პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ორი დღეა, განათლების მინისტრთან ერთად, საჯარო სკოლებს სტუმრობს.
24 საათი 04.02.10
პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ორი დღეა, განათლების მინისტრთან ერთად, საჯარო სკოლებს სტუმრობს.
გუშინწინ ის ბორჯომის მე-3 სკოლაში იმყოფებოდა და იქიდან უპასუხა ამ ბოლო დროს მოსკოვში მოსიარულე ოპოზიციონერ ოპონენტებს. გუშინ კი თბილისის 189 საჯარო სკოლას ესტუმრა. პრეზიდენტის გამოსვლა ორი ნაწილისგან შედგებოდა: ერთი სკოლების შესახებ ახალ ინიციატივებსა და განათლებას შეეხებოდა, მეორე - პოლიტიკას. ბორჯომისგან განსხვავებით, 189-ე სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრისას პრეზიდენტმა განათლებაზე, კერძოდ სამხედრო-პატრიოტულზე საგანზე ისაუბრა.
189-ე საჯარო სკოლას ანუ ყოფილი ექსპერიმენტალურს, მშობლიური სახელი დაუბრუნა და ის დღიდან (ხვალ დილიდანვეო, ბრძანა პრეზიდენტმა) ისევ პირველი ექსპერიმენტალური გახდა. "ენა არ მიბრუნდება, რომ ამ სკოლას 189-ე ვუწოდო. ეს იყო საბჭოთა კავშირში პირველი ექსპერიმენტული სკოლა და ახლაც ასე იქნება", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. სკოლა მის ამ ინიციატივას აპლოდისმენტებით შეხვდა.
იქვე ახალი იდეაც გაახმოვანა: სახელი ყოფილი კომაროვის მათემატიკურ სკოლასაც შეეცვალოს და მას რომელიმე ქართველი მათემატიკოსის, მაგალითად ანდრია ბიწაძის სახელი დაერქვას. მეორე ინიციატივა კი პრეზიდენტის ორ მშობლურ სკოლას და არა მხოლოდ მას ეხება: სააკაშვილი თბილისის 189-ე და 51-ე საჯარო სკოლებს ერთი თვის ხელფასს გადაურიცხავს. მან სახელმწიფო მოხელეებს მოუწოდა, მის მაგალითს მიბაძონ და საკუთარ სკოლებს ფინანსურად დაეხმარონ - "მოვუწოდებ ყველა სახელმწიფო მოხელეს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ცხოვრებაში შედგნენ, როგორც ადამიანები, თავისი ყოფილი სკოლის ანგარიშზე, 1000 ლარზე ნაკლები ხელფასის შემთხვევაში, მინიმუმ 50, ხოლო 1000 ლარზე მეტი ხელფასის შემთხვევაში - 100 ლარი გადარიცხოს". პრეზიდენტის თქმით, სკოლებისათვის გადარიცხული თანხის ნაწილი - ღვაწლმოსილი პედაგოგების დახმარებას, ნაწილი კი კონკრეტული სკოლებისთვის მატერიალური ფასეულობების შექმნას უნდა მოხმარდეს.
ამის შემდეგ სამხედრო პატრიოტულ სწავლებაზე, უფრო სწორად, მის ოპონენტებზეც თქვა ორიოდ სიტყვა და ბრიყვები უწოდა იმ პოლიტიკოსებს, ვინც სამხედრო და პატრიოტული სწავლების დანერგვას მილიტარიზმად და პროვოკაციად აფასებს.
"ეს დიდი სიბრიყვეა და ზუსტად ასე გვმართავდა რუსეთი. სხვათა შორის, ის სამხედრო სწავლება, რაც საბჭოთა დროს იყო, მართლა არ იყო კარგი. თუმცა, დღეს ისეთი გამოწვევების წინაშე ვართ, როცა ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია, გვყავს მტერი, რომელსაც საქართველოს სახლმწიფოებრიობის დაშლა სურს, საქართველომ საკუთარი თავი უნდა დაიცვას - ეს არის საპატიო მოვალეობა და თავის გადარჩენის ერთადერთი შანსი," - განაცხადა სააკაშვილმა. საქართველოს სჭირდება სამხედრო პატრიოტული აღზრდა სკოლებში, რაც სულაც არ ნიშნავს, რომ საქართველო ვინმეს თავს ესხმის. როგორც სააკაშვილმა განაცხადა, საქართველოს ჰყავს მტერი, ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია და, ამ ვითარებიდან გამომდინარე, სკოლებში სამოქალაქო თავდაცვა უნდა ისწავლებოდეს.
პოლიტიკურ ვითარებაზე საუბრისას კი პრეზიდენტი სასკოლო აუდიტორიასთან, როგორც ყოველთვის, ძალიან გულწრფელი იყო და არ დაუმალავს, როგორ აღიზიანებს, როდესაც აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან კონტექსტში სიტყვა "დაკარგულს" იყენებენ.
"ეს ტერიტორიები დაკარგული არ არის. ისინი ოკუპირებულია. დაკარგულია ტერიტორია მაშინ, როცა საკუთარ თავში და ქაღალზე, იურიდიულად არის დაკარგული," - განმარტა პრეზიდენტმა. აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ყველა კვადრატული მეტრი საქართველოა და მათÕდაბრუნება მხოლოდ დროის და ტექნიკის საკითხია, - განუცხადა მშობლიური სკოლის მოსწავლეებსა და საქართველოს მოქალაქეებს (მისი გამოსვლა პიდაპირ ეთერში გადაიცემოდა) პრეზიდენტმა.
"რუსეთში იციან, რომ დღეს მათ არაფერი აქვთ მოგებული. მათ იციან, რომ როგორც კი ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ ჩვენს ყველა გეგმას ბათუმის, ფოთის, თბილისის შესახებ, დანარჩენ ტერიტორიებზე კონტროლის დაბრუნება მხოლოდ დროის და ტექნიკის საკითხი იქნება," - აცხადებს სააკაშვილი.
მისი შეფასებით, "ყოველი მშვიდობიანი დღით საქართველო იგებს" და დამპყრობელმა იცის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებს ვერ შეინარჩუნებს, თუ საქართველო "ცოცხალი და განვითარებული" იქნება.
პრეზიდენტმა გუშინდელ გამოსვლაშიც არ დაივიწყა პოლიტიკური ოპონენტები, მათთვის ამჯერად "ჩმორი" არ უწოდებია, თუმცა უღირსობაში დასდო ბრალი: "ყველაზე დიდი უღირსობაა, როდესაც ეს პოლიტიკოსები ქვეყნის შიდა საქმეების გადაწყვეტას სხვა სახელმწიფოში ცდილობენ. ბუნებრივია, ასეთი პარტიების პატრონებს იმედი არ აქვთ, რომ არჩევნებს მოიგებენ. მათ მშვენივრად იციან, რომ მხარდაჭერას ვერ მოიპოვებენ, ამიტომ სხვა გზით ცდილობენ, გაიმეორონ ის, რაც 1921 წელს მïხდა - მათ უნდათ ჩვენი სულისკვეთების დემორალიზაცია, მათ უნდათ შუღლის დათესვა ან ილუზიის შექმნა, რომ შუღლი არსებობს."
საქართველოს წარმატება და განვითარება მტრის გარდაუვალ მარცხს ნიშნავს, განაცხადა სააკაშვილმა.