გაიმართა გაბრიელ რაზმაძის სადებიუტო მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება
24 საათი 31.01.12

გაიმართა გაბრიელ რაზმაძის სადებიუტო მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება
რა უნდა აკეთოს მოზარდმა ქალაქში, რომლის ყოველი დღეც ერთმანეთს ჰგავს, მოსახლეობის უმეტესობის დილა მიწის ქვეშ ჩასვლით იწყება და მომდევნო დღეს კვლავ იქ დაბრუნებაზე საუბრით მთავრდება. ასეთ გარემოში ერთადერთი გამოსავალი ალბათ ოცნებაა, წარმოსახვითი სამყაროს შექმნა, სადაც შეგიძლია გქონდეს ფრთები და ისეთ ადგილას გაემგზავრო, სადაც სულ სხვანაირი დილა და სხვანაირი საღამოებია. სწორედ ასე ცხოვრობს და ოცნებობს რეჟისორ გაბრიელ რაზმაძის მოკლემეტრაჟიანი ფილმის, "შავი თუთის" მთავარი გმირი. ფილმის დახურული ჩვენება გუშინ შედგა.
"თუთის ხე" საქართველოს ეროვნული კინოცენტრის 2011 წლის მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსის გამარჯვებულია და მისი წარმოებისთვის სახელმწიფო სუბსიდიამ 29 ათასი ლარი შეადგინა. ფილმის სცენარი თავად გაბრიელ რაზმაძეს და პროდიუსერ თინათინ ყაჯრიშვილს ეკუთვნით, მხატვარია კოტე ჯაფარიძე, ოპერატორი - გოგა დევდარიანი. ფილმი ერთგვარი კოპროდუქციაა, ამიტომ მისი თანაპროდიუსერი და გაყიდვების აგენტი "ადასტრა ფილმსი" და სებასტიან ობერი არიან. ფილმში სულ ოთხი პერსონაჟია, მათ როლებს კი დებიუტანტი მაქსიმე მაჩაიძე და ნატა ბერაძე, ასევე ზურა ბეგალიშვილი და თამარ ბუხნიკაშვილი ასრულებენ.
28-წუთიანი ქრონომეტრაჟის მქონე ფილმი ასეთივე პატარა, თუმცა მრავალმხრივი გაშლის შესაძლებლობის მქონე ამბავს მოგვითხრობს. როგორც რეჟისორი ამბობს, უფიქრია, სცენარი ოდნავ გაეშალა და სრულმეტრაჟიანი ფილმის მასალად ექცია, თუმცა ამ ეტაპზე ასე გადაწყდა და, შესაძლოა, ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაც იყო - ჩვენთან, როგორც წესი, ახალბედა რეჟისორები კინოში მოსვლას არა ეტაპობრივად, მოკლემეტრაჟიანი კინოს მსგავსი სავარჯიშოების გავლით, არამედ პირდაპირ სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღებით ცდილობენ, რაც, უმეტეს შემთხვევაში, უიღბლო დებიუტად იქცევა ხოლმე. მოკლემეტრაჟიანი ფილმი ხომ საუკეთესო საშუალებას გაძლევს, მინიმალური (სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღებისთვის საჭირო თანხასთან შედარებით) დანახარჯით საკუთარ თავს კარგი გაკვეთილი ჩაუტარო.
"შავი თუთა" წვიმის წვეთებით იწყება და სწორედ ეს გახლავთ მთელი ამბის ლაიტმოტივი. ფილმში მაყურებელი არ უნდა ელოდოს თუთასავით ტკბილ ისტორიას, რადგან თავად თუთაც მხოლოდ ოცნების სამყაროს ნაწილია, ის დეტალი, რომელმაც შესაძლოა მთავარი გმირები, მოზარდი გოგონა და ბიჭი დააკავშიროს, მაგრამ პირიქით ხდება - შავი თუთა მათ ურთიერთობაში საბოლოოდ იმ ლაქად იქცევა, რომელიც ბიჭისა და გოგოს მეგობრობას, შესაძლო სიყვარულს შეუძლებელს ხდის.
მაქსიმე მაჩაიძისა და ზურა ბეგალიშვილის უქალო ოჯახი ჭიათურის ჩვეულებრივი ოჯახია - მამა მეშახტეა, მთელ დღეს მიწის ქვეშ ატარებს და ერთადერთი, რაც შეუძლია შვილს შესთავაზოს, მასავით მეშახტეობაა, ნიკას კი უკვე შექმნილი აქვს საკუთარი ოცნებების სამყარო, თვითმფრინავის მაკეტების კეთება მისი საყვარელი საქმიანობაა. ბიჭის ოცნება უფრო ხელშესახები ხდება, როდესაც მეზობლად სტუმრად ჩამოსულ გოგონას გაიცნობს. გოგონა, ნიკასგან განსხვავებით, ბევრზე არაფერზე ოცნებობს, რადგან სულ სხვა სამყაროს ეკუთვნის და სხვა მომავალზეც ფიქრობს. ერთადერთი, რაც მათ აკავშირებს, ისევ და ისევ ფრენაა - გოგონა მთელ დღეებს "თოლია სახელად ჯონათან ლივინგსტონის" კითხვაში ატარებს, თუმცა მისი საფრენი დისტანცია მხოლოდ ჭიათურიდან თბილისამდე იზომება.
ფილმის ფინალი საკმაოდ სევდიანია, რასაც მანამდე ნანახი სცენები განაპირობებს. ძალიან კარგია კადრი, როდესაც ახალი მეგობრები, მას შემდეგ, რაც ერთმანეთს საკუთარ ოცნებებს გაუზიარებენ, ჭიათურის ერთ-ერთი მიტოვებული, თუმცა ოდესღაც ლამაზი შენობის თაღებქვეშ მიდიან. გოგონა მტკიცე ნაბიჯებით აგრძელებს გზას, ბიჭი კი რამდენიმე წამით ჩერდება და სულ სხვა მიმართულებით მიემართება. ასევე კარგია ფინალური სცენები, რაც უდავოდ გოგა დევდარიანის დამსახურებაცაა - ბნელი, შენელებული კადრები იმ ცხოვრების ერთგვარი ანოტაციაა, რომელიც მიწის ქვეშ პირველად მიმავალ ნიკას ელის.
"შავი თუთის" გარდა, 2011 წელს კინოცენტრის დაფინანსებით კიდევ რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღება დასრულდა. მათ შორისაა თბილისის კინოფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი თორნიკე ბზიავას "ბუდე" და რატი ონელის "თეო". ასევე დასრულდა მუშაობა იოსებ და დავით თავართქილაძეების "გზაზე", კოტე ჩლაიძის "მირზას დაბადების დღეზე", პაპუნა მოსიძის ფილმზე "ორი კვირით ადრე" და რატი ონელისა და დავით სევას ნამუშევარზე "სათაურის გარეშე". ამ ფილმებს, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში ვიხილავთ, გაბრიელ რაზმაძის "შავ თუთას" კი წინ კინოფესტივალები, მათ შორის, "ბერლინალეს" ბაზრობაზე გამგზავრება ელის.