Queen-მა ახალი ვოკალისტი აიყვანა და ტურნეს გეგმავს
24 საათი 04.02.12

Queen-მა ახალი ვოკალისტი აიყვანა და ტურნეს გეგმავს
2009 წელს, როდესაც ყველასთვის უცნობი ადამ ლამბერტი American Idol-ის შესარჩევ ტურზე Queen-ის Bohemian Rhapsody-ს ასრულებდა და საიმონ კოუელისა და კომპანიის წინაშე შიშნარევი ამბიციით იწონებდა თავს, ალბათ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ სამიოდე წელიწადში ის, არც მეტი არც ნაკლები, ნახსენები ჯგუფის ფრონტმენი გახდებოდა. გუშინ ცნობილი გახდა, რომ სწორედ ასე მოხდა და თუ სადმე ოცნებების ასრულების ფაბრიკა მუშაობს, მის თანამშრომლებს ცოტა ხნით დასვენება შეუძლიათ.
სწორედ ეს განსხვავებაა American Idol-სა და მის ქართულ ანალოგს შორის. თუ პირველს რეალურად შეუძლია, ნიჭიერ ადამიანს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება მისცეს და წარმატების მისაღწევად გზაც გაუკვალოს (გაიხსენეთ ბრიტანელი სუზან ბოლიც), ჩვენთან ამ ყველაფერს მხოლოდ მაყურებლის რამდენიმეთვიანი გასართობის ფორმა აქვს. პატარა ექსპერიმენტი ჩავატაროთ: ნურც ვინმეს ჰკითხავთ და ნურც ინტერნეტს მიმართავთ - მხოლოდ საკუთარ მეხსიერებას ენდეთ და უცებ გაიხსენეთ, ვინ გახდა პირველი ან მეორე "ნიჭიერის" გამარჯვებული, რა ჰქვია შარშანდელი "ჯეოსტარის" ფინალისტს ან ბოლოს სად ნახეთ რომელიმე ძველი "ჯეოსტარელი"? პასუხი მარტივია: იმავე არხის რომელიმე მუსიკალურ ან იუმორისტულ შოუში, უარეს შემთხვევაში, იმ ვარსკვლავის როლში, ვისი დამარცხების შემდეგაც პრიზის მოგების შანსი გაქვს. ამის ფონზე, უბრალოდ გაუგებარი ხდება, რამდენად უღირდა "ნიჭიერის" გამარჯვებულ ლევან შავაძეს და მისნაირთ კონკურსის მსვლელობისას ნერვიულობა და მაყურებლის ხმების ანგარიში, თუ ცოტა ხნის შემდეგ მისი სახელის გასახსენებლად ინტერნეტი დამჭირდებოდა... ან გულნაზი გოლეთიანის სახელის გასახსენებლად... კიდევ რამდენიმე მსგავსი იყო - ტურიდან ტურში გადასვლა ლამის გულის შეტევის ფონზე რომ უწევდათ, დღეს კი თავადაც არ ახსოვთ, ასე რისთვის ნერვიულობდნენ. უბრალოდ, "ნიჭიერს" ასე იმიტომ ჩავაცივდი, რომ American Idol-ის მსგავსია, თან ახალი სეზონის შესარჩევი ეტაპიც დაიწყო...
ვიდრე ჩვენი "ნიჭიერის" მესამე სეზონი ამოიქოქება და ნერვიულობისა და ხმების დათვლის ახალი ტალღა წამოგვეწევა, ადამ ლამბერტი უკვე "ქუინის" სრულფასოვანი წევრი იქნება და მის შემადგენლობაში რამდენიმე კონცერტიც ექნება ჩატარებული. სწორედ ასეთი გახლავთ ჯგუფის წევრების, ბრაიან მეისა და როჯერ ტეილორის გადაწყვეტილება, რომლებმაც ლამბერტთან დაკავშირებული სიახლე თაყვანისმცემლებს თავად ამცნეს. ეს ინფორმაცია ადამ ლამბერტმაც დაადასტურა და ისიც დაამატა, რომ 2012 წელს ჯგუფთან ერთად ტურნეში გაემგზავრება. აქვე იმასაც გაუსვა ხაზი, რომ არ აპირებს ფრედი მერკურის ჩანაცვლებას, რადგან ეს შეუძლებელია, რაში შედავებასაც აზრი არ აქვს - მერკურის შეუცვლელობა დიდი ხნის წინ დადასტურდა, და მაშინაც, როდესაც "ქუინმა" მისი გარდაცვალების შემდეგ პირველი ტურნე წამოიწყო. ეს 2004 წელს მოხდა. "ქუინი" როკ’ენ’როლის დიდების დარბაზის წევრი უნდა გამხდარიყო, საზეიმო მიღებაზე გამოსვლისთვის კი ჯგუფს ვოკალისტი სჭირდებოდა. პირველად სწორედ მაშინ შედგა "ქუინისა" და პოლ როჯერსის თანამშრომლობა, რომელთან ერთადაც მოგვიანებით ჯგუფი ტურნეშიც გაემგზავრა. მაშინ ყველამ იცოდა, რომ საქმე ერთჯერად თანამშრომლობასთან ჰქონდათ და, მიუხედავად იმისა, რომ როჯერსთან ერთად ჯგუფმა ალბომი The Cosmos Rocks (2008) გამოუშვა, ტანდემი მალე დაიშალა, ორივე მხარე თავის გზაზე წავიდა, მეიმ და ტეილორმა კი მაშინვე ახალი ვოკალისტის ძიება დაიწყეს.
სწორედ ამ დროს გამოჩნდა ჰორიზონტზე ადამ ლამბერტი, American Idol-ის მერვე სეზონის ფინალისტი (იმ წელს კრის ალენმა გაიმარჯვა, რომელთან ერთადაც შოუს ფინალში ლამბერტმა We Are The Champions შეასრულა. მომღერლებს აკომპანემენტს ბრაიან მეი და როჯერ ტეილორი უწევდნენ. სწორედ ეს იყო "ქუინის" წევრებისა და ლამბერტის პირველი შეხვედრა), ის ყურადღებას არა მხოლოდ გამორჩეული გარეგნობითა და იმიჯით, არამედ, პირველ რიგში, ვოკალური მონაცემებით იქცევს. ადამ ლამბერტს ჩინებული ხმა აქვს, რაც "ქუინის" რეპერტუარის შესრულებისას უმნიშვნელოვანესია. მოკლედ, ბრაიან მეიმ და როჯერ ტეილორმა ტელეკონკურსის წყალობით ლამის გავარსკვლავებულ ლამბერტს ვოკალისტის ვაკანსია შესთავაზეს, მაგრამ მისგან მოკრძალებული უარი მიიღეს. ახალგაზრდა მომღერალმა გადაწყვიტა, რომ იმ ეტაპზე სოლოკარიერისთვის უფრო იყო მზად, მაგრამ გავიდა სამი წელი და საკუთარი არჩევანის სიმცდარეში დარწმუნდა, ამიტომ, როგორც კი მეი-ტეილორისგან თანამშრომლობის მორიგი შემოთავაზება მიიღო, მაშინვე დათანხმდა. ახლა "ქუინს" კიდევ ერთი დროებითი ვოკალისტი ჰყავს - ახალგაზრდა, პრაქტიკულად, უცნობი, მაგრამ მთავარი პლუსით - ის კარგად მღერის და ისიც იცის, რომ ფრედი მერკურის ვერასდროს ჩაანაცვლებს.