RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
22 მაისი, სამშაბათი 2012
თბილისი ... ...
რევიუ >>

ცხოვრება ანტიბავშვურ სახელმწიფოში

ყოველთვის, როცა ახლოვდება ივნისი, გულს განსაკუთრებით უხარია - სწორედ ამ დროს თბილისში წიგნის ფესტივალი იმართება.

24 საათი 30.10.11

ყოველთვის, როცა ახლოვდება ივნისი, გულს განსაკუთრებით უხარია - სწორედ ამ დროს თბილისში წიგნის ფესტივალი იმართება.

თავდაპირველად ფესტივალს "ცისფერი გალერეა" მასპინძლობდა, შემდეგ - ფილარმონიის ფოიე, ბოლო წლებში კი "ექსპო ჯორჯიას" ვრცელ პავილიონში გადაინაცვლა. ადგილმდებარეობის მონაცვლეობა გამომცემლობების რაოდენობამ განსაზღვრა. დიახ, მათი რიცხვი იზრდება და მაღაზიის დახლებზეც ახალ-ახალი წიგნები ჩნდება. ამისდა მიუხედავად, ხშირად სავსებით სამართლიან საყვედურებსაც მოისმენთ: ქართველი გამომცემლების უმრავლესობა მხოლოდ ფულის მოგებას ცდილობს და იმ წიგნებს ბეჭდავს, რაც კარგად იყიდება. ხოლო ის, რაც "კარგად იყიდება", ყოველთვის კარგი ნამდვილად არ არის. ძალაუნებურად გახსენდება ერთი საყურადღებო კვლევა, რომლის თანახმადაც გაირკვა, რომ წიგნიერების მხრივ დასაკვეხნი არაფერი აღარ გვაქვს. მარტივად რომ ვთქვათ: ჩვენი საზოგადოება წიგნს ნაკლებად ეტანება. რესპონდენტად ნაირა გელაშვილი შემთხვევით არ შეგვირჩევია - "კავკასიური სახლი", რომელსაც ქალბატონი ნაირა უდგას სათავეში, ერთი იმათგანია, სადაც კარგად აქვთ გააზრებული, რა უნდა გამოსცენ და თარგმნონ და, რაც მთავარია, ეს ყველაფერი როგორ მიაწოდონ მკითხველს.

იმდენად ბევრი კითხვა დაგროვდა ქართველ გამომცემლების მისამართით, სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცი, საიდან დავიწყო. ალბათ, წიგნიერების პრობლემიდან ...

იმ ქვეყნის გამომცემლებს, სადაც კულტურული სივრცე გავერანებულია და სიღატაკე მძვინვარებს; სადაც მთავარ პრობლემად ქცეულა, გადარჩება თუ გაქრება ხალხი, მისი ისტორიული საზრისი და სულიერი ხატი, გამომცემლებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრიათ. ჩვენი გამომცემლობები, სულ ცოტა, იმისთვის უნდა ზრუნავდნენ, რომ ოდნავ მაინც ამოქაჩონ ყოვლად ჩავარდნილი საგანმანათლებლო რეფორმა. ამიტომ არსებითი მნიშვნელობა აქვს, თუ რას ბეჭდავენ, რა კრიტერიუმით ხდება სათარგმნი ლიტერატურის შერჩევა და ასე შემდეგ. შეგნებული გამომცემელი, რომელიც მხოლოდ კომერსანტი კი არა, თავისი ქვეყნის მოქალაქეცაა, თავის საქმიანობას ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებს უნდა უსადაგებდეს, ამისათვის კი თვითონ უნდა გააჩნდეს შესაბამისი განათლება - თუ არადა, მრჩევლები მაინც იყოლიოს. მართალია, "კავკასიური სახლი" არაკომერციული გამომცემლობაა და ძირითადად გრანტებზეა დამოკიდებული, მაგრამ ხშირად წიგნებს ჩვენი დანაზოგითაც გამოვცემთ. განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ დამწყებ ავტორებს და ახალგაზრდა პოეტებს, რადგან ჩვენი გამომცემლების დიდი ნაწილი რატომღაც პოეზიას არ წყალობს. არადა, პოეზიის მფარველობა აუცილებელია. დღეს მთელი მსოფლიო, მთელი მიწიერი ცხოვრება საშინელი მატერიალიზაციითაა დაღდასმული. დიდი გრძნობები დამიწებულია, სული ჩამქრალია. და ამ დროს ჩვენს გვერდით ცხოვრობს ადამიანი, რომელიც ერთიანად ამ აქროლადი ელემენტით არის გამსჭვალული და გასწავლის ტლანქი ცხოვრების მხატვრულ სახეებში აღქმას. სწორედ პოეზიას გადავყავართ სხვა განზომილებაში და თუ პოეტური საწყისი სულ ჩაკვდა, ეს სიცოცხლის სიკვდილი იქნება. სამყარო პოეტური პრინციპითაა მოწყობილი - ის ლამაზია, ნაზი, ძლიერი და ცოცხალი .... სწორედ ამის შემჩნევა და გაფრთხილებაა პოეზია. როცა პოეზია გლოვობს, ის არსებითად შესაქმის წახდენას გლოვობს. ცხადია, ნამდვილი პოეზიის გარჩევას მდარესაგან განათლება და ინტუიცია სჭირდება.

