საქართველოში, ამ ბოლო დროს, გაუთავებელი პოლიტიკური თოქ-შოუები არაპოლიტიკური და უბრალოდ გასართობი საავტორო გადაცემებით შეიცვალა.
24 საათი 26.09.10
საქართველოში, ამ ბოლო დროს, გაუთავებელი პოლიტიკური თოქ-შოუები არაპოლიტიკური და უბრალოდ გასართობი საავტორო გადაცემებით შეიცვალა.
ქართულ ტელესივრცეში ძნელად თუ ნახავთ გადაცემას, რომელიც არც ერთ სხვას არ ჰგავს და რა თქმა უნდა, უმრავლესობას უცხოური ანალოგი აქვს.
თუმცა არის ერთი გადაცემა, რომელიც ალბათ არც ერთ ამერიკულ ან ევროპულ გადაცემას არ ჰგავს - ყოველ შემთხვევაში, სათაურით მაინც, - “თბილისი ლაივი…” გადაცემა, რომელიც არასდროს გადის “ლაივში” (პირდაპირ ეთერში), ამას მხოლოდ აქ თუ მოვიფიქრებდით. “სიმართლის დრო”, “ნიჭიერი”, “ინტუიცია” - ამ გადაცემების ლიცენზია კი იყიდება და ძალიან ბევრ ქვეყანაშია გავრცელებული, თუმცა American Idol-ის, X factor-ის ან თუნდაც Britain`s got talent-ის ცნობილი პროდიუსერისა და ჟიურის, საიმონ ქაუელისთვის დამახასიათებელი ნიშნები არ იყიდება, თუმცა “ნიჭიერის” ჟიურიმ - გეგა ფალავანდიშვილმა მაინც ისესხა და იმის გარდა, რომ ყველაზე მკაცრად ესაუბრება მონაწილეებს, საიმონისა არ იყოს, პასტა უდევს პირში. უცნობია, კონცენტრაციაში ეხმარება თუ საიმონთან ამყარებს ქვეცნობიერ კავშირს... ნუ ესეც არაფერი…
ახლა რაც შეეხება, სხვა შოუებს, მაგალითად, “ნანუკას შოუ” - რომელიც ელენის ცნობილი შოუს ანალოგია. “ნანუკას შოუც”, ერთადერთია, სადაც მოწვეულ სტუმარს არაქველმოქმედების მიზნით აჩუქეს ავეჯი, ხოლო ფაფახი, ღვინო და ასეთი წვრილმანები "ფორტუნას" დროსაც მრავლად რიგდებოდა.
ძვირფასი საჩუქრებით სტუმრების და მით უმეტეს მაყურებლის განებივრება ქართული გადაცემებისთვის დამახასიათებელი არ არის, მაგრამ საკმაოდ ფართოდ არის გავრცელებული უცხოეთში. ამათგან კი ყველაზე მასშტაბური და გრანდიოზული საჩუქრები კი სწორედ ერთ-ერთ ყველაზე ლეგენდარულ ოპრა ვინფრის (ოპრას) შოუში კეთდება. ოპრას და მის გადაცემას ათეულობით ჯილდო აქვს მიღებული. თავად კი, სხვადასხვა დროს დასახელდა ყველაზე გავლენიან ქალად ამერიკაში და მსოფლიოში. ის ასევე ერთ-ერთია იმ ადამიანების ასეულში, რომლებმაც მე-20 საუკუნე შეცვალეს და ა.შ
ოპრას შოუ ამერიკის ტელესივრცეში ყველაზე მაღალი რეიტინგით სარგებლობს, 2010 წლისთვის შოუ გახლავთ ყველაზე ძველი დღის თოქ-შოუ, რომელიც 1986 წლის 8 სექტემბრიდან მოყოლებული, უკვე 24 სეზონის განმავლობაშია ეთერში და თითქმის 5.000 გადაცემა აქვს ჩაწერილი. წელს 25-ე სეზონი საბოლოო იქნება და როგორც ოპრას საპროდიუსერო კომპანიამ განაცხადა, 2011 წლის 9 სექტემბერს გადაცემა დაიხურება. ხოლო ოპრა ახალ თოქ-შოუს შესთავაზებს მაყურებელს უკვე საკუთარ ტელეარხზე OWN: The Oprah Winfrey Network.
ოპრას შოუ, სადაც სტუმრად შოუ ბიზნესისა თუ პოლიტიკის ყველაზე პოპულარულ წარმომადგენლებს შეხვდებით, ცნობილია სიურპრიზებით. ყველაზე ცნობილი და გრანდიოზული საჩუქარი, ოპრამ 2004 წლის სეზონზე გააკეთა, როდესაც მან გადაცემის 300-ვე დამსწრე მაყურებელს Pontiac G6 გადასცა საჩუქრად. ოპრას ფრაზა: "შენ მიიღებ მანქანას! შენ მიიღებ მანქანას! შენ მიიღებ მანქანას! ყველა მიიღებს მანქანას!" მედია ცენტრ Paley-ს მიერ, მთელი ტელევიზიის ისტორიაში საუკეთესო მომენტად დასახელდა.
ეთერში გასული ამ ლეგენდარული გადაცემის შემდეგ ზუსტად 6 წელი გავიდა და წელს ოპრას შოუს 25-ე სეზონის პირველ გადაცემაზე 13 სექტემბერს, რომელშიც სტუმრად ხალხის მიერ არჩეული სტუმარი, ჯონ ტრავოლტა გახლდათ მიწვეული და სადაც აუდიტორიის ყველაზე ერთგული ნაწილი იყო დაპატიჟებული, ოპრამ კვლავაც წარმოუდგენელი საჩუქრით დააჯილდოვა სტუმრები - ზამთარში 300-ვე ტრავოლტასთან და ოპრასთან ერთად ავსტრალიაში გაემგზავრება.
“ვაშინგტონ პოსტმა” ოპრას შოუს 25-ე სეზონის ასეთი პროგნოზი გააკეთა: "მომენტები, რომლებიც ყოველთვის გვემახსოვრება, სეზონი, რომელიც არასდროს დაგვავიწყდება!"
თუმცა, ეს ყველაფერი მაინც ამერიკული ოცნების სამშობლოში. ჩვენთან კი ჯერ-ჯერობით ღვინით, ტორტით, ავეჯითა და ფაფახებით შემოვიფარგლოთ, ისიც სტუმრებს, ხოლო აუდიტორიამ სიურპრიზებზე არც იოცნებოს, მანამ სანამ სწორი რეაქციების მიცემას არ ისწავლის კარგად: რა მომენტში იტიროს ვინმემ გადაცემა “პროფილში”, როდის დაუკრან ტაში ან ამოიოხრონ “ნანუკას შოუში”, თანაც მანამდე სანამ ნანუკა გაღიმებულ-გაკვირვებული სახით გადახედავს მათ, ანიშნებს რომ ამის დროა ან პირდაპირ კითხავს: "არა, როგორია?".
მიუხედავად ყველაფრისა, მაინც სასიამოვნოა, რომ გასართობი თოქ-შოუები მომრავლდა, ყველაფერს დრო სჭირდება, გამოცდილებაც მოიმატებს, იმედია ფინანსებიც და ვინ იცის იქნებ, რომელიმე გადაცემის აუდიტორიას საქართველოშიც გაუკეთონ დაუვიწყარი სიურპრიზი.
მარიამ ყიასაშვილი