RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
23 მაისი, ოთხშაბათი 2012
თბილისი ... ...
რევიუ >>

...მის წინ აუდიტორია ნაღმზე ფეთქდება

პორტლანდში, 1978 წელს, 4500 ადგილიანი Civin Auditorium ფეხზე იდგა... ლეგენდარულმა ელა ფიცჯერალდმა დარბაზი "შტურმით" აიღო, აპლოდისმენტების მერე კი, პუბლიკას ასე მიმართა:

24 საათი 18.12.11

  •   aa
    უკრავს ლექსო თორაძე
  •   aa
    ვახტანგ მაჭავარიანთან ერთად
  •   aa
    ფესტივალზე

პორტლანდში, 1978 წელს, 4500 ადგილიანი Civin Auditorium ფეხზე იდგა... ლეგენდარულმა ელა ფიცჯერალდმა დარბაზი "შტურმით" აიღო, აპლოდისმენტების მერე კი, პუბლიკას ასე მიმართა:

"დღევანდელი დღე ჩემთვის კიდევ უფრო ძვირფასია, რადგან დღეს მე და ოსკარ პიტერსონმა გავიცანით უნიჭიერესი ახალგაზრდა პიანისტი, რომელმაც მოგვაჯადოვა თავისი შესრულებით. იგი ახლა ამ დარბაზშია და მინდა, რომ თქვენც იცნობდეთ! ეს გახლავთ ლექსო თორაძე! კარგად დაიმახსოვრეთ მისი სახელი, ლექსო თორაძე! მე გირჩევთ ყველას, რომ მას მოუსმინოთ, დამიჯერეთ, უდიდეს სიამოვნებას მიიღებთ! ლექსო, სად ხარ? - ამოდი სცენაზე! ამოდი, გელოდებით!.."

-ლექსო უკრავს და როგორც ამბობენ, ეს არის "დამანოკაუტებელი კონცერტები"... კლასიკას უკრავს როგორც ჯაზს, არაერთხელ უთქვამს, რომ შესრულების დროს არც ერთ ნოტს არ ცვლის, მაგრამ ჯაზური მიდგომა ნიშნავს თავისუფლებას მუსიკის რიტმთან, ემოციებთან და იმპროვიზაციასთან... სტრავინსკის ლექსოსეულ გააზრებაზე ცნობილი მუსიკის კრიტიკოსი ჯოზეფ ჰოროვიცი წერს, რომ "თორაძე სტრავინსკის მუსიკას არ უკრავს ისე, როგორც სტრავინსკი უკრავდა, მაგრამ აცოცხლებს სტრავინსკის მუსიკას და მასში თავისი სულიერება შეაქვს. სტრავინსკი წმინდა ნეოკლასიკური შესრულების მანერას ირჩევს, ცივს, თითქმის უემოციოს, ამას თუ გნებავთ დაარქვით ბალაგანური ბახი! და ნაკლები პათოსი, ნაკლები განცდა, ნაკლები თორაძისეული ზეიმი..." თორაძის "მუსიკალური სინდრომი", რომელიც მისივე მუსიკალური იმპულსებისგან იმართება, არავის არ ჰგავს... როცა უკრავს, თვალებს ხუჭავს, როიალს გულით გრძნობს, კლასიკაში ჯაზრითმზე მთელი სხეულით მოძრაობს, ფეხებით დახტუნავს, - ფეხს არა მარტო პედალს, არამედ იატაკსაც ურტყამს. პაუზებში? ამ დროს დარბაზს ზურგს აქცევს, მუსიკოსებისკენ ბრუნდება და გაჩვენებს, რომ ესეც ტაქტიანი დიალოგია მთელ ორკესტრთან...

მსოფლიო პიანისტმა, რომელსაც რუსული რეპერტუარის საუკეთესო შემსრულებლად აღიარებენ, სტუდია Philips-ში მარინის თეატრის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, ვალერი გერგიევის დირიჟორობით პროკოფიევის ხუთივე საფორტეპიანო კონცერტი ჩაწერა. - თორაძის მიერ დაკრული ყველა ეს კონცერტი ეტალონია! - ამბობენ მუსიკის კრიტიკოსები, ხოლო პროკოფიევის III საფორტეპიანო კონცერტის CD ჟურნალმა International Piano Quarterly - 70-მდე არსებულ ალბომებს შორის "გრანდიოზული ჩანაწერი" უწოდა. თორაძის ვარსკვლავურ ალბომებშია მუსორგსკის, სტრავინსკის, პროკოფიევის ოპუსები კომპანიისთვის Angel/EMI ვალერი გერგიევის ხელმძღვანელობით.

