რუსთაველის თეატრში “ვარსკვლავბიჭუნა" დაიდგა
24 საათი 06.01.10
რუსთაველის თეატრში “ვარსკვლავბიჭუნა" დაიდგა
დღეს, ხვალ და 24 იანვარს რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე გათამაშდება წარმოდგენა, რომელიც რობერტ სტურუამ და დავით მღებრიშვილმა ბავშვებისთვის დადგეს.
2010 წლის პირველი ახალი სპექტაკლის სახელწოდებაა “ვარსკვლავბიჭუნა". ოსკარ უაილდის ნაწარმოების სცენური ვერსია რობერტ სტურუასა და ნინო კანტიძეს ეკუთვნით. მასში მონაწილეობენ: გოგა გველესიანი, მალხაზ ქვრივიშვილი, დათო კვირცხალია, დარეჯან ხარშილაძე, ეკა მინდიაშვილი, ზუკა პაპუაშვილი, ზურა შარია, მამუკა ლორია, ზურა ინგოროყვა, ირაკლი მაჭარაშვილი, ლელა ახალაია (მსახიობი, რომელიც რუსთაველის თეატრის სცენაზე პირველად სპექტაკლში, სახელწოდებით “ბიდერმანი და ცეცხლისწამკიდებელნი", გამოჩნდა). ამ წარმოდგენაში შედგა სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძის (ჯემალ ღაღანიძის შვილიშვილი) დებიუტი რუსთაველის თეატრის სცენაზე - მან მთავარი გმირი, ვარსკვლავბიჭუნა, განასახიერა.
ამბავი ანა ნინუას მიერ მხატვრულად გაფორმებულ სივრცეში თამაშდება. მანვე შექმნა ფერადოვანი კოსტიუმები, რომლებმაც მაყურებლის მოწონება დაიმსახურა.
ვარსკვლავბიჭუნას თავგადასავალი ია საკანდელიძის მიერ შერჩეული მუსიკალური ნომრების თანხლებით ვითარდება და მაყურებელს უამბობს, თუ როგორ იპოვეს ტყეში ღარიბმა შეშისმჭრელებმა ჩვილი, რომელიც შეებრალათ და შინ წაიყვანეს. ბიჭუნა ლამაზი, მაგრამ ავი და ქედმაღალი გაიზარდა. მას სჯეროდა, რომ ქვეყანას ვარსკვლავეთიდან მოევლინა და ყველაზე ბატონობდა. ვარსკვლავბიჭუნას გარშემომყოფები ემორჩილებოდნენ, მაგრამ ერთ დღეს მისი ნამდვილი დედა გამოჩნდა და ყველაფერი შეიცვალა...
სცენაზე გათამაშებულს თვალს ინტერესით ადევნებდნენ ბავშვები, რომლებსაც დარბაზი ბოლომდე შეევსოთ და მსახიობებს ოვაციებით “აჯილდოებდნენ". მათი განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა გოგა გველესიანმა, რომელიც სპექტაკლში ერთ-ერთ ანგელოზს განასახიერებს. ამ მსახიობის მიერ გაცოცხლებული გმირები მაყურებელს ყოველთვის ამახსოვრდება (სამაგალითოდ მოვიყვან სპექტაკლებს: “გოდოს მოლოდინში" და “როგორც გენებოთ, ანუ შობის მეთორმეტე ღამე", რომლებშიც მან ერთმანეთისგან განსხვავებული სახეები შექმნა). ის საბავშო სპექტაკლშიც კი ბოლომდე იხარჯება და საკუთარ საშემსრულებლო ოსტატობას წარმოაჩენს. მისი პლასტიკა, ხმა და მეტყველების კულტურა გამორჩეულია. აქვე გეტყვით, რომ დადგმის ქორეოგრაფია კოტე ფურცელაძე.
პრემიერას ყოველთვის ახლავს მღელვარება, მაგრამ რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე გამოსვლა და თამაში განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა იმ მსახიობებისთვის, რომლებიც მაყურებლის წინაშე პირველად, ან მეორედ წარსდგნენ. შვილიშვილის თამაშს თვალს შორიდან ადევნებდა ჯემალ ღაღანიძე, რომლის ფაქტორმაც სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძისადმი ინტერესი ბევრად განსაზღვრა... სანდროსა და ლელა ახალაიას შემოქმედებით შესაძლებლობებზე საუბარი ერთი სპექტაკლის მაგალითზე რთულია. მათ საკუთარ თავზე ბევრი უნდა იმუშაონ, რათა დახვეწონ საშემსრულებლო კომპონენტები, რომლებსაც ყველა მსახიობი უნდა ფლობდეს. მათ დიდი ძალისხმევა დასჭირდებათ იმისათვის, რომ ორგანულად ჩაეწერონ დასში, რომლის წევრებიც რობერტ სტურუასთან დიდი ხანია მუშაობენ, კარგად იცნობენ მის ხელწერას და ერთმანეთის საუკეთესო პარტნიორები არიან. მათთან თანამშრომლობა და რუსთაველის თეატრის სცენაზე დგომა ერთგვარი გამოცდაა, რომელსაც ჩააბარებენ თუ ვერა, ამას მომავალი გვიჩვენებს.
რუსთაველის თეატრის რეპერტუარში არსებობს კიდევ ერთი სპექტაკლი - “სალამურა", რომელიც არჩილ სულაკაურის ზღაპრის მიხედვით შეიქმნა. მას დიდი ისტორია აქვს. კოკა იგნატოვის მხატვრობით გამორჩეული წარმოდგენის ნახვის საშუალება მაყურებელს 9, 10, 11 და 31 იანვარს მიეცემა. რევაზ ჩხაიძისა და დავით კვირცხალიას მიერ აღდგენილმა სპექტაკლმა პატარების მოწონება უკვე დაიმსახურა. რუსთაველის თეატრის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ ორივე სპექტაკლი საუკეთესო საჩუქარი აღმოჩნდება ბავშვებისთვის, რომლებსაც “სალამურას" ყოველი დასრულების შემდეგ კვლავ ელოდებათ დაუვიწყარი ფინალი - ბუშტების წვიმა და გასეირნება მატარებლით ზღაპრის გმირებთან ერთად.