თავიდანვე ვიტყვი - არ ვიზიარებ თეა თუთბერიძის მიერ სოციალურ საიტ "ფეისბუქში" "დაპოსტილი" ვიდეორგოლების პათოსს და არც მათ შინაარსსა და განწყობას.
24 საათი 23.10.09
თავიდანვე ვიტყვი - არ ვიზიარებ თეა თუთბერიძის მიერ სოციალურ საიტ "ფეისბუქში" "დაპოსტილი" ვიდეორგოლების პათოსს და არც მათ შინაარსსა და განწყობას.
ამ განმარტების გაკეთება თავიდანვე საჭიროდ ჩავთვალე - მანამ, სანამ ღვთის გმობასა და პატრიარქის შეურაცხყოფაში დამადანაშაულებდეს ვინმე. არ ვიზიარებ, მაგრამ... საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება, საპატრიარქოს განცხადება, საერთო-სატელევიზიო კამპანიური თავდასხმა, პოლიტიკური სპეკულაციები, თუთბერიძის დასაგმობად რიგში ჩამდგარი ჟურნალისტები და, რაც მთავარია - სამოქალაქო, ე.წ. ლიბერალური საზოგადოების სამარცხვინო დუმილი მაფიქრებინებს, რომ ჟურნალისტური დუმილიც ამ შემთხვევაში სირცხვილის ტოლფასია.
ჩემთვის ყველაფერი ფეისბუქური "ხულიგნობით" დაიწყო - საქართველოს ერთმა მოქალაქემ თეა თუთბერიძემ (რომელიც ასოცირდება ერთ-ერთ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ჯგუფთან, თუმცა ასოცირების მიუხედავად, ერთი ცალკე აღებული ადამიანია) ფეისბუქში, საკუთარ პროფილში (გვერდზე) საპატრიარქოს თემაზე შექმნილი, ზოგ შემთხვევაში შეურაცხმყოფელი, ზოგ შემთხვევაში - სარკასტული ვიდეორგოლების "ატვირთვა" დაიწყო.
განმარტება მათთვის, ვინც თეას მიერ წარმოებული ანტისაპატრიარქო კამპანიის მასშტაბებსა და დამანგრეველ შედეგებზე და დანაშაულებრივ ქმედებებზე საუბრობს - ამ პროფილს მხოლოდ ის ხედავს, ვინც თეამ დაიმეგობრა ან თეას დაუმეგობრდა (თუმცა, აუცილებლად ორმხრივი თანხმობით). ვისაც თუთბერიძესთან ინტერნეტ-მეგობრობის სურვილი არ გასჩენია, ის ამ "პოსტებს" ვერც ნახავდა და ვერც მისი "დამანგრეველი ზემოქმედების" ქვეშ მოექცეოდა.
პირდაპირ ვიტყვი - მიუხედავად ფეისბუქური მეგობრობისა, ამ "პოსტების" გახსნის სურვილი არ გამჩენია და ამიტომ ისევე, როგორც იმ საზოგადოების უდიდესი ნაწილი, რომელიც დღეს თუთბერიძის ლამის მოკვეთას და ჩაქოლვას ითხოვს, მათ შინაარსზე გადმოცემით ვმსჯელობ (მოგვიანებით შევეცადე მომეძებნა თეას პროფილზე, თუმცა უკვე უშედეგოდ).
როგორც ჩანს, "პოსტები" თავისი შინაარსით არაკორექტულიც იყო და უგემოვნებოც, რადგან არ შემხვედრია სხვა ფეისბუქელი მეგობარი, რომელმაც ეს პოსტები თეას პროფილიდან "გადატვირთა". არც ერთი იმათგანის პროფილზე, ვინც "ღვთისგმობაში" სხვადასხვა დროს შემჩნეულია (მათ შორის იგივე თავისუფლების ინსტიტუტელების, რომელთა იდეოლოგი ლევან რამიშვილი ბოლო წლებია ფეისბუქში "ცხოვრობს"), ეს პოსტები არ დადებულა.
შესაბამისად, პირადად ჩემთვის, როგორც საქართველოს ერთი მოქალაქის და რიგითი ფეისბუქელისთვის, ეს ამბავი განსაკუთრებული ყურადღების ღირსი არ გამხდარა. არანაირი ეჭვშეუვალი ნიშნები იმისა, რომ პატრიარქის ირგვლივ კამპანიური ხასიათის შეტევა დაიწყო, არ შემიმჩნევია - უბრალოდ ერთმა მოქალაქემ (რომელიც, სხვათა შორის, ცნობილი გახლავთ რიგი საკითხებისადმი თავისი არაორდინალური და ზოგჯერ სადავო ქმედებებითა და დამოკიდებულებით), თავის ფეისბუქის "პროფილში" უგემოვნო კლიპები ატვირთა. ეს ყველაფერი, ვფიქრობ, ასევე ჩაივლიდა, "ვიღაცას" ამ მოვლენის სახელმწიფო რანგში აყვანა და რევანშისტული მიზნებისთვის გამოყენება რომ არ მოსდომებოდა.
ნიადაგი კი საკმაოდ ნაყოფიერი გახლდათ - საზოგადოებაში, სადაც ადამიანის ინდივიდუალიზმს და სიტყვის თავისუფლებას არანაირ პარტივს არ სცემენ, გაცილებით ადვილია ირწმუნო შეთქმულების თეორია, ვიდრე ის, რომ ადამიანმა საკუთარი, პერსონალური დამოკიდებულების გამოხატვა მის მიერვე არჩეული, ბევრისთვის მიუღებელი, მაგრამ მისთვის საინტერესო მეთოდით სცადა. შესაბამისად, თუ ამ შემოდგომით საზოგადოების "ხელში ასაყვანად" მიზეზს ეძებ, განსაკუთრებით მარტივია ამ მიზეზად თვით პატრიარქის დაცვის მოტივი გამოიყენო და მართმადიდებლობის დროშით ხელში ქვეყანაში ხელისუფლების, ლიბერალიზმისა და, თუნდაც სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაც დაიწყო.
ამიტომ, როცა პროვოკაციაზე მიდის საუბარი, აქ აუცილებლად უნდა დაისვას კითხვა იმის თაობაზე, თუ ვინ მოახდინა პროვიცირება - თეა თუთბერიძემ თავისი ფეისბუქური აქტივობით თუ. . .…
ცხადია, თეა თუთბერიძის როლის დაკნინება ამ სიტუაციაში არ შეიძლება - ფაქტია, რომ, როცა გარკვეულ საზოგადოებრივ ჯგუფთან, კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ასოცირდები, შენი თავისუფლება მხოლოდ შენი არ არის და იგი გარკვეულად იზღუდება იმ პასუხისმგებლობებით, რომლებსაც ის სივრცე განიჭებს, სადაც არსებობ. ასეთი პასუხისმგებლობებისა და შესაბამისი შეზღუდვების გარეშე ადამიანის თავისუფლება გიჟის თავისუფლებას დაემსგავსებოდა. ის, რომ თუთბერიძემ არსებული კონიუნქტურა არ გაითვალისწინა და ადამიანები, რომელთა სივრცეშიც არსებობს, მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა, მისი შეცდომაა, მაგრამ. . .
ყველას აქვს შეცდომის უფლება ისევე, როგორც საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება აბსოლუტურად ყველა საკითხზე, რაზეც კი შეიძლება საერთოდ აზრის არსებობა.
არ გამკვირვებია, რომ ეს უფლებები პოლიტიკოსებს არ გახსენებიათ - პოლიტიკური მიზნები საქართველოში ხომ ყველაფერს ამართლებს.
მეგონა, რომ სწორედ ადამიანის უფლებაზე გააკეთებდა აქცენტს საპატრიარქო და აგრესიულ მართლმადიდებლებს (რომლებიც ფეისბუქშიც ჩანან, ტელეეკრანზეც და უკვე ქუჩაშიც) თავშეკავებისა და, თუნდაც - თეას სულისთვის ლოცვისკენ მოუწოდებდა. ვერც კი წარმომედგინა, რომ მოითხოვდა სატელვიზიო ეთერს "მის მიერ შერჩეული მონაწილეებით", რითიც, პრაქტიკულად, თუთბერიძის "მოკვეთას" და მის მიმართ გამოთქმულ მუქარებს გაამართლებდა და ამ საკითხის პოლიტიკურ რანგში აყვანის მცდელობას წყალს დაუსხამდა.
მეგონა, რომ ხელისუფლება, რომელიც ამ საკითხის პოლიტიზირების გამო აშკარა დისკომფორტს განიცდის, გაემიჯნებოდა პატრიარქის საწინააღმდეგო პოზიციას, მაგრამ აქვე იტყოდა, რომ ადამიანს აქვს უფლება გამოხატოს თავისუფლად თავისი აზრი; მეგონა იტყოდა, რომ სახელმწიფო მზადაა დაიცვას ეს უფლება და ნებისმიერი ადამიანი, რომლის სიცოცხლესაც აზრის გამოთქმისთვის ემუქრებიან. სანაცვლოდ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა: რომ "მიმართავს ყველა დემოკრატიულ პოლიტიკურ საშუალებას (სიამოვნებით ვიხილავდი ამ საშუალებების ჩამონათვალს), რათა დავიცვათ მისი (პატრიარქის) რეპუტაცია და არავის მივცეთ თავისუფლების პრინციპების ბოროტად გამოყენების საშუალება". - უკომენტაროდ.
მეგონა - მეგონა რომ სამოქალაქო საზოგადოება, მიუხედავად რწმენისა და კონკრეტული “პოსტებისა” და გამონათქვამებისადმი დამოკიდებულებისა, 21-ე საუკუნეში წინ აღუდგებოდა ინკვიზიციის აღდგენის მცდელობას; გაბედავდა ეთქვა ის, რასაც რეალურად ფიქრობს, არ შეძვრებოდა ჩირგვებში და არ დაიმალებოდა იმის შიშით, რომ თეა თუთბერიძის მსგავასად მათი სახლის მისამართები არ მოეძებნა ვინმეს, არ გაეწირა მოკვეთივსთვის და არ გაეკრა სამარცხვინო ბოძზე. ამის ნაცვლად, სამოქალაქო საზოგადოებამ (ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით) თეა თუთბერიძე თავის თავთან, თავის აზრებთან, თუნდაც თავის შეცდომასთან, განრისხებულ ბრბოსთან და აზვირთებულ პოლიტიკურ სპეკულაციებთან პირისპირ - მარტო დატოვა. ჩემთვის ეს არჩევანი პატრიარქის შესახებ უხამსი და შეურაცხმყოფელი კლიპების ფეისბუქზე ატვირთვაზე არანაკლებ, შესაძლოა მეტადაც კი - ამორალურია.