RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
22 მაისი, სამშაბათი 2012
თბილისი ... ...
რევიუ >>

ავტორები და ილუსტრატორები საბავშვო წიგნებში

ილუსტრაცია ზოგჯერ ლიტერატურული ტექსტის განუყოფელ ნაწილად იქცევა, თითქოს, მხატვარი აგრძელებს მწერლის ნაშრომს - უფრო სრულყოფილს ხდის მას.

24 საათი 19.02.12

ილუსტრაცია ზოგჯერ ლიტერატურული ტექსტის განუყოფელ ნაწილად იქცევა, თითქოს, მხატვარი აგრძელებს მწერლის ნაშრომს - უფრო სრულყოფილს ხდის მას.

ისე გავითავისებთ ხოლმე ამა თუ იმ გმირის სახეს, ვერც წარმოგვიდგენია, სხვაგვარი როგორი უნდა ყოფილიყო კონკრეტული პერსონაჟი! ხშირად გვექმნება შთაბეჭდილება, რომ ტექსტი დაიწერა ილუსტრაციებისთვის და არა პირიქით, ან მწერალი და მხატვარი იმთავითვე თანამშრომლობდნენ. მსგავს სტერეოტიპებს, როგორც წესი, საბავშვო წიგნები გვიყალიბებენ, მათ ფურცლებზე გაცოცხლებული გმირები ისე ღრმად იბეჭდებიან ჩვენს ცნობიერებაში, რომ ვერ ვუშვებთ, რომ შეიძლება არსებობდეს "სხვა" მუმინი, ვინი პუჰი, ალისა, ჩეშირული კატა, კარლსონი, მერი პოპინსი, პეპი და ა.შ.

მრავალი საბავშვო წიგნის ტექსტი და ილუსტრაცია ისე ჰარმონოიულად ერწყმის ერთმანეთს, უხეშად რომ ვთქვათ, ისეთ სრულყოფილ პროდუქტს ქმნის, რომ ნებისმიერი ბესტსელერის გაყიდვების მაჩვენებლებს აჭარბებს თავისი ტირაჟით. თუმცა, კომერციისა და ციფრული მონაცემების მიღმა საინტერესო ისტორიები იმალება. კერძოდ, თუ როგორ იქმნებოდა ის საბავშვო წიგნები, ასე რომ შევიყვარეთ, გავეჩვიეთ და გამორჩეული ადგილი მივუჩინეთ ჩვენი ბიბილიოთეკის თაროებზე.

და ბოლოს, ამ წერილით ორი კურდღლის მონადირება მსურს - მას ერთ პატარა გოგონას ვუძღვნი, რომეილც ახლახან გაჩნდა, ელენე დაარქვეს და დარწმუნებული ვარ კითხვა მის უსაყვარლეს საქმედ იქცევა. ამისთვის მისი მწერალი დედიკო (ჩვენი რედაქტორი, მწერალი თეონა დოლენჯაშვილი) არაფერს დაიშურებს.

მუმინების შემქმნელი

ზოგჯერ მწერლები თავად ხატავენ საკუთარი წიგნის გმირებს. მათ შორისაა ცნობილი ფინელი ავტორი ტუვე იანსონი (1914-2001 წწ), რომელიც მუმინების შესახებ დაწერილი წიგნებით საქვეყნოდ ცნობილი გახდა.

ტუვე იანსონი ბოჰემურ ოჯახში დაიბადა: დედამისი ცნობილი მხატვარი-ილუსტრატორი გახლდათ, მამა კი აღიარებული მოქანდაკე. დედის მხრიდან ტუვე უძველესი შვედური გვარის, ჰამარშტენების შთამომავალი იყო - ჰამარშტენების უმრავლესობა კი თვალსაჩინო სახელმწიფო მოღვაწეები და ცნობილი ადამიანი გამოდიოდნენ. საინტერესოა, რომ იანსონი თავის ინტერვიუებში ხშირად ახსენებდა დედას და მის წინაპრებს, მამაზე კი ნაკლებს საუბრობდა.

ერთ დღეს ტუვე იანსონმა მომხიბვლელი არსებები დახატა, ისინი იდილიურ გარემოში, მუმინების ხეობაში დაასახლა, მათ შესახებ საოცარი ამბების მოყოლა დაიწყო და საქვეყნოდ ცნობილ საბავშვო ავტორად იქცა - 1950-60-იან წლებში მისმა წიგნებმა პოპულარობის ყველა რეკორდი მოხსნა. წიგნები მუმინებზე მთელ მსოფლიოში მრავალმილიონიანი ტირაჟით იყიდებოდა. "ჯადოქრის ქუდი" 34 ენაზე გადაითარგმნა, მათ შორის იაპონურად, ტაიტურად და სპარსულად.

მუმინების შესახებ სულ 8 წიგნი დაწერა: "კომეტა მუმინების ხეობაში," "ჯადოქრის ქუდი," "სახიფათო ზაფხული," "მამა მუმინის მემუარები," "ნოემბრის მიწურულს," "ჯადოსნური ზამთარი," "მამა და ზღვა," "მუმინტროლი და დიდი წყალდიდობა." ასევე მოთხრობების წიგნი "უჩინარი ბავშვი" და 4 ნახატებიანი წიგნი. იანსონი თავად წერდა თეატრისთვის ადაპტირებულ ტექსტებს საკუთარი წიგნების მიხედვით, "სახიფათო ზაფხული" კი თავიდან ბოლომდე გადააკეთა პიესად და "მუმინ-ტროლი კულისებს მიღმა" დაარქვა, შექმნა ასევე ლიბრეტო მიუზიკლისთვის "მუმინ-ოპერა."

მუმინების "სახლი"

პირველი მუმინი გაცილებით ადრე შეიქმნა - დაიხატა (1930 წელს), ვიდრე მის შესახებ წიგნი დაიწერებოდა, 1940 წელს კი ფინურ ჟურნალში Garm კარიკატურის სახით გამოქვეყნდა. 1945 წელს გამოვიდა პიველი წიგნი "პატარა ტროლები და დიდი წყალდიდობა," რომელიც ტუვე იანსონმა 1938 წელს დაწერა და დაასურათა. პოლულარობა კი მას 1946 წელს, მუმინების შესახებ დაწერილმა მეორე ამბავმა ("კომეტა მუმინების ხეობაში") მოუტანა. წიგნში დეტალურად იყო აღწერილი მუმინების ხეობა - ადგილი, სადაც მუმინების შესახებ მომავალი ამბები განვითარდა. 1949 წელს გამოვიდა "ჯადოქრის ქუდი," რომელმაც ბიძგი მისცა მუმინ-ბუმს სხვადასხვა ქვეყანაში.

იანსონის მხატვრული სამყაროს საფიუძველი სახლია - სახლი, სდადაც მუდამ თბილა, შუქი ანთია, ახლობლები გელიან, მზადაა გემრიელი კერძები და თბილი ლოგინია გაშლილი. ესაა "უსაფრთხოებისა და სიყვარულის ერთგვარი ციტადელი," მის შესახებ უბრალოდ ფიქრი და ოცნებაც კი ნებისმიერი წინააღმდეგობის გადაგალახვაში დაგეხმარება. ამ "სახლში" ყოველთვის შეგიძლია დაბრუნდე!

გახსოვთ, გაშლილ მაგიდასთან, მშვიდად ჩამომჯდარი დედა მუმინი როგორ აუღელვებლად ელის გაუთავებელი მოგზაურობიდან მუმინ-ტროლის დაბრუნებას ("კომეტა მუმინების ხეონბაში")?

მუმინ-ბუმი

თავსდატეხილი პოპულარობა ერთის მხრივ ახარებდა ტუვე იანსონს, თუმცა. საკუთარი შემოქმედების უსაზღვრო კომერციალიზაცია ცოტა არ იყოს, აღიზიანებდა. წიგნების გარდა მას შემოსავალი მუმინ-თემათიკიდანაც (მაისურები, კეპები, ცხვირსახოცები, სამკერდე ნიშნები და სხვა) გაუჩნდა. საბოლოოდ მან ფინეთის ყურეში კუნძულ კლოვხარუმის შესყიდვა შესძლო. სწორედ ამ კუნძულს აფარებდა თავს მომაბეზრებელი თაყვანისმცემლებისგან და ჟურნალისტებისგან შეწუხებული.

