RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
22 მაისი, სამშაბათი 2012
თბილისი ... ...
რევიუ >>

62-ედ პოლიტიკასა და ადამიანზე

მთავარი სახე, რომელთანაც წლევანდელი, ბერლინის 62-ე კინოფესტივალი ასოცირდება, მერილ სტრიპია.

24 საათი 19.02.12

მთავარი სახე, რომელთანაც წლევანდელი, ბერლინის 62-ე კინოფესტივალი ასოცირდება, მერილ სტრიპია.

მას უკვე კონკურსგარეშე გადასცეს დათვი კინემატოგრაფში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. კონკურსგარეშეა მისი ბოლო ფილმიც The Iron Ledy, სადაც ის მარგარეტ ტეტჩერს განასახიერებს.

ჩავლილია მხოლოდ პირველი საფესტივალო კვირა და ტენდენციების შეფასებისგან ჯერ ძალიან შორს ვართ. ამ საკითხს, ალბათ, მომავალ კვირას შევეხებით. ამ ეტაპზე შესაძლებელია საუბარი რამდენიმე საინტერესო, ანდა რაიმე ნიშნით გამორჩეულ ფილმზე.

რაკი მერილ სტრიპის ახალი ნამუშევარი ვახსენეთ და ამასთანავე, რაკი ამ ფილმისადმი მოლოდინი მსოფლიოში ძალიან დიდია, ალბათ საუბრის სწორედ ამით დაწყება ღირს. კრიტიკას დადებითად არ შეუფასებია - არა მთავარი როლის შემსრულებლის მუშაობა, არამედ, ალბათ, უფრო რეჟისორისა და სცენარისტისა. ფილიდა ლოიდის გადაღებული კინო უფრო ზღაპარია ტეტჩერის შესახებ და არა პოლიტიკურ-ისტორიული მნიშვნელობის პიროვნების იმ მხარეების ჩვენება, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს. ფილმის მთავარი ნაკლი სწორედ ისაა, თუ ძირითადად რას გვიყვებიან. ძალიან ასაკოვან რკინის ლედის გარდაცვლილი ქმარი ელანდება. ის ამ ლანდის გასაქრობად დიდ ძალისხმევას იყენებს და სწორედ ამ ფანტასტიკური დეტალებით ივსება ფილმის დიდი ნაწილი. შუალედებში კი აგონდება მამა, რომელმაც განაპირობა მისი მოსვლა პოლიტიკაში, ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები კარიერაში, ყველაზე რთული პერიოდები დიდი ბრიტანეთის მართვის დროიდან. მაგრამ, ამ მოგონებებშიც არის პრობლემა. ვერაფრით გაიგებთ, ვინ იყო ახალგაზრდა მარგარეტი. რჩება შთაბეჭდილება, რომ საქმე ერთ ქარაფშუტა ქალთან გვაქვს, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს უბრალოდ, განრისხდება და ომს წამოიწყებს არგენტინასთან. და კიდევ რეჟისორს იმის ჩვენებაც გამორჩა, თუ როგორი ინტელექტუალური უნარი ჰქონდა ახალგაზრდა ქალბატონს, რამ უბიძგა პოლიტიკური აქტიურობისკენ და რეალურად რას წარმოადგენდა მისთვის პოლიტიკა.

მერილ სტრიპი კი მერილ სტრიპად რჩება ტეტჩერის როლშიც. უნდა ითქვას, რომ ეს როლი მისი ბოლო როლებიდან ალბათ ერთ-ერთი სუსტია მიუხედავად იმისა, რომ მას არ დაუკარგავს ოსტატობა, მომხიბვლელობა და მიმზიდველობა, რომლითაც ნებისმიერ მაყურებელს იზიდავს.

* * *

ზედაპირული მრავალფეროვნება ვერსალში - შანტალ ტომასის რომანი, რომელიც საფრანგეთის რევოლუციის წინა დღეებს ეხება, არაერთი ლიტერატურული პრემიის ლაურეატია. მიუხედავად ამისა, ბენუა ჟაკოს, ამ რომანის მიხედვით გადაღებული ფილმით, ალბათ, პრემიის დამსახურება ძალიან გაუჭირდება. "მშვიდობით დედოფალო» - ფრანგული ფილმია, რომლითაც 9 თებერვალს ბერლინის კინოფესტივალი გაიხსნა. როგორც უკვე თემატიკიდან მიხვდით, ეს ფილმი საფრანგეთს ეკუთვნის არამხოლოდ როგორც ფილმის მწარმოებელ მხარეს, არამედ ყველაფერ იმ ძირითადის ინსპირატორს, რაზეც რეჟისორი საფესტივალო ფსონს დებს.

მიუხედავად საინტერესო სინოფსისისა, სადაც ვხედავთ პარალელებს თანამედროვე პოლიტიკურ პროცესებთან, ვხედავთ ახალი რევოლუციებიდან ძველის გადაძახილს, სადაც ხაზგასმით ახსენებენ რეჟისორისეულ ირონიას, რომლითაც ის აღწერს საფრანგეთის სამეფო ოჯახის ურთიერთობებს საფრანგეთის რევოლუციის წინა საათებში, ამ სურათის რეალური არსი, შინაარსი თუ აქცენტები მეტისმეტად ბუნდოვანი და გაბნეულია. ამიტომაც გვიჭირს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე საუბარი, რითიც ფესტივალის მომზადებული ტექსტი იქცევს ყურადღებას. აღნიშნულ ფილმზე არც ერთი დადებითი შეფასება არ დაწერილა და ალბათ იმიტომ, რომ რთულია იმის შეფასება, რაც არაფერს კონკრეტულს არ ამბობს.

ჟაკო იგონებს მარია-ანტუანეტას მოახლის სახეს, რომელიც ისევე იტანჯება კოღოსა და ტილების ნაკბენებით, როგორც სხვები ვერსალში. სწორედ ამ ადამიანის თვალებით უყურებს რევოლუციის წინარე დღეებს. თუმცა, რეჟისორი ზედაპირულად ეხება როგორც ამ დროს ვერსალში მიმდინარე დისკუსიებს, ისე სამეფო კარის პირად ცხოვრებას და ასეთ დროს რატომღაც, წინა პლანზე გამოდის მოახლე ქალის განცდები, რომელსაც უყვარს და ებრალება მისი დედოფალი, თუმცა ფილმში საერთოდ არ ჩანს რატომ და როდის მოასწრო ერთობ არაადეკვატური სიტყვა-პასუხის მქონე დედობილის შეყვარება. დედოფალი ამ ფილმის ყველაზე დიდი პრობლემაა. უფრო ზუსტად, ყველაზე დიდი კითხვის ნიშანი. დაინა კრუგერის გმირი ხან არაორდინალური ქალია, ხან პატარა ცეტი გოგონა და ხანაც უსაზღვროდ შეყვარებული სამეფო კართან დაახლოებულ ერთ-ერთ ქალბატონზე. მაგრამ, რეჟისორის სიმპატიას ვერც ერთი ეს სახე ვერ იმსახურებს, ამიტომაც მსახიობი ვერც ერთს ვერ უღრმავდება, უბრალოდ ფილმს მისთვის სცენები აკლია.

საბოლოოდ მოქმედება იქ წყდება, რომ დედოფალი საკუთარი საყვარლის გადასარჩენად მოახლეს მის ტანსაცმელს გადააცმევს და აბობოქრებულ ხალხში გაუშვებს. ასე გაუცრუვდა იმედები და სიყვარული ერთგულ ქვეშევრდომს.

დარჩა შთაბეჭდილება, რომ რეჟისორს ნამდვილად სურდა დიდი ისტორიული ჟანრის ფილმის გადაღება, რომელიც მოიცავდა არამხოლოდ ადამიანურ ემოციებს, რჩეულთა ტკივილებს, ანდა ინფანტილიზმს მაშინ, როდესაც გილიოტინის მოახლოება ასე საგრძნობი იყო. სურდა ეჩვენებინა უბრალო ადამიანები, როგორც მსხვერპლი არა მხოლოდ მონარქიისა, არამედ საკუთარი სისუსტის და უუნარობისა. ალბათ, იმის ჩვენებაც სურდა, რომ ყოველი დედოფლის მიღმა შეიძლებოდა ნაგულისხმევი ყოფილიყო ქალი, რომელსაც მობეზრდა ყველაფერი და ეძებდა შანსს, რათა გაქცეულიყო პარიზიდან, ოდესღაც არჩეული ცხოვრებიდან, რომ რეალურად ერთი სტაჟიანი კურტიზანი მეტად უღირდა, ვიდრე ოჯახი, ქვეყანა, სიცოცხლე. - ინფანტილურია არა მხოლოდ ეს უკანასკნელი მოტივი, არამედ ყოველივე ამის ერთ ფილმში გაერთიანება მაშინ, როდესაც ცუდია სცენარი - ტექსტი, მაშინ, როდესაც მსახიობების ნამუშევარი ფაქტობრივად არ ჩანს და მაშინ, როდესაც ყველა ეს თემა ამდენჯერ არის ნაცადი. აღარაფერს ვამბობ ლუვრისა და ვერსალის კულუარების სიბინძურესა და ინტრიგებზე გადაღებული ფილმების მრავალფეროვნებაზე…

* * *

გერმანული კინოს ღირსებას ფესტივალზე სამი რეჟისორი იცავს, მათ შორის პირველად კრისტიან პეტცოლდის ფილმი ვიხილეთ. "ბარბარა» ნამდვილად არ წარმოადგენს რაიმე ტიპის სიახლესა და განსხვავებულ ხედვას. თემაც ნაცნობია და ფორმაც. იმისთვის, რომ ექიმი ბარბარა აღმოსავლეთ გერმანიიდან დასავლეთისკენ იოლად გაიპაროს, ერთ-ერთ პროვინციაში დასახლდება. აქ მას იოლად უკავშირდება მისი საყვარელი, რომელიც ფანტომასივით იოლად მოძრაობს და ხელშეუხებელია… სპეციალური სამსახურები მას ლამის ყოველდღიურად ამოწმებენ, მაგრამ ფილმი ხომ სწორედ მაშინ იწვევს მცირედ ადრენალინს მაყურებელში, როდესაც ბარბარა კონსპირაციულად მოქმედებს. საბოლოო ჯამში, არ მიდის. არ მიდის ან იმიტომ, რომ ექიმის პასუხისმგებლობას ვერ გაურბის, ანდა იმიტომ, რომ მის ცხოვრებაში ახალი მამაკაცი გამოჩნდება. კეირსტია პეტცოლდი ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ გერმანელ რეჟისორად ითვლება. ამიტომაც იყო, რომ მისი ფილმის ჩვენებას მთელი გერმანული მედია და კრიტიკა ესწრებოდა და უნდა ითქვას, რომ გადამეტებული აპლოდისმენტებითაც დააჯილდოვეს. ისე კი, "ბარბარა» კარგად შესრულებულ საშინაო დავალებას ჰგავს, თემაზე - "კიდევ ერთი ვარიაცია გაყოფილი გერმანიის საზღვრის დაძლევაზე».

* * *

"კეისარი უნდა მოკვდეს» - ამ ფილმით პაულო და ვიტორიო ტავიანებმა 2012 წლის ბერლინის კინოფესტივალი სრულიად არათანაბარი პირობების კონკურსად აქციეს. ეს ფილმი ალბათ ის შემთხვევაა, რომელიც შეგვახსენებს, რაოდენ ძლიერიც არ უნდა იყოს ბერლინალეს პოლიტიკურ-სოციალური ხასიათის რიტორიკა, ხელოვნებას შეუძლია აითვისოს ყველა დასახული კონტექსტი, მაგრამ დარჩეს ხელოვნებად, არასწორხაზოვან ხელოვნებად - იმეტყველოს ხელოვნების ენაზე.

ტავიანების ახალი ფილმი ნახევრად თეატრია და ნახევრად კინო. ნახევრად დოკუმენტური და ნახევრად ახალი მხატვრული რეალობა. ყველაფერი ეს კი, მათმა კინოპროექტმა განაპირობა. შექსპირის "იულიუს კეისარს» იტალიურ ციხეში დგამენ. მსახიობებიც პატიმრები არიან. შავ-თეთრად გადაღებული "ქასტინგი» და უკვე დამუშავებული სცენები ერთმანეთზეა აკინძული.

"თავისუფლება ციხეში» - ასე დაარქვა კეისრის როლის შემსრულებელმა პატიმარმა ტავიანებთან მუშაობის პერიოდს, რომელიც საკუთარ წიგნში აღწერა. მაგრამ, ტავიანებს პატიმრების მონაწილეობით მხოლოდ "იულიუს კეისარი» არ გადაუღიათ. მათ გადაიღეს საპატიმროც, პატიმრებიც, ისიც, თუ რანი არიან დღეს, და ვინ შეიძლებოდა ყოფილიყვნენ წარსულში. იმალება თუ არა ყოველ ადამიანში მისი იდენტობის განმსაზღვრელი სახე წარსულიდან? რა თქმა უნდა, კი. ამას რეჟისორები აერთიანებენ ისე, რომ ძალიან საგრძნობია მათთვის და ზოგადად იტალიური ხელოვნებისთვის დამახასიათებელი ტრაგიკომიზმი და ირონია იტალიური ხასიათისა და ტემპერამენტისადმი. ძალიან საინტერესოა ამ ორი ისტორიის თამაში, მონაცვლეობა. საოცარია მსახიობი-პატიმრების სენტიმენტალიზმი და თამაშის თეატრალური მანერა, რომელიც ასე უხდება სიუჟეტურ თამაშს. დაბოლოს, ძალზე საინტერესოა ციხის არქიტექტურის პერიოდული გადასხვაფერება, როდესაც ეს არა დოკუმენტურ ხაზს, არამედ შექსპირისეულ პიესას სჭირდება. ტავიანების "კეისარი უნდა მოკვდეს» ალბათ, ყველაზე საინტერესო ნამუშევარია, რაც კი აქამდე ბერლინალეს საკონკურსო პროგრამაში ვიხილეთ და ეს ფილმი, ალბათ, ერთ-ერთ სასიამოვნო მოვლენად დარჩება 2012 წლის ევროპულ კინოში.

* * *

ფილმი, რომელიც ფესტივალის მაყურებლის უმრავლესობისთვის უბრალოდ ამერიკული კინო იყო, სტეფან დარდლის ეკუთვნის. რეჟისორს, რომელიც არის უახლოესი წლების ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ფილმის - "მკითხველი» და ცოტა უფრო ადრე გადაღებული "საათების» ავტორი. თავდაპირველი მოლოდინი, რომ ეს იყო სანდრა ბალოკისა და ტომ ჰენქსის დუეტი - გაქარწყლდა, რადგანაც თუკი ამ მსახიობებს ვინმესთან აქვთ დუეტი, ეს პატარა, 9 წლის ტომას ჰორნია - ფილმში მათი გმირების შვილი - ოსკარ შელი.

შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ მეჩენება, რომ სტეფან დარდლის ფილმებში ჩანს სცენარისადმი გარკვეული ფუქსავატური დამოკიდებულება. ეს გამოიხატება სრულიად რეალისტური, თითქმის ისტორიულ-დოკუმენტური ფაქტებით გამყარებული ისტორიის, ბოლოსკენ ერთობ დაუჯერებელი, ლოგიკურად გაუმართლებელი მოვლენების ერთობლიობით. ეს არამხოლოდ ჟანრის ღალატის განცდას ბადებს, არამედ გარკვეული ზღაპრისა თუ სერიალის მაგვარი ფინალის შთაბეჭდილებასაც ტოვებს. დარდლის ახალი ფილმი "საშინლად ხმამაღლა და ძალიან ახლოს» ამ ტენდენციის საუკეთესო გამოხატულებაა. ალბათ სწორედ ამან განაპირობა ბევრი რამ და ისიც, რომ ყველაზე ახლობელი ადამიანის გარდაცვალების განცდების გარდა, ირიბად იმაზეცაა საუბარი, რომ მსოფლიო საზოგადოება არ შეცვლილა - დასრულდა სისხლისღვრა იდეოლოგიის ნიშნით და დაიწყო რელიგიური კონტექსტის ომი. მაყურებელი, რომელიც კინოსეანსიდან გამოდიოდა, მაინც ამბობდა, რომ დარდლის ახალი ფილმი 11 სექტემბრის ტრაგედიით მორიგი სპეკულაციაა და სხვა არაფერი. გარკვეულწილად ასეც არის, მაგრამ რატომ არ შეიძლება დავუშვათ ის, რომ 11 სექტემბერი ამერიკელი ხალხისთვის ჯერ ვერმონელებული და ვერგააზრებული ამბავია. ანდა, რატომ არ შეიძლება დავუშვათ ის, რომ რეჟისორს სურდა პატარა ბიჭის უტრირებული ტრაგიზმითა და ისტერიკებით ვიღაცისთვის შეეხსენებინა, რომ ერთ მშვენიერ დღეს, ცათამბჯენიდან იფრინეს სხეულებმა, რომლებიც მანამდე კონკრეტული ადამიანები იყვნენ. იქნებ, რეჟისორს ყოველგვარი ცრუ ეფექტის მოხდენის გარდა სურდა შეეხსენებინა, რომ ამერიკაში ცხოვრობენ ადამიანები, ვისაც პატარა ოსკარივით ყურთასმენიდან ვერ ამოუშლია "ტყუპებიდან» გამოგზავნილი მამამისის ხმოვანი შეტყობინება. უბრალოდ, რეჟისორს რაღაცნაირად ამერიკული კინოსთვის დამახასიათებელი არადამაჯერობლობით გამოუვიდა.

***

ვიზუალური თვალსაზრისით, ჩემთვის ერთ-ერთი დასამახსოვრებელი ფილმი რუსულ-ბერძნული წარმოების "მეტეორა» გამოდგა. საბერძნეთში ერთი, საოცარი რელიეფის მქონე ადგილას უფსკრული ყოფს დედათა და მამათა მონასტრებს. ამბავი უმარტივესია - მონაზონსა და ბერს ასე შორიდან მზერითა და უსიტყვო ურთიერთობით ერთმანეთი შეუყვარდებათ. ჩნდება ვნება და ამას წინ ვერ უდგება ვერც თვითგვემა და ვერც ღმერთის შიში. მთავარი ამ ფილმში ნამდვილად არ არის სიუჟეტი. მთავარია რეჟისორი, რომელიც დიდი თავისუფლებით ხედავს და თან აკრიტიკებს ადამიანების ცრურწმენას, რომ სიყვარული შეიძლება სადმე და ვინმესთვის იყოს აკრძალული, რომ მკაცრი სამონასტრო ცხოვრება მხოლოდ მალვაა და რომ ადამიანი უარს ვერ ამბობს საკუთარ ბუნებაზე. მთავარი ამ ფილმში, მხატვრული ხედვა და გადაღების მანერაა. შეიძლება ზოგიერთს ფარაჯანოვიც მოაგონდეს. ახალგაზრდა თეო ალექსანდერიც დგამს კამერას, იღებს კადრს და ამ უძრავ კადრებში ჩანს და მიმდინარეობს ისტორია.

* * *

"მხოლოდ ჩემთან» ფრანგული ფილმია, რომელიც უკვე იმ სიყვარულზეა, რომელიც არა თავისუფლების წყურვილს, არამედ ძალადობას მოაქვს. შეიძლება თუ არა სიყვარული დავარქვათ ურთიერთობას, რომელიც წლების განმავლობაში ახალგაზრდა გამტაცებელ კაცსა და პატარა მძევალ გოგონას შორის ჩნდება. ალბათ არა, ზუსტად არ ვიცი. ფაქტი მაინც ის არის, რომ ტყვეობიდან გამოხსნილი ადამიანი ვეღარ დაუბრუნდება ოჯახს და "მხოლოდ თავისთვის» ცხოვრების დაწყების სურვილით ამჯერად უკვე გარბის სახლიდან. ფრედერიკ ვიდოს ფილმში ბევრი რამ რჩება გაუგებარი, ანდა რეჟისორის მიერ არამნიშვნელოვნად მიჩნეული - რატომ და როგორ აღმოჩნდა ბავშვი გამტაცებლებთან, რა ამოძრავებს ერთი შეხედვით სრულიად ნორმალურ მამაკაცს, რომელიც გამოკეტილ ბავშვს ზრდის, ეალერსება, ასწავლის და მერე ისევ კეტავს სარდაფში. ვინ არიან ისინი? ის, რაც რეჟისორისთვის უინტერესოა, ფილმს ორიგინალობას ვერ მატებს. მით უფრო, რომ ამ მხრივ არც ფორმა გამოირჩევა. ყველაზე საინტერესო, ალბათ, მთავარი როლის შემსრულებელია - აგატ ბონიზე. რომელმაც უკვე დაიმსახურა პრესისა და კრიტიკის ყურადღება.

* * *

ფილმები, რომელთა ჩვენებამაც დღეც სრული ანშლაგით ჩაიარა, ორი სრულიად გასხვავებული, მაგრამ ძალიან ნიჭიერი მსახიობის დამსახურებაა - იზაბელ იუპერი და მერილ სტრიპი. მაგრამ, ამ ქალბატონების ახალ ამპლუაზე შემდეგ ნომერში წაიკითხავთ.

დაბოლოს, ამ ეტაპისთვის დავასრულებ საუბარს ფილმზე, რომლის მთავარ როლსაც უსაზღვროდ ნიჭიერი და აღიარებული ფრანგი მსახიობი იზაბელ იუპერი ასრულებს. მისი ნდობა ამჯერადაც არაფრანგმა და არაავტორიტეტულმა რეჟისორმა, ფილიპინელმა ბრიან მენდოზამ დაიმსახურა. ფილმს "ტყვე» ჰქვია და ერთობ მძაფრსიუჯეტიანიც გახლავთ. ბინ ლადენის მომხრეები ფილიპინების ჯუნგლებში სხვადასხვა ჯურის, ასაკის და იქ ყოფნის განსხვავებული მიზნების მქონე ტყვეებს შეიყვანენ. მათ შორის ფრანგი მისიონერი ქალბატონიცაა. ერთწლიან ტყვეობაში მის წინ გათამაშდება და მოხდება ყველაფერი, რაც ხანგრძლივ და გაუსაძლის ტყვეობას შეიძლება მოჰყვეს. ძალადობა, სიკვდილი, მეგობრობა მტერთან და ადამიანურობის შენარჩუნება სრულიად ექსრტემალურ ვითარებაში. ფილმს, რა თქმა უნდა, ამ ზეეგზისტენციალური ამოცანების გარდა ახასიათებს მეტისმეტად ძლიერი პოლიტიკური კრიტიკა, სარკაზმი. ტყვეების სახით ეკრანზე ხედავთ ამა თუ იმ ქვეყნის წარმომადგენლებს. ზოგი მიდის გარიგებაზე, ზოგიც - არა და საკუთარ მოქალაქეებს ბედის ანაბარა ტოვებენ. საბოლოოდ, ყველაფერი დიდი შტურმით მთავრდება. მართალია იუპერის გმირი გადარჩება, მაგრამ სროლის დროს, რომელსაც აშშ აწარმოებს, დაიღუპებიან არამხოლოდ ტერორისტები, არამედ - ტყვეებიც. ფილმის პირველ ნაწილში საინტერესოა კამერის მუშაობა. შიშის, კონსპირაციისა და გაურკვევლობის განცდას ბუნდოვანი, თითქოს მოყვარულის გადაღება და მოციმციმე, მოკანკალე კამერა ძალიან ამძაფრებს. ფილმის მეორე ნახევარში ბევრი რამ არადამაჯერებელია. მაგრამ, სიტყვა ძალიან გამიგრძელდა. ასე რომ, ერთი კვირით გემშვიდობებით. შემდეგ კი უკვე იმ ფილმებზე გიამბობთ, რომლებსაც განსაკუთრებულად მიიჩნევს ბერლინალეს ჟიური და კრიტიკა.

სოფო კილასონია

ბერლინიდან

ყველაზე პოპულარული
  1. უცხოეთი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. უცხოეთი >>

    aa
  5. რევიუ >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. სპორტი >>

    aa
  9. პოლიტიკა >>

    aa
  10. ინტერვიუ >>

    aa
  11. საზოგადოება >>

    aa
  12. თვალსაზრისი >>

    aa
  13. უცხოეთი >>

    aa
  14. პრესომბუდსმენი >>

    aa
  15. თვალსაზრისი >>

    aa
  16. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  17. რევიუ >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. სტილი >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. რევიუ >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. მარანი >>

    aa
  28. კულინარია >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. წიგნები >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  44. ამბები >>

    aa
  45. ტექნოლოგიები >>

    aa
  46. ტექნოლოგიები >>

    aa
  47. რევიუ >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. რეგიონი >>

    aa
  50. კალათბურთი >>

    aa
  51. სპორტი >>

    aa
  52. რაგბი >>

    aa
  53. რაგბი >>

    aa
  54. წიგნები >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
  56. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი