RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
23 მაისი, ოთხშაბათი 2012
თბილისი ... ...
რევიუ >>

ჩვენი მძიმე ჯვარი

ქართული როკი, რუსული როკი, ბრიტანული როკი, ბრიტანული როკის NWOHM (New Wave of Heavy Metal), პანკ როკი, გლემ როკი, გეი როკი...

24 საათი 27.02.10

ქართული როკ-ლეგენდა ლევან კაპანაძე
ქართული როკ-ლეგენდა ლევან კაპანაძე

ქართული როკი, რუსული როკი, ბრიტანული როკი, ბრიტანული როკის NWOHM (New Wave of Heavy Metal), პანკ როკი, გლემ როკი, გეი როკი...

მუსიკალურ დიფერენციაციაში ჩახლართული დილეტანტებისთვის საჭირო ტერმინის შესაფერის კონტექსტში გამოყენება იმდენად რთულია, რომ ხანდახან რომელიმე ბენდის წარდგენისას საერთოდ “ივიწყებენ” იმას, რაც მთელ მასალას ქვეტექსტად უნდა სდევდეს.

მერე რა, რომ Metallica არ ყოფილა და არც აპირებს, გახდეს როკჯგუფი და ბონო “ცნობილი” კი არა, ლეგენდარულია. Scooter-ს როკმუსიკასთან ისეთივე კავშირი აქვს, როგორც ენრიკე იგლესიასს - Deicide-თან ან ლექსენს - ტონი აიომისთან. კრისტინა აგილერა ქრისტინე აგილერა გახდა, ლეს კლაიპული კი - “კლიპული”. და ეს ყველაფერი ჩვენთან იწერება. და იწერება... და კიდევ არაერთხელ დაიწერება.

საქართველოში ამ, ანუ როკსამყაროში სიტყვა “პრომოუტერიც” იმდენად მიუღებელი და უცხოა, რომ ხანდახან ვიბნევით, უცხო და არარსებული სიტყვების ლექსიკონშიც ვიხედებით და მაინც ვერაფერს ვიგებთ.

მახსოვდა, რომ ლევან კაპანაძის ბრიგადა “მძიმე ჯვარი” მძიმე როკს უკრავდა, მაგრამ მაინც ჯგუფის საიტზე შევედი. არა, ეგ არი, “მძიმე” მძიმეს უკრავს და სოულ-ჰაუს-ეთნოს ოკეანეში არც არასოდეს შესულა. ქართული მძიმე როკის და, რაც ყველაზე მთავარია, ხარისხიანი, უმაღლესი დონის, ალალი მუსიკის არქეოპტერიქსების წევრები ამ ეტაპზე სოლო-პროექტებით არიან დაკავებული, მაგრამ, რამდენიმე მიზეზის გამო, ლევანთან საუბარი საინტერესო გამოვიდა. “მძიმე ჯვარის” ბოლო ინკარნაციაში შედიან ლევან კაპანაძე (ბასი, ვოკალი), მამუკა ჩიხლაძე (გიტარა), გიორგი ჩუბინიძე (გიტარა), გოგა იორამაშვილი (ვოკალი), დიმიტრი ოგანესიანი (დრამზი).

ლევან კაპანაძე საპრომოუტერო კომპანია “ლოკომოტივ პრომოუშენის” ერთ-ერთი დამაარსებელია, იმ კომპანიის, რომელიც 19 მარტს ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში ლეგენდარული ბრიტანელების Uriah Heep-ის კონცერტს აწყობს.

- ლევან, ზოგადი თემით დავიწყოთ. “მძიმე ჯვარი” აქტიურად აგრძელებს ლაივების ჩატარებას. რამდენად შეიცვალა აუდიტორია? რამდენად ადვილი მისატანია თქვენი ჯგუფის ახალი ფანებისთვის დიდი ხნის წინ ჩაწერილი ჰიტები?

