საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევანი პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ სამ კანდიდატს შორის უნდა გააკეთონ.
24 საათი 06.01.10
საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევანი პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ სამ კანდიდატს შორის უნდა გააკეთონ.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა კი კანდიდატები არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციების შედეგად უნდა შეარჩიოს. სწორედ ამას ელოდება ოპოზიციური პარტიების ნაწილი, რომლებიც ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევაში მონაწილეობას მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაწყვეტენ, თუკი წარმოდგენილი კანდიდატებიდან ერთი მაინც იქნება მათთვის მისაღები.
“რესპუბლიკური პარტიის” წევრი ვახტანგ ხმალაძე მიიჩნევს, რომ “ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის წესის შეცვლას არაფერი შეუცვლია”. მიუხედავად ამისა, ოპოზიცია მაინც უნდა დაელოდოს, რა მოხდება და ამის შესაბამისად იმოქმედოს. მისი თქმით, “ღმერთმა ქნას, რომ შეთავაზებულ კანდიდატურებს შორის ისეთი იყოს, რომელიც ოპოზიციისთვის მისაღები იქნება”. კანდიდატთა წარდგენის შემდეგ კი გადაწყვეტილება ექვსმა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა მიიღოს. კერძოდ, "კონსერვატორების", "რესპუბლიკური პარტიის", "მრეწველების", "ქრისტიან-დემოკრატების", პარტიის "ჩვენ თვითონ" და "ლეიბორისტური პარტიის" წარმომადგენლებმა ცესკო-ში არანაკლებ ოთხი ხმით (ფარული კენჭისყრით) თავმჯდომარე უნდა აირჩიონ. ხმალაძე ამ ნორმას მეტ-ნაკლებად მისაღებად მიიჩნევს, რადგან, მისი აზრით, ამით ის არის ნათქვამი, რომ ოპოზიციამ კონსენსუსთან ახლოს მდგომი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. “ასეთი მაღალი კვორუმი ნაკლებ საშუალებას იძლევა, რომ გამოირიცხოს ოპოზიციური, მაგრამ უფრო ხელისუფლების მხარდამჭერი პარტიების გადაწყვეტილებით თავმჯდომარის არჩევა. და ეს მართლაც იყოს ოპოზიციის საერთო აზრი,” - შენიშნავს ხმალაძე.
თუმცა, ხმალაძე პრეზიდენტისგან ოპოზიციისთვის მისაღები კანდიდატების შეთავაზებას არ მოელის. მან წარსულის გამოცდილება გაიხსენა. “ამ საკითხის განხილვის დროს ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ ისეთი შემთხვევა, როდესაც ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოთხოვნები ვერანაირად ვერ ემთხვევა ერთმანეთს. დავუშვათ, პრეზიდენტმა წარმოადგინა ისეთი კანდიდატურები, რომლებიც (სამივე) ოპოზიციისთვის აბსოლუტურად მიუღებელია. თუ გავითვალისწინებთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ დღემდე, სააკაშვილისა თუ წინა ხელისუფლების პირობებში, ყოველთვის ის პირები ინიშნებოდნენ, რომლებიც ოპოზიციისთვის მიუღებელნი იყვნენ, ამიტომ ეს არც ახლაა გამორიცხული. ასეთ შემთხვევაში ოპოზიციამ ან მისთვის მიუღებელი სამი კანდიდატიდან ერთ-ერთი უნდა აირჩიოს, ან უარი უნდა თქვას თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობაზე.” ცესკო-ს პარტიულ წარმომადგენლობას თავმჯდომარის ასარჩევად ხუთდღიანი ვადა აქვს (11 იანვრამდე), ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი ისინი გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ, საქმეში უკვე პარლამენტი ჩაერთვება და ცესკო-ს ახალ ხელმძღვანელს თავად დაამტკიცებს. ხმალაძე არც ამ საკითხს უყურებს ოპტიმისტურად. “პარლამენტი დღემდე არ წასულა პრეზიდენტის გადაწყვეტილებების წინაააღმდეგ და არა მგონია, ამ შემთხვევაში დაუპირისპირდეს მას,” - განაცხადა ხმალაძემ.
არასაპარლამენტო ოპოზიციას არ სურს, რომ საკითხის განხილვამ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლოს და არასამთავრობო ორგანიზაციებთან გასამართ კონსულტაციებზე ამყარებს იმედს. სწორედ ამიტომ, გუშინდელ პრესკონფერენციაზე “კონსერვატიული პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ სამოქალაქო საზოგადოებას ცესკო-ს თავმჯდომარის კანდიდატების დასახელებაში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა.
