"ნაბუკოს" მმართველი დირექტორი 2010 წელს "ნაბუკოს წელს" უწოდებს.
24 საათი 04.02.10
"ნაბუკოს" მმართველი დირექტორი 2010 წელს "ნაბუკოს წელს" უწოდებს.
რაინჰარდ მიჩეკის ეს განცხადება იმ ეჭვების პასუხია, რომლებიც ბოლო პერიოდში ნაბუქოს პერსპექტივის გამო გავრცელდა. ეჭვების საფუძველი გახლდათ აზერბაიჯანული მხარის მიერ აღმოსავლეთის მარშრუტით დაინტერესების შესახებ 2009 წლის მიწურულს გაჟღერებული ინფორმაცია, პროექტის შესახებ აზერბაიჯან-თურქეთის დაურეგულირებელი კომერციული საკითხები და დაფინანსების პრობლემები .
"ნაბუკოს" მმართველმა დირექტორმა რაინჰარდ მიჩეკმა 1 თებერვალს "The Wall Street Journal"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ 2010 წელი "ნაბუკოს წელი" გახდება.
"როდესაც ჩვენ კონტრაქტები გვექნება, დაფინანსების პრობლემაც მოგვეხსნება. საფინანსო ინსტიტუტებსა და კომერციულ ბანკებს ინტერესი გაუჩნდებათ, რადგან მათთვის ინფრასტრუქტურული პროექტები 25-წლიანი ტრანსპორტირების კონტრაქტებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რომელიმე რისკის შემცველი საწარმოები," - აღნიშნა მიჩეკმა.
მისივე თქმით, ევროპაში გაზის მოხმარება იზრდება, მოპოვება კი მცირდება. მოხმარება წელიწადში, დაახლოებით, 500 მლრდ კუბურ მეტრ გაზს შეადგენს.
"იმ შემთხვევაში, თუ ზრდის ტემპი მაღალი არ იქნება, მომდევნო ათი წლის განმავლობაში აუცილებელი გახდება გაზის იმპორტის ზრდა წელიწადში 150 მლრდ კუბური მეტრით. ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილებას კი მხოლოდ "ნაბუკო" შეძლებს", - აღნიშნა მიჩეკმა.
მისი თქმით, "ნაბუკო" რუსული გაზის შემცვლელი არ არის. მან დამატებით უნდა უზრუნველყოს გაზის ალტერნატიული რესურსები.
ცნობისათვის - "ნაბუკოს" მშენებლობაზე მთავრობათაშორისი შეთანხმება 2009 წლის 13 ივლისს ანკარაში გაფორმდა. ხელშეკრულება თურქეთმა, ავსტრიამ, ბულგარეთმა, რუმინეთმა და უნგრეთმა გააფორმეს. "ნაბუკოს" პროექტის ღირებულება 7,9 მლრდ ევროს შეადგენს. გაზსადენის წლიური გატარების მოცულობა, წინასწარი ინფორმაციით, 31 მლრდ კუბ.მეტრით არის განსაზღვრული. გაზსადენი კასპიის რეგიონში და ცენტრალურ აზიაში მოპოვებული გაზის საქართველოს და თურქეთის გავლით ევროპაში ტრანსპორტირების მიზნით შენდება. გაზსადენის მშენებლობის დაწყება, წინასწარი ინფორმაციით, 2011 წელს იგეგმება.
"ნაბუკოს" პერსპექტივის შესახებ კომენტარი თებერვლის დასაწყისში პროექტის ერთ-ერთმა მთავარმა მონაწილემ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილხამ ალიევმაც გააკეთა. "რეალურად, პროექტი "ნაბუკო" სამხრეთ კორიდორის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია," - განუცხადა სააგენტო "ბლუმბერგს" 2 თებერვალს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა. "ნაბუკოზე" საუბრისას აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ მიმართულებით უკვე აქტიური ნაბიჯებია გადადგმული. თუმცა აქვე, ალიევის განცხადებით, ამ პროექტის წინსვლისთვის აუცილებელია რამდენიმე ელემენტი: "პირველ რიგში, ამისთვის საჭიროა ძლიერი პოლიტიკური ნება. ამას გარდა, საჭიროა ფინანსური სახსრები. როგორც მე ადრე აღვნიშნე, მთავარ წინააღმდეგობად ტრანზიტული საკითხების გადაუჭრელობა რჩება. ამასთან, საჭიროა შეთანხმდეს ჩვენს ბუნებრივ აირზე საბაზრო ფასი," - განმარტა ილხამ ალიევმა. ალიევმა აქვე ისიც განაცხადა, რომ "ნაბუკოს" საკითხი მეტისმეტად პოლიტიზირებულია. "საჭიროა, ყურადღება გავამახვილოთ კომერციულ საკითხებზე. ეს საკითხები მიმზიდველი, დასაბუთებული და სამართლიანი უნდა იყოს. მომწოდებელ, ტრანზიტორ და მომხმარებელ მხარეებს შორის ინტერესთა ბალანსი უნდა არსებობდეს," - განაცხადა ალიევმა.