მეორე მიმართულება, რაც ასევე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ესაა სამეცნიერო და კვლევითი ლიტერატურას გამოცემა. ვერც ამ მხრივ დავიკვეხნით, სამწუხაროდ. არცაა გასაკვირი - როცა ერთი მეორის მიყოლებით იხურება კვლევითი ინსტიტუტები, იქ სამეცნიერო ლიტერატურის განვითარებაზე ლაპარაკი ზედმეტია. ამიტომაც ვებღაუჭებით ამ ნიშას. ჩვენი გამოცემები ამ მხრივ, ცხადია, კავკასიის პრობლემებთანაა მიბმული.

როდესაც კავკასიის ხალხების პრობლემებზე ვლაპარაკობთ, იქ ავტომატურად დგება ენობრივი ბარიერის საკითხი. რა უნდა გავაკეთოთ დღეს იმისათვის, რომ ჩვენ და კავკასიაში მახცოვრებელმა დანარჩენმა ეთნოსებმა საერთო ენა გამოვნახოთ?

თუ "კავკასიური სახლის" სფეროთი შემოვიფარგლებით, რაც შეიძლება მეტი უნდა ითარგმნოს კავკასიის ხალხების ენებიდან ქართულად და პირიქით. ეს ნიშნავს ამ ხალხებს შორის ხანგამძლე სულიერი ხიდების გადებას. ჩვენ ხომ სინამდვილეში თითქმის არაფერი არ ვიცით ერთმანეთის კულტურაზე. რასაკვირველია, ერთი ორგანიზაცია, - "კავკასიურ სახლს" ვგულისხმობ, - ამ სიცარიელეს ვერ ამოავსებს, მაგრამ ჩვენ ჩვენს გასაკეთებლს ვაკეთებთ. სიმართლეს ვერ გავექცევით: საქართველომ მთლიანად დაკარგა კავკასიის კულტურული ცენტრის ფუნქცია. არადა, ჩვენ ნამდვილად ვიყავით კულტურული ცენტრი, გნებავთ - კულტურის გამტარი მთელს კავკასიაში, ერთგვარი - კულტურული შემკრები, თუნდაც გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე. კავკასიოლოგია ავიღოთ, რომელიც ტრადიციულად კარგად იყო განვითარებული საქართველოში. დღეს ჩვენი კავკასიოლოგია ძალიან ჩამორჩება რუსეთისას, მათი შედარება უბრალოდ შეუძლებელია. ჩვენგან განსხვავებით რუსეთში კვლევა და წიგნის კითხვა არ შეწყვეტილა. ასევე არ შეჩერებულა მთარგმნელობითი საქმიანობაც. ის კი არადა, იმაზე მეტს თარგმნიან, ვიდრე ეს საბჭოთა კავშირის დროს ხდებოდა. და ჩვენ რითი ვიწონებთ ამ დროს თავს? მხოლოდ იმით, რომ რუსული აღარ ვიცით და ვეღარც რუსულ წიგნები აღწევს ჩვენამდე. რაც ჩამოდის, იმდენად ძვირია, უმრავლესობა მათ შეძენას ვერ ახერხებს. რუსეთთან ჩვენი ურთულესი და წინააღმდეგობებით აღსავსე ურთიერთობის ყველაზე დიდი პლიუსი ის იყო, რომ რუსული ენის ცოდნა უცხოური ლიტერატურის გაცნობისა და კავკასიელ ხალხებთან ურთიერთობის საშუალებას გვაძლევდა. რაკი დღეს სხვა რეალობაში გვიწევს ცხოვრება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ კავკასიელ ხალხებთან ინგლისურის მეშვეობით დავამყარებთ კავშირს. აი, ამიტომ უნდა ითარგმნოს რაც შეიძლება ბევრი ქართულიდან სხვა ენებზე და პირიქით.

