აზროვნებისა და ფასეულობების თვალსაზრისით თავს მეოცე საუკუნის ადამიანად თვლის.
24 საათი 29.01.12
აზროვნებისა და ფასეულობების თვალსაზრისით თავს მეოცე საუკუნის ადამიანად თვლის.
ამბობს, რომ გასულ, ძალიან ტრაგიკულ და იმავდროულად, კულტურის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვან საუკუნეში ჩარჩა. ორმოცდაათიან წლებამდე პერიოდის აურა, მწერლები, კომპოზიტორები მოსწონს. მისი პირველი ნაბიჯები მუსიკაში ცოტათი ჩამორჩება ცხოვრებაში გადადგმულ პირველ ნაბიჯებს. სამი წლიდან უკრავს. ექვსი წლიდან - ორკესტრთან ერთად. ეს პერიოდი ფრაგმენტულად ახსოვს. უფრო მუსიკა, რომელიც ხელოვნების კოლეჯში, უფროსი დის, გვანცას გაკვეთილებზე მოისმინა და დაამახსოვრდა. ოჯახის ვარსკვლავიც ის იყო. სტუმარი მოვიდოდა თუ არა, დააყენებდნენ და ამღერებდნენ. მას კი ამგვარი "დავალებების" შესრულება არ უყვარდა. ასეთი ხასიათი ჰქონდა და როგორც ამბობს, დღემდე გამოჰყვა. თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია, მსოფლიო მუსიკალური სამყაროს ახალი მოციმციმე ვარსკვლავი და ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პიანისტი გამხდარიყო.
BBC რადიო 3-ის გასული სეზონის ახალი თაობის ხელოვანი და 2011-2012 წლების ამომავალი ვარსკვლავი (ამ ნომინაციაში ის კლასიკური მუსიკის ყველაზე პრესტიჟულმა საკონცერტო დარბაზებმა: ვენის Musikverein და Konzerthaus-მა დაასახელეს) ხატია ბუნიათიშვილი ამჟამად პარიზში ცხოვრობს და თავისი უნიკალური ნიჭისა და ენერგიის წყალობით, წელიწადში 100-მდე კონცერტს მართავს.
თანამედროვე პიანისტებში რჩეული არ ჰყავს. მისი ფავორიტები: რახმანინოვი, რიხტერი, გულდი და მარტა ალგერიხია. არასდროს არავის კონკურენტად არ განიხილავს. არ უყვარს შეჯიბრი და კონკურსები. თუმცა, პედაგოგების ხათრით, უამრავი მათგანის მონაწილე და პრიზიორია.
- კონკურსებზე გამარჯვებულად თავი არასდროს მიგრძნია. პედაგოგები, მათ შორის მაიზენბერგიც, მეუბნებოდნენ, რომ უნდა გავსულიყავი, საჭიროა და მეც ვეთანხმებოდი-ხოლმე. თანაც, სანამ კონცერტები დამეწყებოდა, ოთხჯერ წაწყობილად დიდი პროგრამის დაკვრა, გარკვეული გამოცდილებაც იყო. ჩემი აზრით, კონკურსი არის არასწორი დამოკიდებულება ზოგადად მუსიკის მიმართ. მოსწავლე რომ მყავდეს ან შვილი, ვეტყოდი, კონკურსზე გადიხარ იმიტომ რომ, ამ სფეროში ასეა დაწესებული. მონაწილეობა მიიღე, უბრალოდ დაუკარი და მუსიკა გაუზიარე მსმენელს. ოღონდ, გონებაში არ ჩაიდო, რომ ვინმეს კონკურენტი ხარ და უნდა გაიმარჯვო. ან სულ არ გავიყვანდი კონკურსზე, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა თქვას უარი მასზე და ეს ტრადიცია უსასრულოდ არ გაგრძელდეს.
- მოსწავლის მონაცემების შეფასება როგორ უნდა ხდებოდეს?
- ხომ არსებობს გამოცდები? სწორად არ მიმაჩნია, ჟიურიმ, რომელშიც ათი ადამიანი ზის და აქედან რვას პატივს საერთოდ არ ვცემ, ჩემი მონაცემი შეაფასოს. მათი უმეტესობა იქ იმიტომ მოხვდა, რომ დრო აქვთ, რადგან არ არიან წარმატებული პიანისტები. ძირითადად ასეა. თუმცა, არიან გამონაკლისებიც. მარტა არგერიხიც იჯდა შოპენის კონკურსზე. ახლა ამდენს ვლაპარაკობ და ვინ იცის, ხვალ მეც აღმოვჩნდე რომელიმე კონკურსის ჟიურიში.
- ის თქვენი ფავორიტია, არა?
- ბევრი ცდილობს მიაღწიოს სიღრმეებს მუსიკაში, მაღალ საშემსრულებლო ტექნიკას. ტექნიკაზე საერთოდ არ მიყვარს საუბარი. ის იდეის გამოხატვის საშუალებაა და სხვა არაფერი. აღწევენ კიდეც ამას, მაგრამ აკლიათ მთავარი, რაღაც ღვთიური, რაც არაფრით არ მიიღწევა. ის ან გაქვს, ან არა. სწორედ ესაა მარტა ალგერიხში. მე აღტაცებული ვარ მისით. თუმცა, ამ აღტაცებას ასეთი გამორჩეული ტალანტის მქონე ადამიანების მიმართ, ტკივილიც ახლავს. მათ უჭირთ, თავისი ადგილი დაიკავონ ცხოვრებაში. გაუცხოების გრძნობა აქვთ. არა იმიტომ, რომ ფიქრობენ, სხვებზე რაიმეთი უკეთესები არიან. პირიქით, განსხვავებულობა უხერხულობის შეგრძნებას ბადებს მათში. ერთხელ სერჟ გენსბურგის შესახებ გადაცემაში თქვეს, რომ თურმე ძალიან უნდოდა ერთ-ერთი ცნობილი ჟურნალის გარეკანზე მოხვედრილიყო. ეტყობა, იმდენად გააღიზიანა უნიჭობის პროპაგანდამ, რაც საფრანგეთშიც გახშირდა, რომ გაუჩნდა პროტესტი - რატომ მე არა?! ასეთი ადამიანებისთვის წარმატება საყვარელი საქმის კეთების მეტი საშუალება, ხალხისთვის საკუთარი შემოქმედებისა და სითბოს გაზიარებაა და არა პოპულარობის მოხვეჭის სურვილი. ისინი ვერასდროს თმობენ თავისუფლებას. ამიტომ, ხშირ შემთხვევაში, ცხოვრებას ტრაგიკულად ამთავრებენ. ბევრი მათგანი ეტანება ალკოჰოლს, ნარკოტიკებს.
- რეპეტიციის დროს თქვენი და ბატონი გიზი ამირეჯიბის ურთიერთობის ყურება ერთი სიამოვნება იყო. მხოლოდ ოსტატსა და შეგირდს შორის არსებული უხილავი კავშირის წყალობითაა შესაძლებელი, მხოლოდ ერთმანეთისთვის გასაგები ფრაზებით, ზოგჯერ ჟესტიკულაციით ან სულაც მიმიკით შედგეს უმნიშვნელოვანესი დიალოგი. არანაკლებ საინტერესო იყო იმაზე დაკვირვება, როგორ გისმენდათ კონცერტის დროს. მუხლზე დადებული ხელი ხანდახან სინქრონულად ამოძრავდებოდა და თქვენთან ერთად ასრულებდა მუსიკალურ ფრაზას. თითქოს ორივე ერთად უკრავდით.
- ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ პედაგოგისა და მოსწავლის ურთიერთობას. გარდა იმისა, რომ ისინი მუსიკას გვასწავლიან, უმნიშვნელოვანესია თვითონ ადამიანური კონტაქტიც. რისთვის არსებობს კონცერტები? შემოქმედსა და აუდიტორიას შორის ურთიერთკავშირი რომ მუდმივად შედგეს და არ დაირღვეს. ეს ყველაფერი კი ოსტატისა და შეგირდის ურთიერთობით იწყება. ბევრი პედაგოგი გამოვიცვალე, ყველამ თავისი კვალი დატოვა, მაგრამ მხოლოდ ორ მათგანს - ქალბატონ ესმა ქირიასა და ბატონ გიზი ამირეჯიბს - გამოვყოფ. ოლეგ მაიზენბერგსაც, მაგრამ ეს უკვე სხვა პერიოდი იყო, სხვა სიტუაცია. ჩვენი ურთიერთობა უფრო ინტერპრეტაციების გაზიარება იყო. თუმცა, იმ პერიოდმაც ძალიან გამზარდა. რაც შეეხება ამ ორ ადამიანს, მათ იმდენად შეცვალეს ჩემი დამოკიდებულება მუსიკისა და ცხოვრების მიმართ, რომ მუდმივად იქნებიან აღბეჭდილნი ჩემს მეხსიერებაში. იცით, დრო ისე სწრაფად გარბის, მეშინია, ვერ მოვასწრო სიყვარული გავუმჟღავნო ადამიანებს, რომლებიც ასე ძვირფასები არიან ჩემთვის. ხშირად, როცა დიდ წარმატებებს აღწევენ კარიერაში, იმის დრო არ რჩებათ, დედა მოინახულონ. გამოდის, რომ შრომა აზრს კარგავს და ყოველდღიური რუტინა ხდება ყველაზე მთავარი. იგივე შემიძლია ვთქვა ჩემს მასწავლებლებთან ურთიერთობაზეც. მოწაფის როლში ყოფნა ძალიან სასიამოვნოა. ვთვლი, რომ ხელოვანი არის ოსტატისა და შეგირდის სინთეზი. რა თქმა უნდა, უნდა გქონდეს საკუთარი მოსაზრება, შეგეძლოს, გამოხატო ის დამარწმუნებლად და თავდაჯერებულად. საკუთარი ძალების რწმენა, დამოუკიდებლობის, თავისუფლების შეგრძნება ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, იმავდროულად, არ უნდა დაკარგო უნარი, დარჩე შეგირდი და მუდმივად შეისწავლო რაღაც ახალი. ჩემს მასწავლებლებთან დღემდე მაქვს კონტაქტი. ისინი დღემდე დიდ როლს თამაშობენ ჩემი, როგორც მუსიკოსისა და პიროვნების ცხოვრებაში. ამას წინათ სამი დღით ჩავედი ოლეგ მეიზენბერგთან და მის მეუღლესთან ვენაში. ვმეცადინეობდით, ვსაუბრობდით. სამწუხაროდ, ეს მხოლოდ მაშინ ხდება, როცა კონცერტი მაქვს.
- შეგირდობა მოგწონთ, მაგრამ როცა თქვენში "ნიჭიერ გოგონას" ხედავდნენ, გაღიზიანებდათ.
- თუ ბავშვი ნიჭიერია და შესაბამისად აფასებენ, ამაში გამაღიზიანებელი არაფერია. არ მომწონდა დამოკიდებულება ჩემი და ჩემი პატარა კოლეგების მიმართ, ფონდში, სადაც ასე მოგვიხსენიებდნენ. მე არ გავზრდილვარ კონკურენციის სულისკვეთებით, რომ ვინმეს ვაჯობო ან შევეჯიბრო. დავინახე, რომ ჩემი ვუნდერკინდობით სხვები საქმეს იკეთებდნენ. ამიტომ სულ კიკინა უნდა მქონოდა და სულ ბავშვად უნდა დავრჩენილიყავი. არადა, მე საკმაოდ მალე ავიყარე ტანი. უფრო დიდს ვგავდი, ვიდრე ვიყავი. მე ვიზრდებოდი. ყველა ბავშვს გაზრდა უნდა, ეს სრულიად ბუნებრივი სურვილია. "კიკინებიანი ვუნდერკინდის" ჩარჩოში გაწვრთნილი მაიმუნივით ყოფნა არ მინდოდა... საერთოდ, გაწვრთნის წინააღმდეგი ვარ, ცხოველისაც კი!
- დიდი მუსიკალური ტრადიციების ქალაქში, ვენაში სწავლობდით, მაგრამ მაინც პარიზში გადახვედით საცხოვრებლად. ყველა ხელოვანი პარიზში მიდიოდა და მიდის. რამე რომ შექმნა, ასეთი აუცილებელია იქ ყოფნა?
- აუცილებელი არ არის, მაგრამ ამაზე ყველა ოცნებობს. იმიტომ, რომ პარიზი იმედებს არ გვიცრუებს... ვფიქრობ, რაღაც პერიოდი ადამიანმა და მით უფრო ხელოვანმა, პარიზში აუცილებლად უნდა იცხოვროს. მთელი სიცოცხლე მეც ალბათ არ დავრჩები პარიზში, მაგრამ გარკვეული წლები, თუ საშუალება გაქვს, იქ უნდა გაატარო.
- ბანალური კითხვაა, მაგრამ თქვენი პარიზი როგორია?
- ნაცრისფერი, ნისლიანი და, რაც არ უნდა გაცვეთილი იყოს ეს ფრაზა, ძალიან რომანტიკული. განსაკუთრებით წვიმაში მომწონს. გასაოცარია შენობები, რომლებიც აქ რაღაც უცნაურად ეხებიან ცას... ნამდვილად გენიოსი იყო არქიტექტორი, რომელმაც ქალაქის ასეთი, სრულიად განუმეორებელი, ზოგადი არქიტექტურული სახე შექმნა.
- 10 იანვარს კონსერვატორიაში გამართულ კონცერტზე, ბისზე, აღარც მახსოვს მერამდენეზე, რადგან მსმენელი უბრალოდ აღარც გიშვებდათ, შეასრულეთ "ვა გიორქო მა" ("არ გიყვარვარ?"). ულამაზესი კომპოზიცია, რომელიც პირველად ანაკლიაში დაუკარით. კლასიკური მუსიკის შემსრულებლები ამას იშვიათად აკეთებენ.
- ლიზა ბათიაშვილი აკეთებს ამას ყოველთვის. რაც შეეხება ამ კომპოზიციას, ის სპეციალურად ანაკლიისთვის შევქმენი, მაგრამ ამაზე საუბარი მეუხერხულება-ხოლმე.
- ქართული ფოლკლორის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება გაქვთ.
- რაც დასავლეთში ვცხოვრობ, მისდამი სიყვარული კიდევ უფრო გამიმძაფრდა. ქართული პოლიფონია, კრიმანჭული, სრულიად უნიკალური მოვლენაა, რომლითაც ნებისმიერი ერი იამაყებდა. გასაოცარია საქართველოს კუთხეების ასეთი განსხვავებული ხასიათი, სიმღერა, ცეკვა, ტრადიცია, საჭმელი. საერთოდ, ყველაფერში მრავალფეროვნება მიყვარს. ადამიანებიც სხვადასხვა გარეგნობის მომწონს. თითოეული ნაკვთი პიროვნების ხასიათს გამოხატავს და ამიტომ ყველა ადამიანი თავისებურად საინტერესოა. იგივე შეიძლება ითქვას ფოლკლორზეც. ის ფაქტი, რომ მამა კახელი მყავს და დედა იმერელი, ფოლკლორისადმი ჩემი მიმღეობის საზღვრებს უფრო აფართოვებს. ფოლკლორში იგრძნობა ფესვები, სიყვარული საკუთარი სამშობლოსადმი. ჩანს, რომ ამ ერს თავისი ყველაფერი უყვარს, მიწა, ხალხი, ბუნება. სხვა ერების ფოლკლორებშიც არის ეს სიყვარული, მაგრამ, რაღაცნაირად ზერელეა. ფოლკლორი ერის ხასიათს წარმოაჩენს, როგორც კომპოზიტორს მისი მუსიკა, მწერალს - ნაწარმოები. ფოლკლორი ჩემი ნაწილია. ბედნიერი ვარ, რომ მას ბავშვობიდანვე მასმენინებდნენ. აქამდე მეგონა, რომ რაღაც ვიცოდი ქართულ ფოლკლორში. კონსერვატორიაშიც გავდიოდით ამ საგანს, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ უბრალოდ ამოუწურავია. სულ უნდა ისწავლო და ისწავლო.
- თქვენს პირველ ალბომს, რომელიც ლისტის 200 წლისთავს მიეძღვნა, პრესამ "ლისტის რჩეული" უწოდა, თქვენს ინტერპრეტაციას კი - გამაოგნებელი. ცნობილმა ფრანგულმა ჟურნალმა "კალასიკამ" კი ის უმაღლესი ჯილდოთი, "CHOC"-ით შეაფასა. იყო ეს თქვენთვის შოკი?
- მარტო ალბომის ჩაწერაზე ოთხი დღე ვიმუშავეთ. მერე იყო მონტაჟი. არჩევა, თუ რომელი ვერსია უკეთესია. ბევრი ვიმუშავე შესავალ ტექსტზეც. როგორც წესი, ასეთ ტექსტებში ბიოგრაფიულ დეტალებს წერენ, მაგრამ ამით დისკი რაღაც ფასს კარგავს. ასეთი შრომისა და ერთი წლის შემდეგ ჯილდოც ნაკლებად შოკური აღმოჩნდა.
- შესავალი ტექსტი ფანტასტიკურია, ნამდვილი ლიტერატურაა და სამი შეკითხვით იწყება.
- კითხვებით, რომლებზეც დღემდე კამათობენ. ბევრი ლისტს დღემდე მხოლოდ ვირტუოზ პიანისტად თვლის და არა გენიალურ კომპოზიტორად. არადა, მისი ბოლო პერიოდის მუსიკა არის დოდეკაფონიზმის, იმპრესიონიზმის, ყველა შემდგომი პერიოდის მუსიკალური სტილისა და მიმდინარეობების საწყისი. გარდა იმისა, რომ მას ჰქონდა საკუთარი ენა, ჰქონდა მომავლის მუსიკის საოცარი ხედვა. იყო ნოვატორი და ნამდვილად გენიალური კომპოზიტორი. მისი მუსიკა არა მხოლოდ მოსასმენადაა სასიამოვნო, არამედ, დასაკრავადაც. მიუხედავად სირთულისა. ყოველთვის იყვნენ ხელოვანები, რომლებიც სულ რაღაცას ეძიებენ, მაგრამ ეს ძიება არაფრით მთავრდება. ამავე დროს, ღმერთს მუდმივად ჰყავს ადამიანები, რომლებსაც ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე, ბუნებრივად, სულ აქვთ რაღაც სათქმელი. ასეთი იყო მოცარტი, ბრამსი, ლისტი. ის ჩემთვის, როგორც პიანისტისთვის, საკუთარი თავის იდეალურად გამოვლენის საშუალებაა.
- ამიტომ არის ალბომზე თქვენი და მისი სახელი ერთმანეთზე ისე გადაბმული, რომ ერთი პიროვნების სახელად და გვარად იკითხებოდეს?
- გადაბმულია, მაგრამ შრიფტი განსხვავებულია. არ მეშინია, ვინმემ თქვას, რომ ამბიციური ვარ. დრომ აჩვენა, რომ არ ვარ. მასთან იდენტურობა, მისდამი სიყვარულის, მის მუსიკასთან საკუთარი თავის იდენტურობის გამოხატულებაა. ცოცხალ კომპოზიტორს შეიძლება აღიზიანებდეს ვიღაცის ინტერპრეტაცია, მაგრამ როცა გენიალური კომპოზიტორის საუკუნეების წინ დაწერილ ნაწარმოებს აცოცხლებ, მასში სულსა და გულს დებ, არა მგონია, ამაში იყოს რაიმე გამაღიზიანებელი.
- ალბომი, რომელშიც ლისტის Sonata in B minor, Liebestraum N3, La Campanella, Hungarian Rhapsody N2 და Mephisto Waltz, მთლიანად მეფისტოს თემაზეა აგებული. მის საპრეზენტაციო ვიდეოში, მეფისტო, მარგარიტა და ფაუსტი, სამივე თქვენ ხართ. სამივე ერთმანეთთან მიზეზობრივ-შედეგობრივ კავშირშია, ერთია და იმავდროულად, ერთშია სამივე. თქვენშიც ცხოვრობს ეს ტანდემი?
- დიახ, ისევე როგორც ყველა ადამიანში. უბრალოდ, ხელოვანში ეს უფრო გამძაფრებულია. ხელოვანს მეტად შესწევს უნარი, თვალი გაუსწოროს საკუთარ თავში აღმოჩენილ თვისებებს და არ მოახდინოს მათი უარყოფა. მათი არსებობის ყველაზე ცუდი განვითარება, საიდანაც იწყება სერიოზული ადამიანური პრობლემები და შინაგანი ბალანსის რღვევა. საკუთარ თავში რაიმე მეფისტოფელურის აღმოჩენის არ უნდა შეგვეშინდეს. ასევე უნდა შევხედოთ ნაკლოვანებას საკუთარ პროფესიაშიც. მე არ მეშინია ინტერპრეტაციის ან პიანიზმის საკითხებში ნაკლოვანებების გამომჟღავნების. მაშინ ამას რეპეტიციაზე, პედაგოგთანაც არ გამოვაჩენდი.
- ამ ყველაფერს ლისტის სამყაროში "მოგზაურობას" უწოდებთ. მომეჩვენა, რომ ეს საკუთარ თავში მოგზაურობაც იყო.
- ყველა კომპოზიტორთან შეიძლება მუსიკოსმა საერთო გამონახოს. ზოგთან მეტი და ეს ერთობა უფრო გაღრმავდეს, ზოგთან - ნაკლები. მე ვეცადე, ლისტის ის მხარე დამენახა, რომელიც ჩემთვის იყო საინტერესო. მას კიდევ უამრავი რამ აქვს გამოხატული, რასაც, ამ ერთ დისკში ვერ დავატევდით. ეს ხედვა ხელოვანის სულის სიღრმეების გავლით ხდება. ხოლო ის, რასაც შენს გულსა და სულში გაუვლია, შენი ნაწილიცაა. დიახ, შეიძლება ითქვას, ეს იყო მოგზაურობა საკუთარ თავში, ლისტის საშუალებით, ლისტთან ერთად.
- ლისტი და სხვა გენიალური კომპოზიტორები საუკუნეების წინ ცხოვრობდნენ, თანაც, მამაკაცები იყვნენ. პიანისტებს მათი ხედვის, განცდების, ოცნებების, ხილვების, ვნებების გაგება და ადეკვატური გადმოცემა გიწევთ. მამაკაცი და ქალი ერთნაირად იგებს კომპოზიტორის ჩანაფიქრს? რამდენად განსხვავებულია ინტერპრეტაციები?
-ადრე ამაზე ძალიან ბევრს ვფიქრობდი. რადიკალური აზრები მქონდა. ახლა უფრო ლოიალური ვარ. ვცდილობ, გავიგო რაღაცები, რაც მე არ მომწონს და მათი ხიბლი დავინახო. მაშინ ვერ ვიტანდი ქალებს, რომლებიც უკრავდნენ "ქალურად".
- რას ნიშნავს "ქალურად" დაკვრა?
- როცა მანერულად, განაზებულად უკრავენ იქ, სადაც მამაკაცური ინტელექტი, სიმკაცრეა საჭირო. ამიტომ მომწონს მარტა ალგერიხი. მისი სიმკაცრე, პირდაპირობა, გულწრფელი დამოკიდებულება. დაკვრის მამაკაცური მანერა აქვს, ამიტომაც, მე მას რახმანინოვსა და რიხტერთან ერთად მოვიხსენიებ. იშვიათად მომწონს ქალი მწერალი, თუ გენიალური არ არის. ნამდვილ შემოქმედებს, ვინც მუსიკას წერს, ლიტერატურას ქმნის, გენიალურობა ჭირდებათ. ჩვენ გვეპატიება, მათ არა. საერთოდ, ყველაფერში, როცა გენიალურობაზეა საუბარი, სქესობრივი განსხვავება იკარგება.
- ახალ წელს შანხაიში დაუკარით. 10 იანვარს თბილისში რაველი შეასრულეთ. 12-ში -იტალიაში გაქვთ კონცერტი. მერე ამერიკა, კანადა და ისევ ამერიკა... საკონცერტო აფიშა კი არა, ტორნადოა!
- ძალიან გამიმართლა, რომ ღმერთმა დიდი ენერგია მომცა. გვანცა ძალიან ნიჭიერი პიანისტია, მაგრამ ასეთ გრაფიკს ვერ გაუძლებდა. კონცერტებზე მთლიანად ვიხარჯები. იშვიათად, რომ ძალიან არასაკონცერტო განწყობაზე ვიყო. ასეთი გადატვირთული გრაფიკის გამო ექიმებთან სრული გამოკვლევები ჩავიტარე. მითხრეს, რომ სრულიად ჯანმრთელი ვარ და თუ მაქსიმალურად დავხარჯავ ენერგიას, უკეთესი იქნება ჩემთვის. ამხელა ენერგია, ალბათ, არასდროს მექნება. ასეთ რეჟიმში კიდევ რამდენიმე წელიწადი თუ დავუკრავ, ცუდი არ იქნება. მერე შეიძლება სხვა რაღაცებზეც დავიწყო ფიქრი. მახარებს ის აზრი, რომ ერთ დღეს კონცერტების რაოდენობის შემცირება შემეძლება. ძალიან მიყვარს დაკვრა, მაგრამ არის რაღაცები, რისთვისაც მეტი დროის დათმობა მინდა. მთელი ცხოვრება წელიწადში 100 კონცერტის ჩატარებას არ ვაპირებ. თვითონ მუსიკაც იზარალებს ამით. სხვა საკითხებშიც უნდა გავღრმავდე.
- საკმაოდ თამამი, სექსუალური სცენიური იმიჯი გაქვთ. ანაკლიაშიც ძალიან თეატრალური კაბა გეცვათ. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს თქვენში დაბუდებულ ენერგიას დამატებითი სივრცეებს "უხსნით" გამოსასვლელად.
- ანაკლიაში, სრულიად გამიზნულად, მეფისტოს კაბა მეცვა. ის სამგლოვიარო სამოსიც იყო და სადღესასწაულოც. არ ვიცი, რამდენად ჩანდა ეს კადრში, მაგრამ მისი ქვედა ნაწილი ისეა გაფორმებული, რომ ძაძების შთაბეჭდილება შექმნას. ამ ადგილს ადრე "ანარკია" ერქვა, ნაკივლარი. ადგილი, სადაც ქალები კიოდნენ, დატყვევებული ოჯახის წევრებს მისტიროდნენ, რომლებიც უცხოეთში მიყავდათ გასაყიდად. ამავე დროს, ის სადღესასწაულო იყო, სექსუალური, ისეთი, რომელშიც ძალა და ენერგია იგრძნობა. რადგან, მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ მაინც მომავლისკენ ვიხედებით... ვფიქრობ, ამ კაბაში ეს ყველაფერი რაღაცნაირად ჩაჯდა. მე ყოველთვის ასეთი გათვლები მაქვს კაბებისთვის. კონსერვატორიაში ძალიან ელეგანტური, პარიზული სტილის კაბა მეცვა. მხოლოდ ზურგზე იყო არც ისე დიდად მოხსნილი. ეს ჩაცმულობა რაველს, ფრანგულ სტილს უხდებოდა. არც სამკაული მეკეთა. საყურეს ისედაც არ ვხმარობ. იმპრესიონისტულ მუსიკას თან ძალიან მრავალფეროვანი ჰარმონიები აქვს და თან რაღაც უმოძრაოა. კადრებში რომ გადავიყვანოთ, ეს იქნებოდა შენელებული მოძრაობა ერთ ადგილზე, როცა რაღაც ოდნავ ირხევა და მხოლოდ ფერებს წარმოსახავს. კაბაც უნდა ყოფილიყო ძალიან ქალური, ტანზე მომდგარი, სადად და მარტივად მოძრავი, პატარა მანძილზე... ასეთი სიმბოლიკები მაქვს. თუმცა, ასივე კონცერტზე ეს ვერ ხერხდება.
- ალბომის გარეკანზე, იდუმალებით აღსავსე ბაღში, მშვენიერ შავ კაბაში შავი გედივით "ფრთაგაშლილი" შავ როიალთან ზიხართ, ფეხებთან კი გარდაცვლილი თეთრი გედია.
- ეს კომპოზიციაც სიმბოლურია. თეთრი გედი ადამიანში არსებული ნათელი მხარეა. ის მკვდარია, შავი გედი კი ცოცხალი. იმისთვის, რომ ადამიანში, ხელოვანში, ორივემ იარსებოს, თეთრი უნდა მოკვდეს და შავს შეერწყას. როგორც ლუციფერის შემთხვევაში... ჩვენ არ ვიცით მითი ანგელოზზე, რომელიც დემონობის შემდეგ ანგელოზი გახდა. ჩვენ ვიცით მითი ანგელოზზე, რომელიც დაეცა. ადამიანში ორივე არსებობს, იმ განსხვავებით, რომ თეთრი, დაცემულიც კი, არსებობას განაგრძობს... ვთვლი, რომ დაცემულ თეთრს მეტი ფასი აქვს.
- და ეს ფასი სიკვდილია?
- აბსოლუტურად.
- ეს სახიფათო თამაშია!
- სახიფათო, რომლის დროსაც ადამიანები თავს ვეღარ აკონტროლებენ-ხოლმე. შეიძლება ეს მეც დამემართოს, ჩემი ხასიათიდან და დაუზოგველობიდან გამომდინარე. თუმცა, 24 წლის ვარ და ახლა ამაზე არ ვფიქრობ, ამისი არ მეშინია.
მაია კაპანაძე