ანიტა რაჭველიშვილის შეხვედრა ჩვენთან და ვაგნერთან - 10 წლის შემდეგ
24 საათი 10.03.10
ანიტა რაჭველიშვილის შეხვედრა ჩვენთან და ვაგნერთან - 10 წლის შემდეგ
ის პირველი ქართველი საოპერო მომღერალია, ვინც ლა სკალას საოპერო თეატრში სეზონი მთავარი პარტიით გახსნა. სწორედ ამგვარად ფორმულირებული აზრი გახლდათ ის, გასული წლის ბოლოს ყველაზე სასიამოვნოდ რომ გვაღელვებდა. ანიტა რაჭველიშვილის კარმენი საოპერო ხელოვნებით არც თუ ძლიერად გატაცებულმა ადამიანებმაც კი მოისმინეს. მგონი პირველად დაინტერესდა კლასიკური ხელოვნებით ყვითელი პრესაც. ანიტა მონათლეს კონკიად და მისი ისტორია დაიბეჭდა ყველგან. მაგრამ თბილისურ ყვითელ პრესასა და შეცდომებით გაბერილ სატელევიზიო სიუჟეტებს ვინ დაეძებდა, როცა ნამდვილი ოპერომენები ევროპული კრიტიკის ნიმუშებსა და გამოცემების ინტერნეტ ვერსიებს ჩაკირკიდებდნენ. 2-3 დღეში უკვე ვიცოდით ვინ რა თქვა ლა სკალაში.
რატომ ერგო რეჟისორს, ემა დანტეს კრიტიკა და რატომ ქათინაურები შემსრულებლებს, იონას კაუფმანსა და ანიტა რაჭველიშვილს. აღარაფერს ვამბობთ, მაესტრო ბარენბოიმზე... როგორი იყო კრიტიკის შეფასება, რამდენად საინტერესო გახლდათ კომენატრები, ვფიქრობ, ამის შესახებ “24 საათის” მკითხველი ინფორმირებულია. მით უფრო, გაზეთის ვებ გვერდი ამ ინფორმაციას ერთგულად ინახავს. თუმცა, ანიტას ვოკალური შესაძლებლობების გადამოწმების საშუალება ამ საღამოს თბილისელ მსმენელს რეალურ სივრცეში - კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში მიეცემა. ასე რომ, ტექსტები და საიტები მოიცდის.
რა შეიძლებოდა გვეკითხა ადამიანისთვის, რომლის ისტორია, თუ როგორ მივიდა ის “კარმენის” გახმაურებულ დადგმამდე, არაერთხელ გვსმენია. ალბათ ყველაზე საინტერესო მაინც ის არის, რა მოხდა “კარმენის” შემდეგ...
- სპექტაკლის დამთავრებიდან ზუსტად 5 წუთში, ჩემმა მენეჯერმა ძალიან ბევრი შემოთავაზება მიიღო სხვადასხვა თეატრიდან. გაიწერა გეგმაც: მაისში ბერლინი, ლა სკალაში სამი წლის მანძილზე ამავე პარტიით დავბრუნდები კიდევ ექვსჯერ. კიდევ ვიმღერებ სხვადასხვა ოპერებში - “ჰოფმანის ზღაპრები” (იგ.ჟაკ ოფენბახის ერთადერთი ოპერა), “რეკვიემი” (ჯ.ვერდი), “რიგოლეტო”, გეგმაშია “კარმენი” მეტროპოლიტენში, 2012 წელს. ვალენსიაში კი - “ევგენი ონეგინი”, ამსტერდამში - "სამსონი და დალილა". გერმანიაში ამ ზაფხულს პერგოლეზის "სტაბატ მატერი" უნდა ვიმღერო ანა ნეტრებკოსთან ერთად, ამ სპექტაკლს “დოიჩგრამაფონი” ჩაიწერს და დისკი გამოვა. კიდევ ბევრი სხვა შემოთავაზა მაქვს. ახლახანს ტორონტოში ვიმღერე ასევე “კარმენი”. 2012 წლის ზაფხულში ლა სკალას მიაქვს დანტესა და ბარენბოიმის ეს სპექტაკლი იაპონიაში და ჩინეთში, - პეკინსა და ტოკიოში. ეს არის ჯერჯერობით ჩემი მომავალი 3-4 წლის გეგმები.
- არაიტალიური ოპერა დებიუტისთვის მილანში. ეს იყო რაციონალური და გათვლილი არჩევანი თქვენთვის?
- მე არჩევანი არ მქონია. მოსმენა მქონდა კონკრეტულად ამ როლისთვის. მეტიც, ბარენბოიმთან მოსმენა თავიდან არა კარმენისთვის, არამედ მერსედესის პარტიისთვის მქონდა, მაგრამ ეს ხომ ძალიან პატარა პარტიაა. მოსმენის შემდეგ მაესტრომ მითხრა, რომ მას სურდა, კარმენი მემღერა. მანამდე არანაირი ურთიერთობა ამ დირიჟორთან არ მქონია. მეგონა მეორე შემადგენლობაში ვიმღერებდი, მაგრამ აღმოჩნდა რომ ასე არ იყო. როდესაც თეატრის დირექტორმა მითხრა, რომ პრემიერა უნდა მემღერა, არ მჯეროდა.
- ვიცით, რომ ამ დადგმამ გარკვეული მღელვარება გამოიწვია პუბლიკაში...
- ნამდვილად, იტალიური პუბლიკა ძალიან ტრადიციული პუბლიკაა. ძალიან უყვართ ტრადიციული დადგმები. სიახლეებს რთულად აღიქვამენ. მიუხედავად იმისა, რომ ემა დანტეს დადგმა არ არის გათანამედროვებული, ფაქტობრივად იგივე დროა ასახული, სპექტაკლში მაინც ბევრი სიმბოლოა, რელიგიასთან კავშირები...
- თავისუფალი და განზოგადებული სცენები...
- დიახ, და ყველამ ვერ გაიგო სამწუხაროდ. გარდა ამისა, ლა სკალაში არის 5-6 ადამიანი, რომელიც ყოველთვის ყვირის უკმაყოფილების ნიშნად. არა მარტო სეზონის გახსნაზე, არამედ ყველა ახალ დადგმაზე. კიდევ იმის ნიშნად, რომ არ ეთანხმებიან თეატრის დირექციის სარეპერტუარო პოლიტიკას. ამისგან თეატრი თავს ვერ დაიზღვევს. ასეთი მსმენელი ბილეთს ყიდულობენ და მოდის...
მაგრამ პრემიერიდან რამდენიმე სპექტაკლი რომ გავიდა, უფრო სხვაგვარად აღიქვეს დადგმა. განსაკუთრებით მოეწონათ ახალგაზრდებს და კიდევ ისეთ პუბლიკას, რომელიც საოპერო წარმოდგენებს იშვიათად ესწრებოდა აქამდე.
- ლა სკალას აკადემიაში არაერთი ქართველი მიდის სასწავლებლად. ისინი განსხვავებული შთაბეჭდილებებითა და შედეგებით ბრუნდებიან...
- 2 წელი ვისწავლე იქ, ძალიან რთული იყო. აკადემიების სისტემა შეცდომებით არის აგებული. ძალიან ბევრ პედაგოგთან გიწევს ურთიერთობა, მათ განსხვავებული მიდგომა და აზრი აქვთ ყველაფრისადმი და რეალურად ეს მრავალფეროვნება არ გეხმარება არაფერში. საბოლოო ჯამში მომღერალიც იბნევა, იწყება სახმო იოგების პრობლემები, პრობლემები იქმნება ვოკალურ ტექნიკასთან. მე იძულებული გავხდი მეპოვნა მაესტრო აკადემიის გარეთ, რომელთანაც გამუდმებით ვმეცადინეობდი აკადემიის პარალელურად და რომელთანაც დღესაც ვმუშაობ. ჩემი მაესტროა დევიდ ჰოლსტი, ინგლისელი დირიჟორი, რომელიც მრავალი წელია იტალიაში მოღვაწეობს და ვოკალურ ტექნიკას ასწავლის.
- გამოდის რომ ლა სკალას აკადემიის პედაგოგებთან, ზოგიერთთან მაინც ურჩობა გიწევთ?
- ზუსტად ასეა. აკადემიაში სწავლა დადებითი მოვლენაა იმის გამო, რომ საინტერესო საგნებს სწავლობ. სცენიურ მოძრაობას გასწავლიან, რეჟისორებთან გაქვს მუდმივად მუშაობა, მაგრამ ამ დროს შეიძლება მთავარი დაკარგო. ეს სერიოზული პრობლემაა ამ აკადემიის და ზოგადად აკადემიების სისტემისა. ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არის. არაერთი კურსდამთავრებული გამოთქვამს კრიტიკულ შეფასებებს. მათგან ყოველი რომლებიც წარმატებულია, აკადემიის გარეთ ხვეწს ვოკალს.
- ქართული საშემსრულებლო სკოლა თქვენთვისაც მყარი ფუნდამენტი იყო?
- ნამდვილად, სკოლა ძალიან კარგი გვაქვს. გვაკლია დეტალები, ის კლასი, რასაც მომღერალი საზღვარგარეთ იღებს. მაგრამ სკოლა ძლიერია. ამას ადასტურებს არაერთი ქართველი მომღერალი, რომელიც ევროპაში წარმატებული ხდება. ბარენბოიმმა აღნიშნა, როგორც ქართველი ცეკვავს და მღერის, ისე არც ერთი ერის ადამიანი მსოფლიოშიო.
- კონცერტი მანანა ეგაძეს ეძღვნება. მას დიდი წვლილი აქვს თუნდაც იმაში, რომ ჯერ კიდევ თბილისში სწავლის დროს თქვენზე ოპერის მოყვარული მსმენელი დიდ იმედებს ამყარებდა, უკვე გიცნობდნენ...
- ქალბატონ მანანასთან კონსერვატორიაში 6 წელი ვისწავლე. არაჩვეულებრივი პედაგოგი იყო. ძალიან ბევრი მასწავლა და ძალიან ბევრი მომცა ისეთი, რაც დღეს მეხმარება, განსაკუთრებით მუსიკალურ მხარეს რაც შეეხება. ძალიან გემოვნებიანი მუსიკოსი იყო და თავის დროზე თავადაც არაჩვეულებრივი მომღერალი. მასთან მეცადინეობის არაჩვეულებრივი 6 წელი მქონდა. სამწაუხაროდ ავად გახდა ჩემს წასვლამდე ნახევარი წლით ადრე. ამიტომაც გადავწყვიტე წასვლა მილანში.
- თქვენ კონკურსითა და წინასწარი მოსმენებით მილანში არ აღმოჩენილხართ. ეს კი ალბათ რთული იყო.
- ძალიან, თითქმის წარმოუდგენელი. ლა სკალას აკადემიაში ჩადიან მომღერლები, რომლებიც აკადემიის დირექციიდან ვინმეს მაინც ჰყავს მოსმენილი, ანდა კონკურსზე აქვთ გამარჯვება მოპოვებული. მე მილანში არავინ მელოდა. გამიმართლა. მიმიღეს. ჯერ მომისმინეს, მოეწონათ ჩემი ხმა და მოეწონათ, თუ როგორ ვმღეროდი. ეს ქალბატონი მანანას დამსახურებაა. მას გარდაცვალებამდე 3 დღით ადრე შევატყობინე, რომ აკადემიაში ჩავაბარე და ძალიან გაეხარდა. “კარმენის” პრემიერამდე ყოველ ღამე მესიზმრებოდა... მუდამ ვგრძნობ, რომ ჩემს გვერდით არის.
- ვოკალური მონაცემების გარდა, ხაზგასმით აღინიშნება თქვენი არტისტიზმი. აქედან გამომდინარე მაინტერესებს, რამდენად თამამი იქნებით თანამედროვე დადგმებთან მიმართებაში, თუ ტრადიციულ დადგმებს ამჯობინებთ?
- მთავარია სიშიშვლე და ვულგარულობა არ იყოს დადგმაში. ჩემი მენეჯერი ეთანხმება ჩემს ამ მოთხოვნას. ამიტომაც მომავალი სამი წლის განმავლობაში ასეთ წარმოდგენაში მონაწილეობა არ იგეგმება. არის სპექტაკლები, უფრო ხშირად გერმანიაში ვიდრე სხვა ქვეყნებში, სადაც პრაქტიკულად არაფერი აცვიათ მომღერლებს...
- სიშიშვლე და არც ვულგარულობა არ მიგულისხმია. ვგულისხმობ დადგმებს, სადაც რეჟისურა მძლავრობს და არტისტიზმიც განსაკუთრებული მოეთხოვება მომღერალს. ამბობენ, რომ ვოკალისტებს უჭირთ კიდეც ასეთი დადგმების გაძლება.
- მე ეს არ მადარდებს. ვიმუშავე ემა დანტესთან. ის თეატრის რეჟისორია და მასთან ბევრი ვიმუშავე როლზე. არ გამჭირვებია. ვთვლი რომ ყველა მომღერალი, რომელიც გარდა იმისა რომ უნდა მღეროდეს, უნდა თამაშობდეს კიდეც. ამ მხრივ მივესალმები მიმდინარე ტენდენციებს საოპერო თეატრში, რაც უკვე რამოდენიმე წელია მკაფიოდ ჩანს, - მომღერალი ამავდროულად მსახიობიც არის.
- იმღერებს თუ არა ანიტა გერმანულ საოპერო რეპერტუარს?
- დიახ, 10 წლის შემდეგ. ოღონდ აუცილებლად. როგორც მაესტრო ბარენბოიმთან ერთად გადაწყდა, 10 წლის მერე, ანუ 2019 წელს ვაგნერის პრემიერას მასთან ვიმღერებ. ჯერ არ ვიცი, მაესტრო რომელ ოპერას აირჩევს, მაგრამ სხვა დანარჩენი უკვე შეთანხმებულია.
ათი წლის შემდეგ ანიტა რაჭველიშვილის ხმა ვაგნერისთვის მზად იქნება. მთავარი ის არის, რომ მისი მეცო-სოპტრანო საკმაოდ ვრცელი რეპერტუარისთვის ემზადება. მანამდე, ანუ როგორც თავად მიხსნის, 5-6 წლის შემდეგ დაიწყებს ვერდის რეპერტუარის სრულად ათვისება, თან ასაკიც მოიმატებს, ჯერ მხოლოდ 25 წლის არის... სანამ ეს ყველაფერი მოხდება დღევანდელი საღამოა რიგში. ანიტა რაჭველისშვილის პირველი სოლო კონცერტი სამშობლოში, რომელსაც მეცო-სოპრანო მსმენელს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრთან ერთად შესთავაზებს. დირიჟორი - ავთანდილ მამაცაშვილი. პროგრამაშია: ვებერი, სენ-სანსი, მასკანი, არაყიშვილი, ჩილეა, ვერდი, ბიზე.