კონსტანტინე კანდელაკი
24 საათი 06.05.12
კონსტანტინე კანდელაკი
The Georgian Quastion before The Free World
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო 2012
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით ქართველი პოლიტიკური მოღვაწის, სოციალ-დემოკრატის კონსტანტინე კანდელაკის ინგლისურენოვანი წიგნის The Georgian Quastion before The Free World ("ქართველთა საკითხი თავისუფალი სამყაროს წინაშე") რეპრინტი გამოსცეს. წიგნი პირველად 1953 წელს, პარიზში დაიბეჭდა და მასში 1921 წელს საბჭოთა არმიის მიერ ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის, საქართველოს მთავრობის მიერ ქვეყნის დატოვების, ემიგრანტთა შემდგომი ცხოვრებისა და საზღვარგარეთ პოლიტიკური მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტური მასალაა წარმოდგენილი. აღწერილია საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ფაქტები, პუბლიკაციები, მაღალი ტრიბუნიდან წარმოთქმული სიტყვები, ერთა ლიგის მიერ მიღებული რეზოლუციების კომბინაციები. წიგნში მოცემულია საქართველო-რუსეთის ურთიერთობის შესახებ დოკუმენტური მასალა, ასევე შეფასებულია 1921 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის ფაქტი და გადმოცემულია ის, თუ რა გამოხმაურება ჰქონდა ამ ფაქტს საერთაშორისო საზოგადოებაში... წიგნი აჩვენებს სქართველოს რეალურ მისწრაფებას ევროპისკენ."
კონსტანტინე კანდელაკი ბოლშევიკთა ოკუპაციამდე ემიგრანტული მთავრობის წევრი, ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრი იყო, მის სახელს უკავშირდება ქართული ფულის ერთეულის გამოშვება, ემიგრაციაში მან სახელი გაითქვა, როგორც ეკონომიკის თეორეტიკოსმა, სხვადასხვა ენაზე გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები ეკონომიკასა და გლობალურ თემებზე, გახლდათ საქართველოს პირველი მთავრობის არქივის შემნახველი სამთავრობო კომისიის წევრი, 1952 წელს დაარსებული რადიო "თავისუფლების" პირველი დირექტორი. კონსტანტინე კანდელაკი 1958 წელს, ლოზანაში გარდაიცვალა, მოგვიანებით იგი პარიზში გადაასვენეს და ამჟამად ლევილშია დაკრძალული;
სიუზენ კოლინზი
შიმშილის თამაშები
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. 2012
თანამედროვე ამერიკელი მწერლის, სიუზენ კოლინზის შიმშილის თამაშების (The Hunger Games) ტრილოგიის პირველი წიგნი 2008 წელს გამოიცა და იმავე წელს ჟურნალმა Publishers Weekly წლის საუკეთესო წიგნად დაასახელა, გაზეთმა New York Times კი "2008 წლის მნიშვნელოვანი საბავშვო წიგნის ჯილდო გადასცა." წიგნი უმოკლეს დროში ბესტსელერად იქცა: თავიდან 50 000-იანი ტირაჟით გამოსცეს, თუმცა, მკითხველებს შორის მზარდი ინტერესის გათვალისწინებით ტირაჟი 200 000-მდე გაიზარდა, მალევე გამოვიდა აუდიო-წიგნი, რომელმაც ასევე მაღალი შეფასება დაიმსახურა, 2010 წელს კი "შიმშილის თამაშების" ახალი ტირაჟი გამოსცეს. საბოლოოდ, 26 ქვეყანაში 800 000 კოპიო გაიყიდა. ცნობილმა მწერალმა სტივენ კინგმა ჟურნალ Entertainment Weekly გამოქვეყნებულ წერილში განაცხადა, რომ წიგნმა ისე ჩაითრია, "მის კითხვას ვერ მოწყდა, ავტორი გაიძულებს მუდმივ დაძაბულობას მიეჩვიო." სტეფან მაიერმა კი რომანს "გასაოცარი" უწოდა. 2008 წლის გამოკითხვებითა და სტატისტიკით "შიმშილის თამაშები" ბესტსელერად აღიარეს, 2010 წლის ზაფხულის მონაცემებით კი 92 კვირის მანძილზე ის ყველაზე გაყიდვადი წიგნების სიაში იყო. 2008 წელს, ამერიკის საბიბლიოთეკო ასოციაციამ და School Library Journal "შიმშილის თამაშები" საუკეთესო რომანად აღიარა. გარდა ამისა, წიგნმა არაერთი ლიტერატურული ჯილდო დაიმსახურა როგორც ამერიკაში, ასევე ევროპაში. კოლინზმა რომანის ეკრანიზაციის უფლება კომპანია Lionsgate მიჰყიდა და ამავე სახელწოდების ფილმი 2012 წლის 22 მარტს ტელეეკრანებზე გამოვიდა;
მარი ბექაური
ელექტროთაობა
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა 2012
მარი ბექაურის სადებიუტო წიგნი "ელექტროთაობა" ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ ახლახანს გამოსცა. მარი 22 წლისაა და მიაჩნია, რომ მისი პროზა ეროტიკულია, თუმცა, მწერალი დავით ტურაშვილი "ელექტროთაობის" წინასიტყვაობაში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მარი ბექაურის პროზა გულწრფელია! დავეთანხმები - მარი მართლაც გამორჩეულია თავის თანამედროვე მწერლებში, მისი მოთხრობები ორიგინალურ სიუჟეტებზეა აგებული, გულწრფელი და დასაფიქრებელია. ავტორი თხრობის ლაღი სტილითა და იუმორის კარგი გრძნობითაც იცნობა. ვფიქრობ, "ელექტროთაობის" შეძენით საუკეთესო თანამედროვე მწერალს და მის მართლაც უნიკალურ ლიტერატურულ სამყაროს აღმოაჩენთ. კრებულმა 2009-2012 წლებში დაწერილი ათი მოთხრობა გააერთიანა. ორ მათგანს ("ლევ" და "ელექტროთაობა") უკვე იცნობს Weekend-ის ერთგული მკითხველი. უნდა აღინიშნოს, რომ მარის მოთხრობები საკმაოდ წარმატებულიცაა: "ბავშვობა როგორც სინამდვილეში," ლიტერატურული კონკურს "წერო-2010" პირველი ადგილის მფლობელია, "დებმა" რუსთაველის თეატრის სიმპატია დაიმსახურა, ინგლისურ ენაზე ითარგმნა და აშშ გამოცემულ კრებულში Best of Contemporary Fiction from Georgia შევიდა, "ჩემი მეზობლები და მეგობრები" ლიტვურ ენაზე ითარგმნა ლიტვურ-ქართული სემინარის ფარგლებში, რომელიც პალანგაში გაიმართა და სადაც ახალგაზრდა ავტორი სამ ქართველ მწერალთან ერთად იმყოფებოდა, მარიამ ბექაურის მოთხრობები შესულია ბაკურ სულაკაურის "თხუთმეტ საუკეთესო მოთხრობაში" 2009, 2010, 2012 წლებში.