და თქვენც თარგმნით ...

შეძლებისდაგვარად ვთარგმნით აზერბაიჯანულად, სომხურად, ჩეჩნურად, რუსულად და გამოვცემთ კიდეც. ახლახან "დათა თუთაშხია" გამოვიდა აზერბაიჯანულ ენაზე - შესანიშნავად თარგმნილი ემინ მახმუდოვის მიერ. მას ჩვენ აზერბაიჯანელ მოსახლეობას ვურიგებთ. ერთმა ბაქოელმა გამომცემელმა ჩვენი თარგმანის აზერბაიჯანში დაბეჭდვის უფლება გვთხოვა. ასევე გამოვეცით ქართული, სომხური და აზერბაიჯანული თანამედროვე ლირიკის ანთოლოგია. ყველა მათგანი ორენოვანი გამოცემებია: ქართულად და სომხურად, ქართულად და აზერბაიჯანულად. გაირკვა, რომ, მაგალითად, სომხებს ძალიან საინტერესო თანამედროვე პოეზია ჰქონიათ და ეს ჩვენ არ ვიცოდით. იგივეს ვიტყოდი აზერბაიჯანელ პოეტებზეც. გივი შახნაზარს რომ არ ეთარგმნა თავის დროზე მსოფლიო მნიშვნელობის სომეხი პოეტი პარუირ სევაკი, ვის დააკლდებოდა, ჩვენ თუ სომხებს? ასევე, მნიშვნელოვანი საჩუქარი იყო ჩეჩენი ხალხისთვის ალექსანდრე ყაზბეგის მოთხრობები ჩეჩნურ ენაზე. ჯერ კიდევ მაშინ, როცა მეორე ჩეჩნურ-რუსული ომი მძვინვარებდა, სოლიდარობის ნიშნად, რასაც, რასკვირველია, პოლიტიკური დატვირთვაც ჰქონდა, "კავკასიურმა სახლმა" გამოსცა კრებული ჩეჩენი ბავშვებისთვის - "მზე დედაა ჩვენი". აქ თავმოყრილია უძველესი ჩეჩნური ტექსტები, უმთავრესად რიტუალური პოეზიის ნიმუშები (სამწუხაროდ, მაშინაც გაგვიჭირდა და დღესაც გვიჭირს ჩეჩნური ენის სპეციალიტების მოძიება). ეს გამოცემა მარტო იმიტომ იყო საინტერესო, რომ ძალიან ბევრი ნიუანსი ჩეჩნების ყოფიდან ჩვენსას ემთხვევა. არცაა გასაკვირი - ჩვენ ხომ ერთი ეთნოკულტურული სამყაროს ნაწილი ვართ, მაგრამ უბრალო ხალხმა, მით უფრო ბავშვმა, ამ ერთობის შესახებ თითქმის არაფერი აღარ იცის. მაგალითად, ჩვენი ლაზარობა, როცა გვალვისგან შეწუხებული ხალხი თიხის თოჯინით სოფელ-სოფელ დადიოდა და ღმერთს შესთხოვდა, - "აღარ გვინდა გოროხი, ღმერთო, მოგვეც ტალახი", - თითქმის არაფრით არ განსხვავდება ჩეჩნური რიტუალისაგან. თითქოს უმნიშვნელო დეტალია, მაგრამ სწორედ ასეთ დეტალებში მჟღავნდება ჩვენი ერთობა. გარდა იმისა, რომ ტექსტები თარგმნილი იყო რუსულად და ქართულად, კრებულში ასევე შევიტანეთ რუსული ფოლკლორის ნიმუშებიც ანალოგიური კონტქესტიდან. ძალიან რთული სამუშაო გავწიეთ, წიგნი მართლაც საინტერესო გამოვიდა. და ეს ყველაფერი გაგანია ომის დროს შევკრიბეთ, როცა გროზნო იბომბებოდა და არქივებისთვის არავის ცხელოდა. იმავე პერიოდში გამოვეცით წიგნი "ვაინახები" ქართულად, რუსულად და ინგლისურად. წიგნის ავტორია პროფესორი გიორგი ანჩაბაძე. მე თუ არ მეცოდინება, რა კულტურული მემკვიდრეობის პატრონია ესა თუ ის ხალხი, ნამდვილი პატივისცემა არ მექნება მისადმი. ან ისინი რატომ შეგვიყვარებენ ჩვენ, თუ ჩვენი არაფერი არ ეცოდინებათ?

რუსულად წიგნების გამოცემას დღეს ბევრი გამომცემელი გაურბის ...

სულ ტყუილად, რადგან რუსული ენა კი არ არის საშიში და მიუღებელი, არამედ ის პოლიტიკა, რასაც რუსეთი ჩვენს მიმართ ხშირად ჩვენივე უგნურებით ატარებს. თუ არ ვცდები, ჩვენ ვართ ერთადერთი გამომცემლობა, რომელიც რუსულადაც გამოსცემს წიგნებს - აქ მხოლოდ ორენოვანი ტექსტები არ მაქვს მხედველობაში. ვგულისხმობ იმ წიგნებს, რომელიც მხოლოდ რუსულად გამოვეცით. სანამ ეს სამყარო იარსებებს, ჩვენ, კავკასიელებს და რუსებს გვერდიგვერთ მოგვიწევს ცხოვრება. რაც უფრო გვეხსომება რეალობა, მით უკეთესი ჩვენთვის. ჩრდილოეთ კავკასიაში უმრავლესობას რუსული განათლება აქვს მიღებული. როცა კავკასიაზე ვლაპარაკობთ, თუნდაც მხოლო კულტურულ ჭრილში, პოლიტიკას მაინც ვერ ავცდებით. რასაკვირველია, "კავკასიური სახლი" გამოხატავს ჩვენს პოლიტიკურ სტრატეგიას, მეტიც, ჩვენ ვცდილობთ, სწორი ორიენტირების შერჩევაში დავეხმაროთ ხალხს. ბევრს რომ ლაპარაკობენ პოლიტიკურ წრეებში ჩერქეზებზე, მაინტერესებს ერთი, იციან კი რამე მათ შესახებ? ჩვენ უკვე გამოვეცით ჩერქეზული ფოლკლორის ანთოლოგია - ქართულად და რუსულად თარგმნილი. ასევე, გამოვეცით ჩერქეზი მეცნიერის ბარაზბი ბლაჟნოყოს წიგნი "ჩერქეზები" რუსულად (თავად ავტორი რუსულად წერს), რომელიც ამამწურავ ინფორმაციას გვაწვდის ამ არაჩვეულებრივი ხალხის შესახებ. მეორე მაგალითსაც მოგიყვანთ: გაუთავებლად რომ ლაპარაკობენ სომხებისა და ქართველების ურთიერთობაზე, ისიც ვიკითხოთ, მაინც, რამდენი წიგნი არსებობს, სადაც ეს ურთიერთობები ობიექტურად და ღრმადაა გაანალიზებული? არადა, ამ დროს სომხური ისტორიოგრაფია, განსაკუთრებით ემიგრანტული, თანამედროვე მეცნიერული მეთოდოლოგიით არის აღჭურვილი და ინტენსიურად ვითარდება. მართალია, ჩვენ გამოვეცით პროფესორ გურამ მაისურაძის ნაშრომი ქართულ-სომხური ურთიერთობების შესახებ, თან ქართულად და რუსულად, მაგრამ გაცილებით ბევრია გასაკეთებელი ამ მიმართულლებით. ჩვენ მხოლოდ პრეტენზიები გვაქვს, მაგრამ ვინმემ დაგვიშალა ქართულ-სომხური ურთიერთობების საფუძვლიანად შესწავლა? რაც შეეხება მაისურაძის ნაშრომს, როგორც კი გამოვეცით, სომხებმა შეიძინეს და ღრმად ვარ დარწმუნებული, გულდასმით ეცნობიან მას. ამ ყველაფერს სახელმწიფო უნდა ადგამდეს თავს, თუ კავკასიის ერთიანობა მისთვის მართლაც მნიშვნელოვანია. როცა შენ ამბობ, რომ ევროპული ორიენტაცია გაქვს და ამ დროს ევროპის სულიერი კულტურის ათვისება თითქმის შეწყვეტილია (და ეს თარგმანსაც შეეხება), გამოდის, რომ უწყვეტ უკუსვლასთან გვაქვს საქმე. მთარგმნელობითი კოლეგია რომ არ ყოფილიყო, უნდა შეგვექნმა. და აქ კი გააუქმეს. ერთი მასშტაბური პერიოდული გამოცემა არა გვაქვს, რომელიც სწორედ დასავლეთში მიმდინარე კულტურულ თუ სამეცნიერო პროცესებს გაგვაცნობდა. კი, ბატონო, ჩვენ გამოვცემთ ყოველწლიურ ჟურნალ "აფრას", სადაც ორი მესამედი ნათარგმნ ლიტერატურას ეთმობა, როგორც მხატვრულს, ისე სამეცნიეროს (ფილოსოფია, თეოლოგია, რელიგია...), მაგრამ ეს ხომ არ კმარა?! მეცინება ხოლმე, რომ გამოაცხადებენ, ამა და ამ კაცს თარგმანში მივეცით პრემიაო. რა იცი, როგორ თარგმანია, როცა შედარებულიც არ გაქვს ორიგინალთან? თქვენ გგონიათ, რაც ქართულად ლამაზად ჟღერს, აუცილებლად კარგი თარგმანია? თუ ქვეყანაში არ არის იმ მწერლის შემოქმედების მკვლევარი, ვისი ნაწარმოებებიც ითარგმნება, ნურავინ დაიჩემებს, რომ თარგმანის შეფასება შეუძლია.

ყველაფერი, რაზედაც თქვენ ამახვილებთ ყურადღებას, როგორ დავუკავშიროთ წიგნიერების პრობლემას, რითაც დაიწყო კიდეც ჩვენი საუბარი?

თუ ხელისუფლება დაისახავს მიზნად, რომ მისი ქვეყანა იყოს არა მოსამსახურე პერსონალი ტურისტებისთვის, არამედ - მეცნიერების, განათლებისა და კულტურის ცენტრი, ეს პრობლემები, რაზედაც ახლა ვლაპარაკობთ, დაიძლევა. მაგრამ, როგორც ჩანს, ხელისუფლებაში არ იციან, რომ მარტო ტურიზმს არ მოაქვს ფული და მეცნიერება და კულტურა გაცილებით მეტ ფულს შემოიტანს, თუ ამ სტრატეგიას ღრმად და ყოვლისმომცველად გავიაზრებთ. თუნდაც ის იქნებოდა მნიშვნელოვანი, რომ საქართველოსთვის დაგვებრუნებინა კულტურულ-სამეცნიერო ცენტრის, გამაერთიანებლის ფუნქცია. როცა მეცნიერების განვითარებაზე ბიუჯეტიდან მხოლოდ 0,13 პროცენტია გამოყოფილი, ეს უკვე დასასრულია. აბა, დააკვირდით ახალგაზრდებს - მარტივი თანწყობილ წინადადებით ელაპარაკები და ვერ გიგებს.