ცნობისათვის - აზერბაიჯანის მინიშნება ეხებოდა თურქეთ-აზერბაიჯანის დაურეგულირებელ დავას აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის ფასსა და თურქეთის მხრიდან ტრანზიტისთვის მოთხოვნილ ანაზღაურებაზე.
ამასთან, ილხამ ალიევი ინტერვიუს დროს კიდევ ერთხელ დაუბრუნდა პოლიტიკურ საკითხს და კიდევ ერთხელ შეეცადა, განემარტა, რომ ნავთობრესურსების მარშრუტების დივერსიფიცირების შესახებ გადაწყვეტილებებს აზერბაიჯანული მხარე კომერციული ინტერესებიდან გამომდინარე იღებს:
"შემიძლია ვთქვა, ჩვენი ძველი გამოცდილებიდან გამომდინარე, რომ როცა ჩვენი ნავთობის მარშრუტების დივერსიფიცირების შესახებ ვიღებდით გადაწყვეტილებას, მიდგომა კომერციული იყო. ჩვენ ჩვენი ნავთობის ტრანსპორტირებისთვის ხმელთაშუა ზღვაზე ნავთობსადენი გვჭირდებოდა და ჩვენ არჩევანი ბაქო-თბილისი-ჯაიჰანზე გავაკეთეთ. ამასთან, ჩვენ ორი სხვა ნავთობსადენიც გვაქვს. ერთს ჩვენი ნავთობი რუსეთის შავი ზღვისპირეთზე გააქვს, მეორეს კი - საქართველოს შავი ზღვისპირეთზე. ასეთივე სიტუაციაა ბუნებრივი აირის შემთხვევაში," - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
პარალელურად პროექტის მიმდინარეობის შესახებ კომენტარს აკეთებს პროექტის მონაწილე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარის - თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენელიც:
თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ტანერ იილდიზმა გუშინ განაცხადა, რომ "ნაბუკოს" საკითხში მოვლენები გრაფიკის შესაბამისად ვითარდება.
გუშინვე ბულგარეთის პარლამენტმა, რუმინეთის პარლამენტის შემდეგ, რატიფიცირება გაუკეთა შეთანხმებას "ნაბუკოს" პროექტის შესახებ.
ასე რომ, "ნაბუკოს" ერთ-ერთი მთავარი გამოწვევად დღეს სწორედ დაფინანსების მოძიება რჩება. გასულ წელს უკვე ცნობილი იყო, რომ პროექტის მმართველი კონსორციუმი აპირებდა, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და სააგენტოებისთვის დაფინანსების საკითხზე უახლოეს მომავალში მიემართა. თუმცა ჯერ კიდევ არ იყო გადაწყვეტილი, მიმართავდნენ თუ არა კერძო ბანკებს. სესხმა მოზიდული სახსრების 70 პროცენტი უნდა შეადგინოს. რუსული მედია 2009 წლის მიწურულს ნიშნისმოგებით წერდა, რომ ევროკავშირს 250 მილიონი ევრო უნდა გამოეყო, მაგრამ მოგვიანებით მან ეს თანხა 50 მილიონი ევროთი შეამცირა და "ნაბუკოს" ინვესტირების გადაწყვეტილების მიღება ევროპელებმა 2010 წლის დასაწყისიდან ამავე წლის IV კვარტლამდე გადადეს.
2010 წლის 1 თებერვალს გაკეთებული განცხადების თანახმად, უკვე მიღებულია გადაწყვეტილება კერძო ბანკებისთვის მიმართვის შესახებ. "ნაბუკო"-ს მენეჯმენტი იმედოვნებს, რომ კერძო ინვესტორებისთვის "ნაბუკო"-ს პერსპექტივა საინტერესო იქნება და "ნაბუკოს" ბედი 2010 წელს საბოლოოდ გაირკვევა.