"გამნაღმველის" პროდიუსერს კინოაკადემიის წევრებზე გავლენის მცდელობა ჰქონდა
24 საათი 02.03.10

"გამნაღმველის" პროდიუსერს კინოაკადემიის წევრებზე გავლენის მცდელობა ჰქონდა
7 მარტამდე სულ ცოტა დრო რჩება, "ოსკარის" გარშემო კი ტემპერატურა იმატებს. როგორც წესი "ოსკარის" ღამისთვის მზადება მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და მღელვარება მხოლოდ ნომინანტთა შორის შეინიშნება ხოლმე, ახლა კი ნამდვილი სკანდალი გასკდა - "გამნაღმველის" ერთ-ერთმა პროდიუსერმა, ნიკოლას კარტიემ ამერიკის კინოაკადემიის წევრებს ელექტრონული გაუგზავნა წერილი, სადაც შეფარვით სთხოვდა, უპირატესობა კეტრინ ბიგელოუს ფილმისთვის მიენიჭებინათ.
სკანდალის დეტალებს The Washington Times-ი ავრცელებს, რომელიც მომხდარს გამოუსწორებელ შეცდომადაც აფასებს, რადგან აკადემიის წევრთა გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენის მცდელობაც კი ლამის სასიკვდილო განაჩენის ტოლფასია. მართალია, მთავარმა დამნაშავემ ბოდიშის მოხდის მსგავსი უკვე სცადა, არავინ იცის რა გადაწყვეტილებას მიიღებს აკადემია, თუმცა ფაქტია, რომ ფილმს ნამდვილად ცუდი სამსახური გაუწია.
ნიკოლას კარტიე აკადემიის წევრებისთვის გაგზავნილ წერილში წერს, რომ ხმა "გამნაღმველს" მისცენ და არა ფილმს, რომლის გადაღებაც 500 მილიონი დოლარი დაჯდა. უდავოა, რომ კარტიე ჯეიმს კამერონის "ავატარს" გულისხმობს, რადგან მთავარ ჯილდოზე ნომინირებული სხვა არც ერთი ფილმის გადაღება ასეთი თანხა არ დამჯდარა. გარდა ამისა, "გამნაღმველის" მთავარი კონკურენტი სწორედ კამერონის ფილმია, ამიტომ მისი მხრიდან უაზრობა იქნებოდა, ხმების მიცემა რომელიმე სხვა ფილმის სანაცვლოდ ეთხოვა. Associated Press-ის ინფორმაციით კი მან პირდაპირ მოუწოდა აკადემიის წევრებს, რომ "გამნაღმველისთვის" პირველი ადგილი მიენიჭებინათ, ხოლო "ავატარისთვის" მეათე (შეგახსენებთ, რომ წელს საუკეთესო ფილმის ნომინაციაში ათი ფილმია ჩართული).
ფაქტია, რომ ნიკოლას კარტიემ უაზრობა უკვე ჩაიდინა, სწორედ ასე აფასებს მის საქციელს აკადემიის ოფიციალური წარმომადგენელი ლესლი ანგერი: "მან კინოაკადემიის ეთიკური კოდექსი დაარღვია. ჰქონდა აშკარა მცდელობა აკადემიის წევრებზე გავლენა მოეხდინა და თავისი ფილმისთვის უპირატესობა სხვა ფილმისთვის ჩრდილის მიყენების გზით მოეპოვებინა".
ამჯერად აკადემია განიხილავს თუ რა სახის სასჯელი გამოუტანონ კოდექსის დამრღვევს, რომელმაც უკვე მოიხადა ოფიციალური ბოდიში და ეს ნაბიჯი თავის გულუბრყვილობას და დაჯილდოების ცერემონიალის წინა მღელვარებას მიაწერა. უკვე განიხილავენ კარტიეს დასჯის სხვადასხვა გზებსაც - მისთვის ცერემონიალზე დასასწრები ბილეთის ჩამორთმევიდან "გამნაღმველის" ნომინაციიდან ამოშლის ჩათვლით. არ არის გამორიცხული მას აკადემიის წევრობის უფლებაც ჩამოერთვას.
ნიკოლა კარტიეს საქციელის მიუხედავად აკადემიის წევრების გადაწყვეტილება მაინც უცვლელი დარჩება, რადგან უმეტესობამ საკუთარი ხმა უკვე მისცა სასურველ ფილმს. რაც შეეხება დაჯილდოების ცერემონიალს, აქ "გამნაღმველსა" და "ავატარს" შორის ნამდვილად დიდი ჯახი გაიმართება, რადგან ორივე ფილმს ერთნაირი რაოდენობის ნომინაცია და წარმატების შანსი აქვს.