ოპოზიციის ნაწილი პრაიმერისა და საპროტესტო აქციებისთვის ემზადება
24 საათი 02.02.10
ოპოზიციის ნაწილი პრაიმერისა და საპროტესტო აქციებისთვის ემზადება
არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი "მესამე და გადამწყვეტი" ტალღისთვის ემზადება. პრაიმერის ორგანიზატორმა პარტიებმა - მოძრაობამ "სამართლიანი საქართველოსთვის", "კონსერვატიულმა პარტიამ" და "ხალხის პარტიამ" გუშინ პრაიმერის შესახებ საარჩევნო კოდექსს მოაწერეს ხელი. ამასთანავე, მათ "საქართველოს გამარჯვების" გეგმა გამოაქვეყნეს და საზოგადოებას აუწყეს, რომ აპრილიდან საპროტესტო აქციების ახალი ტალღა დაიწყება. პრაიმერის ინიციატორებმა დანარჩენ ოპოზიციას მხადაჭერისკენ მოუწოდეს. თუმცა, რამდენიმე საათის შედეგ კოლეგებისგან პასუხად მედიაში გაკეთებული კრიტიკული კომენტარები მიიღეს.
"საქართველოს გადარჩენის და გამარჯვების გზა გადის არაკანონიერი ხელისუფლების შეცვლაზე, რაც შესაძლებელია მხოლოდ შეურიგებელი, რეალური ოპოზიციური ძალების უკომპრომისო და, რაც მთავარია, ერთიანი ბრძოლით. მივმართავთ ყველას, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს ეროვნული ინტერესები, ერთობლივად დავიწყოთ მესამე და გადამწყვეტი ტალღა," - ნათქვამია "საქართველოს გამარჯვების გეგმაში".
გეგმის მიხედვით, ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლები პრევენციული ხასიათის იქნება, ანუ ეს იქნება ზემოქმედება ხელისუფლებაზე, რომ მან არჩევნების გაყალბება ვერ გაბედოს. თარიღები უცვლელია: ქუჩის პროტესტი 9 აპრილს დაიწყება, გრანდიოზული აქცია 26 მაისს მოეწყობა.
"9 აპრილს ჩვენ ერთად დავდგებით და ყველას დავანახებთ, რომ საქართველოს გამარჯვებისთვის ერთსულოვნები ვართ," - ეს სიტყვები "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერ ზურაბ ნოღაიდელს ეკუთვნის, რომელიც აქამდე ყოველთვის აცხადებდა, რომ მათი პარტია თარიღებზე დაფუძნებულ პერმანენტული აქციების იდეას არ იზიარებს.
"მიტინგები 26 მაისს გრანდიოზული, გამაფრთხილებელი აქციით დასრულდება. მივმართავთ სხვა ოპოზიციურ პარტიებს, შემოგვიერთნენ და საქართველოს გადასარჩენად ერთად ვიბრძოლოთ," - განაცხადა გუშინდელ პრესკონფერენციაზე "კონსერვატორმა" ზვიად ძიძიგურმა.
ამავე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ ვარდების რევოლუციამდელი პერიოდი გაიხსენა: "ჩვენი უნდა დავიცვათ ჩვენი ხმები, ისე როგორც ეს მაშინ მოხდა".
30 მაისისთვის პრაიმერის ინიციატორები გეგმავენ, "ერთიანი ძალებით დაამარცხონ სააკაშვილი თბილისში და ყველა საშუალებით დაიცვან ამომრჩევლის ხმები". ადგილობრივი არჩევნების მოგების შემთხვევაში ოპოზიცია გააგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას სააკაშვილის არაკანონიერი რეჟიმის საბოლოო დემონტაჟისთვის. ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნების დღე საქართველოს გამარჯვების დღე უნდა გახდეს.
რაც შეეხება პრაიმერს, როგორც გუშინ სასტუმრო "ბეტსში" ხელმოწერის ღონისძიებაზე ითქვა, პრაიმერები საქართველოს მასშტაბით 14 მარტს დაიწყება, ხოლო თბილისში დასკვნითი პრაიმერი მერისა და საკრებულოს წევრობის კანდიდატების გამოსავლენად 18 აპრილს გაიმართება.
