"სონი" PlayStation All-Stars Battle Royale-ს E3-ზე დააანონსებს
24 საათი 28.04.12

"სონი" PlayStation All-Stars Battle Royale-ს E3-ზე დააანონსებს
ივნისის დასაწყისში მათი ყურადღება, ვისთვისაც რეალურ ცხოვრებაზე უფრო საინტერესო ვირტუალური სამყაროა, ლოს ანჯელესისკენ გადაინაცვლებს, სადაც ვიდეოთამაშების ყველაზე დიდი გამოფენა Electronic Entertainment Expo ანუ E3 აიღებს სტარტს. E3 ვიდეოთამაშების ინდუსტრიაში დაახლოებით იმავე მნიშვნელობის მატარებელია, როგორიც კანის ან ბერლინის კინოფესტივალები კინემატოგრაფში, ამრიგად, ყველა კომპანია, რომელიც რაღაცით მაინცაა დაკავშირებული ვიდეოთამაშებთან, ცდილობს, საკუთარი შემოქმედებითი თუ ტექნოლოგიური ნოვაციები სწორედ აქ წარმოადგინოს. სწორედ ასე აპირებს "სონიც", რომელიც სხვა სიახლეებთან ერთად მომხმარებლისთვის თამაშ PlayStation All-Stars Battle Royale-ს დააანონსებს და დემოვერსიასაც წარმოადგენს.
ამ თამაშის შემუშავების შესახებ ჭორები დიდი ხნის წინ გავრცელდა, თუმცა "სონი" არა და არ აპირებდა ოფიციალური ინფორმაციის გავრცელებას, რაც, ცხადია, სრული კონფიდენციალობის გარანტი უნდა ყოფილიყო. თუმცა E3-ის მოახლოებასთან ერთად საიდუმლოს შენახვა აზრს კარგავს, ასე რომ, გეიმერებს შეუძლიათ მშვიდად იძინონ - დაპირებულ თამაშს ისინი აუცილებლად მიიღებენ.
ახლა კი თავად თამაშის შესახებ, რომელიც სახელწოდებიდან გამომდინარე უკვე წარმოადგენს ინტრიგას. PlayStation All-Stars Battle Royale ფაიტინგია, თუმცა ამ ჟანრის ცნობილი თამაშებისგან იმით განსხვავდება, რომ მისი მოქმედი გმირები "სონის" მიერ ექსკლუზიურად PlayStation-ისთვის შექმნილი პერსონაჟები იქნებიან, ხოლო თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ექსკლუზივებში ერთმნიშვნელოვნად საუკეთესო თამაშები და მათი უმაგრესი გმირები იგულისხმება, იოლად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ წინ ნამდვილად მადისამღძვრელი და სისხლის ამდუღებელი სანახაობა გველის. ტექნიკური და სათამაშო პროცესის მახასიათებლების მხრივ ჯერჯერობით ცნობილი მხოლოდ ის გახლავთ, რომ თამაში სოლო რეჟიმშიც იქნება შესაძლებელი და ოთხეულშიც. არ გამოირიცხება ონლაინ რეჟიმის დამატებაც, რასაც ნებისმიერი თავმოყვარე გეიმერი მოითხოვს.
თამაშის ავტორი "სონის" მიერ ათი წლის წინ გამოშვებული თამაშის, Kinetica-ს ავტორების მიერ მოგვიანებით დაარსებული კომპანია Superbot-ია. აღსანიშნავია, რომ "სონის" შედევრი God of War სწორედ Kinetica-სთვის შექმნილი ძრავაზეა გაკეთებული და, სავარაუდოდ, PlayStation All-Stars Battle Royale-სთვისაც ეს ძრავაა გამოყენებული. ეს კი გეიმერთათვის ნამდვილი კომფორტია, რადგან God of War-ი ამ მხრივ სრულიად უნაკლო გახლავთ.
ინტერნეტში ჯერჯერობით არ ჩანს All-Stars-ის სრული შემადგენლობის ჩამონათვალი, თუმცა რამდენიმე მათგანის ვინაობა დადასტურებულია. პირველ რიგში, გაუწყებთ, რომ მოჩხუბართა შორის აუცილებლად იქნება კრატოსი, God of War-ის პროტაგონისტი, რომლის შეფასებაც ანტიგმირად უფრო დასაშვებია, რადგან მიზნის მისაღწევად ის არაფერს ერიდება, მისთვის არ არსებობს მორალი, სიკეთის ან შემწყნარებლობის ცნება და ასე შემდეგ. ამრიგად, თუ ახალ თამაშში ამ პერსონაჟს აირჩევთ, მაშინ მზად უნდა იყოთ, რომ ბრძოლა ყველაზე სასტიკი მეთოდით მოგიწევთ, თუმცა მიზანს აუცილებლად მიაღწევთ. ამგვარად შეგვიძლია დავახასიათოთ პოლკოვნიკი რადეკიც თამაშიდან KIllzone 2, რომელიც ბრმად ემსახურება იმპერატორ სკოლარ ვიზარის და ფიქრსა და განსჯას მოქმედებას ამჯობინებს.
All-Stars-ის გუნდში ნახავთ "სონის" კლასიკური თამაშის, "სლაი კუპერის" გმირ სლაისაც. ცნობილია მისი ერთ-ერთი სკილიც - სლაის შეეძლება უჩინარი გახდეს და სხვა გმირებს სათვალე მოჰპაროს, რასაც შემდგომში სათავისოდ გამოიყენებს. ტერიტორიის დანაღმვის ოსტატი იქნება "სონის" ერთ-ერთი უძველესი, 1995 წლიდან ცნობილი Twisted Metal-ის ანტაგონისტი Sweet Tooth - თავზე ცეცხლწაკიდებული კლოუნი, რომელიც კრატოსთან და რადეკთან ერთად შესანიშნავ ევილ ტრიოს შექმნის. სლაი კუპერის გვერდით ძალიან სასიამოვნო იქნება კიდევ ერთი დაახლოებით მსგავსი ტიპის პერსონაჟის, რეჩეტის დანახვა "რეჩეტი და კლანკის" სერიიდან. ამბობენ იმასაც, რომ ფაიტინგში შესაძლოა საქბოიც ვიხილოთ Little Big Planet-იდან, თუმცა ცოტა ძნელი წარმოსადგენია, ამ პატარა კაცუნამ ვის რა უნდა დაუშავოს. სამაგიეროდ, ბრწყინვალე იქნება ნათან დრეიკი - Uncharted-ის სიმპატიური პროტაგონისტი ხალასი იუმორითა და ქუჩის ჩხუბის შესანიშნავი ცოდნით.
აქვე შეგახსენებთ, რომ PlayStation All-Stars Battle Royale ამ ტიპის ერთადერთი თამაში არ იქნება. გეიმერთათვის კარგადაა ცნობილი "ნინტედოს" Super Smash Bros., რომელშიც ამ კომპანიის თამაშების გმირებს შეხვდებით, მათ შორის მარიოს, დონკი კონგს, ზელდას, სონიკს, სამუს არანს და სხვებს.