მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომლებიც უკრაინის არჩევნებს საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით აკვირდებიან, საქართველოში დაბრუნებისკენ მოუწოდებს.
24 საათი 04.02.10
მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომლებიც უკრაინის არჩევნებს საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით აკვირდებიან, საქართველოში დაბრუნებისკენ მოუწოდებს.
პრეზიდენტის გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე ქართველი დამკვირვებლები აღარ გაიგზავნებიან, ჟურნალისტებს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ გააცნო: "7 თებერვალს უკრაინაში არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ჩვენი ამოცანა არ ყოფილა უკრაინის არჩევნებში ჩარევა და რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერა. ჩვენ ვფიქრობთ და ვცდილობთ, ორივე კანდიდატს შორის ნეიტრალიტეტი იყოს დაცული. ასევე, ვცდილობთ, ტრადიციული კეთილგანწყობის შენარჩუნებას."
დღეისათვის ცნობილი არ არის ქართველ დამკვირვებელთა რაოდენობა, რომლებიც უკრაინაში საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით არიან დარეგისტრირებული.
"24 საათი" დაუკავშირდა არჩევნების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის "სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელ დირექტორ ეკა სირაძეს და პრეზიდენტის განცხადებაზე კომენტარი სთხოვა. "ჩვენ გახლავართ არასამთავრობო ორგანიზაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ მიუკერძოებლები ვართ. გვესმის პრეზიდენტის განცხადება და დიდი სურვილი გვაქვს, ანგარიში გავუწიოთ მას, მაგრამ ამ შემთხვევაში თავს იჩენს ერთი მთავარი პრობლემა. ჩვენ ვართ არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციათა ევროპული ქსელის (NMO) წევრი ორგანიზაცია. აქედან გამომდინარე, გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ უკრაინაში ჩვენი მისია განვახორციელოთ (იმავე მდგომარეობაში იმყოფებიან NMO-ს სხვა წევრი ორგანიზაციები). იმ შემთხვევაში, თუ დამკვირვებლებს არ გავგზავნით, ამით შეიძლება ჩრდილი მიადგეს საერთაშორისო მისიის განხორციელებას. ყველა ამ მიზეზის გათვალისწინებით, ჩვენ სადამკვირვებლო მისიის შეუფერხებლად ჩატარების პრინციპის ერთგულნი ვრჩებით და შესაბამისად, დამკვირვებლებს გავგზავნით," - განაცხადა ჩვენთან საუბრისას ეკა სირაძემ.
მმართველი გუნდის წევრ დავით დარჩიაშვილს, რომელიც უკრაინის საპრეზიდენტო არჩვენების პირველ ტურს ეუთო-ს ეგიდით აკვირდებოდა, გუშინდელი დღისთვის გადაწყვეტილი არ ჰქონდა, თავად გაემგზავრება თუ არა 7 თებერვლის არჩევნებზე.
პრეზიდენტ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებას "ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერი ირაკლი ალასანია გამოეხმაურა. მისი შეფასებით, პრეზიდენტის გადაწყვეტილება - არც ერთი დამკვირვებელი აღარ გაუშვას უკრაინაში, ერთგვარად შეცდომის აღიარების ტოლფასია.
"ერთი მხრივ, პრეზიდენტის ასეთი გადაწყვეტილება მაძლევს იმედს, რომ მან გაიაზრა, თუ რა შეცდომა იქნა დაშვებული ამ ქვეყანასთან მიმართებაში, თუმცა მეორე მხრივ, ყველასთვის მოწოდება, რომ არც ერთი დამკვირვებელი არ იქნეს დაშვებული, არ არის ობიექტური, ვინაიდან, როგორც ვიცით, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურზე არასამთავრობო ორგანიზაციებიდან წარდგენილნი იყვნენ წარმომადგენლები, რომლებიც დააკვირდნენ ამ არჩევნებს და რომლებსაც არავითარი პრობლემა არ შექმნიათ. მათ თავიანთი საქმე მეორე ტურშიც უნდა განახორციელონ და მათთვის აკრძალვა ან მოწოდება, რომ აღარ წავიდნენ, მთლად მართალი არ იქნება," - განაცხადა ალასანიამ.
ალასანიამ კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი გუნდის მოთხოვნა, რომ აუცილებლად უნდა ჩატარდეს გამოძიება და გაირკვეს, თუ რა მოხდა პირველ ტურში ქართველ დამკვირვებლებთან მიმართებით, რატომ გახდა პრეზიდენტი იძულებული, 3 თებერვალს ასეთი განცხადება გაეკეთებინა.