დავით თორაძის მემკვიდრეზე, რომელსაც ქართველი ვან კლიბერნი ბავშვობიდან შეარქვეს, მუსიკის გენიოსმა ვან კლიბერნმა თქვა: Brilliant! ჩემმა გაოცებამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა! მაშინ ლექსო თორაძემ ჩაიკოსვსკის N1 კონცერტით მოხიბლა ამერიკელი პიანისტი, სოლოთი "დაიმორჩილა" მსმენელი და მართა ორკესტრი... მერე კი The Dallas Morning-ში მუსიკის კრიტიკოსი ჯონ არდოინი დაწერს: "დარწმუნებული ვარ, ბოლო 20 წლის განმავლობაში, როგორც რიხტერმა თავისი შესრულებით "დაიპყრო" ამერიკის შეერთებული შტატები, მას შემდეგ ლექსო თორაძე პირველი პიანისტია..."

თორაძის ფენომენს, რომელიც ჰქმნის მისსავე ვარსკვლავურ კარიერას, ჯერ კიდევ 80-იანი წლების დასაწყისში 30 წუთიანი აპლოდისმენტები ჰქონდა NYC Carnegie Hall-ის Isaac Stern Auditorium-ში, იქ, სადაც მუსიკის თითქმის ყველა გენიოსს დაუკრავს, ისააკ შტერნს კი უთქვამს: "კარნეგი ჰოლი თავადაა ინსტრუმენტი, ის იღებს იმას, რასაც შენ ჰქმნი და იგი ცხოვრებაზე უფრო მაღლა აჰყავს." მუსიკის ელიტაში ყველაზე აკადემიურ და ყველაზე პრესტიუჟულ NYC Met-ოპერის, NYC Avery Fisher Hall-ის, ვაშინგტონის Kennedy Center-ის, მილანის La Scala-ს, ლონდონის Covent Garden-ის, Barbican Center-ის, Buckingham Palace-ის, პარიზის Theatre des Champs-Elysees-ის, Salle Pleyel-ის დიდ სცენებზე, სადაც ამბიციური გამოსვლების ვარსკვლავთცვენაა, ქართველი გრანდ პიანისტი წლებია უკრავს, კონტრაქტებს რამდენიმე წლით ადრე სთავაზობენ, რადგან მის საშემსულებლო უნივერსალიზმს უსმენს ის ელიტა, რომელიც ნამდვილ ხელოვნებასთან შეხვედრით განებივრებულია, თუმცა New-York Times წერს, რომ "სადაც არ უნდა დაუკრას და რამდენჯერაც არ უნდა გამოვიდეს ლექსო თორაძე, მის წინ აუდიტორია ნაღმზე ფეთქდება... ეს სასწაულია!"

ამერიკამდე, სადაც დაიწყო მისი ამბიციური კარიერის მეორე ისტორია, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში 1983 წლის აგვისტოს ბოლოს სენსაციური ამბავი გავრცელდა - ლექსო თორაძე გასტროლიდან "გაუჩინარდა" და ამერიკაში გაიქცა! - როგორ გაბედა დავით თორაძის შვილმა?! სამშობლოს უღალატა! - ასეთი იყო პათოსი საბჭოთა იდეოლოგებისგან... წასვლის მიზეზი კი იყო ის, რომ მოსკოვის რადიოსა და ტელევიზიის მთავარმა დირიჟორმა ფედოსეევმა ესპანეთის კონცერტებიდან გამოთიშა პიანისტი, არ აძლევდნენ დაკვრის უფლებას... ლექსომ ეს შეურაცხყოფა ვერ აიტანა და... წავიდა ამერიკაში, სადაც მიიღო არაპოლიტიკური თავშესაფარი. "მართალია, ლექსო ჩვენ დაგვშორდა, მაგრამ თავის საყვარელ საქმეს დაუახლოვდაო" - უთქვამს დავით თორაძეს... ოჯახმა შვილის შესახებ არაფერი იცოდა, რამდენიმე თვეში ლექსოსგან მიიღო წერილი რუსულ ენაზე, КГБ-ს კარგად რომ წაეკითხა:

