სიმფონიური მუსიკა კომპიუტერის ენაზე
ლონდონის სიმფონიური ორკესტრი ერთი უჩვეულო კონცერტისთვის ემზადება.
24 საათი 04.07.12
ლონდონის სიმფონიური ორკესტრი ერთი უჩვეულო კონცერტისთვის ემზადება.
მის შესახებ ევროპულ პრესასა და შესაბამისად საზოგადოებაში უკვე დიდი აზრთა სხვადასხვაობაა. საქმე იმაშია, რომ ლონდონის სიმფონიური ორკესტრი კომპიუტერულის ერთ-ერთი პროგრამის მუსიკალური ქმნილების შესასრულებლად ემზადება. ეს არ არის ნაწარმოები, რომელიც მუსიკოსებმა კომპიუტერული ტექნოლოგიებით შექმნეს. ეს არის ნაწარმოები, რომელიც ადამიანის ჩაურევლად კომპიუტერულმა პროგრამამ შექმნა. დაგეგმილი კონცერტის შესახებ «დეილი ტელეგრაფი» იუწყება.
აქვე მუსიკოს-შემსრულებლების შთაბეჭდილებებსაც ვეცნობით. უმრავლესობა მათგანი თურმე გაოცებული დარჩა, როდესაც ნაწარმების მოსმენის შემდეგ გაიგო მისი წარმოშობა. რომ მუსიკა დაწერილია არა ადამიანის, არამედ პროგრამა Iamus -ის მიერ. მეტიც, ორკესტრის ხელმძღვანელმა ლეონიდ მაკენზიმ განაცხადა, რომ თავდაპირველად მოეჩვენა რომ მუსიკა ძალიან «მსუყე» და გადატვირთული გახლდათ, თუმცა მოგვიანებით აღმოაჩინა მისი დიდებულება...
ვიდრე მუსიკალური ნაწარმოების კომპიუტერის მიერ დაწერის წინაპირობას მოვიგონებდეთ, იმასაც აღვნიშნავთ, რომ ამ პროგრამის მიერ დაწერილი მუსიკალური თხზულებების დისკი 2012 წლის სექტემბერში გამოვა.
Iamus -ის პროგრამა ესპანეთში, მალაგას უნივერსიტეტში დაწერეს. მისი მუშაობის პრინციპების შესახებ ინფორმაცია საჯარო ჯერჯერობით არ არის. თუმცა, მეცნიერები აღნიშნავენ, რომ პროგრამას იქამდე აწერინებენ პარტიტურას, სანამ მისივე თვითმონიტორინგის მექანიზმი მას დამაკმაყოფილებლად არ ჩათვლის. მუშაობისთვის პროგრამა იყენებს 6,6 ტერაბაიტის მეხსიერებას და 885 ტერაბაიტის მყარი დისკის მოცულობას.
ივნისის შუა რიცხვებში ჟურნალში Proceedings of the National Academy of Sciences დაიბეჭდა სტატია, სადაც ეწერა რომ გარკვეული ავტორთა ჯგუფი ცდილობდა იგივე მეთოდებით შეექმნათ მუსიკა, ოღონდაც ხმაურის ჩანაწერზე დაყრდნობით. მათ კომპიუტერულ პროგრამას დაარქვეს DarwinTunes. თუმცა ამ პროგრამის ამუშავებისთვის საჭირო გახდა ვოლონტიორების დახმარება. მაშინ როდესაც Iamus-ი აბსოლუტურად დამოუკიდებლად მუშაობს.
პირველად Iamus-ის მუსიკა შესრულდა გასულ წელს ერთ-ერთ მუსიკალურ ფესტივალზე ესპანეთში. შესრულებულ კომპოზიციას «Hello, World!» ერქვა. მაშინ კომპიუტერის მიერ დაწერილმა ნაწარმოებმა მოულოდნელზე მეტი რეცენზია დაიმსახურა. მათ შორის ნეგატიური კრიტიკაც. ამ ტექსტებში ხშირად ამოიკითხავდით ფრაზებს: «ნაცრისფერი და მშრალი, შემსრულებლების დიდი მონდომების მიუხედავად».
უცნაურია, რა ხიბლავს ლონდონის სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელს, ანდა მის მუსიკოსებს. იქნებ მხოლოდ წინასწარი პროგნოზები კონცერტის კომერციულად მომგებიანობის შესახებ?!