მალე ტუვე იანსონს Associated Press-დან დაუკავშირდნენ, სთხოვეს მუმინები კომიქსების გმირებად ექცია და შვიდწლიანი კონტრაქტი გაშესთავაზეს. მწერალი სიხარულით დათანხმდა, ვინაიდან მსგავსი სამუშაო მისთვის სტაბილური შემოსავალის გარანტად იქცეოდა, თუმცა მისმა ნაბიჯმა გარშემომყოფთა უკმაყოფილება გამოიწვია: მეგობრებმა ჩათვალეს, რომ ტუვემ თვისი ნიჭი დასავლურ მასკულტურას მიჰყიდა, გარდა ამისა, საბავშვო კომიქსების ხატვა ბოჰემურ სკანდინავიურ გარემოში დამამცირებელ საქმიანობად იყო მიჩნეული. მიუხედავად ამისა, იანსონმა კონტრაქტი გააფორმა, ვინაიდან თვლიდა, რომ სიღრიბე უფრო დამამცირებელია, ვიდრე ნებისმიერი სამუშაო.

პირველი მუმინ-კომიქსი 1954 წლის 20 სექტემბერს ლონდონის გაზეთის The evening news გვერდებზე გამოჩნდა. მუმინ-თემატიკის პოპუარობის პიკზე იანსონის კომიქსები 17 ქვეყნის 58 გამოცემაში იბეჭდებოდა. თავიდან იანსონი თავად ხატავდა თითოეულ კომიქსს, მალე კი ეს სამუშაო გადააბარა ძმას, ლარს იანსონს, რომელიც საოცარი ენთუზიაზმით შეუდგა ხატვას, 20 წლის მანძილზე ის შეუჩერებლად იგონებდა მუმინ-კომიქსებს და ეს საქმე საკმაოდ საქრფიან ბიზნესადაც აქცია.

მხატვარი თუ მწერალი?

გასაოცარია, რომ თავად ტუვე იანსონი ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ მხატვარი ვარო, საკუთარ ლიტერატურულ მოღვაწეობას კი სულაც არ უდგებოდა სერიოზულად. მიუხედავად ამისა, მისი ნახატები ზღაპრებთან შედარებით ყოველთვის ნაკლებ ყურადღებას იპყრობდა. მუმინებზე შექმნილი წიგნების პოპულარობა არასოდეს იკლებდა, პირიქით წლების განმავლობაში იზრდებოდა არა მხოლოდ ბავშვებში - მოზარდებში, უფროსებში და მეცნიერებშიც კი. მის შემოქმედებაზე არაერთი დისერტაცია დაიწერა!

1994 წელს, ფინეთში ტუვე იანსონის 80 წლისთვის აღნიშვნა თავისი მასშტაბებით უდიდეს სახელმწიფო ღონისძიებად იქცა. საყვარელი ავტორის დაბადების დღე ფეიერვერკებით და საზეიმო სვლით აღნიშნეს. მწერალს ნაციონალური გმირის საკადრისი პატივი მიაგეს.

ტუვე იანსონის გარდაცვალების დღეს კი ქვეყანაში საყოველთაო გლოვა გამოცხადდა, ქვეყნის პრეზიდენტმა თავის სიტყვაში აღნიშნა, რომ ტუვე იანსონის შემოქმედება ფინეთის ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილია მსოფლიო საგანძურში "კალევალას" შემდეგ.

ტუვე იანსონი გახლდათ მრავალი ლიტერატურული ჯილდოს მფლობელი, მათ შორის ჰანს-ქრისტიან ანდერსენის მედლისა (1996წ) "საბავშვო ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის." 2002 წლიდან კი, ფინეთში მისი სახელობის პრემია დაწესდა.

ვინი პუჰის ნამდვილი და სათამაშო წინაპრები

ალან ალექსანდრე მილნმა თავის ლექსებსა და მოთხრობებში XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გმირი ვინი პუჰი გამოიგონა. დათუნამ თავისი სახელი (ისევე როგორც ვინი პუჰის შესახებ შექმნილი სხვა წიგნების გმირებმა) მწერლის ვაჟის, ქრისტოფერ რობინის სათამაშოებისგან მიიღო.

თუმცა, ვინი პუჰს რეალური წინაპარიც ჰყავდა: 1914 წელს, ქალაქ ვინიპეგის (კანადა) სამხედრო ვეტერინალური კორპუსის ლეინტენანტმა, 27 წლის ჰარი კოლბორნმა ტრაბახა კანადელი მონადირისგან 20 დოლარად ამერიკული შავი დათვის ბელი იყიდა და მასზე ზრუნვა იკისრა. იმავე წლის ოქტომბერში ბელი ჯართან ერთად ბტრიტანეთში მოხვდა. პირველი მსოფლიო ომის პირობებში ფლოტის საფრანგეთის ნაპირებთან გადასხმა გახდა საჭირო და დათვი ვინიპეგი (ასე შეარქვეს მას) ლონდონის ზოოპარკში დატოვეს. ლონდონელებს იმდენად შეუყვარდათ ახალი ბინადარი, რომ სამხედროებმა ის ომის დამთავრების შემდეგ თან აღარ წაიყვანეს. ვინიპეგი 1934 წლის 12 მაისამდე (გარდაცვალებამდე) ლონდონის ზოოპარკში ცხოვრობდა.

1924 წელს მილნმა თავის 4 წლის ბიჭუნა პირველად წაიყვანა ზოოპარკში. ქრისტოფერ რობინი მთელი სერიოზულობით დაუმეგობრდა ვინიპეგს და სახლში დაბრუნებულმა მისი სახელი საყვარელ დათუნიას დაარქვა. ეს ისტორიული, Alfa Farnell ფირმის დათუნა კი ალექსანდრე მილნმა თავის ვაჟს პირველ დაბადების დღეზე Harrods უნივერმაღში უყიდა. ზოოპარკში სტუმრობის შემდეგ სათამაშო ვინიპეგი ქრისტოფერ რობინის განუყრელ თანამგზავრად იქცა.

1981 წელს, 61 წლის ქრისტოფერ რობინ მილნმა დათვი ვინიპეგის ნატურალური ზომის სკულპტურა მოქნდაკე ლორნ მაკინს შეუკვეთა და ლონდონის ზოოპარკში დადგმევინა.

აი, ასეთი საინტერესო გენეოლოგიაა!"

P.S. თუმცა, შეპარდს (მის შესახებ ქვემოთ გიამბობთ) დათუნია ვინი ქრისტოფერ რობინის სათამაშოს მიხედვით არ დაუხატავს. მან ილუსტრაციებში თავისი შვილი სათამაშო დათვი "ბუზღუნა" გამოიყენა, რომელიც მომავალში შეპარდების ძაღლმა დაგლიჯა და ამის გამო არ გახლავთ შემონახული:-)

ვინი პუჰის წიგნები

ვინი პუჰის შესახებ პირველი თავი 1925 წლის 24 დეკემბერს, შობის დღესასწაულის წინ გაზეთში London Evening News დაიბეჭდა. პირველი წიგნი კი 1926 წლის 14 ოქტომბერს გამომცემლობამ Methuen & Co წარუდგინა მკითხველს. ორივე წიგნი: Winnie-the-Pooh და The House at Pooh Corner მილნმა "მას" - მეუღლეს, დაფნა სელენკურს მიუძღვნა.

ვინი პუჰზე შექმნილი ყველა წიგნის ილუსტრატორი კი ჟურნალ Punch კარიკატურისტი ერნესტ შეპარდი გახლდათ. მილნი და შეპარდი პირველ მსოფლიო ომში თანამებრძოლები იყვნენ და ჟურნალშიც ერთად მუშაობდნენ.