"მივხვდი, რომ არც ორკესტრთან და არც ფედოსეევებთან ერთად აღარასოდეს მომიწევს სცენაზე გამოსვლა. ეს იყო ერთადერთი ორკესტრი, რომელზეც იმედს ვამყარებდით მე და შენ, მამა. დანარჩენმა "გლავდირებმა" ზურგი შემაქციეს. წარმოუდგენელმა შეურაცხყოფამ მთელი წლის განმავლობაში მაიძულა მიმეღო ყველა ჩვენგანისთვის მოულოდნელი გადაწყვეტილება. იმ ღამეს ერთი ფიქრი ამეკვიატა - ნებისმიერი გზით შევძლო თვიდან ავიცილო ადამიანური, პროფესიული და ნაციონალური დამცირება, რომელიც მე განვიცადე მათგან. სასტუმრო "რობლედოდან", რომელიც ქალაქ ხიხონში მდებარეობს, 25 აგვისტოს, დილის 8 საათზე გამოვედი ყავისფერი ხელჩანთით. მთელი ამ ხნის განმავლობაში თან მსდევდა აზრი, რომ მე კი არ წავედი, არამედ ჩემგან წავიდნენ. ჩემი ქვეყნიდან წასვლა ერთადერთი გამოსავალი იქნებოდა. რას იზამ, მათ საწადელს მიაღწიეს. ახლა კორსაკოვ-მამის თვითმკვლელობის შესახებ. ჩემი ვარაუდით, მან შვილთან ერთად, უცხოეთში წასვლა გადაწყვიტა. როგორც გახსოვთ, მოსკოვიდან გაფრენის დროს საბაჟოში გულმოდგინედ ჩხრეკდნენ. კორსაკოვ-შვილს საიდუმლო ჯიბეში რამდენიმე ასეული ათასი დოლარი უპოვეს. ფედოსეევის პირადმა ჩარევამ გადაარჩინა ის გასტროლებიდან გამოთიშვას. ამ ინციდენტმა ის, სავარაუდოდ ვალში ჩააგდო. ეს ყველაზე უკეთ იცოდა ფედოსეევმა, რომელიც მასთან დაკავშირებული იყო არამარტო მუსიკით, არამედ ვალდებულებით დახმარებოდა. ჩამორთმეული თანხის ასანაზღაურებლად ფედოსეევმა კორსაკოვ-შვილს ჩემი კონცერტები გადასცა... სიამოვნებით გავუთმობდი ჰონორარს, ოღონდ დაკვრის უფლება მოეცათ...

ახლა ჩემს დღევანდელობაზე და მომავალზე: დედა, შენს დაბადების დღეს, 6 დეკემბერს, მე რახმანინოვის N2 საფორტეპიანო კონცერტს ნიუ-იორკის "ლინკოლნ ცენტრში" "ევერი-ფიშერის" დარბაზში დავუკრავ. ეს ყველაზე დიდი დარბაზია ნიუ-იორკში, "კარნეგი ჰოლზეც" კი. შენი ადგილი ყოველთვის თავისუფალი იქნება, დედა! კონცერტიდან შემოსულ ანაზღაურებას, შენს სახელზე მთლიანად შევწირავ ნიჭიერ და პერსპექტიულ ახალგაზრდებს. მთავარია, მაგრად იდგე ამ განსაკუთრებით მძიმე საათებში. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი მე გამოვიწვიე, გახსოვდეს, რომ ახლა ჩემთვის გაცილებით ძნელია, ვიდრე თქვენთვის, მე აქ სრულიად მარტო ვარ! მამა, მოიკრიბე მთელი ენერეგია და წერე მუსიკა, რადგან მუსიკამ ჩვენ ორივე უნდა გადაგვარჩინოს... თქვენ ახლა უჩემოდ ხართ, მე კი - უთქვენოდ, ამან უნდა გაგვაკაჟოს და გაამძაფროს ჩვენი დამოკიდებულება მათ მიმართ, ვინც ამ საბედისწერო ნაბიჯისკენ მიბიძგეს. არ მსურს მყიდდნენ, მამცირებდნენ და სულიერად მანადგურებდნენ სამინისტროებსა და გოსკონცერტში. მე ხომ ჯერ ბოლომდე არ ამიხდენია თქვენი ოცნებები, არც - ჩემი!"

ამერიკაში ოცნებები სრულდება... კონცერტები ვან კლიბერნის კონკურსის ლაურეატს უკვე ცხოვრების სტილად ექცა, იცის, რომ მსოფლიო მუსიკის ცენტრებში აპლოდისმენტების ქვეშ სცენიდან ასე ადვილად არ გაუშვებენ, ამიტომაც ხდება ხოლმე, რომ "ბისზე" მეორე კონცერტი იწყება, ანუ ერთ კონცერტში ორი კონცერტი ერთად!

"ლექსო თორაძე ამერიკულ მუსიკაში უნიკალური მოვლენაა. უნიკალურია არა მხოლოდ იმიტომ, რომ იგი აქ ჩამოვიდა და დამკვიდრდა, როგორც ამერიკულ ღირებულებებზე გაზრდილი შემოქმედი, რომელიც კომუნისტების დროს, ჩუმად უსმენდა ამერიკის ხმის ეთერში ჯაზის პროგრამას, როცა ჯაზი ამ თაობისთვის იყო თავისუფლების სიმბოლო, არამედ ადამიანი, რომლის შემოქმედება და ხელოვნება ჯაზის, როგორც ამერიკული მუსიკის რიტმებით, ენერგიითა და ხასიათით არის გაჯერებული..." - მუსიკის კრიტიკოსის ჯოზეფ ჰოროვიცის რეცენზიიდან...

1991 წლიდან ლექსო თორაძე ინდიანას შტატის ქალაქ South Bend უნივერსიტეტის პროფესორია, სადაც The Toradze Piano Studio-ს გარშემო მან უნიკალური სასწავლო გარემო შექმნა... სადაც არ უნდა იყოს, ლეგენდიდან მოსული პიანისტი ყველგან ამბობს, რომ პოლიფონიური ქვეყნის შვილია, მის ხელებში მუსიკის ძალა კი იმას ამტკიცებს, რომ დიდი ვირტუოზები პატარა ქვეყნებშიც იბადებიან...

ლექსო თორაძე და დირიჟორები - ეს ჯანსუღ კახიძე, ვახტანგ მაჭავარიანი, Valery Gergiev, Esa-Pekka Salonen, Jukka-Pekka Saraste, Mikko Franck, Paavo and Christian Jarvi, Vladimir Jurowski, Gianandrea Noseda.

ლექსო თორაძე და საერთაშორისო მუსიკის ფესტივალები - ეს ზალცბურგის, ედინბურგის, როტერდამის, Hollywood Bowl, ლონდონის BBC Proms, ჩიკაგოს Ravinia, პეტერბურგის "თეთრი ღამეებია"...

ლექსო თორაძე და სომფონიური ორკესტრები - ეს ნიუ-იორკის ფილარმონიული, მეტროპოლიტენ ოპერის, ბოსტონის, ცინცინატის, ფილადელფიის, ლოს-ანჟელესის, სან-ფრანცისკოს, სიეტლის, მინესოტას, მონრეალის, ბალტიმორის, ვაშინგტონის, ბერლინისა და მილანის ლა სკალას ფილარმონიული, ბავარიის რადიოს, საფრანგეთის ეროვნული, ბირმინგემისა და ლონდონის სიმფონიური, ლონდონის ფილარმონიული, ისრაელის ფილარმონიული, გერმანიის, უნგრეთის, ნიდერლანდების, შვედეთის, ფინეთის, იტალიის, ტოკიოს NHK სიმფონიური და სეულის ფილარმონიის ორკესტრებია.

- NYC-ის, ჩიკაგოს, ბოსტონისა და LA-ის შემდეგ თბილისში დაუკარით... როგორი ემოციები გაქვთ? რთულია საქართველოში დაკვრა?

- ძალიან რთული, დამიჯერეთ. როდესაც სახლში უკრავ, მაინც განსაკუთრებული ატმოსფეროა, ყველაზე ძნელია გამოსვლა, ამიტომაც მეტი მომზადება გჭირდება. ძალიან თბილი, უფრო სწორად, ძალიან ცხელი შეგრძნება მაქვს, შევეცადე, ის ჩემი ენერგია და მუსიკალური გაგება, რაც ახლავს შოსტაკოვიჩისა და პროკოფიევის კონცერტებს, მსმენელისთვის გამეზიარებინა. ბედნიერი ვარ და გახარებული, რომ ვარ თქვენთან ამდენი ხნის მერე! ეს კონცერტი მე კი არა, პაატა ბურჭულაძემ გაჩუქათ, განსაკუთრებით ისიც მიხარია, რომ 9 შვილიან ოჯახს უკვე თავისი ბინა აქვს ფონდი "იავნანას" დახმარებით. იცით, მე ყოველთვის მზად ვარ ჩამოვიდე კონცერტებით, მაგრამ დატვირთული საგასტროლო გრაფიკი მაქვს, რომელიც 2 წლით ადრეა დაგეგმილი, ამიტომაც ამ კონცერტის თარიღს მე და პაატა დიდხანს ვეძებდით, - როდის უნდა დაგვენიშნა კონცერტი იმ პროგრამით, იმ როიალზე და იმ დირიჟორთან - ვახტანგ მაჭავარიანთან, ვისთანაც წლებია ვუკრავ. პროკოფიევის N3 კონცერტს, ასევე შოსტაკოვიჩის N2 საფორტეპიანო კონცერტს დიდი ხანია ვუკრავ ევროპასა და ამერიკაში სხვადასხვა დირიჟორებთან ერთად. მიხარია, რომ ეს კონცერტი შედგა და მსმენელმა ისიამოვნა, მათ შორის მეც!

