"შემეხე" - საქართველო-ბრიტანეთის ერთობლივი ნამუშევარია და ის რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენის რეპერტუარში იქამდე დარჩება, სანამ მაყურებელი ეყოლება.
24 საათი 24.01.12

"შემეხე" - საქართველო-ბრიტანეთის ერთობლივი ნამუშევარია და ის რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენის რეპერტუარში იქამდე დარჩება, სანამ მაყურებელი ეყოლება.
მაგრამ ძალიან მეეჭვება, მაყურებელი ბევრი ჰყავდეს. საქართველოს არტისტული რეალობისთვის შესაძლოა ექსპერიმენტად ითვლება, მაგრამ ზოგადად სუსტი ექსპერიმენტების რიგში თუ ჩაეტევა როგორმე. თეატრიდან გვამცნეს, რომ ის თამამი წარმოდგენაა. ესეც - საქართველოს რეალობისთვის ალბათ... თუმცა მე მაინც უკეთესი შეხედულება მაქვს ამ რეალობაზე და, სიმართლე რომ ვთქვა, მეეჭვება, ბევრისთვის ის მხოლოდ იმიტომ იყოს თამამი, რომ სცენაზე გოგონები და ბიჭები ერთმანეთს ეფერებიან, ანდა იმიტომ, რომ ერთ-ერთი ბატონი სულ ნახევარი წუთით საცვალს ჩაიხდის. ეს მაშინ, როდესაც სცენას მოუხდებოდა, ეს საცვალი სულაც სადმე ნაგავში მოესროლა. მოკლედ, ნამდვილად სითამამეა საჭირო ამ ერთობ მოკრძალებულ წარმოდგენას, რომელიც სამუშაო სტუდენტურ ეტიუდს ჰგავს თამამი და ექსპერიმენტული უწოდო. და მაინც, წარმოდგენა "შემეხე" ქართველი და ბრიტანელი ხელოვანების ერთობლივი სამუშაო პროცესის გარკვეულ ეტაპს ან მის ვერსიას ჰგავს და გარკვეული ჯგუფისთვის, როგორც მონაწილეთათვის, ისე მაყურებლისთვის გარკვეული ნიშნით იქნებოდა საინტერესო. ამას გარდა, წარმოდგენას რუსთაველის თეატრი პრემიერად წარმოაჩენს. თანაც ის, როგორც პროექტი, ბრიტანეთის საბჭოს მიერ რუსთაველის თეატრისთვის გაცემული მორიგი შემოქმედებითი რესურსია. "შემეხე" 29 იანვრამდე სცენაზეა.
შოუ წარმოადგენს მესამე კოპოროდუქციას, რომელიც რუსთაველის და ლონდონის ნაციონალური თეატრების პარტნიორობის პროექტის ფარგლებში განხორციელდა ბრიტანეთის საბჭოს ხელშეწყობითა და კომპანია "BP"-ს ფინანსური მხარდაჭერით. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორია ალექსანდრე ზელდინი, ტექსტზე მუშაობდნენ თავად რეჟისორი და ქართველი დრამატურგი დავით გაბუნია.
მხატვარია ქეთი ნადიბაიძე, მუსიკალური გაფორმება ნიკა ფასურის, რეჟისორის თანაშემწე - ნათია კუპატაძე. მონაწილობენ ქართველი და ინგლისელი მსახიობები: დენიელ ეინსუორსი, ჯენეტ ეტუკი, ლუკ კლარკი, სალომე მაისაშვილი, შაკო მირიანაშვილი, თეკლა ჯავახაძე.
ალექსანდრე ზელდინის შესახებ ის ვიცით, რომ ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში დაიწყო რეჟისორობა, ხოლო სტუდენტობისას ახალგაზრდა მსახიობების ჯგუფთან ერთად გაემგზავრა ქაიროში, სადაც ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით დადგა წარმოდგენა, რომელშიც ფოლკლორის ჟანრის ეგვიპტელი მუსიკოსები მონაწილეობდნენ. ბოლო ხუთ წელიწადში ალექს ზელდინის საქმიანობა მრავალ კონტექსტსა და სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს.
"ექვსი ახალგაზრდა სკოლის დერეფნის მსგავს ოთახშია გამოკეტილი. ისინი ასაკისთვის შეუფერებელი ბავშვური თამაშებით ირთობენ თავს, ცდილობენ ოპტიმისტურად შეხედონ საეჭვო მომავალს. მღერიან სიმღერებს და მაყურებელსაც კი სთხოვენ დახმარებას, რათა გაერკვნენ რა უყონ საკუთარ ცხოვრებას.
სპექტაკლი ქართულ და ინგლისურ ენაზეა. პიესის გმირები ერთდროულად იხსენებენ და გვესაუბრებიან თავიანთ წარსულზე. ზოგჯერ ისინი გარკვეულწილად მაყურებლის კონფრონტაციასაც ახორციელებენ, რათა დაგვანახონ, როგორ ენატრებათ ბავშვობა და როგორ ბოლომდე ეჭიდებიან მას, რათა რაც შეიძლება გვიან გამოემშვიდობონ. სპექტაკლში თვალნათლივ ჩანს, რომ ახალგაზრდები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებიდან არიან, ენობრივი ბარიერის მიუხედავად, ერთმანეთთან ახლო ურთიერთობების დამყარებას მაქსიმალურად ცდილობენ, თითოეული მსახიობი გარკვეულწილად საკუთარ თავს თამაშობს და პირადი ცხოვრების იმ მონაკვეთს გვიზიარებს, როცა იგი გახლეჩილია ბავშვობასა და ზრდასრულობას შორის, გაურკვევლობაშია საკუთარი მომავლის შესახებ და, ამავე დროს, უკვე თვალი აქვს ახელილი ცხოვრებისეულ უსამართლობებზე." - ასე გვეპატიჟება ბრიტანეთის საბჭოს კულტურის პროექტების განყოფილება რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტული სცენისკენ.
ერთია ტექსტი, თუმცა წარმოდგენა ასე მკაფიოდ ჩამოყალიბებული საკუთარ ფორმასა და შინაარსში, მგონი, არ არის. ყოველი მონაწილეს მონოლოგი ვარიაციას ჰგავს, რომელსაც ადამიანები არცთუ საინტერესო მოგონებებით ათამაშებენ. იქმნება შთაბეჭდილება, რომ მათ ტექსტებს აკლიათ მნიშვნელოვანი ქვეტექსტები, ის არსობრივი ძაფები, რომლითაც მაყურებლის მოგონებებს დაუკავშირდებიან ანდა დაუპირისპირდებიან. შესაძლოა ვცდები, მაგრამ 22 წლის ასაკში, ეს არის გმირების ასაკი, ზოგადად ადამიანები არ იტანჯებიან ჩამოუყალიბებელი სურვილებით, დაგროვილი ვნებებით, არაფორმირებული გემოვნებით; აღარ დარდობენ დაკარგულ მეგობრებზე და არ ენანებათ წარსული და თუ ეს ხდება, ასეთ დროს საქმე არა ზოგად სახეებთან, არამედ კონკრეტულ გარემოსა და კონკრეტულ ადამიანებთან გვაქვს. ამ ტანჯვებს უნდა ჰქონდეს კონტექსტი, ისტორია. მგონი, არც კომპლექსი და არც ტკივილები მხოლოდ და უბრალოდ რომელიმე ასაკიდან არ მოდის.
როცა სათქმელი ზედაპირული და ბუნდოვანია, მაშინ იწყება ფორმისეული ეფექტების მოლოდინი. ეფექტის თუ არა, მკაფიო და დასამახსოვრებელი ხერხების ძიების სურვილი. მაგრამ ამ თვალსაზრისით ალბათ ყველაზე ყურადღებამისაქცევი ახალგაზრდა მსახიობების თავისუფალი და პერიოდულად რიტმული მოძრაობაა, რომლითაც რეჟისორი ერთგვარ კულმინაციას მაინც აღწევს და მაყურებლის ბევრ კითხვის ნიშანს მეტაფორების გამომზეურებით პასუხობს.
და მაინც, ექსპერიმენტულ სცენაზე ალბათ აუცილებლად უნდა შედგეს ბევრი, ბევრზე ბევრი პერფორმანსი. უფორმო, უშინაარსო და პირიქით. უნდა შედგეს თანამშრომლობისთვის, გამოცდილებისთვის და, რაც მთავარია, შეცდომების დაშვებისთვის. ამიტომაც "შემეხეც" მნიშვნელოვანი წარმოდგენაა და ის ერთ-ერთია იმ წარმოდგენებს შორის, რომლის ფარგლებში ექსპერიმენტების შექმნის მცდელობის შანსი ბრიტანეთის საბჭოს საქრათველოს ოფისმა ქართველებს და ბრიტანელებს რამდენჯერმე უკვე მისცა.
ვიცი, რომ თეატრების პარტნიორობის პროექტის მიზანი საქართველოში თეატრალური სექტორის პოტენციალის განვითარების ხელშეწყობა, ახალგაზრდა და პერსპექტიულ რეჟისორებთან თანამშრომლობა, ახალი დრამატურგიის პოპულარიზაცია და ფართო აუდიტორიის ახალი რეპერტუარით დაინტერესებაა. ის უკვე სამი წელია ხორციელდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა მკითხველმაც უკვე ბევრი რამ იცის აღნიშნული პროექტის შესახებ, ბრიტანეთის საბჭოს კულტურული პროექტების ხელმძღვანელს მაია დარჩიას ცოტა კიდევ ჩავეკითხე და ცნობები გადავამოწმე.
- როდიდან დაიწყო ბრიტანეთის საბჭოს საქართველოს ოფისმა რუსთაველის თეატრთან აქტიური თანამშრომლობა?
- თეატრების პარტნიორობის ფარგლებში ბრიტანეთის საბჭოს, რუსთაველის თეატრის და ლონდონის ნაციონალური თეატრის თანამშრომლობა დაიწყო 2008 წელს, როცა ამ ორ წამყვან, ქართულ და ბრიტანულ თეატრს შორის თანამშრომლობის სამ-წლიანი მემორანდუმი გაფორმდა. უნდა აღვნიშნო, რომ ამ პროექტის განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა ფინანსური მხარდაჭერა კომპანია "ბრითიშ პეტროლიუმის" მხრიდან.
- საზოგადოების რომელ სეგმენტზეა გათვლილი ამ პროექტის ფარგლებში დადგმული წარმოდგენები? ვგულისხმობ მაყურებელს...
- ჩვენი ანუ პროექტის პარტნიორების მიზანი ახალგაზრდა მაყურებლისთვის თანამედროვე ბრიტანულ თეატრში არსებული მიმდინარეობის და ტენდენციების გაცნობა და მათ შორის თანამედროვე თეატრისა და დრამატურგიის მიმართ ინტერესის განვითარება იყო.
- აქცენტს მაინც ექსპერიმენტზე აკეთებთ, დიდწილად ახალგაზრდა და დამწყები ხელოვანების კოლაბორაციის შექმნაზე. რატომ?
- გვინდა, პროფესიული გამოცდილების გამდიდრების და პროექტების განხორცილების საშუალება იმ ადამიანებს მივცეთ, ვინც შემოქმედებითი თუ პროფესიული თვალსაზრისით საინტერესოდ ჩავთვალეთ, ვინც თავიანთი კარიერის დასწყისში იმყოფება და განსაკუთრებით საჭიროებს ამას. პროექტის ყველა მონაწილე იზიარებს იმ აზრს, რომ გაბედული ექსპერიმენტების გარეშე თეატრი მოსაწყენი ხდება და ერთ ადგილზე იყინება. ამითაა განპირობებული ჩვენი მხარდაჭერა ექსპერიმენტებისადმი.
- იქნებ უფრო კონკრეტულად მომიყვეთ თეატრალურ სფეროში განხორციელებული თქვენი პროექტების შესახებ...
- 2008 წლის ნოემბერი-დეკემბერში ნაციონალური თეატრის სტუდიის ხელმძღვანელი პურნი მორელი თბილისში დაესწრო ყველა შესაძლებელ სპექტაკლს, შეხვდა თეატრის მენეჯმენტის სფეროს წამყვან წარმომადგენლებს. ამ ვიზიტის შედეგად დაისახა პროექტის ღონისძიებები პროგრამა. ამ ვიზიტისას მანვე შეარჩია ის ქართველი პროფესიონალები, რომლებიც პროფესიული კვალიფიკაციის გასამდიდრებლად ეწვეოდნენ ნაციონალურ თეატრს (დეტალები ქვემოთაა).
2009 წელს რუსთველის თეატრის მმართველი ნაციონალურ თეატრს ეწვია და მისი მენეჯმენტის სტრუქტურას გაეცნო.
გოგა ქაჩიბაია (რეჟისორი) და ნინო მაღლაკელიძე (თეატრის მხატვარი) ეწვივნენ ნაციონალურ თეატრს, დაესწრნენ მათი ვიზიტის დროს ლონდონში გასულ ყველა საინტერესო სპექტაკლს, შეხვდნენ კოლეგებს და გაეცნენ ბრიტანულ თეატრში მუშაობის სპეციფიკას.
ამასთანავე, რუსთაველის თეატრში გაიმართა უორქშოფი ახალგაზრდა დრამატურგებისთვის, რომელსაც ხელმძღვანელობდა ჯეკ ბრედლი, ბრიტანელი დრამატურგი და პედაგოგი.
თბილისის და რუსთავის თეატრების ტექნიკური აღჭურვილობა დაათვალიერა ბრიტანელმა ტექნიკურმა ექსპერტმა მარკ პრისლიმ, რომელმაც ამ ვიზიტის საფუძველზე მოამზადა ანალიზი და რეკომენდაციები ქართული თეატრების ტექნიკური აღჭურვილობის გასაუმჯობესებლად. რუსთაველის თეატრში
გაიმართა უორქშოფი ახალგაზრდა რეჟისორებისთვის, რომელიც ჯეიმს მაკდონალდმა ჩაატარა.
ალექი ბლაითმა ერთი თვე იმუშავა ვერბატიმის სპექტაკლზე სახელწოდებით "ვგავართ ჩვენ ლტოლვილებს?!" და 6 დეკემბერს ამ ქსპერიმენტული სპექტაკლის ჩვენება გავმართეთ. სპექტაკლმა გრანდიოზული წარმატება მოიპოვა ედინბურგის ფრინჯ ფესტივალზე (სამი პირველი პრიზი).
2010 წელს რუსთაველის თეატრში გაიმართა შოტლანიელი რეჟისორის მეთიუ ლენტონის ერთკვირიანი უორქშოფი ახალგაზრდა მსახიობებისთვის.
დავით გაბუნია, მწერალი და მთარგმნელი ეწვია ნაციონალურ თეატრს, დაესწრო მისი ვიზიტის დროს ლონდონში გასულ ყველა საინტერესო სპექტაკლს, შეხვდა კოლეგებს და გაეცნო ბრიტანულ თეატრში მუშაობის სპეციფიკას.
ნიკა თავაძე, მსახიობი და სამეფო უბნის თეატრის დირექტორი, ეწვია ნაციონალურ თეატრს და რამდენიმე პატარა, დამოუკიდებელ თეატრს ლონდონში, რუსთაველის თეატრში გაიმართა შოტლანდიელი თეატრის მხატვრის და რეჟისორის უორქშოფი ახალგაზრდა ქართველი თეატრის მხატვრებისა და რეჟისორებისთვის.
რუსთაველის თეატრის მენეჯმენტის ჯგუფისთვის კონსულტაციების გასაწევად ფონდების მოძიების სფეროში ეწვია მარტინ პრენდეგრასტი, ნაციონალური თეატრის მარკეტინგის და პარტნიორობის დირექტორი.
გასულ წელს რუსთაველის თეატრის მარკეტინგის ხელმძღვანელი ბესო ჩანტლაძე და რუსთაველის თეატრის პიარმენეჯერი ბაკა კვირცხალია ეწვივნენ ნაციონალურ თეატრს. 2011 წელს მარჯანიშვილის თეატრში თანამედროვე ბრიტანელი დრამატურგის ბარი კიფის პიესის მიხედვით დაიდგა სპექტაკლი "ჩაგავლეთ?!"
რუსთაველის თეატრში ელენ მაკდუგალმა დადგა ჰეტი ნელერის პიესა "ივანე და ძაღლები". და ბოლოს, ამავე თეატრში როშინ მაკბრინმა დადგა დეივიდ გრეგის პიესა "ყვითელი მთვარე".
ბრიტანეთის საბჭო საქართველოში არა მხოლოდ თეატრში, არამედ სხვადასხვა მიმართულებით პროექტებს ხშირად ახორციელებს. მათ ახასიათებთ არა ერთჯერადობა, არამედ თემატური და ხანგრძლივი კონცეპტუალური კავშირები. მათ შესახებ უახლოეს მომავალში კიდევ ვისაუბრებთ.