დღევანდელი მონაცემებით, პრაიმერში ექვსი პოლიტიკური სუბიექტი მონაწილეობს - "კონსერვატორები", "ხალხის პარტია", "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის", "მოძრაობა ქრისტიანული საქართველო", "მომავლის პარტია", ვეტერანთა და პატრიოტთა კოალიცია - "მამულიშვილი". პრაიმერის ინიციატორები სხვა პარტიებთანაც აპირებენ კონსულტაციების გამართვას.
"საქართველოს გამარჯვების გეგმის" დოკუმენტი ღიაა ყველა ოპოზიციური პარტიისთვის, რომელსაც შეუძლია, ხელმოწერით დაადასტუროს გეგმაში მონაწილეობაზე თანხმობა.
გუშინვე ნათელი გახდა, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ნაკლებად მოიძებნებიან ძალები, რომლებიც ამ დოკუმენტს შეუერთდებიან. როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოზიციური ძალების დიდი ნაწილი პრაიმერის იდეას კვლავინდებურად სკეპტიკურად უყურებს, ისინი არც საპროტესტო აქციების იდეას იწონებენ.
ოპოზიციონერი დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი "საპროტესტო ტალღებზე" საუბარში აზრს ვერ ხედავს. მისი თქმით, მოსახლეობაში პროტესტის გრძნობა ისედაც არ გამქრალა და "ტალღების აგორებაზე" საუბარი საჭირო აღარ არის. "უმჯობესია, ხალხს მომავლის იმედი და რწმენა დავუბრუნოთ, საკუთარი შეცდომები კარგად გავაანალიზოთ," - დასძინა ცაგარეიშვილმა.
"ალიანსი საქართველოსთვის" პოზიცია უცვლელია. იგი პრაიმერში მონაწილეობას არ აპირებს და არც წინასწარ დაგეგმილ საპროტესტო აქციების იდეას ემხრობა. "აქციების გამართვა ჩვენს მიზანს არ წარმოადგენს და წინასწარ დაგეგმილ აჯანყებებში მონაწილეობას არ მივიღებთ," - განაცხადა გუშინ ალიანსის წარმომადგენელმა, "მემარჯვენე" ფიქრია ჩიხრაძემ. მისივე თქმით, არჩევნები ერთადერთი გზაა ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებების მისაღწევად და თუ საჭირო გახდება, შედეგების სამართლიანობისთვის საპროტესტო აქციებსაც არ გამორიცხავენ.
"საქართველოს გამარჯვების" გეგმას არც "საქართველოს გზის" ლიდერი სალომე ზურაბიშვილი იზიარებს.
"დაანონსებული აჯანყება," - ასე შეაფასა ოპოზიციის გუშინდელი გეგმები საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლმა, "ქართული დასის" ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ, რომელიც აჯანყებაში მონაწილეობს არ აპირებს.
"აჯანყება ხელს აძლევს რუსეთს," - "ქრისტიან-დემოკრატებისთვის" კატეგორიულად მიუღებელია ოპოზიციის გეგემები, რომლებიც რუსეთის ინტერესებზე გადის.
მმართველმა პარტიამ "მესამე ტალღა" სერგო ორჯონიკიძის სახელთან გააიგივა. უმრავლესობის წევრ აკაკი მინაშვილის შეფასებით, ოპოზიციის გეგმები და ანონსები იმ მზადებას ჰგავს, რომელიც სერგო ორჯონიკიძემ 1921 წელს დაიწყო.
თუმცა, მინაშვილი იმედოვნებს, რომ 21-ე საუკუნის საქართველო ძლიერი და დამოუკიდებელია და ვერანაირი ძალა ვეღარ შეძლებს ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წასვლას.
მინაშვილის თქმით, დემოკრატიულ ქვეყანაში აქციების მოწყობა პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ "თუ ოპოზიცია სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ იმოქმედებს, ის პასუხს აგებს."