შეპარდისეული ვინი

შეპარდის გრაფიკული ილუსტრაციები მჭიდროდაა დაკავშირებული მილნისეული თხრობის შინაგან ლოგიკასთან და კომპოზიციურად ტექსტის განლაგებას ეფარდება. შეპარდს ხშირად მილნის თანაავტორადაც კი მოიხსენიებენ. პატარა ბიჭუნას პროტოტიპი კი ქრისტოფერ რობინია. შეპარდის დახატული, თავისუფალ პერანგსა და მოკლე შარვალში გამოწყობილი გმირი (ქრისტოფერ რობინს თურმე მართლა ასე ეცვა) იმჟამინდელ ინგლისში საბავშვო მოდის ეტალონად ქცეულა.

მიუხედავდ იმისა, რომ მილნი და შეპარდი ერთ ჟურნალში მუშაობდნენ, მწერალი თავიდან სკეპტიკურად უყურებდა მხატვრის შესაძლებლობებს. ამიტომ საცდელად საბავშვო ლქსების კრებული When We Were Very Young დაასურათებინა. ილუსტრაციები წარმატებული აღმოჩნდა და მათი თნამშრომლობაც გაგრძელდა. ვინი პუჰმა შეპარდის ყველა ადარინდელი ნამუშევარი დაჩრდილა, რასაც ბევრი მისი თანამედროვე და თავად მხატვარიც აღიარებდა.

1969 წელს ვიქტორიას და ალბერტის მუზეუმში შეპარდის შექმნილი პუჰის ილუსტრაციების 300-მდე ესკიზი გამოიფინა. 2000 წელს კი, ზეთის საღებავში შესრულებული, პუჰის ერთი უიშვიათესი პორტრეტი 285 000 დოლარად გაიყიდა. ნახატი ამჟამად კანადაში, ქალაქ ვნიპეგის მუზეუმშია გამოფენილი. აღსანიშნავია, რომ შეპარდის ქალიშვილი მერი ასევე ილუსტრატორი გახდა და მან პამელა ტრევერსის "მერი პოპინსი" დაასურათა.

"ალისა საოცრებათა

ქვეყანაში" - ყველაზე ილუსტრირებული წიგნი მსოფლიოში

"ალისა საოცრებათა ქვეყანაში" ინგლისელი მათემატიკოსის, პოეტისა და მწერლის ლუის კეროლის ძალზე ცნობილი ნაწარმოებია. წიგნის პოპულარულობას ისიც განაპირობებს, რომ მისთვის უამრავი ილუსტრაციაა შექმნილი - სხვადასხვა ქვეყანაში 300-მდე ვარიანტი არსებობს და ეს ციფრი წლიდან წლამდე იზრდება.

წიგნის ილუსტრაციები თავიდან კეროლმა დახატა: 1864 წლის 26 ნოემბერს მან ალისა ლიდელს (ალისას პროტოტიპს) აჩუქა ხელით დაწერილი წიგნი "ალისა საოცრებათა ქვეყანაში" - პირველი ეგზემპლარი თავისი შესრულებული 37 ნახატით.

პირველი ოფიციალური გამოცემა კი, ინგლისელმა მხატვარმა და კარიკატურუისტმა, სერ ჯონ ტენიელმა დაასურათა. მისი ილუსტრაციები დღეს "კანონიკურადაა" აღიარებული.

1864 წელს, როდესაც "ალისა საოცრებათა ქვეყანაში" უკვე ასაკინძად იყო ჩაბარებული, გამომცემელმა ალექსანდრ მაკმილანმა კეროლს ურჩია, წიგნის გასაფორმებლად ჯონ ტენიელისთვის მიემართა, ვინაიდან კეროლის ილუსტრაციების ტექნიკა მოყვარულის დონეს არ სცდებოდა. ტექსტის გაცნობის შემდეგ ტენიელი დათანხმდა შეესრულებინა 42 ილუსტრაცია - კეროლი სწორედ ამდენი ნახატის შესრულებას მოითხოვდა დაჟინებით.

კეროლი და ტენიელი

კეროლს სურდა ილუსტრაციები მისი საავტორო ხედვის შესაბამისი ყოფილიყო. ტენიელი თავიდან დათანხმდა ამ პირობას, მაგრამ მალე შეცვალა თავისი აზრი და წიგნის გაფორმების კონცეფციის სრულუფლებიან ავტორად იქცა. ალისა, რომელიც კეროლის ნახატებში თავის პროტოტიპს ჰგავდა, მუქთმიანი გოგონა იყო მოკლე ვარცხნილობით, ტენიელის ილუსტრაციებში გრძელთმიან, ქერა გოგონად მოგვევლინა. მის პროტოტიპად იქცა გოგონა კეროლის გადაღებული ფოტოდან.

ტენიელი მოწინავე ბრიტანული სატირული ჟურნალის Punch კარიკატურისტი იყო და მისმა სტილმა გარკვეული ზეგავლენა მოახდინა ზოგიერთ ილუსტრაციაზე - რამდენიმე პერსონაჟის სახე XIX საუკუნის ინგლისელი პოლიტიკოსების კარიკატურიდან გადმოხატა. გარდა ამისა, ტენიელს სამეჯლისო ცეკვები იტაცებდა, რის გამოც გმირები ზოგჯერ კლასიკურ საბალეტიო პოზებში წარმოგვიდგებიან.

ილუსტრაციების ესკიზებს ტენიელი ქაღალდზე ხატავდა, მათი ხეზე გრავირება კი მაკმილანმა ლონდონის საუკეთესო ოსტატებს, ძმებ დელზელებს დაავალა. სამუშაოს დასრულების შემდეგ უნიკალური კლიშეები არ გაუნადგურებიათ. თუმცა, ბეჭდვის ხარისხმა ტენიელი და კეროლი არ დააკმაყოფილა და პირველი გამოცემის ტირაჟი, სასიგნალო ეგზემპლიარების გარდა გაანადგურეს. მომდევნო ტირაჟი 1866 წელს დაიბეჭდა და სწორედ ის ჩაუშვეს გაყიდვაში.

1870 წელს ტენიელი კეროლის ახალი წიგნის "ალისა სარკის მიღმა სამყაროში" ილუსტრაციებზე მუშაობას შეუდგა და ორ ხელოვანს შორის კვლავ გაუთავებელი კამათები გაჩაღდა. მაგალითად, თეთრი მეფე, რომელსაც კეროლი თავის ალტერ ეგოდ თვლიდა, საბოლოოდ ტენიელის ავტოპორტრეტად იქცა:-), გარდა ამისა, ტენიელმა მწერალს ზოგიერთი თავის კორექტირება და თავიდან დაწერაც კი მოითხოვა და ლუის კეროლი თავმდაბლად დაემორჩილა მის კაპრიზებს.

მაკა ლდოკონენი

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. რევიუ >>

    aa
  5. სპორტი >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. პოლიტიკა >>

    aa
  9. ინტერვიუ >>

    aa
  10. საზოგადოება >>

    aa
  11. თვალსაზრისი >>

    aa
  12. უცხოეთი >>

    aa
  13. პრესომბუდსმენი >>

    aa
  14. თვალსაზრისი >>

    aa
  15. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  16. რევიუ >>

    aa
  17. რევიუ >>

    aa
  18. სტილი >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. მარანი >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. კულინარია >>

    aa
  28. კულინარია >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. წიგნები >>

    aa
  37. წიგნები >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  43. ამბები >>

    aa
  44. ტექნოლოგიები >>

    aa
  45. ტექნოლოგიები >>

    aa
  46. რევიუ >>

    aa
  47. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  48. რეგიონი >>

    aa
  49. კალათბურთი >>

    aa
  50. სპორტი >>

    aa
  51. რაგბი >>

    aa
  52. რაგბი >>

    aa
  53. წიგნები >>

    aa
  54. წიგნები >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი