ახალი ამბები სერიალ "მეგობრების" თაყვანისმცემლებისთვის - კინოკომპანია Warner Bros-ს მისი ეკრანიზაცია აქვს გადაწყვეტილი და თანაც ისე მყარად, რომ უკვე რეჟისორის ძიება მიმდინარეობს. ცნობილია ისიც, რომ პროექტში მონაწილეობაზე თანხმობა სერიალის ექვსივე ვარსკვლავმა განაცხადა. ფილმისთვის სცენარს კი "მეგობრების" შემქმნელები დევიდ კრეინი და მარტა კაუფმანი წერენ.
24 საათი 30.09.09

ახალი ამბები სერიალ "მეგობრების" თაყვანისმცემლებისთვის - კინოკომპანია Warner Bros-ს მისი ეკრანიზაცია აქვს გადაწყვეტილი და თანაც ისე მყარად, რომ უკვე რეჟისორის ძიება მიმდინარეობს. ცნობილია ისიც, რომ პროექტში მონაწილეობაზე თანხმობა სერიალის ექვსივე ვარსკვლავმა განაცხადა. ფილმისთვის სცენარს კი "მეგობრების" შემქმნელები დევიდ კრეინი და მარტა კაუფმანი წერენ.
სატელევიზიო სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ახალგაზრდული სერიალი ტელეარხ NBC-ს ეთერში ათი წლის განმავლობაში გადიოდა და არნახული მოთხოვნით სარგებლობდა. ფილმის გადაღების იდეაც სწორედ ამის შედეგია - პოპულარული ფრანჩიზა უკვე წარმატების გარანტიაა. ცხადია ფილმის წარმატებას მასში მონაწილე მსახიობებიც განაპირობენ: ჯენიფერ ენისტონი, კორტნი კოქსი, ლიზა კუდროუ, მეტ ლებლანი, დევიდ შვიმერი და მეტიუ პერი, რომლებიც სერიალის მიღმაც აგრძელებენ კარგი კინოკარიერის შექმნას. იქიდან გამომდინარე, რომ სერიალს ცალკეულ სერიებში ცნობილი ვარსკვლავების მოწვევის ტრადიცია ჰქონდა, შესაძლებელია ფილმში რამდენიმე ძალიან ცნობილი მსახიობიც ვიხილოთ. სხვადასხვა დროს სერიალში მონაწილეობდნენ ბრედ პიტი, ჯორჯ კლუნი, იზაბელა როსელინი, რობინ უილიამსი, ბენ სტილერი, ჩარლი შინი, კეტლინ ტერნერი, ბილი კრისტალი, ჰარი ოლდმანი, ჟან კლოდ ვან დამი და სხვები. მართალია გასაგები მიზეზების გამო, შესაძლოა ბრედ პიტის დათანხმება ვეღარ მოხერხდეს (არადა მისი მონაწილეობით სერია ერთ-ერთი ყველაზე სასაცილო იყო), სხვების იმედი მაინც შეგვიძლია ვიქონიოთ.
"მეგობრების" თაყვანისმცემლები საქართველოშიც მრავლად არიან, მისი რამდენიმე სეზონი ერთ დროს საზოგადებრივი მაუწყებლის საპროგრამო ბადეშიც იყო ჩართული, თუმცა ქართული თარგმანი ნამდვილად ბადებდა უკეთესის სურვილს - "მეგობრების" სიუჟეტის კომედიურობა ხომ სწორედ დიალოგებზე, პერსონაჟების ცალკეულ ფრაზებსა და შეფასებებზეა აგებული. მაშინ ზოგ გულუბრყვილო მაყურებელს ისიც აკვირვებდა, თუ კომედიური სერიალია, რატომ არ გვეცინებაო... მოკლედ, გავიდა დრო და "მეგობრები" ქართულმა ანალოგმა "შუა ქალაქმა" ჩაანაცვლა. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ყველაზე წარმატებული ქართული ტელეპროექტი, მართალია პრაქტიკულად ამერიკულიდან კალკირებული, თუმცა ქართულ რეალობაზე კარგად მორგებული. სხვათა შორის, ამბობენ, მალე "შუა ქალაქის" კონოვერსიასაც გადაიღებენო, თუმცა ამ მხრივ ნოვაცია სულ სხვა არხის სხვა სერიას ეკუთვნის - შარშან ახალი წლის დადგომამდე კინოეკრანებზე "ჩვენი ოფისის" კინოვერსია "რაც ყველაზე ძალიან გიყვარს" გამოვიდა. შეიძლება ითქვას, რომ ამ ფილმმა ქართული გაქირავების ყველანაირი რეკორდი მოხსნა, რადგან ეკრანებს თითქმის ორი თვის განმავლობაში შემორჩა და ბოლო დღეებამდე დიდი პოპულარობით სარგებლობდა.
სერიალების მიხედვით ფილმების გადაღება ცხადია არც ჰოლივუდისთვისაა უცხო ხილი. ყველაზე ბოლო და პოპულარული "სექსი და ქალაქი იყო" - ამავე სახელწოდების რვა "ოქროს გლობუსისა" და თითქმის ამდენივე "ემის" მფლობელი სერიალის კინოვერსია, რომელმაც საკმაოდ უფერული შეფასებები დაიმსახურა, თუმცა სერიალის თაყვანისმცემლებს მაინც მოეწონათ. აი, "საიდუმლო მასალები" კი დანა სკალისა და ფოქს მალდერის ყველაზე თავგადაკლულ ფანებსაც კი არ მოსწონებიათ. 1998 წელს გამოსული ფილმი იმდენად უსუსური იყო, რომ სერიალის რეიტინგსაც სერიოზული დარტყმა მიაყენა. ამიტომ კიდევ ერთი ფილმი "საიდუმლო მასალები: მინდა მჯეროდეს" მხოლოდ 2008 წელს გადაიღეს, თუმცა სულ ტყუილად - შეიძლება ითქვას, რომ ფული და ენერგია ღია კოსმოსში გაფანტეს.
ბოლო დროს საკუთარი სერიალების კინოვერსიების გადაღებამ გაიტაცა "სიმპსონების" შემქმნელი მეტ გროენინგი. 2007 წელს "სიმპსონები: ფილმი" გამოვიდა, რომელმაც ღირსეულად შეძლო მულტსერიალის განწყობის შენარჩუნება. ასევე ძალიან სასაცილოა "ფუტურამას" პერსონაჟებზე გადაღებული სრულმეტრაჟიანი ფილმებიც. თუმცა თუ საქმე პოპულარული სერიალების წარმატებულ კინოვერსიაზე მიდგება, ალბათ ყველაზე აღსანიშნავი დევიდ ლინჩის "ტვინ პიკსი: ცეცხლო, ჩემს კვალს გამოჰყევი" იქნება - მისტიკის, დრამისა და იუმორის შესანიშნავი ნაზავი, რომელიც დღემდე ინარჩუნებს საკულტო ფილმის წოდებას.