ადამ იოუკი 47 წლის ასაკში გარდაიცვალა
24 საათი 09.05.12

ადამ იოუკი 47 წლის ასაკში გარდაიცვალა
MCA-ის სახელით ცნობილი ამერიკელი მუსიკოსი მძიმე ავადმყოფობას სამი წლის განმავლობაში ებრძოდა, თუმცა სიმსივნის დაძლევა ვერ შეძლო. ადამ იაუკის ავადმყოფობის შესახებ ინფორმაცია პირველად 2009 წელს გავრცელდა, როცა Beastie Boys-ის ახალ ალბომ Hot Sauce Committee-ზე მუშაობა შეჩერდა. მაშინ ჯგუფმა მუსიკალური ფესტივალ “ლოლაპალუზას” ფარგლებში დაგეგმილი ტურნეც ჩაშალა. თუმცა, ცოტა ხანში იოუკმა თაყვანისმცემლები დაამშვიდა და განაცხადა, რომ მკურნალობდა და იმედი ჰქონდა, სიმსივნეს სამუდამოდ დაამარცხებდა. MCA დაგეგმილი კონცერტს მეორედ მიმდინარე წლის 15 აპრილს გამოეთიშა, როცა ქალაქ კლივლენდში გამართულ როკ-ფესტივალზე მისვლა ვერ შეძლო. მუსიკოსის წარმომადგენლებმა მისი გარდაცვალება 4 მაისის საღამოს ოფიციალურად დაადასტურეს…
ჰიპ-ჰოპ ტრიო Beastie Boys ადამ იოუკმა, მეგობრებთან ერთად, 1979 წელს დააფუძნა, თუმცა თავიდან ჯგუფი პანკმუსიკას ასრულებდა. მოგვიანებით ახალგაზრდულმა ჯგუფმა ჟანრი შეიცვალა და მოღვაწეობა ჰიპ-ჰოპის მიმართულებით განაგრძო. ტრიოს სადებიუტო ალბომმა Licensed to Ill-მა, რომელიც ჯგუფმა 1986 წელს გამოუშვა, შეერთებულ შტატებში რეპის ჟანრში ნომერ პირველი ალბომის სტატუსი მოიპოვა და რამდენიმე კვირის განმავლობაში ლიდერობას არავის უთმობდა. ეს წარმატება ჯგუფის დიდი პოპულარობის დასაწყისი გახდა - იმავე წელს Beastie Boys-მა თავისი პირველი ალბომი ცხრამილიონიანი ტირაჟით გაყიდა. ჯგუფს თავისი მოღვაწეობის განმავლობაში რვა ალბომი აქვს გამოშვებული, მათგან ექვსს პლატინის წოდება აქვს მინიჭებული. Beastie Boys-ის ალბომების ტირაჟმა ამერიკის შეერთებული შტატების ფარგლებში 22 მილიონს, ხოლო მთელს მსოფლიოში 40 მილიონს გადააჭარბა.
გარდა მუსიკალურ ასპარეზზე მიღწეული დიდი წარმატებისა, ადამ იოუკი რეჟისორის ამპლუაშიც აქტიურად მოღვაწეობდა. ჰიპ-ჰოპის სოლისტი საკუთარი ჯგუფის მუსიკალურ კლიპებს თავად ამზადებდა. მის სარეჟისორო ნამუშევრებს შორისაა Intergalactic და Ch-Check It Out, რომლებსაც მუსიკოსი ნათანიალ ჰორნბლოუერის ფსევდონიმით იღებდა. მოგვიანებით ადამ იოუკმა კინოკოპმანია
Oscilloscope Pictures დააფუძნა, რომლის ფარგლებშიც მუსიკოსმა უკვე საკუთარი სახელით ისეთი წარმატებული ფილმები გადაიღო, როგორებიცაა Dark Days, Exit Through the Gift Shop (დოკუმენტური ფილმი ინკოგნიტო გრაფიტისტ ბენქსის შესახებ) და The Messenger.
ადამ იოუკი ბრუკლინში, კათოლიკურ ოჯახში დაიბადა, თუმცა მოგვიანებით ბუდიზმი მიიღო და ახალ რელიგიაში დიდი ენთუზიაზმით ჩაერთო. 1994 წელს, ხელოვანმა ძალადობის საწინააღმდეგო ორგანიზაცია Milarepa Fund დააარსა, მოძრაობას სათავეში ჩაუდგა და აქტიურად დაიწყო ბრძოლა ტიბეტის ჩინეთის მხრიდან ოკუპაციისგან გასათავისუფლებლად. მანვე გაუკეთა ორგანიზება ტიბეტის თავისუფლებისადმი მიძღვნილ პირველ კონცერტს, რომელიც 1996 წელს სან ფრანცისკოში გაიმართა.
ირინა დავითაშვილი