The Window
24 საათი 05.02.12
The Window
13 - ჩემი საყვარელი რიცხვია. ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ამ რიცხვთან არის დაკავშირებული. აი თუნდაც, კონცერტზე ან კინოთეატრშიც კი ყოველთვის მეცამეტე ადგილზე ვჯდები. მუსიკალურ სკოლაშიც რომ ჩავაბარე, იქაც მეცამეტე ვიყავი. ყოველთვის შემთხვევით ხდებოდა… ფოტოებს ვიღებ და სერიაც მაქვს გაკეთებული სახელწოდებით - 13. სადაც კი შემხვდა ეს რიცხვი საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, ყველგან ვიღებდი. ბავშვობიდან მინდოდა მუსიკალური ჯგუფი მყოლოდა და მისთვის 13 დამერქმია. მაგრამ მერე, ხომ იცით თბილისში როგორ ხდება ხოლმე? ფილმი გადაიღეს სახელწოდებით - 13 და ატყდა ერთი ამბავი. აიჩემეს ეს რიცხვი და უცებ მთელი საქართველოსთვის 13 იღბლიანი რიცხვი გახდა, "ფეისბუქზეც" კი ნიქნეიმებად ცამეტი ჰქონდათ დაყენებული. მოკლედ ამის გამო, ჯგუფს ცამეტი აღარ დავარქვით, სამაგიეროდ ახლა მალე დისკს ჩავწერთ და იქ ცამეტი სიმღერა შევა.
ნინო ისაკაძე (გიტარა, ვოკალი), დათო თავაძე (ფლეიტა), თამარ ახალკაცი (ვიოლინო), მარიამ წიბახაშვილი (ჩელო) - ჯგუფი The Window .
არის ასეთი მხატვარი და არქიტექტორი ჰუნდერტ ვასერი. რომელიც არაორდინალურ, ძალიან საინტერესო პროექტებს აკეთებს. მის მიერ აშენებულ ყველა შენობას, ყველა ფანჯარა განსხვავებული აქვს. თუ შენობის ყველა ფანჯრიდან განსხვავებული ხედი იშლება, რატომ არ უნდა ჰქონდეს თვითონ ფანჯარას იმისი უფლება, რომ გარედან ისიც სხვებისგან განსხვავებულად გამოიყურებოდეს. ჰოდა ჩვენი ჯგუფიც ფანჯარაა, რომლიდანაც ჩვენ ერთ რაღაცას ვხედავთ, შენ მეორეს, ვიღაც სხვა კი - მესამეს დაინახავს და… ყველა ადამიანს აქვს თავისი ფანჯარა, რომლის ბოლომდე გაღებაც შეუძლებელია… მოკლედ, ფანჯარა კოდური სიტყვაა, ამ იდეის გამო დავარქვით ჯგუფს The Window
. . . ყველანაირ მუსიკას უკრავენ, კლასიკას, ჯაზს, ეთნოჯაზს, როკს, რეპს.
"რასაც ახლა ვუკრავთ, თითქმის ყველა ის კომპოზიციებია, რომლებიც ბავშვობიდან გვესმოდა, გვიყვარდა და მათზე ვიზრდებოდით. ცნობილი სიმღერების ქავერებს ვუკრავთ. კოპირებას არ ვახდენთ, სანამ მუსიკა შუაგულამდე არ მივა, შეიძლება მსმენელი ვერც მიხვდეს, რომ რაღაც ცნობილ სიმღერას უსმენს. ყოველთვის ვცდილობთ მაქსიმალურად ჩვენებური იმპროვიზაციით დავუკრათ.
ყველაფერი კი სამი წლის წინ დაიწყო. როგორც ნინო ისაკაძე ამბობს, მათთვის ყველასთვის მუსიკა ცხოვრების ნაწილია და ყველამ ერთად იპოვეს ერთმანეთი.
დასაწყისი
ნინო ისაკაძე (გიტარა, ვოკალი): ბავშვობიდან მუსიკაში ვარ, მუსიკალური სკოლა- ათწლედი მაქვს დამთავრებული. ოღონდ, გიტარის სპეციალობით - არა. გიტარა მეგობარმა მაჩუქა. "პინქ ფლოიდის" ერთ-ერთი თემა მოვისმინე და ამის შემდეგ მომინდა გიტარზე დაკვრა. მგონი მერვე კლასში ვიყავი… პირველი გიტარა ჩემმა მეგობარმა მაჩუქა. დღემდე კედელზე მიკიდია... შემდეგ კი ინტენსიურად დავიწყე ვარჯიში, რომ გიტარაზე კარგად დაკვრა მესწავლა. მასწავლებელთან არასდროს მივლია. ნოტები დღემდე არ ვიცი. ისე კი მთელი ბავშვობა მინდოდა ჯგუფი მქონოდა. ჩემმა მეგობარმა თამარ ახალკაცი (ვიოლინო) გამაცნო. ძალიან ბევრი საერთო დავინახე ამ ადამიანში. პირველი რაც ვიფიქრე იყო ის, რომ ძალიან საინტერესო იქნებოდა ამ ადამიანთან ერთად მუსიკის კეთება. მართლაც ძალიან სწრაფად, ისე რომ თითქმის არ ვიცნობდით ერთმანეთს, შედგა ჩვენი დუეტი. ჩვენი მეგობრობა და ჩვენი მუსიკალური ურთიერთობა ერთად დაიწყო.