საგანგაშოა ქართული საბავშვო ლიტერტურის სიმწირეც. დღევანდელ ბავშვებს თვითონ ლიტერატურა სხვა ფორმით უნდა მივაწოდოთ. ჩვენი დროის ბავშვს რომ წიგნი წააკითხო, რაღაც ახალი უნდა მოიგონო, მაგალითად - საბავშვო ლიტერატურა აუდიო დისკებითაც მიაწოდო. ცნობილია, რომ ბავშვს კითხვა უჭირს, მით უფრო ახლა, როცა ფაქტობრივად ინტერნეტში ცხოვრობს და მთელი სამყარო შეშლილობითა და ხმაურითაა დამძიმებული. იყოს წიგნი, რომელსაც ოდესმე წაიკითხავს, მაგრამ იყოს ის დისკიც, რომელიც სწორედ იმ წიგნის წაკითხვაში დაეხმარება. გარკვეული გამოცდილება ამ საქმეში მეც მაქვს - ჩემი ზღაპარი ("გოლიათების მწვანე კუნძული და ლტოლვილი გოგონა ნიანია") სწორედ აუდიოდისკებთან ერთად გამოვეცი. ესაა ფაქტობრად ოპერა-ზღაპარი ჩემსავე მუსიკაზე. არანჟირება ნუკრი აბაშიძეს ეკუთვნის. ასეულობით ეგზემპლარი დავარიგეთ, განსაკუთრებით ბევრი ჩავიტანეთ სოფლებში. ძალიან მიხარია, რომ ფსიქოლოგებმა ეს დისკები, როგორც ფსიქოთერაპიის საშუალება, ისე მოიწონეს. ახლა გვინდა, ჩვენ თვითოვნე დავაარსოთ ხმის ჩამწერი სტუდია და საბავშვო ლიტერატურა ამ ფორმით გავავრცელოთ. გამოვცემთ როგორც ზღაპრებს, ისე ცნობილ ლიტერატურულ ნაწარმოებებსაც. ასევე გვინდა, რომელიმე ერთი მწერალი, - ვთქვათ, ილია ჭავჭავაძე, - ერთ დიკსში ჩავატიოთ და ბავშვებს მივაწოდოთ ყველაზე მთავარი, რაც მათ აუცილებლად უნდა იცოდნენ ილიას შესახებ: ცნობილი ლექსები, გამონათქვამები, ბიოგრაფია ... ეს ყველაფერი ისე კომპაქტურად იქნება შეკრებილი, როგორც ერთი მთლიანი ნაწარმოები. მოისმენს ბავშვი და მერწმუნეთ, აუცილებლად გაუჩნდება ილიას უკეთ გაცნობის სურვილი. ვფიქრობ, ამას ბატონი შაშკინიც კი შეგვატანინებს სკოლებში. ჯერჯერობით ქართველი ავტორებით დავიწყებთ, თუმცა მერე, იმედია, უხცოელ მწერლებზეც გადავალთ. ცხადია, ამ საქმეს სათავეში პროფესიონალები ჩაუდგებიან. რა დააშავეს ჩვენმა საწყალმა ბავშებმა? ეკოლოგიურად მოწამლულ პროდუქტს ეგენი ჭამენ, სტრესულ გარემოში ეგენი ცხოვრებენ, სივრცეც აღარ დავუტოვეთ სათამაშოდ, გარაჟებით, კორპუსებითა და მანქანებით გავჭედეთ... სამწუხაროდ, საქართველო ანტიბავშვური სახელმწიფო გახდა. აბა, რომელ ჭკუათმყოფელს მოუვა თავში, რომ 5 წლის ბავშვი სკოლაში მიიყვანოს და კომპიუტერი მიაჩეჩოს ხელში?! ეს ხომ ის ასკია, როცა ბავშვმა ბევრი უნდა დაისვენოს, იკოტრიალოს, ითამაშოს .... საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია: თანამედროვე ბავშვის გონება შტურმირებულია უამრავი, მისთვის არასასურველი ინფორმაციით - კომპიუტერული თამაშები, რეკლამები, ბილბორდები, მორბენალი სტრიქონები, ხმაურის ყველა სახეობა ქუჩებში, ფილმებში ... თუ ეს ყველაფერი ასე გაგრძელდა, იქნება ქვეყანა, რომელსაც ერქმევა საქართველო, მაგრამ ეს საზრის და სახე დაკარგული, გონებასუსტი მასის ქვეყანა იქნება..


ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. რევიუ >>

    aa
  5. სპორტი >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. პოლიტიკა >>

    aa
  9. ინტერვიუ >>

    aa
  10. საზოგადოება >>

    aa
  11. თვალსაზრისი >>

    aa
  12. უცხოეთი >>

    aa
  13. პრესომბუდსმენი >>

    aa
  14. თვალსაზრისი >>

    aa
  15. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  16. რევიუ >>

    aa
  17. რევიუ >>

    aa
  18. სტილი >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. მარანი >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. კულინარია >>

    aa
  28. კულინარია >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. წიგნები >>

    aa
  37. წიგნები >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  43. ამბები >>

    aa
  44. ტექნოლოგიები >>

    aa
  45. ტექნოლოგიები >>

    aa
  46. რევიუ >>

    aa
  47. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  48. რეგიონი >>

    aa
  49. კალათბურთი >>

    aa
  50. სპორტი >>

    aa
  51. რაგბი >>

    aa
  52. რაგბი >>

    aa
  53. წიგნები >>

    aa
  54. წიგნები >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი