თეატრალური პრემია "დურუჯის" მოსაპოვებლად 30 კანდიდატი იბრძოლებს
თეატრალური პრემია "დურუჯის" ლაურეატების გამოსავლენად განაცხადების მიღება დასრულდა.
24 საათი 08.05.12
თეატრალური პრემია "დურუჯის" ლაურეატების გამოსავლენად განაცხადების მიღება დასრულდა.
დაჯილდოების ცერემონია ბანკ "რესპუბლიკასთან" არსებული საქველმოქმედო ფონდ "ცისკრის" და კომპანია "რედიქსის" ინიციატივით უკვე მეოთხედ იმართება. წელს პრემიის გაცემის პირობებში ცვლილება შევიდა: "დურუჯის" ნომინაციებს კიდევ ერთი - საუკეთესო მხატვრის ნომინაცია დაემატა. პრემიაზე წარდგენილი კანდიდატების სრულ სიას ორგანიზატორები პრესკონფერენციაზე დღეს, 8 მაისს, 13:00 საათზე, კომპანია "რედიქსის" ოფისში წარადგენენ, მისამართზე: ვაჟა-ფშაველას #71. განაცხადების მიღების ვადა 30 აპრილს ამოიწურა. სულ წარდგენილია 19 თეატრის 30 განაცხადი. ივნისის დასაწყისში შედგება ნომინანტთა "მოკლე ნუსხა" თითოეული ნომინაციისთვის:
• საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი - პრემიის ოდენობა შეადგენს 14.000 ლარს;
• საუკეთესო მსახიობი ქალი - პრემიის ოდენობა შეადგენს 2.000 ლარს;
• საუკეთესო მსახიობი მამაკაცი - პრემიის ოდენობა შეადგენს 2.000 ლარს;
• სეზონის განმავლობაში დადგმული საუკეთესო ქართული თანამედროვე პიესის ავტორი - პრემიის ოდენობა შეადგენს 2.000 (ორი ათასი) ლარს;
• საუკეთესო მხატვარი - გადაეცემა სპეციალური პრიზი კომპანია "ჯეოსელისგან" - Samsung Galaxy Tab-ის უახლესი მოდელი;
• საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორი - გადაეცემა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი 10.000 ლარის ოდენობით. ამ ნომინაციაზე წარდგენილი რეჟისორის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 35 წელს.
"4 წლის წინ პრემია "დურუჯი" მხოლოდ ერთ ლაურეატს გადაეცემოდა. შარშან ლაურეატების რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა, წელს კი კიდევ ერთი ნომინაცია დავამატეთ - წლის საუკეთესო მხატვარი. არ ვღალატობთ დაპირებას და ვცდილობთ, ყოველწლიურად დავხვეწოთ არა მხოლოდ პრემიის გაცემის პირობები, არამედ იმ ადამიანების რაოდენობაც გავზარდოთ, ვისაც წლის განმავლობაში თეატრალურ სფეროში შეტანილი ღვაწლი დაუფასდებათ. როგორც ხედავთ, "დურუჯი" ისევ იზრდება და ვითარდება," - აცხადებს "დურუჯისა" და საქველმოქმედო ფონდ "ცისკრის" დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი. პრემიაზე წარდგენილი კანდიდატების სია 8 მაისიდან შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდებზე: www.redix.ge, www.24saati.ge, www.fortuna.ge და გაზეთში "24 საათი".
თეატრალური პრემია "დურუჯის" პარტნიორია კომპანია "რედიქსი"; საინფორმაციო მხარდამჭერები - ტელეკომპანია "რუსთავი 2", გაზეთი "24 საათი", რადიო "ფორტუნა";
მხარდამჭერები - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ბანკი "რესპუბლიკა", "ჯეოსელი", ველნესცენტრი "კლუბი 71", გამომცემლობა "დიოგენე", საიუველირო მაღაზიათა ქსელი "ბაკარა", GD ALCO, "ისი-პარი", "ფრეზია", "ირაკლი წულაძე ქანდაკება". 24 საათი