თამარ ახალკაცი (ვიოლინო): მუსიკამ დაგვაახლოვა, ყველანაირი საზღვარი წაშალა, შთაბეჭდილება გვქონდა, რომ ერთმანეთს ბავშვობიდან ვიცნობდით. იქამდე სანამ ნინოს გავიცნობდი, თორმეტი წელი ვიოლინოზე დაკრული არ მქონდა. ავარიაში მოვყევი, თითები დამიზიანდა და ვერ ვუკრავდი. მერე გავთხოვდი… მოკლედ, ვიოლინო კარადის თავზე შემოვდე. ვერ ვეკარებოდი. შიგადაშიგ სევდიანად გადავწმენდდი მტვერს და მერე უკან ვდებდი. ყოველთვის მინდოდა მეპოვნა გიტარისტი, რომელთან ერთადაც დავუკრავდი. ოღონდ, დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს გიტარისტი გოგო უნდა ყოფილიყო. ნინო რომ გავიცანი, მეც იგივე განცდა მქონდა. თითქოს სარკეში ვიყურებოდი. უცნაური დასაწყისი იყო. იმ წუთას ერთმანეთს მხოლოდ გამარჯობა ვუთხარით და დაკვრა დავიწყეთ. "რედიოჰედის" სიმღერა დავუკარით. როდესაც პირველი ნოტი ავიღე, მე თვითონაც გამიკვირდა. თორმეტი წელი ვიოლინოს არ გავკარებივარ და უცებ ძალიან თბილი ნოტი ავიღე.
თავიდან გართობის, სიამოვნების დონეზე ვუკრავდით, რაღაც მიზნები არ გვქონდა. შემდეგ ნინომ მითხრა, ჩემი ბიძაშვილი უკრავს ფლეიტაზეო და ისიც დააყოლა ძალიან ლამაზი თითები აქვსო. დათუნას საერთოდ არ ვიცნობდი. პირველად ნინოს დაბადების დღეზე ვნახე და თითებზე რომ შევხედე, მივხვდი - ის იყო "ფლეიტა".
ნინო: დათო ჩემი ბიძაშვილია და ერთად ვიზრდებოდით, მე ცოტა უფროსი ვარ და ერთხელ ბავშვობაში დაკარგულიც კი მყავს. ვიცოდი, რომ ბავშვობიდან უკრავდა, თან ძალიან მუსიკალური ოჯახიდანაა. ბავშვობაში რომ დააწვენდნენ, ყურსასმენებს უკეთებდნენ და კლასიკურ მუსიკას ასმენინებდნენ. ეს ყველაფერი ეტყობა დაილექა, თან გენებმაც იმუშავა (დათო ინოლა გურგულიას შვილიშვილია)… მოკლედ, დათოს შევთავაზე ჯგუფში დაეკრა, ისიც დაგვთანხმდა.
დათო თავაძე (ფლეიტა): ძალიან ბევრ ჯგუფში ვუკრავდი. ალბათ 12-13 წლის ვიყავი, როდესაც პირველად, ჩემს მეგობრებთან ერთად ჯგუფი შევქმენი. მას კიდევ ბევრი მოჰყვა. ახლა პარალელურად სხვა ჯგუფშიც ვუკრავ. ეს Window-ს ხელს არ უშლის.
ნინო: შემდეგ ჩელო დაგვემატა, ანუ მარიამ წიბახაშვილი. აი, ხომ არის ადამიანს რომ შეხედავ და მიხვდები, ან არის შენი, ან - არა. ჰოდა "წიბას" რომ შევხედე იმ წუთში მივხვდი, რომ სწორედ ის გვჭირდებოდა. ისე კი კონცერტზე წავედით სხვა ადამიანის მოსასმენად. ჩემმა მეგობარმა იცოდა, რომ ჯგუფში "ჩელო" გვჭირდებოდა. გვირჩია კონცერტზე წავსულიყავით. მარიამიც ამ კონცერტს ესწრებოდა. ხელში ჩელოს ჩასადები ეჭირა და წელამდე თმა ჰქონდა. მივედი მასთან, გამოველაპარაკე და ჯგუფში მოსვლა ისე შევთავაზე, რომ მისი დაკრული მოსმენილიც არ მქონდა. შემდეგ მისი შესრულება რომ მოვისმინეთ, უფრო მეტად მოგვეწონა და ასე გახდა ჯგუფის წევრი.
ჯგუფი The Window
თავიდან ჯგუფს სახელი საერთოდ არ ერქვა. ერთ ოთახში ხდებოდა ყველაფერი. გარეთ გასვლა, მსმენელის წინაშე წარდგენა არ უწევდათ. როდესაც მიხვდნენ, რომ დრო იყო ოთახის ფარგლებს გასცდენოდნენ, უკვე სახელიც მოიფიქრეს და ბრენდი, The Window შეიქმნა.
მარიამ წიბახაშვილი (ჩელო): არიან ჯგუფები, სადაც მხოლოდ ერთი კონკრეტული ვოკალისტის სახელი და გვარია ცნობილი, ჯგუფის სახელი კი არავინ იცის - ეს არასწორია. სჯობს, ჯგუფი იყოს ცნობილი, როგორც ბრენდი და მთლიანად ჯგუფი უყვარდეს მსმენელს და არა მხოლოდ კონკრეტული წევრი. შემდეგ, ჩვენს ცხოვრებაში, ზუსტად მაშინ როდესაც უნდა გამოჩენილიყო - ბედობა დღეს გამოჩნდა ქალბატონი თინა მენაბდე, რომელიც ჩვენი პროდიუსერი გახდა და ხანდახან ჩვენთან ერთად მღერის კიდეც.
თინა მენაბდე: "პროფესიით კინორეჟისორი ვარ, მაგრამ ჩემი ოჯახიდან გამომდინარე, მუსიკასთან სულ მქონდა შეხება. ამ ჯგუფში, პირველ რიგში ინსტრუმეტების "შეხამებით" მოვიხიბლე, ძალიან უცხო იყო. იცით, როდესაც მათ ვუსმენ, რეპეტიციებზეც კი, მგონია რომ მთელი ორკესტრი უკრავს. მოხიბლული ვარ ამ ადამიანების გემოვნებით და ინტელექტით. შეიძლება ქვეყანაზე ორჯერ და სამჯერ მოხვიდე და ასეთი თანხვედრა სხვა ადამიანებთან ვერ ნახო. ჩემი და მათი გემოვნება კი აბსოლუტურად დაემთხვა ერთმანეთს და ამით ბედნიერი ვარ. უახლოეს მომავალში ჯგუფი პირველ ალბომს ჩაწერს. კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო და ჯგუფსაც "კარგი გამგონე" კულტურის მინისტრის სახით გამოუჩნდა."
ნიკა რურუამ ჯგუფს ჟურნალ Copyright-ის პრეზენტაციაზე მოუსმინა და დაპირდა, რომ The Window კულტურის სამინისტროს დაფინანსებით, "ბრავო რეკორდს"-ში პირველ ალბომს ჩაწერს. ახლა ამისთვის ემზადებიან. ცამეტ სიმღერას ჩაწერენ.
ნინო: "ამ ცამეტ სიმღერას შორის რამდენიმე ალბათ, ჩვენს მიერ დაწერილი კომპოზიციაც იქნება. მე მინდა, ხარისხიანი და გემოვნებიანი მუსიკა ვაკეთო. იმისთვის, რომ ასეთი მუსიკა თვითონ შექმნა, აუცილებლად უნდა გაიჩინო შენი მუსიკოსები, უნდა მოხდეს თანხვედრა, უნდა "გამოცხვეს…" აი წარმოიდგინეთ, ტორტს თუ ადრე გამოიღებთ საცხობიდან, ხომ ჩავარდება?! - დაახლოებით იგივეა აქაც. იმისითვის, რომ შენი მუსიკა შექმნა და ეს მუსიკა გემოვნებიანი და ხარისხიანი იყოს და არ "ჩავარდეს", ჯერ შენ თვითონ უნდა "გამოცხვე". მე კიდევ ვფიქრობ, რომ ჯერ არ მივსულვართ იქამდე, რომ სულ ჩვენს მიერ შექმნილი კომპოზიციები დავუკრათ..."
პირველ ალბომს რომ ჩაწერენ, ტურნეს გაკეთება უნდათ, ოღონდ ჯერ საქართველოს მასშტაბით. "ჯერ საქართველოში გაგვიცნონო," - ამბობენ. სპონსორები უნდა იპოვონ, შემდეგ "შვებულებები" დაამთხვიონ და შემდეგ საქართველოს ქალაქებსა თუ რეგიონებსაც მოივლიან. იქამდე კი, The Window-ს მოსმენა ყოველ შაბათს, კაფე Book Corner-ში შეგიძლიათ. ყოველი შაბათისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან, რადგან მსმენელს ყოველთვის განსხვავებულ პროგრამას სთავაზობენ.
"იცით, რატომ არიან ასეთი კარგები და საინტერესოები? - მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ჟანრის მუსიკას უკრავენ, ამოვარდნილები მაინც არ არიან... ერთი კონკრეტული სტილი აქვთ და ამ სტილს გემოვნებიანი მუსიკა ჰქვია…"
თიკა ნიკოლაძე