- როდესაც პროკოფიევის N3 საფორტეპიანო კონცერტის სამნაწილიან ფორმას უკრავდით, პირველი ნაწილის შემდეგ აუდიტორიისგან მიიღეთ აპლოდისმენტები. ხომ არ გიშლით ხოლმე ხელს ეს ტაში?

- არა, პირიქით, ჩემთვის ეს სასიამოვნოა. საერთოდ, ამ მომენტს აქვს სხვადასხვანაირი მიდგომა. XIX საუკუნეში ბეთჰოვენის სიმფონიებიც კი არ იკვრებოდა მთლიანად ერთ სუნთქვაზე, ნაწილებს შორის ყოფილა ანტრაქტი. ჩაიკოვსკის N6 სიმფონიის დროს, რომელსაც 1893 წელს კომპოზიტორი თავადე დირიჟორობდა, დიდ scherzo ნაწილის მერე, სანამ ფინალს მიუახლოვდებოდნენ, უზარმაზარი აპლოდისმენტები ჰქონდა და ამიტომ ეს ნაწილი გაიმეორეს კიდეც. მეტსაც გეტყვით, პირველი ნაწილის დროს თუ ისეთი აპლოდისმენტები არ იყო, როგორიც მათ სურდათ, ვენის უდიდესი კლასიკოსები მოცარტი და ჰაიდნი გადააკეთებდნენ ხოლმე ნაწარმოებს, რათა მსმენელის მეტი მღელვარება გამოეწვიათ. კონსერვატორები მიიჩნევენ, რომ მსმენელმა არ უნდა დაარღვიოს ნაწარმოების ციკლურობა, თუმცა არიან მსმენელები, რომლებიც არ ელოდებიან ფინალს და ასე პირდაპირ გამოხატავენ თავის რეაქციას. მე ვფიქრობ, რომ ასეც შეიძლება და ისეც შეიძლება.

- გიყვართ "ბისზე" დაკვრა? - თქვენი კონცერტების "ბისზე" მეორე კონცერტი იწყება ხოლმე...

- (იცინის), კი, კი... "ბისზე" დაკვრა არ მიყვარს იმიტომ, რომ ჩემთვის კონცერტის ფორმატი სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ გამოვთქვა ჩემი მუსიკალური კონცეფცია. როდესაც დიდ სიმფონიურ ორკესტრებთან ერთად ვუკრავ, მსმენელი ითხოვს ხოლმე სოლო "ბისს", მაგრამ ასეთ მომენტში სოლო გამოსვლაზე უარს ვამბობ იმიტომ, რომ მე დიდ პატივს ვცემ ორკესტრის ყველა მუსიკოსს და მირჩევნია ისევ მათთან ერთად დავუკრა.

- ისეთი ძალით, ისეთი ვირტუოზულობით და ისე სრულყოფილად იმორჩილებთ კლავიატურას, რომ თითქოს მწყობრიდან გამოგყავთ როიალი...

- ეს ძალიან ხშირად ხდება როცა ევროპაში ვუკრავ იმიტომ, რომ როიალს ვთხოვ მომცეს თავისი ძალები და ენერგეტიკა. ძალიან მიყვარს Steinwey ხელით ნაკეთი, რადგან მთელი XX საუკუნის მუსიკა ამ როიალზე დაიწერა, ყოველი ტაქტი მისი ჟღერადობიდან მოვიდა...

- ამბობენ, რომ პიანისტებს ასაკი უხდებათ, რადგან ბგერა ხდება უფრო სოლიდური, კიდევ უფრო "ფერადი", ინტელექტუალური... ასეა?

- დიახ, ამ ბგერებს მოვლა უნდათ...

- თქვენ წლებია თანამშრომლობთ მსოფლიო მაესტროებთან - Valery Gergiev, Esa-Pekka Salonen, Jukka-Pekka Saraste, Mikko Franck, Paavo and Christian Jarvi, Vladimir Jurowski, Gianandrea Noseda... და მაინც, მუსიცებას რომელ დირიჟორებთან გამოარჩევდით?

- ვალერი გერგიევთან ვუკრავ ძალიან ხშირად, ის არის ძალიან მგრძნობიარე მუსიკოსი, ვისთანაც სულ მიხარია ხოლმე შეხვედრა, ასევე მიხარია ესტონელ დორიჟორ Paavo Jarvi-სთან დაკვრა, რომელსაც დიდი სახელი აქვს, დიდი წარმატება... და, რა თქმა, ვახტანგ მაჭავარიანითან, ჩემი ბავშობის მეგობართან, ვახო ერთს რომ ამოისუნთქავს, მე უკვე ვიცი, სად უნდა დავხვდე, შემომხედავს და ვიცი, რას მეუბნება. ჩვენ წლები გაგვიტარებია ანსამბლურ მუსიცირებაში, ერთად დაგვიკრავს როგორც კამერული მუსიკა, ასევე ჯაზიც...

- თქვენი შვილები - 20 წლის დავითი და 18 წლის ალექსანდრე თორაძეები უკრავენ? დადიან ხოლმე თქვენს კონცერტებზე?

- იშვიათად, მაგრამ დადიან ხოლმე.

- ცნობილი ამერიკელი მუსიკისმცოდნე ჯოზეფ ჰოროვიცი, რომლის წიგნებიც მუსიკასა და მუსიკოსებზე ბესტსელერებია, თქვენზე წერს: "ლექსო თორაძე ამერიკულ მუსიკაში უნიკალური მოვლენაა. უნიკალურია არა მხოლოდ იმიტომ, რომ იგი აქ ჩამოვიდა და დამკვიდრდა, როგორც ამერიკულ ღირებულებებზე გაზრდილი შემოქმედი, არამედ ადამიანი, რომლის შემოქმედება და ხელოვნება ჯაზის, როგორც ამერიკული მუსიკის რიტმებით, ენერგიითა და ხასიათით არის გაჯერებული... ლექსოს იმდენი რამე მოჰყვება თავისი ტურბულენტური და ტრაგიკული მოვლენებით სავსე ცხოვრებიდან, რომ როდესაც ის ჯდება ინსტრუმენტთან, მისი ყველა განცდილი ემოცია ამ დროს მასთანაა და ეს აისახება მის მუსიკაში..." ეთანხმებით ასეთ შეფასებას?

- მინდა ვთქვა, რომ სწორია ჯეფი. ხანდახან ეს მუსიკალური იმპულსები გამოდის ხოლმე საკმარისად ფუნდამენტალური, მიზანი სწორედ ეს არის, რომ შენი განვლილი ცხოვრების ემოციები გაუზიარო შენს მუსიკას. და რადგანაც ეს გახმოვანდა, ესე იგი, ზუსტად ესმით შენი.

- როგორ გაიხსენებთ ჯაზლეგენდებთან ოსკარ პიტერსონთან და ელა ფიცჯერალთან შეხვედას?

- სასწაული იყო! ეს იყო რეპეტიციაზე, გავიცანი ძალიან უბრალოდ, რეპეტიცია მქონდა და კონცერტების მენეჯერმა მიმიყვანა. ოსკარ პიტერსონს კულისებში შევხვდი ძალიან გულთბილად, ვსაუბრობდით და იქ მენეჯერმა მითხრა: მოდი დაუკარიო! ძალიან დამაინტერესა როგორ როიალზე უკრავდა ოსკარ პიტერსონი, და მეც დავუკარი ბახი, ლისტი, პროკოფიევი... და უცბათ, მოდის მენეჯერი და მეუბნება: ელა ფიცჯერალდს შენი ნახვა უნდაო. არ მჯეროდა! მან დარბაზში შემთხვევით მომისმინა, ამიტომაც მოინდომა თურმე გაცნობა. მიმიყვანეს ელა ფიცჯერალთან და, ეს იყო საოცრება! ვერ აგიღწერთ. ეს მოხდა მათი კონცერტის წინ. საღამოს კონცერტი რომ დაიწყო, ხალხს მოუყვა ჩვენს შეხვედრაზე, მერე დამიძახა: სად ხარ? ვერ გხედავ, ამოდი სცენაზეო! მე მეოთხე რიგში ვიჯექი... ეს იყო სასწაული შეხვედრა! ჯაზი ძალიან მიყვარს, როგორ შეიძლება მუსიკოსს არ უყვარდეს ისეთი დიდი მუსიკალური მოვლენა, როგორიც ჯაზია.

- როგორია თქვენი ყოვედღიური ამერიკული ცხოვრება? მიჩიგანის შტატში თქვენ გაქვთ თქვენი ვაზი, მოგყავთ ყურძენი და ქართული ტრადიციით აყენებთ ღვინოს... მუსიკოსებთან ერთად თამაშობთ ფეხბურთს, მეტიც, The Toradze Piano Studio-ს პიანისტთა გუნდი South Bend უნივერსიტეტის სამგზის ჩემპიონი გახდა ფეხბურთში.

- დიახ, დიახ... საინტერესოდ ვცხოვრობთ ერთი ოჯახივით! რომ გითხრათ, რომ მოედანზე მე ყველაზე ბევრს დავრბოდი და კარში ყველაზე მეტი გოლი შევაგდე მეთქი, მართალი არ ვიქნები, მაგრამ მეც ვთამაშობდი, საერთოდ, რჩევებს უფრო ვიძლევი ხოლმე (იცინის)...

ჩვენ იქ პატარა საქართველო შევქმენით, მეზობელ შტატში, მიჩიგანში ვიპოვეთ ადესას მაგვარი ყურძენი, Concord Grapes, - ასეთი ჯიშია, მაგარი არომატული. ამ ყურძნისგან დავით მაჭავარიანი, რომელიც არის ჩვენი მეღვინეთუხუცესი, ძალიან კარგ სუფრის ღვინოს აყენებს, სასიამოვნო დასალევს... მანამდე, რა თქმა უნდა, გვაქვს რთველი, მივდივართ ხოლმე შემოდგომაზე ფერმაში... ყურძნის კრეფა ჩემთვის იმხელა და ისეთი განსაკუთრებული სიხარულია, რომ... ამისთვის ვემზადები ხოლმე, ამას ველოდებით მთელი წელი! იქაური ქართველები ერთმანეთს ასე ვუმსუბუქებთ ნოსტალგიას... რთველი უფრო რიტუალია, მისტერია, ვიდრე ჩვეულებრივი შრომა. მერე ეს ოჯახი ისე ძალიან დაგვიმეგობრდა, რომ ჩვენი ხათრით ფორტეპიანოც კი შეიძინეს, შემოდგომაზე რომ ჩავდივართ ხოლმე, იქ გულიანად ვმხიარულობთ.

- თქვენ საბჭოთა საქართველოდან წასვლის შემდეგ თითქმის 10 წლიანი შუალედებით ჩამოხვედით სამშობლოში. რა გენატრებათ ხოლმე საქართველოდან?

- მენატრებოდა ჯვარი, მენატრებოდა რაჭა, მენატრებოდა ჩემი მეგობრები და ნათესაობა, ის თბილი ურთიერთობები, რაც მხოლოდ აქ გაქვს და სხვაგან არსად. მენატრებოდა ჩემი თბილისის სახლი, სადაც მხვდება ზუსტად ის აურა, ის სითბო, ის სიმშვიდე, რაც მახსოვს, რაც არ იცვლება... და აი, ამ ჩამოსვლამ მე შემივსო ის დანაკლისი, ხომ გესმით?.. კონსერვატორიაში გავიზარდე, რასაკვირველია, იქ რომ შევედი, დავუბრუნდი ბავშვობას. კიდევ გეუბნებით, გულში სულ მაქვს ჩამოსვლის აუცილებლობა, მინდა კიდევ ჩამოვიდე კონცერტებით, მაგრამ ეს არა არის ადვილი გადასაწვეტი...

- 1991 წლიდან თქვენ ინდიანას შტატის ქალაქ South Bend უნივერსიტეტის პროფესორი ხართ, სადაც The Toradze Piano Studio, ანუ საფორტეპიანო კლასი არსებობს. თქვენთან ერთად The Toradze Piano Studio პიანისტები Columbia Artists Management-ის ორგანიზებით, ევროპაში აწყობთ მუსიკალურ მარათონებს, რომელსაც თავისი მუსიკალური კონფეცფიით მსოფლიო მუსიკალურ ცენტრებში ანალოგი არ აქვს. ეს არის 7-8 საათიანი თემატური კონცერტები, რომელსაც ესწრება 10 ათასამდე ადამიანი. ასე დიდხანს მსმენელს როგორ აჩერებთ?

- ჩვენი კონცერტები არის მონოთემატური, ანუ ერთ ავტორს ვუძღვნით ჩვენს მარათონულ კონცერტს, ანუ გრძელ კონცერტს. ლონდონში, სადაც ვუკრავდით პროკოფიევის ყველა სონატას, კონცერტი 5 საათს გაგრძელდა. დიუსელდორფში მივეცით 8 საათინი კონცერტი, სადაც მარტო სკრიაბინს ვუკრავდით, ნიუ-იორკში 7 საათი ვუკრავდით ბახს. ასე ჩვენ ბევრი ავტორი შექმენით: რახმანინოვი, სტრავინსკი, შოსტაკოვიჩი, რაველი... ანუ რა ხდება? ჩვენ ვიღებთ ერთი კომპოზიტორის მუსიკას და მის შემოქმედებას ქრონოლოგიურად მივყვებით, ბოლო ოპუსებამდე. ამ დროს მსმენელს, შემსრულებელთან ერთად საშუალება ეძლევა ამა თუ იმ კომპოზოტორის შემოქმედებითი ევოლუცია შეაფასოს, ამასთან ერთად, თუ როგორ იკითხება ახალგაზრდა პიანისტების ხელში ინტერპრეტაცია, ამ ოპუსების ინდივიდუალური გააზრება, თუ როგორ ესმის და როგორ იცვლება კომპოზიტორის ფილოსოფია... ეს საინტერესო ხდება როგორც შემსრულებლისთვის, ასევე აუდიტორიისთვისაც! ჩემს კლასში თავიდანვე შეიკრა ძლიერი პიანისტების გუნდი: საშა კორსანტია, გიორგი ვაჩნაძე, მაქსიმ მოგილევსკი, ირმა სვანაძე, ვახტანგ კოდანაშვილი, ედიშერ სავიცკი, მაქსიმ მოგოლევსკი, სვეტლანა სმოლინა... მათ დღეს კარგად იცნობენ, აქვთ საერთაშორისო აღიარება.

- თქვენ ევროპაში უკრავთ ხოლმე დავით თორაძის საფორტეპიანო კონცერტს, რომელიც თქვენ გეძღვნებათ. როგორ აღიქვამთ მამას მუსიკას?

- სევდიანად. ეს ჩემთვის ძალიან ძვირფასი კონცერტია! ამ კონცერტზე მამა დიდხანს მუშაობდა, ბოლოს და ბოლოს დაამთავრა და ამის შემდეც ცხოვრება დატრიალდა სულ სხვანაირად. ჩემი დიდი ოცნებაა, საქართველოში დავუკრა და თითქმის 30 წელია ვერ შევასრულე, ვალში ვარ მამასთან და იმ მსმენელთან, რომელიც ამ საფორტეპიანო კონცერტს ელოდება.

ბავშვობიდან მეც ვწერდი მუსიკას, ეს მამას ძალიან ახარებდა, მაგრამ მერე ამიკრძალა, კომპოზიცია თუ გინდა მერეც შეძლებო, ფორტეპიანოზე თუ სერიოზულად არ იმეცადინებ, ვერასდრის ვერ გახდები დიდი პიანისტიო, ამიტომ წამართვა სანოტო ფურცლებიც, ფანქრებიც და საშლელიც.

- ნანობთ?

- კი, ვნანობ რომ წამართვა.

- გიცდიათ კომპოზიციაში დაბრუნება?

- მართალი გითხრათ, არა. ის ძველი პარტიტურები სადღაც სახლში გვაქვს შენახული...

მზეხა მახარაძე

 

 

ყველაზე პოპულარული
  1. სპორტი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. ბიზნესი >>

    aa
  4. ბიზნესი >>

    aa
  5. ბიზნესი >>

    aa
  6. ბიზნესი >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. კალათბურთი >>

    aa
  9. პოლიტიკა >>

    aa
  10. ინტერვიუ >>

    aa
  11. საზოგადოება >>

    aa
  12. თვალსაზრისი >>

    aa
  13. უცხოეთი >>

    aa
  14. პრესომბუდსმენი >>

    aa
  15. თვალსაზრისი >>

    aa
  16. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  17. რევიუ >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. სტილი >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. რევიუ >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. მარანი >>

    aa
  28. კულინარია >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. წიგნები >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  44. ამბები >>

    aa
  45. ტექნოლოგიები >>

    aa
  46. ტექნოლოგიები >>

    aa
  47. რევიუ >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. რეგიონი >>

    aa
  50. კალათბურთი >>

    aa
  51. სპორტი >>

    aa
  52. რაგბი >>

    aa
  53. რაგბი >>

    aa
  54. წიგნები >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
  56. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი