"ეკოციდი" თეა თოფურიას პირველი პოეტური კრებულია. ის 2011 წლის ბოლოს გამოსცა გამომცემლობა "დიოგენემ".
24 საათი 06.05.12

"ეკოციდი" თეა თოფურიას პირველი პოეტური კრებულია. ის 2011 წლის ბოლოს გამოსცა გამომცემლობა "დიოგენემ".
რატომ მოხდა ასე, რომ ჯერ მოთხრობები გამოსცა წიგნად ("პიტნის კალო:", გამომცემლობა იგივე) შემდეგ ზღაპრები, ("პარადიის არდადეგები"), შემდეგ ისევ ზღაპრები ("გასაღვიძებელი ამბები") და მხოლოდ მერე ეს ლექსები, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ბევრი და კარგი ლექსიდან მხოლოდ 41 შეარჩია და ახლა წინ მიდევს. თხელი, თეთრი კრებული, რომელსაც სადად, ბალახის ღერებით აწერია სათაური - "ეკოციდი" და კრებულიც ამ სახელწოდების ლექსით იხსნება. დასაწყისშივე ვიტყვი, რომ ეს ლექსები მათთვის არაა, ვისაც პოეზია რაღაც აღმაფრენებისთვის სჭირდება, სუფრაზე დასაგუგუნებლად, ხმამაღლა წასაკითხად. თეა თოფურია ჩუმად, ხმის აუწევლად უნდა იკითხო. თორემ ხანდახან ისეთი ბასრია, ენას გაგიჭრის.
როგორ მოხდა, რომ "ტყე უკვე აღარ, მხოლოდ მიწა იწვის მის ფეხშქვეშ", რა დაეწვა, რა გადაეწვა. ან სხვა ლექსები, ზოგში რომ თავის თავს დასდევს, ზოგიდან სხვებს აძევებს, ზოგში უბრალოდ სევდიან ამბებს ჰყვება და ზოგშიც კარგადაც ფილოსოფოსობს, რა ცეცხლმა გააერთიანა ასეთმა.
თვითონ კარგად ხსნის, პერეფრაზი არც მიფიქრია: "2008-ში, აგვისტოს ომის დროს ბორჯომის ტყეები რამდენიმე დღე იწვოდა და ეს არაფრით არ იყო დაღუპულ ადამიანებზე ან დაკარგულ ტერიტორიებზე ნაკლებად მტკივნეული. მერე ამ თემაზე საკმაოდ ვიმუშავე, როგორც ჟურნალისტმა და პარალელებიც აქედან წამოვიდა. როგორ ხდება ეკოციდი? რა ხდება ეკოციდის შემდეგ? იგივე ემართება ადამიანსაც. რეალურად ბორჯომის ტყეები ჩვენი გაუფთხილებლობით და სხვისი აგრესიის შედეგად დაიწვა. ბოლომდე ვერც სხვას დააბრალებ, ვერც საკუთრ თავს. ასევეა ადამიანის ცხოვრებაშიც, ბევრ რამეს, რაც შენი და სხვისი ბრალია ისეთივე მძიმე შედეგები მოაქვს, როგორც ამ ხანძარმა ტყისთვის მოიტანა. როგორ მოდის განსაცდელი - ჯერ პატარა ცეცხლია, მერე ეს ცეცხლი ძლიერდება, რაღაც დროის შემდეგ უკონტროლო ხდება. მერე იწყება გადარჩენის, ჩაქრობის პროცესი - ტყის შემთხვევაში ამ დროს მიწას თხრიან, რომ ცეცხლი არ გავრცელდეს. ვერტმფრენებით წყალს ასხამენ. დიდი ხანძრები მალე არ ქრება, რამდენიმე დღე მაინც უნდა. ხშირად ქრება მხოლოდ მაშინ, როცა უბრალოდ აღარაფერია დასაწვავი. მერე იწვის ნიადაგი, ანუ ფერფლის და მიწის მასა. ამ დროს ალაგ-ალაგ მცირე ხანძრები ჩნდება ხოლმე. შემდეგ ხანძარი აღარ არის და იწყება უძრაობის ეტაპი. როგორც წესი, ასეთი ნიადაგი უკვე გამოუსადეგარია და ტყის აღმოსაცენად არ გამოდგება. ასეთ დროს მიწა სხვა ტყეებიდან უნდა მოიტანო, ხელოვნურად დარგო, ხელოვნურად გაამრავლო ნადირი, ფრინველი, დახარჯო მილიონები იმისთვის, რომ სადღაც 20 წლის მერე იმის მეოთხედი მაინც მიიღო, რაც მანამდე ბუნებრივად გქონდა. მახსოვს, ომის მერე პირველი კვლევა რომ დაიწერა ბორჯომის ტყეებზე, სათითაოდ იყო აღწერილი, სად რა ჯიშის ნერგი აღმოცენდა და სად რა სახის მატლი ნახეს. განსაკუთრებით იყო აღნიშნული, ერთგან კურდღლის კვალიც ვიპოვეთო. ასე დაწვრილებით იმიტომ ვყვები, რომ ადამიანშიც ზუსტად ასე ხდება. ერთხელაც აღმოაჩენ, რომ ფერფლით დაფარული მთა ხარ და იმისათვის რომ ასეთად არ დარჩე განვითარებას სულ უმცირესიდან იწყებ, თითქმის ატომიდან, ოღონდ რამე ცოცხალი იპოვო შენში და აღარ აქვს მნიშვნელობა იმას თუ რა იქნება, მატლი, თაგვი, რომელიღაც სარეველა მცენარე თუ შხამიანი სოკო".
თქვენი არ ვიცი და ჩემთვის "ეკოციდი" რაღაცნაირი წიგნი გამოდგა, მეტროს რვა გაჩერებაში წავიკითხე. მერე ერთ საღამოს ნახევარ საათში, მოყაყანე ტელევიზორთან და სულ ბოლოს, კიდევ ერთხელ, სამსახურში, პაუზების დროს. მეტროში მეგონა, რომ "უზარმაზარ, მკვდრებით მოფენილ სანაპიროზე გამოვირიყე" (ჩინური ანდაზა), ტელევიზორთან, ვფიქრობდი, რომ "ჩვენ (მართლაც) უნდა ვყოფილიყავით გოგოები, შემდეგ კი ქალები. ჩვენ უნდა გვევლო კაფეებში და კინოებში", მაგრამ ამის მაგივრად: "ჩვენ არ ვიყავით გოგოები, შემდეგ კი ქალები, არამედ უცნობი ჯარისკაცების ქვრივები, რომლებიც წავიდნენ, სანამ გავიცნობდით, რომლებიც წავიდნენ სოხუმში"... სამსახურში კი უბრალოდ ვისურვე ის, რაც თეა თოფურიამ უცებ ერთ ლექსში დაწერა:
"მინდა ის დღე იყოს,
ხუთი წლის წინანდელი.
გავიღვიძო და წავიდე ძველ სამსახურში,
ორი ლარით და მეტროს ტალონით.
მეცვას ძველი ჯინსი, მაშინ ახლად ნაყიდი,
დავჯდე ჩემს კომპიუტერთან
და დავწერო სტატია,
რამე იმდღევანდელ გასაჭირზე...
მინდა ის დღე იყოს,
იმ დღეს არ გიცნობდი".
ზუსტად არ დამითვლია, მაგრამ ყველა ლექსში წასვლაზე და დამთავრებაზე ლაპარაკობს. ხან სახლი მიდის სადღაც, ხან სამშობლო უძვრება ხელიდან, ხან ადამიანი იპარება და ხან თვითონაც სადღაც მიწანწალებს და იკარგება. სიყვარული ხომ საერთოდ: "ღარიბი კაცის მაცივარს ჰგავს, დილით გამოაღებ - არაფერია, შუადღეს გამოაღებ - ისევ არაფერი. საღამოსაც გამოაღებ, დგახარ, უყურებ, სიცარიელეში ანთებულ შუქს აყვედრი. არადა, რა მაცივრის ბრალია, რომ გშია?! ვისი რა ბრალია, რომ შეგიყვარდა?!
როგორ მთავრდება შენთან ამბები-თქო, ვეკითხები:
"ყველა ამბავი გულგრილობით მთავრდება და მარტო ჩემ შემთხვევაში არა. სიყვარული და სიძულვილი ორივე მწველი გრძნობაა, გულგრილობა კი ისაა, რის იქითაც უკვე ვეღარ წახვალ. ვიღაცა უკვე ჩემთვის არ არსებობს, რაღაცა უკვე მე არ მეხება. ეს ძალიან კომფორტული და უღმერთო დამოკიდებულებაა, სატანურიც კი. ამ გრძნობით ადამიანი საკუთარ თავს სხვისგან იზოლირებულს ხდის. ჩემი თავი ჩემი ოთახია, მე შიგ შევიკეტები, კარს მოვიხურავ და ვერავინ ვეღარაფერს ვეღარ მატკენს. ზოგადად ეს თანამედროვე ადამიანის ყველაზე დიდი პრობლემაა, ჩვენი თაობის პრობლემა. ყველანაირად ვცდილობ ხოლმე, ამბები გულგრილობით არ დამთავრდეს, მაგრამ ხშირად მაინც ასე ხდება".
ამ ლექსებს თეა თოფურია დაახლოებით სამი წელი წერდა, ყოველ დღე. ხშირად ღამე, უძილობისას. მაშინ მიხვდა თურმე, რამდენად ძნელი იყო ადამიანებს შორის კომუნიკაცია, რამდენად ეშინიათ ადამიანებს, უბრალოდ დაჯდომის და გულწრფელად დალაპარაკების.
"მაშინ მივხვდი, რატომაა სიტყვა ღმერთი და სიტყვის მიმართ შიში ღვთის შიშს უტოლდება. ეს ლექსები არ იქნებოდა, მე რომ ადამიანურად დალაპარაკების საშუალება მქონოდა. ლექსები მაშინ იწერება, როცა გაჩუმებენ, როცა შენს ნათქვამს მძაფრი პროტესტი მოსდევს. ამ კრებულში ძალიან ბევრი ლექსია, მეტაფორებით და სახეებით სავსე, მაგრამ ყველა მათგანის საფუძველი ის ბანალური ფრაზებია, რომელის თქმაც გინდოდა და ვერ თქვი: "მე შენ მიყვარხარ", "შენთან მინდა", "მომავლის მეშინია", "მენატრები", "გიხდება", "ცუდად მოიქეცი", "ასე არ უნდა გაგეკეთებინა", "რამე მითხარი", "გამიხარდება, თუ მოკვდები"...
"ეკოციდში" თავისუფალი ლექსების გარდა რამდენიმე კონვენციური ლექსიც შევიდა, ბოლოსკენ მოიტოვა. თეა თოფურია ამ მხრივაც არ ზღუდავს ლექსებს. ზღუდავს რა… გამოსდის და წერს. თან აი, ასე:
"როგორ კვდებოდი?
წვალებით და ძალიან ძნელად.
გკლავდი ყლველდღე, ყოველღამე,
დანით თუ თოკით.
და მქონდა გრძნობა,
თითქოს მკვდარი ადგა და მცემა.
და თითქოს თოვლში გამოხვეულ
ქვასავით მომხვდი.
და თითქოს იყო სიყვარულიც
ყნულზე ხაზვა.
ზევით ავხედე, როცა გკლავდი,
ღმერთსაც და ჭერსაც.
უნდა გამიგო, მაპატიე,
არარი სხვა გზა,
სხვა გზა კი არა, დამიჯერე,
არ იყო ეს გზაც".
ისე, ლექსების წერა, ამ კრებულამდე ცოტა ხნით ადრე (იმედი მაქვს ცოტა ხნით) შეწყვიტა. ისე კი არა, რომ აღარ გეწერება. კარი მიუბრახუნა და სხვა ამბების წერა დაიწყო. ამბობს, წერის შეწყვეტაც საკუთარ თავზე ძალადობა იყოო.
"აღარ მინდოდა წერა, არც იმაზე ფიქრი, რაზეც ვწერდი. ლექსების წერა ადამიანს ასუსტებს, ჭლექიანივით ხდები, მითუმეტეს თუ კარგი არაფერი გეწერება. ზოგადად ყველა ადამიანი ეგოისტია და ამ ეგოისტმა ერთ დღეს ჩემშიც გაიღვიძა, ძალიან დროული მოთხოვნით, გადამერჩინა საკუთარი ფსიქიკა. დღეს ლექსების წერას ისევე ვერიდები, როგორც რაღაც ისეთს, რისი გახსენებაც არ გინდა. ვწერ პროზას, ზღაპრებს, რაც დიდ სიამოვნებას მანიჭებს, მით უფრო, რომ ბავშვებს მოსწონთ. ზღაპრების წერის ნიჭი უფრო იშვიათია, ვიდრე ლექსების, ამიტომ ვცდილობ, ამჯერად საკუთარ თავში ეს მიმართულება განვავითარო. ვიგონებ ამბებს, რომელზეც ყველა ხალისობს, დიდიც და პატარაც. მეც მირჩევნია, ადამიანები გავაცინო, ატირებას სხვებიც მოახერხებენ.
რაც შეეხება ლექსებს, მგონია, რომ რაღაც ეტაპის მერე ლექსებს ისევ დავწერ, თუმცა სხვანაირს და ის ლექსები გაცილებით უკეთესი იქნება".
ეკა ქევანიშვილი