ახალი წელი რომ არ უყვარდეს, ასეთი კაცი ბევრი გინახავთ? არა, მეც შემხვედრიან ვიღაც-ვიღაცეები, ირწმუნებოდნენ, ამ დღეს ვერ ვიტანთო, მაგრამ რატომღაც მგონია, ახალი წელი მათაც უყვართ, მაგრამ რაღაც მიზეზით ისე ვერ ეგებებიან, როგორც უნდათ და ამიტომ არიან გაღიზიანებულები.
24 საათი 31.12.09

ახალი წელი რომ არ უყვარდეს, ასეთი კაცი ბევრი გინახავთ? არა, მეც შემხვედრიან ვიღაც-ვიღაცეები, ირწმუნებოდნენ, ამ დღეს ვერ ვიტანთო, მაგრამ რატომღაც მგონია, ახალი წელი მათაც უყვართ, მაგრამ რაღაც მიზეზით ისე ვერ ეგებებიან, როგორც უნდათ და ამიტომ არიან გაღიზიანებულები.
კი, ვიცი, ჯერ შობა რომ უნდა მახარებდეს და მერე ახალი წელი, მაგრამ, აბა, რა ვქნა, ჩვენს ქვეყანაში პირიქითაა და მეც მორჩილად ვეგუები ამ რეალობას. ახალი წელი კი იმიტომ მიყვარს განსაკუთრებით, რომ ნაძვის ხეა მოსართავი. ჩემს შვილს, ვაჟს, ნაძვის ხე და მასთან დაკავშირებული თავგადასავლები, როგორც ყველა ბიჭს, მალევე მობეზრდა, თუმცა საჩუქრების ხათრით კიდევ დიდხანს იტყუებდა თავს და გვარწმუნებდა, რომ თოვლის ბაბუების სჯეროდა. არაერთგზის გაქილიკების მიუხედავად, სკოლა ისე დაამთავრა, ყოველ წელიწადს ნაძვის ხეს ვდგამდი. მერე, ერთ დღესაც, ყუთი, რომელშიც ნაძვის ხის სათამაშოები მეწყო, თაროდან გადმომივარდა და სულ დამემსხვრა. ახლები აღარც მიყიდია (იმედია, შვილიშვილი მაყიდინებს). სამაგიეროდ, არ დამემსხვრა ის მოგონებები, ბავშვობიდან რომ გამომყვა. პირიქით, რაც დრო გადის და წლები მემატება, სულ უფრო ხშირად ვიხსენებ ჩემი ბავშვობის დროინდელ ახალ წლებს.
ჩემს ნაძვის ხეს, ხან ხელოვნურს და ხანაც ბუნებრივს, მამაჩემის წყალობით ყოველ ახალ წელს რამდენიმე ახალი სათამაშო ემატებოდა. მამაჩემი, რომელიც სრულიად განთავისუფლებული იყო ყოფითი პრობლემებისაგან, მოსკოვში ყოფნისას გუმისა და ცუმის უსაშველო რიგებში დგებოდა და ჩვენთვის ნაძვის ხის სათამაშოები ჩამოჰქონდა. თბილისისგან განსხვავებით, მოსკოვში გედეერის სათამაშოები იშოვებოდა, ბევრად ლამაზი და ხარისხიანი, ვიდრე "სამამულო" წარმოების. რაც მთავარია, ჩამოჰქონდა "თედი კალენდერი" - მართლაც არაჩვეულებრივი გამოცემა, ასევე დემოკრატიულ გერმანიაში დამზადებული. სხვათა შორის, ეს კალენდარი გაერთიანებულ გერმანიაშიც გამოდის და როგორც ინტერნეტიდან შევიტყვე, იქაურ ბავშვებში დიდი მოწონებით სარგებლობს. გერმანელი დათვი, სახელად თედი, კალენდრის საშუალებით ათასგვარი საახალწლო აქსესუარის გაკეთების საშუალებას გვაძლევდა. ჩვენც ვჭრიდით, ვაწებებდით, ვაფერადებდით... გირლანდებს, ფიფქებს, ვარსკვლებებს. ზოგი ლამაზი გამოგვდიოდა, ზოგიც - ისე, რა, მაგრამ ჩვენ მხოლოდ ჩვენი სათამაშოები გვქონდა და ეს ყველაზე მეტად გვახარებდა.
ნაძვის ხეს ყოველთვის 31 იანვრის დილას ვრთავდით: მამაჩემი, ჩემი უფროსი და და მე, თუმცა მამაჩემი თავისი აქტიურობით უკან ჩამოგვიტოვებდა ხოლმე. ერთთავად ცდილობდა, სათამაშოები ისე დაგვეკიდა, როგორც მას უნდოდა. ეს, მგონი, ერთადერთი შემთხვევა იყო ჩემი და ჩემი დის ცხოვრებაში, როდესაც მამა რაღაცას გვაიძულებდა. ჩვენც, რასაკვირველია, ვჭიჭყინებდით და ზოგჯერ საქმე სერიოზულ კონფლიქტებამდეც მიდიოიდა. კონფლიქტის მიზეზი, ტრადიციულად, "წვიმები" იყო, რომელიც ჩვენ ძალიან მოგვწონდა, მამაჩემს კი რატომღაც ათვალისწინებული ჰქონდა. ბოლოს ყველაფერი იმით მთავრდებოდა, რომ ოთახში დედაჩემი შემოიჭრებოდა ციცხვით ხელში და ჩვენც, სხვა რა გზა გვქონდა, ვწყნარდებოდით.
ჩემი სათამაშოები! ერთადერთი, რაც არასდროს არ გვქონია, ეს ვარსკვლავი იყო ეგრეთ წოდებული ვერხუშკისთვის. ახლა ვხვდები, ჩემს მშობლებს, ეტყობა, ხუთქიმიანი წითელი ვარსკვლავი დიდად არ ეპიტნავებოდათ და პრინციპულად არ ყიდულობდნენ. ისიც მახსოვს, როგორ იტირა ამის გამი ერთხელ ჩემმა დამ. რომ დამშვიდებულიყო, მამაჩემმა - მე გაგიკეთებო - და ოთახიდან გამოგვისტუმრა. შევედით და რას ვხედავთ: კენწეროზე (იმ წელს არაჩვეულებრივი ბუნებრივი ნაძვის ხე გვედგა) დიდი ბაბაჯანა არ ზის! ბაბაჯანა კიდევ ერთი დამანჭული არსება იყო, რომელსაც მამა ხუმრობით გვიხატავდა ხოლმე. ჩემს ბაბაჯანას, გრიშაშვილის ბაბაჯანასაგან განსხვავებით, არც ქოშები ეცვა და წყალსაც არ დაატარებდა, მაგრამ მაინც ბაბაჯანა ერქვა. აგვივარდა სიცილი და დიდ ხანს ვიკისკისეთ. მოგვიანებით, როცა უკვე ჩემს შვილს ვურთავდი ნაძვის ხეს, მაშინაც აღარ მომდომებია ვარსკვლავი - არც ხუთქიმიანი, არც ექვსქიმიანი და არც შვიდქიმიანი.
ვარსკვლავი არა, მაგრამ ერთი ფაიფურის პიონერი ბიჭი კი მყავდა, გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა ვალოდია ულიანოვს. მოკლე შარვალი ეცვა და ყელზე ალისფერი ყელსახვევი ეკეთა, თანაც თოვლის ბაბუას, უფრო სწორად, "დედ მაროზს" ეხუტებოდა. ძალიან მიყვარდა ეს სათამაშო, რადგან ასეთი წესიერი პიონერები ჩემს სკოლაში, პლეხანოვზე, სანთლითაც რომ გეძებნათ, მაინც ვერ იპოვნიდით. მყავდა ჭინკები, სხვადასხვა ფერისა და ზომის, გამობერილი პრიალა მუცლებით და თავზე პაწაწინა დაგრეხილი მავთულის რქებით. ყველაზე გამოსაჩენ ადგილას ერთ vip სათამაშოს ვკიდებდით, უფრო სწორად, ტოტებშუა ნაზად ვათავსებდით. ეს იყო ულამაზეს საბავშვო ეტლში ჩაწოლილი ჩვილი, შეფაკლული ლოყებითა და თეთრი, ქათქათა კაბით. ეს სათამაშო თავის დროზე ბებიაჩემის ბებოსთვის უყიდიათ და ძალიან ვუფრთხილდებოდით. დღის შუქზე რომ ვარდისფრად აკიაფდებოდა, საღამოს იასამნისფრად ლივლივებდა. დედაჩემისგან მემკვიდრეობით მერგო რამდენიმე ულამაზესი მზე და ყოველი მათგანი გაღიმებული იყო. არც კი ვიცი რატომ, მაგრამ ამ მზეებს რატომღაც ლოლუების გვერდით ვკიდებდით, თუმცა ლოლუები მაინცდამაინც არ მოგვწონდა. სამაგიეროდ, ვგიჟდებოდით ხაოიან გირჩებზე, რომლებიც აქა-იქ თოვლის ფიფქებით იყო დაფერილი.
კიდევ მყავდა სამი ანგელოზი, ყველა ერთი ზომის, მაგრამ სხვადასხვა ფერის: ცისფერი, ყვითელი და სალათის ფურცლის ფერი. მაშინ ანგელოზებზე ბუნდოვანი წარმოდგენა მქონდა და ღრმად ვიყავი დარწმუნებული, რომ მათი "დედიკო" ჩემი ასევე ერთ-ერთი უსაყვარლესი სათამაშო იყო, რომელიც სინამდვილეში ჯადოსნური ფერია გახლდათ. გრძელი შინდისფერი ხავერდის კაბა ეცვა, აპლიკაციებით გაწყობილი და დიდი, თეთრი ჟაბოთი. ოქროსფერ ვარცხნილობას ლურჯი ლენტი უმშვენებდა, ხელში კი ოქროსფერი ჯოხი ეჭირა - მგონი, ვან დეიკის ტილოებიდან იყო გადმოპარული. იყვნენ ლოყებდაბერილი ჯუჯებიც და ფუმფულა დათვის ბელები, ჩექმებიანი კატა და ვარდისფერი გოჭები, გულთეთრა კურდღელი და რუხი ბაჭიები. ეს ბაჭიები ჩემთვის, რასაკვირველია, არჩილ სულაკაურის გულთეთრა და მისი შვილები იყვნენ: ცქვიტო და მარდო. სათამაშოების ხაზგასმით ევროპული წარმომავლობის ფონზე ამაყად გვეკიდა ნაცარქექია, კისერზე შემომჯდარი დევით. ვერ ვიხსენებ, ის მართლა ნაძვის ხის სათამაშო იყო თუ ჩვეულებრივი სუვენირი, რომელიც ვიღაცამ ნაძვის ხის აქსესუარად აქცია.
რასაკვირველია, ჩემს ნაძვის ხესაც ამშვენებდა სხვადასხვა ფერის, ზომისა და ფაქტურის ბურთები. სხვათა შორის, ისინი სსრკში იყო დამზადებული, თუმცა საბჭოთა იდეოლოგიამ, როგორც ჩანს, ამ უნივერსალურ გეომეტრიულ ფიგურას ვერაფერი ვერ დააკლო და ისინიც ძალიან ელეგანტურად გამოიყურებოდნენ. ერთი ბურთი განსაკუთრებით მომწონდა: ბროლივით გამჭვირვალე იყო, შიგნიდან კი ვერცხლისფერი გეომეტრიული ფიგურები ანათებდნენ. ჰო, გეომეტრიაზე გამახსენდა - მქონდა უცნაური ფორმის ფიგურები, რომელთაც, სამწუხაროდ, სახელებს ვერ ვარქმევბდით, მაგრამ ლამაზები კი იყვნენ და ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვკიდებდით. ასევე მახსოვს შუშის სასწორი, რომელშიც დედაჩემო გოზინაყის ნაჭრებს გვიდებდა და რომელ პინაზეც მეტი მოუვიდოდა, იქითკენ იყო დაქანებული. ზარებს რაც შეეხება, ყველაზე მეტად წითელი ველურის ზანზალაკი მომწონდა, ვერცხლისფერი ლენტით გაწყობილი. მისი წკრიალა ხმა ახლაც ჩამესმის, უფრო სწორად, დღემდე მგონია, რომ მართლა არაჩვეულებრივ ბგერებს გამოსცემდა. და ბოლოს, ჩემი თვლის ბაბუა - ძველი და შელანძღული, დე-მოდე გამოწყობილი, მაგრამ იმდენად საყვარელი იყო, აბა, იმას ხელს ვინ ახლებდა! წვიმები, აკი გითხარით, ლიმიტირებული გვქონდა, სამაგიეროდ საბჭოთა კავშირში ბამბის წარმოება მიდიოდა კარგად და ჩვენც ბამბის ფთილებს უხვად ვაყრიდით წიწვებს. რაც შეება ილუმინაციას, ეჰ, ჩემს ბავშვობაში უხარისხო საახალწლო ნათურები იყიდებოდა - იმდენად ცუდი და ულაზათო, ხშირად მათი ანთების ხალისი გვეკარგებოდა. მათ მაგივრად ბლომად მძივებს ჩამოვაკონწიელებდით ხოლმე და ასე გავდიოდით ფონს. როცა ჩემი და წამოიზარდა, ამ მძივებს თვალი დაადგა და გაპრანჭვა მომინდომა. ახლა უკვე მე გავაპროტესტე და გავიმარჯვე კიდეც. ერთადერთი, რაზედაც ახალი წლის დღეებში გული მწყდებოდა, ის იყო, რომ იმ ოთახში არ მეძინა, სადაც ნაძვის ხე გვედგა (არადა, ოროთახიან ბინაში ვცხოვრობდით), მაგრამ ძილის წინ, თვალს მივლულავდი თუ არა, ჩემი სათამაშოები მუდამ ჩემთან იყვნენ და მეც ლამაზ-ლამაზ სიზმრებს ვნახულობდი.
ჩვენს დროში იმდენი მაღაზია მუშაობს საახალწლო აქსესუარებზე, არჩევანის გაკეთებაა ძნელი. ეს, რასაკვირველია, კარგია, მაგრამ არის ერთი გარემოება, რომელსაც სინანულით ვუყურებ და გული მწყდება. დაკვირვებიხართ ნაძვის ხეებს როგორც ოფისებში, ისე სახლებში? ყველა ერთნაირადაა ლამაზი. ვარიანტები, რასაკვირველია, დასაშვებია, მაგრამ სტილი, ოდესღაც ვიღაცის მიერ შერჩეული, დაცულია: ერთი და იგივე ფერის, მაგრამ სხვადასხვა ზომის ბურთები; ერთი და იგივე ზომის, მაგრამ ორი-სამი ფერის ბურთები; ბურთები პლუს ბაფთები; ბურთები პლუს ბაფთები პლუს ანგელოზები; ბურთები პლუს ბაფთები, პლუს ანგელოზები პლუს ზარები. დანარჩენის ჩამოთვლა გამიჭირდება. ეს ნაძვის ხეები, როგორც ჩანს, იმ ბავშვებზეა გათვლილი, დაბადების დღეებს საბავშვო ცენტრებში რომ უხდიან. ბავშვებმაც, წინასწარ იციან, სად რა მენიუს დაახვედრებენ და ზღაპრის რომელი პერსონაჟი გაართობთ. სულ მაინტერესებს: ვინ დაადგინა, რომ თანამედროვე ბავშვს ოცნება აღარ შეუძლია - პრაგმატულმა მშობლებმა? ერთი წუთით წარმოვიდგინე, მეც რომ ასეთი სტანდარტული ნაძვის ხე და სათამაშოები მქონოდა, სიზმრებში მაინც თუ მოვხვდებოდი ზღაპრულ ქვეყნებში? ალბათ ძილშიც კარგად ათვისებულ საბავშვო ცენტრში ან სუპერმარკეტში ამოვყოფდი თავს.
ძვირფასო მშობლებო! არაჩვეულებრივი ბიჭებისა და გოგოების დედიკოებო და მამიკოებო, ჩემზე ახალგაზრდებო და ჩემზე ჭკივიანებო: ნუ წაართმევთ თქვენს შვილებს ლამაზ-ლამაზ ოცნებებს! თუ საახალწლოდ სახლს დაალაგებთ და შემთხვევით ძველ სათამაშოებს აღმოაჩენთ, ნუ იფიქრებთ, რომ ისინი თქვენს ელეგენატურ ნაძვის ხეს არ დაამშვენებს. გაუფრთხილდით მათ და არ ინანებთ. მერე რა, თუ ზედაპირი შელანძღული აქვს ან ფერებია გახუნებული, სამაგიეროდ ყოველ მათგანს თავისი ბიოგრაფია გააჩნია და ეს ბიოგრაფია თქვენს შვილებს იმაზე მეტად დააინტერესებთ, ვიდრე თანამედროვე სათამაშოზე მიკრული ცნობილი ბრენდის ეტიკეტი.
ეს ყველაფერი, ცხადია, ახალმა წელმა გამახსენა. ასე რომ, ყველას გილოცავთ დამდეგ 2010 წელს და ბედნიერებას გისურვებთ - განურჩევლად იმისა, ვის როგორი ნაძვის ხე გიდგათ სახლში.