შეან კარუნატილაკა
გამომცემლობამ VINTAGE 2012 წლის 5 აპრილს შრი-ლანკელი მწერლის შეან კარუნატილაკას სადებიუტო რომანი Chinaman გამოსცა. წიგნი საკმაოდ პოპულარულია ინდოეთსა და ბრიტანეთში, იგი 2011 წლის საუკეთესო დებიუტად აღიარეს, 2012 წელს კი DSC Prize for South Asian Literature დაიმსახურა.
მწერალი კრიკეტის კონსტრუქციას იყენებს, რათა ორიგინალურად აღწეროს და წარმოგვიდგინოს შრი-ლანკას საზოგადოება. ის გვიამბობს ალკოჰოლიზმით დაავადებულ, ყოფილ სპორტულ მიმომხილველ მამაკაცზე, რომელიც 1980-იან წლებში კიდევ ერთ მოთამაშეს დაეძებს კრიკეტისთვის. ჟურნალისტი სიკვდილის პირასაა, უკანასკნელ თვეებს არყის სმაში ატარებს, ცოლს აუბედურებს, საკუთარ ვაჟს კი იგნორირებას უკეთებს. მისი ერთადერთი სურვილია იპოვოს მისტიკურ პირობებში გამქრალი "ბზრიალა." შეან კარუნატილაკა გაზეთებთან Guardian, Newsweek, National Geographic, Rolling Stone, Wisden, The Cricketer და the Economic Times თანამშრომლობს, ამჟამად სინგაპურში ცხოვრობს, მეორე რომანზე მუშაობს და თმას იზრდის;
უტა გერჰარტი
Night of Broken Glass უტა გერჰარტის უნიკალური და ამაღელვებელი რომანია - წიგნი ერთგვარი დოკუმენტია, რომელიც ნაცისტური გერმანიის წამების ფაქტებს წარმოგვიდგენს. მოქმედება იმ ყოველდღიური ძალადობის ფონზე იშლება, რომელიც ათასობით ებრაელს, შუაგულ ევროპაში დაატყდა თავს. ეს გახლავთ ყველაზე ტრაგიკული წლები ევროპის ისტორიაში.
რომანი გამომცემლობა Wiley 2012 წლის 6 ივლისს გამოსცემს. ეს სულისშემძვრელი წიგნი 21 მოწმის ერთგვარი ანგარიშია, ისინი ერთი საშინელი ღამის შესახებ გვიამბობენ. ეს გახლავთ 1938 წლის 9 ნოემბრის ღამე, როდესაც ადოლფ ჰიტლერისა და ჰებელსის დაკვეთით 1000 სინაგოგა დაწვეს და 7500 ებრაული მაღაზია დაარბიეს. 10 ნოემბრის დილას ქუჩები ვიტრინის ნამსხვრევებით იყო მოფენილი, ბერლინელები კი ტიპიური, მწარე იუმორით ყვებოდნენ მიმდინარე ღამის მოვლენებზე - ღამისა, რომელსაც "დამსხვრეული მინების ღამე" უწოდეს;
გებრიელ ჰამილტონი
გებრიელ ჰამილტონი ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული მზარეული და კულინარიის შესახებ წიგნების ცნობილი ავტორია. თავის ახალ წიგნში Blood, Bones and Butter იგი საგულდაგულოდ დამუშავებულ და გაბედულად შეკმაზულ აღიარებას გვთავაზობს, წიგნი გებრიელ ჰამილტონის ბიოგრაფიაა, რომელშიც ის აღწერს ადგილებს, სადაც უმოგზაურია, ასევე ადამიანებს და მათი მიზნებს.
Blood, Bones and Butter - "New York Times" ბესტსელერად აღიარეს. ცნობილმა ამერიკელმა კრიტიკოსმა, პულიცერის პრემიის ლაურეატმა მიჩიკო კაკუტანიმ აღნიშნა, რომ წიგნი "ბრწყინვალე ენითაა დაწერილი," ენტონი ბორეიდენმა კი განაცხადა, რომ " Blood, Bones and Butter არის საუკეთესო ბიოგრაფია, რომელიც აქამდე რომელიმე მზარეულს დაუწერია!"
წიგნისთვის გებრიელ ჰამილტონმა MFA - A Master of Fine Arts დაიმსახურა, გარდა ამისა, მიიღო ჯეიმს ბერდის ჯილდო, როგორც საუკეთესო მზარეულმა.