გუშინ პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილს შეხვდა.
24 საათი 06.02.10
გუშინ პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილს შეხვდა.
ქვეყნის მეორე პირი დარწმუნებულია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და პარლამენტის ინიციატივით სრულიად შესაძლებელია დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. “შეხვედრაზე ვისაუბრეთ ცესკო-ს ინიციტივებზე, მათ შორის სამუშაო ჯგუფის შექმნაზე, რომელიც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდება და კოორდინირებას გაუწევს საარჩევნო სიების შემოწმებას. ამასთან, შეხვედრაზე საუბარი იყო ინტერფრაქციული ჯგუფის შექმნაზეც. ცსკოს თავმჯდომარისგან მოვისმინეთ, რომ სრული მზადყოფნაა, რომ ამ ჯგუფს ცესკო-სთან მუშაობის ყველანაირი შესაძლებლობა შეექმნას. ეს იქნება კიდევ ერთი დამატებითი პირობა, რათა პროცესები იყოს სრულიად გამჭვირვალე ოპოზიციური პარტიებისთვის და საზოგადოებისთვის,” - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ .
მომავალ კვირაში ცესკო-ს თავმჯდომარე კიდევ გეგმავს რამდენიმე ახალი ინიციატივით გამოსვლას, თუმცა მეტი დაკონკრეტებისგან ბაქრაძემ თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ მთავარია პროცესებისა და საქმისადმი სერიოზული მიდგომა. “აუცილებელია, არჩევნები ჩატარდეს გამჭვირვალედ და ყველა ჩვენ მოქალაქეს ჰქონდეს განცდა, რომ ეს იყო სამართლიანი და დემოკრატიული არჩვენები. იმ ინიციატივებით კი, რაზეც დღეს ვისაუბრეთ და მოვისმინეთ, ამას მივაღწევთ,”- განაცხადა დავით ბაქაძემ.
სპეციალურად შექმნილი მონიტორინგის ჯგუფებმა გუშინ ამომრჩეველთა სიების გადამოწმებას დაიწყეს. საარჩევნო სიების გადამოწმებას, ამჯერადაც, "კარდაკარ" შემოვლის პრინციპით განახორციელებენ. ამომრჩეველთა სიების მონიტორინგის პროცესი 15 მარტამდე გაგრძელდება.
საარჩევნო სიების გადამოწმებისთვის პოლტიკურ პარტიებს სულ 1 მილიონ 200 ათასი ლარი გამოეყოთ, საიდანაც თითოეულ პარტიას 100 ათასი ლარი ერგება. "ქრისტიან-დემოკრატების" განმარტებით, საარჩევნო უბნებზე სიების მონიტორინგის და სხვა პროცესების დასაფინანსებლად თანხა საკმარისი არ არის. აქედან გამომდინარე, ქრისტიან-დემოკრატები 12 კვალიფიციურ პარტიას საკუთარ სამოქმედო გეგმას სთავაზობენ.
"ქრისტიან-დემოკრატები" პარტიებს სთავაზობენ შეიქმნას სპეციალური ფონდი, რომლის მეშვეობითაც განხორციელდება სიების გადამოწმება. საარჩევნო სიების მონიტორინგისათვის ფინანსების განსაზღვრა კი მესამე პირს - რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციას ჩაბარდეს, რომლის შესარჩევად სპეციალური კონკურსი უნდა ჩატარდეს. “გადამოწმებისთვის აუცილებელ საველე სამუშაოს კარდაკარის პრინციპით განახორციელებენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ხოლო გადასამოწმებელი უბნები პარტიებს შორის გადანაწილდება წილისყრით. იმედია, პოლიტიკური პარტიები პასუხისმგებლობით მოეკიდებიან ჩვენს შეთავაზებას და პროცესში მონაწილეობით ამ თანხების არამიზნობრივი ხარჯვის ეჭვებს აღმოფხვრიან,” - განაცხადა სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე "ქრისტიან-დემოკრატმა" ლევან ვეფხვაძემ .
სახელისუფლო გუნდი მზად არის, მხარი დაუჭიროს "ქრისტიან-დემოკრატების" ინიციატივას, თუ პოლიტიკური პარტიების კონსენსუსი შედგება. “ამ საკითხზე შეთანხმება თავდაპირველად ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებზეა დამოკიდებული. მთავარია, სიების გადამოწმებისთვის გამოყოფილი თანხის ხარჯვას კონკრეტული შედეგი მოჰყვეს, ხოლო, რა გზით მიიღწევა ეს შედეგი, უკვე ტაქტიკური საკითხია. კონსესუსის შემთხევევაში, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მხარს დავუჭერთ. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არის სრული მზადყოფნა, რომ გაითვალისწინონ ყველა დასაბუთებული შენიშვნა, რომელიც სიებთან დაკავშირებით ცესკო-ში პოლიტიკური პარტიებიდან შევა,” - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ .
"ალიანსი საქართველოსთვის", საარჩევნო სიების მონიტორინგთან დაკავშირებით, "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობასთან" კონსულტაციებს გააგრძელებს. ამასთან, ალიანსი მზადყოფნას გამოთქვამს, შეხვდეს ყველა ოპოზიციურ პარტიას, ვინც აღნიშნულ მოწოდებას გამოეხმაურება და მათთან ერთად შეიმუშავოს მექანიზმი, რომელიც ამ საკითხის ეფექტურად მოგვარებისთვის იქნება საჭირო. “ ქრისტიან-დემოკრატები” საარჩევნო სიების მონიტორინგის პროცესში კოორდინაციის თაობაზე ალიანსის მოწოდებას გამოეხმაურნენ და ეს მონიტორინგს მხოლოდ წაადგება. ცესკო-ს საარჩევნო სიები პარტიებისთვის 5 თებერვალს უნდა მიეწოდებინა, თუმცა, ეს 15 თებერვლამდე ჭიანურდება, ვინაიდან სხვადასხვა უწყების მონაცემები ელექტრონულად ერთმანეთს არ ემთხვევა და ცესკო-ს ამ საკითხის მოსაგვარებლად მეტი დრო დასჭირდა. როგორც კი სიები გადმოგვეცემა, “ალიანსი” მზად ვიქნებით ჩვენი მექანიზმებით მონიტორინგისთვის,” - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.