2011 წელს ჩვენს გაქირავებაში კვლავაც თითებზე ჩამოსათვლელი რაოდენობის ქართული ფილმი გამოვიდა და მათ შორის მხოლოდ ერთმა შეძლო საფესტივალო წარმატების მოპოვება - ქეთი მაჭავარიანის "მარილივით თეთრმა", რომელიც ხანგრძლივი მოლოდინის შემდეგ, როგორც იქნა, ჩვენს ეკრანებზე გამოდის.
24 საათი 03.02.12

2011 წელს ჩვენს გაქირავებაში კვლავაც თითებზე ჩამოსათვლელი რაოდენობის ქართული ფილმი გამოვიდა და მათ შორის მხოლოდ ერთმა შეძლო საფესტივალო წარმატების მოპოვება - ქეთი მაჭავარიანის "მარილივით თეთრმა", რომელიც ხანგრძლივი მოლოდინის შემდეგ, როგორც იქნა, ჩვენს ეკრანებზე გამოდის.
"მარილივით თეთრის" ნახვა 9 თებერვლიდან შეგიძლიათ, ქვემოთ კი თებერვლის მთელ აფიშას გაგაცნობთ.
ამჟამად ეკრანებზე ორი ახალი ფილმი გადის - 2 თებერვლიდან "მანქანები 2-ისა" და "ეგზორციზმის" (The Devil Inside) ჩვენება დაიწყო. თუ უფროსი ასაკის მაყურებელი ბრძანდებით და, ამავდროულად, საშინელებათა ჟანრის ფილმებიც გიზიდავთ, მაშინ ეს უკანასკნელი სწორედ თქვენთვის გადაუღიათ და ჩამოუტანიათ კიდეც. მართალია, ფილმს განსაკუთრებული შეფასებები არ აქვს და არც კრიტიკოსები იშურებენ მისი შემქმნელის მისამართით მწარე სიტყვებს, "ეგზორციზმი" მაინც უნდა ნახოთ - მძაფრი შეგრძნებები ნამდვილად გარანტირებულია. წლევანდელ "ოქროს გლობუსზე" ნომინირებული და სტივენ სპილბერგის "ტენტენის თავგადასავალთან" დამარცხებული "მანქანები 2" ("დისნისა" და "პიქსარის" პროდუქტი) კი სწორედ იმ ნამუშევართა რიცხვს განეკუთვნება, რომლის ნახვაც ნებისმიერი ასაკის მაყურებლისთვის სასარგებლო და რეკომენდებულია.
რაც შეეხება "მარილივით თეთრს" - ის მუსიკალური კლიპების გადაღებასა და პროდიუსინგში დახელოვნებული ქეთი მაჭავარიანის სადებიუტო ნამუშევარია. მის შესახებ ძალიან ბევრჯერ დაგვიწერია, ამჯერად თავს არ შეგაწყენთ, უბრალოდ შეგახსენებთ, რომ ფილმს საკმაოდ საინტერესო საფესტივალო ბიოგრაფია აქვს - მიღებული აქვს კოტბუსის კინოფესტივალის ორი ჯილდო. და, რაც მთავარია, ის ქართული ნამუშევარია, ქართულ კინოს კი ძალიან სჭირდება მაყურებელი და შემფასებელი.
"მარილივით თეთრის" პარალელურად ანუ 9 თებერვალს გაქირავებაში ორი საინტერესო და ჟანრულად განსხვავებული ფილმის პრემიერაც იგეგმება. პირველია "ანონიმუსი" - რონალდ ემერიჰის ბოლო ნამუშევარი, თუმცა თუ გგონიათ, რომ ეს ფილმიც კატასტროფებზე, ბუნებრივ კატაკლიზმებსა და დედამიწაზე ცხოვრების განადგურებაზეა, ცდებით. "ანონიმუსი" არც მეტი, არც ნაკლები - უილიამ შექსპირზე, უფრო სწორად, მისი საიდუმლოს კვლევაზეა. საიდუმლო კი შექსპირის პიროვნების ანონიმურობა გახლავთ. როგორც ცნობილია, ისტორიკოსებს დღემდე არ აქვთ დადასტურებული, რეალურად ვინ იყო უილიამ შექსპირი, მისი წარმომავლობისა და ნამდვილი ვინაობის შესახებ უამრავი ვერსია არსებობს, ერთ-ერთ მათგანს კი ემერიჰი გვთავაზობს. "ანონიმუსი" სწორედ იმ ფილმთა კატეგორიაშია, რომლებიც მაყურებელზე ორმაგ შთაბეჭდილებას ტოვებს - ან ძალიან მოგწონს, ან ვერ იგებ, მოგეწონა თუ არა. ნებისმიერ შემთხვევაში საინტერესოა, როგორია რომალდ ემერიჰის მიერ გადაღებული ისტორიული ფილმი, რომელიც კოსტუმებისთვის "ოსკარზეა" ნომინირებული.
9 თებერვალს გამოსასვლელი ფილმების რიგში მესამე "სხვა სამყარო: გამოღვიძებაა". თუ ვამპირების შესახებ ფილმები გიზიდავთ, მაგრამ "ბინდის" სერიების ნახვას შუაღამეს ნამდვილ ვამპირთან შეხვედრა გირჩევნიათ, მაშინ "სხვა სამყაროს" ფრენჩაიზი აუცილებლად გეყვარებათ, მის ბოლო ნაწილს კი საუკეთესო გამოხმაურებები აქვს - ფილმს ის კრიტიკოსებიც აქებენ, ვინც არასდროს არაფერს აქებს. ფილმის მთავარი პერსონაჟი კვლავაც ქეით ბეკინსეილის გმირი სელინია, რომელიც 12-წლიანი კომის შემდეგ აღმოაჩენს, რომ შვილი, ლიკანისა და ვამპირის ჰიბრიდი გოგონა ჰყავს. ბავშვი სპეციალურ ლაბორატორიაში იზრდება, საიდანაც გაქცევას ახერხებს, მისი პოვნის სურვილს კი დედა გამოთქვამს. თუმცა ეს ყველაფერი არაა - პარალელურად კიდევ ბევრი სიუჟეტური ხაზი ვითარდება, რასაც თავბრუდამხვევი სანახაობა ახლავს.
თებერვლის მეორე ნახევარში იხილავთ ჯული ენ რობინსონის რომანტიკულ კომედიას "ფულზე გაგიჟებული" (One for the Money), რომლის ავ-კარგიანობაში გარკვევა ერთი ფრაზითაც შეიძლება - მთავარ როლს კეტრინ ჰეიგლი თამაშობს, ფილმის რეჟისორი კი ქალია. მოკლედ, ნახეთ ფულზე გადარეული ადამიანების ამბავი, თუ მსგავსი ჟანრის მოყვარული ბრძანდებით.
გემრიელ ლუკმად ასევე თებერვლის მეორე ნახევრის აფიშაში განთავსებული, სამი "ოსკარის" ნომინანტი "მკალავი, თერძი, ჯარისკაცი, ჯაშუში" შემოვიტოვეთ. კარგი კინოს მოყვარულებისთვის ამ ფილმის გამოსვლა ნამდვილად საჩუქარია, რომლის ნახვაც, სულ მცირე, სამსახიობო ანსამბლის გამო მაინც ღირს: ამ როლისთვის "ოსკარსა" და "ბაფტაზე" ნომინირებული გარი ოლდმენი, დიდებული ჯონ ჰარტი, მარკ სტრონგი, კოლინ ფირტი, ბენედიქტ კამბერბატჩი და სხვები. მიუხედავად ასეთი პარტნიორებისა, გარი ოლდმანი ფილმში მართლაც საუკეთესოა, თავისი ჩუმი, მუდამ დამკვირვებლის პოზიციაში მყოფი პერსონაჟი მსახიობს არაჩვეულებრივად ჰყავს შექმნილი და იმედია, ამ ნამუშევრისთვის აუცილებლად დაფასდება. "მკალავი, თერძი, ჯარისკაცი, ჯაშუშის" სანახავად მთავარი მიზეზი კი თავად ფილმი გახლავთ - ახალგაზრდა ტომას ალფრედსონის არაჩვეულებრივი რეჟისურით აწყობილი სანახაობა, რომელიც, ამავდროულად, ჯაშუშური კინოს ტრადიციების გამგრძელებელიც გახლავთ.