კავკასიური არხისთვის ბრძოლამ კოსმოსში გადაინაცვლა.
24 საათი 02.02.10
კავკასიური არხისთვის ბრძოლამ კოსმოსში გადაინაცვლა.
"საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი" დღეს პარიზის სასამართლოში ფრანგული სატელიტური ოპერატორი კომპანიის Eutelsat-ის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს. სარჩელის მიზეზი კომპანიის მიერ ახალი რუსულენოვანი კავკასიური არხის "პირველი კავკასიურის" სატელიტური მაუწყებლობის გაგრძელებაზე უარის თქმა გახდა. "საზოგადოებრივ მაუწყებელში" აცხადებენ, რომ უარი აბსოლუტურად დაუსაბუთებელია. საქართველოში იმაზეც საუბრობენ, რომ ევროპულ სატელიტურ კომპანიაზე რუსული ზეწოლა განხორციელდა.
"საზოგადოებრივი ტელევიზიის" რუსულენოვანმა არხმა "პირველმა კავკასიურმა" სატელიტური მაუწყებლობა 2010 წლის 15 იანვრიდან დაიწყო. მანამდე არხი ინტერნეტით გადაიცემოდა. თითქმის ორი კვირის განმავლობაში, "პირველი კავკასიური" Eutelsat-ის ახალ W7 სატელიტზე, 36 გრადუსზე გადიოდა (W7 - 36° East), რაც რუსეთსა და დსთ-ს სხვა სახელმწიფოებში, ასევე ევროპასა და აფრიკაში მაუწყებლობის საშუალებას იძლევა. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, ისევე როგორც ბევრი რუსული არხი, ანალოგიური მდებარეობიდან არის ხელმისაწვდომი.
იანვრის ბოლოს გავრცელებული ინფორმაციით, Eutelsat-მა "პირველი კავკასიურის" მაუწყებლობა იმ მოტივით შეაჩერა, რომ საცდელ პერიოდს ვადა გაუვიდა, ხოლო "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ახალი კონტრაქტი ჯერ არ გაფორმებულა.
თუმცა, გადაწყვეტილების მიღებისთანავე გაჩნდა მოსაზრება, რომ ფრანგული სატელიტური კომპანიის გადაწყვეტილება რუსეთის ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული ზეწოლის შედეგი გახლდათ. ამის შესახებ ფრანგული პრესაც ღიად წერდა. გაზეთმა Le Figaro-მ ამ თემაზე 27 იანვარს გამოაქვეყნა სტატია, სადაც გამოთქმულია ვარაუდი, რომ Eutelsat-ის გადაწყვეტილების უკან, შესაძლოა, რუსეთი იდგეს. გაზეთი თბილისში მყოფ ანონიმურ დიპლომატზე დაყრდნობით წერდა, რომ Eutelsat რუსეთის მხრიდან ძლიერ ზეწოლას განიცდის, რათა მან "საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან" კონტრაქტი არ დადოს.
ცნობისათვის - სატელიტური კომპანიის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა რუსეთის ოფიციალური პირების მიერ "პირველი კავკასიურის", როგორც საქართველოს ანტი-რუსული პროპაგანდის ნაწილის და ჩრდილოეთ კავკასიაში ექსტრემისტული იდეოლოგიის დანერგვის მცდელობის საჯარო დაგმობა.
"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ხელმძღვანელობამ კომპანიასთან მოლაპარაკება სცადა. მანამდე გია ჭანტურიამ 29 იანვარს რადიო "თავისუფლების" რუსულენოვან "ეხო კავკაზას" განუცხადა, რომ "უცნაური სიტუაცია" შეიქმნა. მისი თქმით, სატესტო პერიოდის შემდეგ კონტრაქტი ძალაში 31 იანვრიდან უნდა შესულიყო. "მაგრამ უცებ პრობლემები გაჩნდა და ახლა მათ მოგვარებას ვცდილობთ," - შენიშნა ჭანტურიამ. მან ასევე აღნიშნა, რომ ოპერატორმა კომპანიამ თავდაპირველად არხის შინაარსის მიმართ გამოთქვა პრეტენზიები, თუმცა შემდეგ "პირველი კავკასიურის" გათიშვის მიზეზად ტექნიკური პრობლემები დაასახელა.
დღეს უკვე ცნობილია, რომ გია ჭანტურიას პარიზში ვიზიტმა და პრობლემების დარეგულირების მცდელობამ შედეგი არ გამოიღო. ამის შესახებ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" დირექტორმა გუშინ პარიზში სპეციალური პრესკონფერენცია მოიწვია, სადაც განაცხადა, რომ კომპანიამ "ვერ შეძლო საკუთარი გადაწყვეტილების ლოგიკურად ახსნა. მხოლოდ იმისთვის გაგვთიშონ, რომ რუსულ ენაზე სიმართლე ვთქვით, სწორი არ არის," - განაცხადა გია ჭანტურიამ.
როგორც "24 საათს" "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ განუცხადა, კომპანია Eutelsat-ს საკუთარი გადაწყვეტილების არავითარი წერილობითი დასაბუთება არ წარმოუდგენია. ამასთან, რუსული ზეწოლის ფაქტს, ლევან გახელაძის განცხადებით, პირად საუბრებში კომპანიაშიც ადასტურებენ. ამ ფაქტზე მინიშნება გახლავთ ისიც, რომ ქართული ტელეკომპანიისთვის უარის თქმის შემდეგ, კომპანია Eutelsat-მა "გაზპრომმედიასთან" დადო კონტრაქტი. ქართულ მხარეს კი მეათე სატელიტის მომსახურება შესთავაზა, რომელიც დსთ-ს ქვეყნებისა და აღმოსავლეთ ევროპის რუსულენოვანი ნაწილის დაფარვის საშუალებას არ იძლევა.
საინტერესოა, რომ ფრანგულ კომპანიას ცოტა ხნის წინ მსგავსი სკანდალი ტაივანის ტელეკომპანიის გამოც ჰქონდა, როცა ჩინეთის ზეწოლის შედეგად ამ ტელეკომპანიას, სწორედ პოლიტიკური მოტივების გამო, სატელიტზე გასვლის საშუალება არ მისცა.
საინტერესოა, რომ ფრანგული Eutelsat-ის მეშვეობით მაუწყებლობს სატელიტზე "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხიც. ლევან გახელაძე აცხადებს, რომ ჯერჯერობით პირველი არხის მიმართ კომპანიას პრეტენზიები არ წარმოუდგენია. მისივე ინფორმაციით, გარდა იმისა, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებელი" სასამართლოში ჩივის და მოგების იმედიც აქვს, სამ კომპანიასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს სატელიტურ მაუწყებლობის უზრუნველყოფაზე. გახელაძე ჯერჯერობით არ აკონკრეტებს პოტენციურ პარტნიორ კომპანიებს, რომლებთანაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს.