“ელიტ ელექტრონიქსის” მაღაზიების 90% შეუფერხებლად მუშაობს
24 საათი 27.02.10
“ელიტ ელექტრონიქსის” მაღაზიების 90% შეუფერხებლად მუშაობს
24 თებერვლიდან კომპანია “ელიტ-ელექტრონიქსს" სათავეში ჩაუდგა ახალი მენეჯმენტი, რომელიც გეგმავს, სწრაფად გამოასწოროს ძველი მენეჯმენტის შეცდომები და ეფექტური ანტიკრიზისული პროგრამით გააჯანსაღოს კომპანიის ფინანსური მდგომარეობა.
“ელიტ ელექტრონიქსის" ყოფილი დირექტორის ახლით შეცვლა აქციონერებმა გადაწყვიტეს იმის გამო, რომ ძველი მენეჯმენტი ვერ ახერხებდა კომპანიის ეფექტურ მართვას და იღებდა არასწორ გადაწყვეტილებებს, რის გამოც კომპანიას დაუგროვდა უზარმაზარი ვალდებულება ბანკების (“საქართველოს ბანკი”, “თიბისი ბანკი” და “ბანკი რესპუბლიკა”) წინაშე.
დირექტორის შეცვლას წინ უძღოდა სამთვიანი გარდამავალი პერიოდი, როდესაც კრედიტორმა ბანკებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაში მყოფი კომპანია გაკოტრებას გადარჩენილიყო და აღმოფხვრილიყო ის ხარვეზები, რომლებიც არსებობდა კომპანიის მართვაში.
მიუხედავად იმისა, რომ თანამშრომლობა არ მოხერხდა, ანზორ ქოქოლაძემ, რომელიც ამ დროისთვის უკვე ფლობდა აქციების 15%-ს, კრედიტორი ბანკებისგან მიიღო შეთავაზება, გენერალური დირექტორის პოზიციიდან გადაინაცვლოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე და გადაეცეს აქციათა 25%. ამასთან, მას მიეცა წინადადება, ბანკებისადმი ვალდებულებების დაფარვის შემთხვევაში, გამოისყიდოს კომპანიის 100% კრედიტორი ბანკებისგან. თუმცა, ამ წინადადებაზე ქოქოლაძემ არაერთხელ განაცხადა უარი.
ამიტომ აქციათა 85%-ის მფლობელმა ბანკებმა, ერთობლივი გადაწყვეტილებით, აუცილებლად ჩათვალეს ქოქოლაძის შეცვლა მაღალკვალიფიციური მენეჯერების ახალი გუნდით, რათა შესაძლებელი გახდეს კრედიტორი ბანკების მიერ დასახული რეაბილიტაციის გეგმის წარმატებით შესრულება და კომპანიის შემდგომი განვითარება.
ბოლო სამი თვის განმავლობაში კომპანიის გაყიდვების ზრდა გამოწვეულია იმით, რომ ბანკებმა დამატებითი ინვესტიციები განახორციელეს და საუკეთესო კადრები გადაიყვანეს "ელიტ ელექტრონიქსში". თუმცა, შესაძლებელი იქნებოდა უკეთესი შედეგების მიღწევა, თუ ყოფილი დირექტორი უარს იტყოდა თავის ამბიციებზე და კომპანიის ინტერესებს საკუთარზე წინ დააყენებდა.
რაც შეეხება კომპანიის თანამშრომლებს, ახალი მენეჯმენტი მათ დათხოვნას არ აპირებს. ყველას, ვინც მოისურვებს, გააგრძელოს მუშაობა “ელიტ ელექტრონიქსში", სთავაზობს გარანტირებულ სამუშაო ადგილსა და ფინანსურ სტაბილურობას.
დირექტორის ცვლილებით და ძველი მენეჯმენტის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციით გამოწვეული ვნებათაღელვის მიუხადავად, კომპანია სტაბილურად აგრძელებს მუშაობას - დღეისთვის “ელიტ ელექტრონიქსის” მაღაზიების 90% ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს, ორშაბათიდან კი “ელიტ ელექტრონიქსის" ქსელი 100%-ით ამუშავდება.