- მუსიკა მუსიკაა და ვერასოდეს გახდება ერთჯერადი მოხმარების საგანი. არიან ჯგუფები, რომლებიც ერთადერთი კომპოზიციით ხდებიან პოპულარულები და მერე ვეღარ უძლებენ იმას, რაც პოპულარობას, ხშირად კი დამღლელ ყურადღებას მოაქვს. “მძიმე ჯვარი” 1988 წელს შეიქმნა და ყოველთვის ერთგულები ვრჩებოდით იმ მუსიკის, იმ მიმდინარეობის, რომლითაც პირველი ნაბიჯები გადავდგით. თავისთავად, კომერციალიზაცია მუსიკალურ ინდუსტრიაში აუცილებელი ნიუანსია, მაგრამ ჩვენი მუსიკა იმდენად კომერციული, “ხელოვნური” არასოდეს გაგვიხდია, რომ ფანებს კონცერტზე წამოსვლა არ მონდომებოდათ. ჩვენი ფანები? “მძიმე ჯვარის” ლაივებზე სხვადასხვა ასაკის აუდიტორია მოდის, მაგრამ ძირითადად ისეთი, რომელსაც მუსიკა ესმის და დროის მოსაკლავად არ ესწრება “მძიმე ჯვარის” ან რომელიმე სხვა ჯგუფის კონცერტს. დიდი ხანია ვუკრავთ, ვცდილობთ, ჩვენს მუსიკაში ახალი ელემენტები შევიტანოთ და ბედნიერი ვარ, ჩვენმა ჯგუფმა საქართველოში მძიმე მუსიკის განვითარებაში, მის პოპულარიზაციაში თავისი წვლილი შეიტანა. მუსიკა თუ გესმის (და არა მარტო უსმენ), თუ იცი, რომ რომელიმე კონკრეტული ჯგუფი შენთვის მარტო ბრენდი და სხვისგან გაგონილი სახელი არ არის, მნიშვნელობა არა აქვს, რამდენი წლის ხარ. ზოგმა მოზარდმა მუსიკის არსი, მისი სიღრმე, შეიძლება ორმოცს გადაცილებულ ადამიანზე ადვილად მიიღოს და გაიგოს. სისულელეა იმაზე საუბარი, რომ ოცი წლის წინ წყალი უფრო სველი იყო და შაქარი - უფრო ტკბილი. ეს ბანალურია. გემოვნებას წლები ვერ გაახუნებს და არც მუსიკა გაცვდება.

- ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში მხოლოდ ორი ოფიციალური ალბომი გაქვთ ჩაწერილი...