კანონმდებლობაში დაზუსტებული არ არის, რა კრიტერიუმებით უნდა შეირჩეს ის საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებთანაც პრეზიდენტი კონსულტაციებს გამართავს. ვახტანგ ხმალაძის თქმით, ეს კანონმდებლობაში უნდა იყოს ასახული ისევე, როგორც კანონით არის განსაზღვრული, თუ როგორი სახის საზოგადოებრივ ორგანიზაციებს აქვთ საარჩევნო პროცესის მონიტორინგისთვის დამკვირვებლის სტატუსის მიღების უფლება. მათი საქმიანობის სფეროა ადამიანის კონსტიტუციური უფლებების, მათ შორის საარჩევნო უფლების დაცვა.
“ქრისტიან-დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვეფხვაძემ “24 საათს” განუცხადა, რომ კონსულტაციებისთვის უნდა შეირჩნენ საარჩევნო პროცესთან ურთიერთობის გამოცდილების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციები. კერძოდ, ვეფხვაძემ ყურადღება შეაჩერა აშშ-ს “ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” ეგიდით შექმნილი ჯგუფის მუშაობის პროცესში უშუალოდ მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებზე - “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაზე” და “სამართლიან არჩევნებზე.”
ლევან ვეფხვაძის აზრით, ასევე პრობლემატურია თავმჯდომარის შერჩევის წესი. თავმჯდომარეობის კანდიდატს, სულ მცირე, საარჩევნო მოხელის სერტიფიკატი უნდა ჰქონდეს. თუმცა, “ენ-დი-აი”-ს ფორმატში მიმდინარე კონსულტაციებში მუშაობის დროს “ქრისტიან-დემოკრატებს” ამ ბარიერის მოხსნა არ მოუთხოვიათ, რადგან, როგორც ვეფხვაძე ფიქრობს, “ცესკო-ს თავმჯდომარემ, გარდა იმისა, რომ იგი პოლიტიკური ფიგურაა, ნაწილობრივ საარჩევნო კანონმდებლობა უნდა იცოდეს”.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე ერთ-ერთი კანდიდატი ზურაბ ხარატიშვილი იქნება, რომელიც ცესკო-ში ფინანსურ-აუდიტორული მიმართულებით საქმიანობს. ლევან ვეფხვაძისთვის მისი ვინაობა უცნობია. ვახტანგ ხმალაძემ კი აღნიშნა: “ზურაბ ხარატიშვილს ვიცნობ, როგორც კარგ აუდიტორს, მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია”. რაც შეეხება ხელისუფლებას, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა “24 საათს” განუცხადა, რომ ჯერჯერობით ცნობილი არ არის ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატთა ვინაობები. მაჭავარიანმა განმარტა, რომ “პრეზიდენტი არასამთავრობოებთან ჩაატარებს კონსულტაციებს და კანდიდატებიც იქ გამოჩნდებიან”.
ზოგიერთი ოპოზიციური პარტიისთვის მნიშვნელობა არა აქვს, ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე ვისზე შეაჩერებენ არჩევანს სამოქალაქო სექტორი და პრეზიდენტი. მიუხედავად იმისა, რომ “ლეიბორისტულ პარტიას” თავმჯდომარის არჩევაში მონაწილეობის უფლება აქვს, შალვა ნათელაშვილის პარტია პროცესში არც ერთ შემთხვევაში არ ჩაერთვება.
“ახლად შემოთავაზებული სქემა ირიბად თუ პირდაპირ იმას ნიშნავს, რომ ამ თანამდებობაზე პრეზიდენტის თუ მმართველი გუნდის, უფრო სწორად, პოლიტიკური ბანდის კაცი დანიშნონ, რომელიც გაყალბებული არჩევნების გაფორმებას უზრუნველყოფს. ამაში მონაწილეობის მიღებას ნამდვილად არ ვაპირებთ,” - განუცხადა “24 საათს” გიორგი გუგავამ.
“ლეიბორისტულ პარტიას” პროცესები სხვაგვარად წარმოუდგენია. გუშინ “ლეიბორისტებმა” გაერო-ს გენერალურ მდივანს საქართველოს ოპოზიციური პარტიების მიმართვა გაუგზავნეს. 17 პოლიტიკური პარტია, რომლებიც “ლეიბორისტების” ინიციატივას შეუერთდნენ, ქვეყანაში გაერო-ს ეგიდით ითხოვს არჩევნების ჩატარებას.