პიტერ ჯეკსონმა “ჰობიტის" გადაღება დაასრულა და მონტაჟს იწყებს
24 საათი 09.07.12

პიტერ ჯეკსონმა “ჰობიტის" გადაღება დაასრულა და მონტაჟს იწყებს
"ჩვენ ეს გავაკეთეთ! "ჰობიტის" 266-დღიანი გადაღებები დასრულდა. ფილმში მონაწილე ყველა მსახიობს და გადამღები ჯგუფის წევრებს მადლობას ვუხდი მხარდაჭერისთვის. ახლა კი სამონტაჟო ოთახი გველის და, რა თქმა უნდა “კომიკ კონიც!" - წერს საკუთარ “ფეისბუქის" გვერდზე რეჟისორი პიტერ ჯეკსონი, რომელმაც ფილმ “ჰობიტის" ბედით დაინტერესებულ მილიონობით ადამიანს ამგვარად ახარა გადაღებების დასრულების შესახებ და ისიც შეახსენა, რომ პრემიერამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. ეს მიმდინარე წლის 14 დეკემბერს მოხდება და მოდით, აქედანვე ვიოცნებოთ, რომ ახალი წლის დადგომამდე ეს ფილმი ჩვენც გვექნება დიდ ეკრანზე ნანახი.
2012 წელი ბლოკბასტერების მხრივ მეტ-ნაკლებად საინტერესო იყო, მაგრამ აქამდე გამოსული ყველა ფილმი არაფერია იმ მოლოდინთან შედარებით როგორითაც მგზნებარე ტოლკინისტები ჯეკსონის “ჰობიტს" ელიან - სხვაგვარად არც შეიძლება ყოფილიყო, რადგან იმავე ჯეკსონის მიერ 2001-2003 წლებში გადაღებულმა “ბეჭდების მბრძანებლის" ტრილოგიამ ისეთივე მრავალრიცხოვანი ფანკლუბები შექმნა, როგორიც “ვარსკვლავურ ომებს" ან ახლა უკვე “სამეფო კარის თამაშებს" აქვს.
ინტერნეტში დიდი ხანია “ჰობიტის" (ფილმის სრული სახელწოდებაა The Hobbit: An Unexpected Journey) ტრაილერი დევს, ორიოდე დღის წინ კი სპეციალურად გამოფენა "კომიკ კონისთვის" შექმნილი პოსტერიც გამოჩნდა, რომელზეც მწვანე მდელოს გაყოლებაზე ბილიკზე მომავალი გენდალფია გამოსახული. პირველები სწორედ ივლისში დაგეგმილ სან დიეგოს “კომიკ კონის" სტუმრები ნახავენ იმ სცენებსა და კადრებს, რომლებიც ტრაილერში არ შესულა - ცხადია, მხოლოდ მათ, რომლებსაც ჯეკსონი გამოიმეტებს და პროექტის რეკლამისთვისაც მომგებიანი იქნება. ამ გამოფენას ჯეკსონი ხშირად იყენებს ტრიბუნად: სწორედ 2009 წლის “კომიკ კონზე" განაცხადა პირველად, რომ “ჰობიტს" ორ ფილმად გადაიღებდნენ, ხოლო რეჟისორი გილერმო დელ ტორო იქნებოდა. იქვე გახდა ცნობილი, რომ პიტერ ჯეკსონი მხოლოდ პროდიუსერის ამპლუას მოირგებდა და სცენარის ხარისხზეც გაინაწილებდა პასუხისმგებლობას, მაგრამ გადაღებების დაწყება იმდენად გაჭიანურდა, რომ დელ ტორომ ლოდინს ვერ გაუძლო, სხვა პროექტებზე გადაერთო, რეჟისორის სკამი კი ჯეკსონს დაუთმო.
"ჰობიტმა" დღემდე ბევრი ბარიერი გადალახა. 2008 წლამდე ფილმის მწარმოებელ კომპანია "ნიუ ლაინსა" და ჯეკსონს შორის საავტორო უფლებებთან დაკავშირებული დავა მიმდინარეობდა, რამაც ამ უკანასკნელის პროდიუსერის პოზიციაზე გადაბარგება გამოიწვია, ხოლო რეჟისორად დელ ტორო დანიშნეს (რაც, საბოლოოდ ისევ შეიცვალა). გავიდა დრო და ფილმის მეორე მწარმოებელი კომპანია MGM-ი ბანკროტობის პირას აღმოჩნდა, რაც ნიშნავდა, რომ მსხვილბიუჯეტიან პროექტს ხელს ვერ მოჰკიდებდა. გადაღებები კიდევ ერთხელ გადადეს და დელ ტოროც წავიდა. სიტუაცია მხოლოდ 2010 წლის ოქტომბერში გამოსწორდა და გადაღებების დაწყების თარიღიც დაასახელეს, თუმცა ამჯერად ახალი ზელანდიის მსახიობთა გილდიამ წამოიწყო პროტესტის ტალღა, რომლის წარმომადგენლებიც აცხადებდნენ, რომ ახალზელანდიელ მსახიობებს ძალიან ცოტას უხდიდნენ, რის გამოც ისინი მასობრივ სცენებში მონაწილეობაზე უარს ამბობდნენ. თითქოს გადაწყდა კიდეც, რომ "ჰობიტი" სხვა ქვეყანაში გადაეღოთ, მაგრამ სადავეები ხელში ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა აიღო და მსახიობებსაც ანაზღაურება გაუზარდეს. ერთი სიტყვით, ფილმმა დღემდე დაახლოებით ის გზა გამოიარა, რაც მორდორისკენ მიმავალმა ფროდომ და სემმა და მათ კვალში ჩამდგარმა გოლუმმა.
ახალი ფილმის სამსახიობო შემადგენლობა ნაწილობრივ განახლებულია, თუმცა “ბეჭდების მბრძანებლის" პერსონაჟებს იგივე მსახიობები თამაშობენ. მაგალითად, კეი ბლანშეტი კვლავ გალადრიელია, იან მაკელენი - გენდალფი, ორლანდო ბლუმი ისევ ლეგოლასის ისრით დარბის, კრისტოფერ ლი კი სარუმანის მრისხანებას შეგვახსენებს. ცხადია, აქვეა ენდი სარკისი - გოლუმის როლის ბრწყინვალედ შემსრულებელი, იან ჰოლმი - მოხუცი ბილბო ბეგინსი და ყველაზე საინტერესო პერსონაჟი - ახალგაზრდა ბილბო, რომლის როლსაც ბრიტანელი მარტინ ფრიმენი ასრულებს.
“ჰობიტი" მომავალ წელსაც გაგრძელდება. დილოგიის მეორე ფილმი - “ჰობიტი: იქით და უკან" მსოფლიო ეკრანზებზე 2013 წელს გამოვა, ამის შემდეგ კი პიტერ ჯეკსონი მორიგ პროექტს, “ტენტენის თავგადასავალი: მზის ტყვეებს" მოჰკიდებს ხელს.