- მართლაც ასეა, მაგრამ მძიმე მუსიკაში ვინმე რამეს წერს? ძალიან ძნელია, დაარწმუნო ქართველი პრომოუტერი, ხმის ჩამწერი სტუდიის მფლობელი, მენეჯერი თუ სხვა შეძლებული ადამიანი, რომ ჰარდ როკი, მეტალი კომერციულად მომგებიანი პროდუქტი გახდება. ყველამ მშვენივრად იცის, რომ საქართველოში ბევრი უნიჭიერესი მუსიკოსია, მაგრამ მათ ოდნავ წინ წამოწევის შანსი არა აქვთ, რადგან დღესაც უზარმაზარ ვაკუუმში არიან. მიეცით შანსი ამ ხალხს და დაინახავთ, თუ რამდენად დიდია ქართული მძიმე ანდერგრაუნდის პოტენციალი. რაც შეეხება ჩვენს ალბომებს, Fan X ქართული სტანდარტებით, კომერციულად საკმაოდ წარმატებული გახდა. პირველ ეტაპზე ალბომი, რომლის საბაზრო ღირებულება იყო 25 ლარი, 300-ზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. ნებისმიერი ქვეყნისთვის ეს სასაცილო მაჩვენებელია, მაგრამ ჩვენთან, სადაც ცნობადი პოპ-შემსრულებლები უფრო ნაკლებ ფასად ბევრად ნაკლებ ალბომს ყიდიან, ესეც წარმატებაა. ჩაწერილი კომპოზიციები რადიკალურად განსხვავდება იმისგან, რაც მანამდე შედიოდა “მძიმე ჯვარის” რეპერტუარში. ეს არის მეტალი, რომელსაც ვერ დავარქმევ ვერც პროგრესივს, ვერც ტრეშს, ვერც ჰევის. ეს არის ყველა ამ მიმდინარეობის ნაზავი და, როგორც გითხარით, საბოლოო პროდუქტით ნამდვილად კმაყოფილი ვართ. ბევრი სიმღერა ჩვენი ლაივ-სეტების განუყოფელ ნაწილად იქცა. “მძიმე ჯვარი” შეიცვალა, მაგრამ მაინც “მძიმე ჯვარია”. გამოვდივართ ფესტივალებზე, ვაწყობთ ფესტივალებს, სხვას ვთავაზობთ ამ ფესტივალების ჩატარებას. შარშან, 11 დეკემბერს, ჩავატარეთ წარმატებული მეტალ-ფესტივალი Metal Rage, რომელზეც ორი საინტერესო ჯგუფი Pay Of Freedom და Angel Of Disease გამოვიდა. თავისთავად, ფესტივალის ჰედლაინერი იყო “მძიმე ჯვარი”. მომავალში საპრომოუტერო კომპანია “ლოკომოტივ პრომოუშენით” ამ ფესტივალის გაგრძელებას ვაპირებთ.

- ბანალური კითხვაა, მაგრამ რა არის შენთვის მუსიკა?

- ბანალური პასუხია, მაგრამ - ყველაფერი. ბავშვობიდან მუსიკაში ვიზრდებოდი. წარმოიდგინეთ, ექვსი წლიდან სცენაზე ვიდექი. ვმღეროდი ბავშვთა გუნდში, ორკესტრთან ერთად. სიმართლე გითხრათ, არასოდეს მქონია “სცენის კომპლექსი”. სცენაზე თუ ბოლომდე არ გაიშალე, არ გააკეთე ის, რაშიც ყველაზე მაგარი ხარ, ან, უბრალოდ, რაც კარგად გამოგდის, ყოველთვის გაგიჭირდება შემდეგი, უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა. მუსიკალური სფერო დაუსრულებელი კიბეა და ბევრი საფეხურის ანუ სირთულის გადალახვა გიწევს, მაგრამ ყველაფრისთვის მზად უნდა იყო.

- ვთქვათ, ქუჩაში აჩერებ ვიღაცას, ვისაც “განზების” მაისური აცვია და ეუბნები: დამისახელე შენი ხუთი საყვარელი ჯგუფი. ძირითადად გესმის Rasmus, Nirvana, Metallica, H.I.M., Rammstein და Tokyo Hotel… მეთანხმები?

- ნაწილობრივ. Metallica ბევრის - ჩემი, შენი, უამრავი მსმენელის ფავორიტი შეიძლება იყოს, მაგრამ იმდენად კომერციული და სხვანაირია, რომ... და Tokyo Hotel? ძალიან კარგი ჯგუფია. სასაცილოა, ეს ჯგუფიც რომ მეტალად ითვლება და მერე ბევრ ქვეყანაში ჰყავს კლონები, რომლებიც იგივე იმიჯით, თითქმის იდენტური ტანსაცმლით გადიან სცენაზე. მუსიკაც ისეთივე მარტივია, როგორიც ორიგინალის შესრულებით. ჩვენთან ბევრმა დიდი, უდიდესი ჯგუფის სახელიც კი არ იცის. როგორც გითხარით, ნებისმიერ მიმდინარეობაში, მეტალშიც, კომერციალიზაცია ცუდი ნამდვილად არ არის, მაგრამ მუსიკოსმა თუ ინსტრუმენტის გამოყენებაც არ იცის და ძირითადად პრომოუტერით ხდება პოპულარული, ეს მუსიკა მუსიკა არ არის. გამაღიზიანებელია ისიც, როდესაც გცნობენ, სხვადასხვა თემაზე გესაუბრებიან და მერე გეკითხებიან: ძმაო, ბლეკმორს უკრავ? ან “ბითლზი” ხო უმაგრესია? სხვა ჯგუფები არ არსებობენ? Deep Purple უდიდესი ჯგუფია, ბლეკმორიც არაჩვეულებრივი გიტარისტია, მაგრამ მე მას ტონი აიომი და ჯიმი პეიჯი ბევრად მირჩევნია. აიომი, თითქმის უთითო გიტარისტი, ბევრად სუფთად, ორგანულად უკრავს. პეიჯი ხომ საერთოდ ფენომენი იყო.

- ვან ჰალენი?

- ჯიმი ჰენდრიქსის მერე ვან ჰალენი იყო მეორე, ვინც ელქტროგიტარის უსაზღვრო პოტენციალი დაგვანახა. ჩემი აზრით, ელექტროგიტარა ყველაზე რთული, მრავალმხრივი ინსტრუმენტია და იმას, რასაც ვან ჰალენი აკეთებს... მართლა ძალიან მაგარია.

- ბასისტებში ვინ არის შენი ფავორიტი?

- გიზერ ბატლერი, რომელსაც ამ ინსტრუმენტზე დაკვრის უნიკალური, შეუდარებელი სტილი აქვს. ხშირად უკრავს თითებით და არაჩვეულებრივი საუნდი აქვს. წარმოიდგინე, ბატლერს კომპრესორი რომ გამოეყენებინა, რას გააკეთებდა... ძალიან მაგარია “ფარფლების” ყოფილი ბასისტი ჯეფ ჰიუზიც. საერთოდ, მე ამ ჯგუფის უფრო ის პერიოდი მომწონს, როდესაც ბასზე ჰიუზი იყო და ვოკალზე - დევიდ კოვერდეილი. “ფარფლები” მაშინ უფრო ამერიკულ ჰარდს უკრავდნენ, ფანკის, სხვა სტილის საინტერესო, მრავალმხრივი ნაზავით ქმნიდნენ უნიკალურ საუნდს. როკი ხომ ამერიკული მუსიკაა და არა ინგლისური, როგორც ეს ბევრს ჰგონია. რა თქმა უნდა, შეუდარებელი იყო პოლ მაკარტნი. “ბითლზში” მაკარტნი უძლიერესი მუსიკოსი, იმპროვიზატორი იყო და იმ ეპოქისთვის ბასზე ურთულეს, მაგრამ, ამავე დროს, ადვილად მისაღებ პარტიებს უკრავდა. მაკარტნი ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი ბასისტია.

- არამძიმე მუსიკას თუ უსმენ?

- როგორ არა. მომწონს ქართული ხალხური მუსიკა, ხშირად ვუსმენ კლასიკურ მუსიკას. ჩემი აზრით, რახმანინოვის ნაწარმოებებში მძიმე როკის ბევრი ელემენტი იყო. ისევე როგორც ვაგნერის ნაწარმოებებში. ძალიან რთული, მაგრამ სასიამოვნო მუსიკაა. ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მუსიკოსია სტივ რეი ვონი. ფენომენალურად უკრავს და უდიდესი კომპოზიტორია.

- ერიკ კლაპტონი, ან იგივე Dire Straits?

- კლაპტონიც ფენომენია, მარკ კნოპფლერიც დიდი კომპოზიტორია, მაგრამ მე ორივეს სტივ რეი ვონი მირჩევნია.

- “მძიმე ჯვარის” უახლოესი გეგმები...

- ახლა ჩემი სოლო პროექტით ვარ დაკავებული. “მძიმე ჯვარის” გიტარისტი მამუკა ჩიხლაძეც სოლო პროგრამაზე მუშაობს. მე უფრო მეტალისკენ ვარ, მამუკა კი ბლიუზ პროგრამას ამზადებს. რა თქმა უნდა, ეს სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ “მძიმე ჯვარი” ახალ კომპოზიციებზე მომავალში არ იმუშავებს და ლაივებს არ ჩაატარებს. უბრალოდ, ჯერჯერობით ამ პროექტისგან ვისვენებთ და ყურადღება სხვა თემებზე, განსხვავებული იდეების რეალობად ქცევაზე გვაქვს გადატანილი. მამუკას წარმატებას ვუსურვებ მისი იდეების განხორციელებაში. ამავე დროს, ვმუშაობთ ჩემს პროექტზე და მჯერა, რომ საბოლოო პროდუქტი მძიმე მუსიკის ფანებისთვის სასიამოვნო სიურპრიზი იქნება.

- არ შემიძლია არ გკითხო “ლოკომოტივ პრომოუშენის” ამბებზე.

- “ლოკომოტივ პრომოუშენი” ჩემს მეგობრებთან ერთად ჩამოვაყალიბე და 19 მარტს ლეგენდარული Uriah Heep ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში კონცერტს ჩაატარებს. ჩვენს გეგმებში შედის სამ თვეში ერთხელ ამ კალიბრის ჯგუფების, შემსრულებლების ჩამოყვანა და, ვერ წარმოიდგენთ, როგორი მონდომებულები ვმუშაობთ... მუსიკა ჩემი ცხოვრების უდიდესი, მნიშვნელოვანი ნაწილია და მიღწეულით დაკმაყოფილებას არ ვაპირებ.

...როკმუსიკაში ბევრი დიდი ლირიკოსი იყო. ჯიმ მორისონი, კურტ კობეინი, ფერნანდო რიბეირო, ნიკ კეივი, სხვებიც... თუმცა, მაინც მგონია, რომ თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული ლირიკოსი რუსული Алиса-ს სოლისტი კონსტანტინ კინჩევია. იმ ქვეყანაში, რომელიც არ გვიყვარს და სადაც ნულის ნაშთად გვთვლიან, კინჩევი 21-ე საუკუნის ესენინია და მისი ჯგუფის მუსიკა რომ არ მოგწონდეთ კიდეც, ძნელია, ამ გენიოსის ლირიკას გაეცნო და, სულ მცირე, არ მოგეწონოს. სიტყვები ჰიტიდან родина:

Крест не уронить.

Гнуться, но держать

А коли уронил,

Так суметь поднять...

ჯვარის ზიდვა მძიმე და დაუფასებელია. “მძიმე ჯვარი” კი 22 წელიწადია იხრება, დავარდნილ ჯვარს გრძელი გზის, წლების მტვერს აშორებს და იმედს გვინარჩუნებს, რომ სიალალე ალალია და ყოველთვის ეგრე იქნება.

 

 

 

ბოლო კომენტარები
ყველაზე პოპულარული
  1. სპორტი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. ბიზნესი >>

    aa
  4. ბიზნესი >>

    aa
  5. ბიზნესი >>

    aa
  6. ბიზნესი >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. კალათბურთი >>

    aa
  9. პოლიტიკა >>

    aa
  10. ინტერვიუ >>

    aa
  11. საზოგადოება >>

    aa
  12. თვალსაზრისი >>

    aa
  13. უცხოეთი >>

    aa
  14. პრესომბუდსმენი >>

    aa
  15. თვალსაზრისი >>

    aa
  16. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  17. რევიუ >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. სტილი >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. რევიუ >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. მარანი >>

    aa
  28. კულინარია >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. წიგნები >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  44. ამბები >>

    aa
  45. ტექნოლოგიები >>

    aa
  46. ტექნოლოგიები >>

    aa
  47. რევიუ >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. რეგიონი >>

    aa
  50. კალათბურთი >>

    aa
  51. სპორტი >>

    aa
  52. რაგბი >>

    aa
  53. რაგბი >>

    aa
  54. წიგნები >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
  56. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი