრაფია ხდება ის კრეატიული სივრცე, სადაც იგი სრული თავისუფლებით და ვნებით ეძლევა თავისი ეროტიკულ ფანტაზმების რეკრეაციას და ამ ფანტაზმებში სიკვდილის იმპულსებიც შეაქვს. საუდეკის მოდელები ძირითადად ქალები არიან - ლამაზები და უშნოები, ფიზიკური ნაკლებით და ფეხმძიმეები, მოხუცები და ახალგაზრდები. მამაკაცები ძალიან იშვიათად ხდებიან მისი ფოტოგრაფიული შთაგონების წყარო, თუმცა იმ იშვიათ გამონაკლისთა შორის, როდესაც იან საუდეკი მამაკაც მოდელებს იღებს, მისი მამა, ძმა და თვითონაც არის.
გადაღების დროს საუდეკი თავისი მოდელებისთვის უტრირებულ მაკიაჟს, უცნაურ კოსტიუმებს და ტანსაცმელს ირჩევს, რომელიც ხშირ შემთხვევაში სრულიად ამოვარდნილია ფოტოს საერთო კონტექტსტიდან. ფოტოგრაფი ხშირად იდენტური კომპოზიციის საფუძველზე ფოტოების სერიასაც იღებს, სადაც მოდელი ხან გახდილია, ხან -ჩაცმული. ჩაცმულ და შიშველ სხეულებს შორის კონტრასტი, საუდეკის ის ერთ-ერთი ძირითადი თემაა, რომელსაც იგი რეგულარულად უბრუნდება თავის შემოქმედებაში.
70-იანი წლების ბოლოდან იან საუდეკი თავისი ფოტოების ხელით დაფერვას იწყებს. იგი ხან ექსპრესიონისტულ, ხან ბაროკოს სტილს ირჩევს იმისთვის, რომ ნებისმიერი ფიზიკური ნაკლის ესთეტიზირება მოახდინოს. ფოტოზე ხელით დატანილი ფერები იან საუდეკის ჩანაფიქრის მიხედვით მისი ფოტოების ხელოვნურობას უსვამენ ხაზს. ამას ემატება კიტჩური აქსესუარები, უცნაური დეკორაცია და არაორდინალური მოდელები. ყველა იმ ელემენტის ერთობლიობა, რომელსაც საუდეკი ფოტოების შექმნისთვის იყენებს მათ ერთის მხრივ, მეოცე საუკუნის ექსპრესიონისტული ტრადიციების კონტექსტშიც აქცევს, მეორე მხრივ კი თანამედროვე ანუ ინფოგრაფიის ერის ხელოვნების ანსამბლშიც. თუმცა, თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიებისგან განსხვავებით, რომელსაც დღევანდელ ეტაპზე სულ უფრო და უფრო ხშირად იყენებენ გარკვეული მიმდინარეობების ფოტოგრაფიაში, ესთეტიკური ეფექტების მიღწევას იან საუდეკი ისევ ფოტოების ხელით დაფერვის პრინციპით აგრძელებს.
იან საუდეკის ამბიცია ყოველთვის იყო და რჩება ფოტოგრაფიის მხატვრობასთან მიახლოვება. ფოტოების დაფერვა მისთვის შავ-თეთრი გამოსახულებიდან ფერწერული ტილოს ვიზუალური ეფექტის მიღების გზაა. ეს ასევე ფოტოგრაფიული გამოსახულებისთვის ჩვეული რეალიზმის ილუმინირების გზაც არის, რაც მის მიერ შექმნილ სამყაროს გარკვეულწილად მაგიური სამყაროს ელფერსაც მატებს. საუდეკი ხშირად იმასაც აცხადებს ხოლმე სახალხოდ, რომ იგი მალე მთლიანად მიატოვებს ფოტოგრაფიას და მხოლოდ ფერწერაში დაიწყებს მუშაობას. თუმცა, ვიდრე ეს მოხდება, იან საუდეკი განაგძობს ფოტოების გადაღებას. განაგრძობს თავისი ხედვების და ფანტაზმების ერთგავრ თეატრალიაზაციას. თვალშისაცემი ეროტიზმის მიუხედავად, მის ფოტოებში გაცილებით მეტი დევს, ვიდრე შეიძლება მარტივი ეროტიკული ძიებები იყოს. მას ადამიანი აინტერესებს, რომელსაც იგი იმპულსებით და გრძნობებით აღსავსე იღებს. ხოლო მისი უტრირებული ესთეტიზმი სხვა არაფერია, თუ არა ნიღაბი, რომლის უკანაც მოაზროვნე ფოტოგრაფი იმალება. მოაზროვნე და "შემაწუხებელი".